4GB პირველი დღე
მუსიკალურ ფესტივალზე ადრე მისვლას თავისი უპირატესობა აქვს. 4GB-ის გახსნის დღეს შუაღამეს რომ მივსულიყავი, ბლოგით, ალბათ, მხოლოდ რიგში გაგონილ ჭორებს მოგითხრობდით. ეს უბრალოდ გაფრთხილებად მათთვის, ვინც ფესტივალზე დღეს აპირებს წასვლას, რიგები 12 საათის შემდეგ იწყება.
წელს ფესტივალის გახსნის პატივი Prins Thomas-ს ერგო და საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა ყველაფრის სათქმელად. ბევრი დრამატურგიული ექსპერიმენტიც ვნახეთ. ყოველ ჯერზე, როცა მთავარ სცენასთან ვბრუნდებოდი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს Prins Thomas იმ წამის დაწყებული ჰქონდა დაკვრა. ალბათ, ცარიელი სცენის შევსებასთან ერთად, ადაპტაცის პროცესი იწელება - ახალი მსმენელიც რომ ძველებივით „გაახურო“. პარალელურ სცენაზე Greenbeam & Leon იგივეს ცდილობდა და როგორც მათ სჩვევიათ, ყველაფერი ბევრად უფრო თანმიმდევრული და გამართული იყო. ემბიენტ ჟღერადობასა და არასტანდარტულ რიტმულ სექციაზე აგებული ტრეკებით ქართველმა არტისტებმა სცენისთვის საჭირო მუსიკალური ატმოსფერო ადვილად შექმნეს. დანარჩენიც გეგმის მიხედვით წავიდა. გასაგები იყო, რომ იმ სცენაზე ყველა „ჯადოქრის“ მოსასმენად ემზადებოდა, მაგრამ Greenbeam & Leon-მა ეს მოლოდინი ბევრად უფრო საინტერესო გახადა.
დუომ Warm Up-ისთვის საჭირო ყველა ასპექტი გაითვალისწინა, მაგრამ, როგორც ჩანს, Jeff Mills სულ სხვა გეგმები ჰქონდა. უფრო ხმამაღლა, უფრო მაღალ ტემპში და უფრო დინამიურად - დეტროიტელმა არტისტმა ხალხის რბევა პირველივე წამიდან დაიწყო. Mills ხშირად მანიპულირებდა პერკუსიული ელემენტებით, რაც სეტში ბრეიქების და სხვა დრამატურგიული ფაქტორების კომპენსაციას ახდენდა. თავისუფლად შეიძლება მსმენელთა რაღაც ნაწილისთვის მსგავსი ტემპი და დინამიკა დისკომფორტულიც ყოფილიყო (განსაკუთრებით თუ მეორე სცენიდან გადმოაბიჯებდა), თუმცა ეს ნამდვილად ის იყო, რასაც Jeff Mills -სგან ველოდით.
Kink-ის გამო სცენებს შორის სირბილი მიწევდა, მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა ამად. ყველაზე მთავარი რისი თქმაც Kink-ის შესახებ შეიძლება ისაა, რომ ეს არტისტი იდეალურად ახერხებს ძველი სკოლის და თანამედროვე ტენდენციების სინთეზს. ეს მის საუნდშიც და ლაივის ტექნიკაშიც გამოიხატება - ბევრი იმპროვიზაცია, სადაც თანაბარი წარმატებით გამოიყენება ვინტაჟური ინსტრუმენტებიც და აიპადიც. შეიძლება ითქვას, რომ პირველ დღეს ყველაზე მეტი დრამატურგიული სიღრმე სწორედ ამ არტისტს ჰქონდა და მისი ორსაათიანი ლაივი ერთი წუთითაც არ მოგვწყენია. ფესტივალის პირველი დღე წარმოშობით რუმინელ Cosmic TRG-ს და ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობ Lawrence-მა დახურეს.
რა თქმა უნდა, უკანა გზაზე ტაქსისტთან დიალოგზეც შეიძლება ერთი ორი სიტყვის თქმა, მაგრამ ისეთი არაფერი. საინტერესო იყო მისი კითხვა: და მაინც, რატომ აღარ ჩხუბობენ ასეთ ღონისძიებებზე?