გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პატარა საჩუქარი დიდი შედეგისთვის

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი(WWF), საქართველოში, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენებული ქურციკის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და ფონდების მოსაძიებლად საკომუნიკაციო კამპანიას აწარმოებს.

ქურციკი, ანუ ჯეირანი, მომცრო ზომის ცხოველია, რომლის სიგრძე 90-115 სანტიმეტრია და წონა 18-33 კგ. ისინი ცხოვრობენ ჯოგებად, რომლებიც საშუალოდ შედგება 5-15 ინდივიდისგან. მაკეობის პერიოდი გრძელდება 5,5-6 თვე და ქურციკი შობს 1 ან 2, იშვიათად კი - 4 ლიკლიკას. გადაშენებული სახეობის აღდგენა, რამდენიმე მცდელობის შემდგომ, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF), 2014 წელს, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრით დაიწყო. აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ეტაპობრივად, 80-მდე ქურციკი იქნა გადმოყვანილი საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიაზე. 

მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე, ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა. ბოლო მონაცემით, მონიტორინგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქურციკების რიცხოვნობამ, დაახლოებით 120-150 ინდივიდს მიაღწია, თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

სახეობის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის მისაღწევად, საჭიროა გაგრძელდეს აზერბაიჯანიდან ქურციკების გადმოყვანა და მონიტორინგი. ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარე ხელშემშლელი ფაქტორები. 

სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, შემუშავდა საკომუნიკაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, დამზადდა საინფორმაციო მასალა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით გასავრცელებლად. პროექტის მხარდასაჭერად, კამპანიაში უკვე ჩაერთო სათამაშოების სტარტაპი „ჩიკატაი“ და შექმნა  სათამაშო ქურციკები, რომელთა რეალიზაციით მიღებული სრული მოგება გადაერიცხება ქურციკების რეინტროდუქციის პროგრამას, კერძოდ, მათი მონიტორინგისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად. 

ჩვენი ორგანიზაციის სლოგანია - ერთად შესაძლებელია და ჩვენ გვჯერა, რომ ერთად, ადამიანებს შეგვიძლია დავიცვათ ბუნება და უზრუნველვყოთ ჯანსაღი გარემო  ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

________

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერთა და გლობალური ქსელით 100-ზე მეტ ქვეყანაში.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მისიაა დედამიწის ბუნებრივი გარემოს განადგურების შეჩერება და ისეთი მომავლის შექმნა, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში იცხოვრებენ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა