ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

1 წუთით Kangding Ray-სთან

იანვარი 2016. კლუბი "მტკვარზე". ესაუბრა რეზი ხუნწელია

ადრე როკბენდში უკრავდი, რატომ გადაწყვიტე, ელექტრონული მუსიკის წერა დაგეწყო?

ძალიან ბანალური მიზეზის გამო – დრამერთან ვიჩხუბე. მერე ვიყიდე სემპლერი, დრამის მანქანა და სხვა აღჭურვილობა, რომ დრამერი ინსტრუმენტით ჩამენაცვლებინა. არაფერი გამოვიდა. მაინც დავიშალეთ. მერე საცხოვრებლად ბერლინში გადავედი. მარტომ დავიწყე მუსიკის წერა და აღმოვაჩინე, რომ თავს ასე უკეთესად ვგრძნობდი, რადგან კომპრომისებზე წასვლა აღარ მიწევდა.

არ ფიქრობ, რომ ანდერგრაუნდსა და პოპკულტურას შორის საზღვარი ნელ-ნელა იშლება?

კი, ასეა, და ძალიან მომწონს, რომ აღარ არის მკვეთრი საზღვრები. თავად ფაქტი, რომ კენი ვესტისნაირი მომღერალი ცდილობს გაიგოს, რა ხდება ანდერგრაუნდში, მაგარი, თანამედროვე, მეინსტრიმ მუსიკა რომ გააკეთოს, უკვე საინტერესოა. ჩემი აზრით, ეს ფენომენი, ეს ქაოსი ჩვენი ეპოქის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ადრე არსებობდა მკაცრი, ხისტი საზღვრები, რომლის გადაკვეთა საჭირო არც კი იყო.

რა იდეას ატარებს ბოლო ალბომი Cory Arcane, ვინ არის ქორი და რისი თქმა უნდა, რას ეძებს?

Cory Arcane ალბომის მთავარი პერსონაჟია – ემოციური, ფემინური (ფემინიზმის არარომანტიკული გაგებით). ის ჩვენს ახლო მომავალში ცხოვრობს. Cory-ს უნდა ამ სამყაროს ნაწილი იყოს, მაგრამ პრობლემები აქვს – არ იღებენ ისეთს, როგორიც არის. ეს გამოგონილი გმირი მარტო თავის კი არა, მთელი კაცობრიობის ისტორიას ჰყვება. ის მომენტის ცაიტგაისტია, ამ არასტაბილური, ქაოტური ეპოქის შვილი.

როგორ წყდება ეს პრობლემები, რა შეუძლია ამ მხრივ მუსიკას?

სანამ არტისტი ვარ, მაქვს ფუფუნება, ჩემი საქმე კითხვების დასმა იყოს და არა პასუხის გაცემა. ადრე არქიტექტურას ვსწავლობდი, და როდესაც ამ ორ სფეროს ერთმანეთს ვადარებ, სწორედ ამ განსხვავებას ვხედავ: არქიტექტორმა პრობლემა უნდა გადაჭრას, არტისტს კი, ამას არავინ სთხოვს. ჩემი ფუნქცია სივრცის შექმნაა, სადაც Cory Arcane -ისნაირი გმირები იცხოვრებენ. ჩემი საქმეა გამოვხატო აზრი, რომელიც რაღაც ფორმას მიიღებს და დასრულდება ისევ კითხვებით, პასუხების გარეშე.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა