გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლუკა თოფურია ისმის ჯაზი

ისმის ჯაზი | საუბარი ლუკა თოფურიასთან

მსოფლიო ჯაზის ქართველი ლეგენდები გვიყვებიან საკუთარ წარსულზე, ჯაზისა და, ზოგადად, მუსიკის სიყვარულსა და მნიშვნელობაზე, ჯაზ-კლუბების დედაქალაქურ გამოცდილებებზე და რომ თბილისში კიდევ ერთი სივრცე არსებობს - Jazz Club 1984, სადაც SOLO-სა და Mastercard-ის მხარდაჭერით, მუდამ ისმის ჯაზი.

____________________________________________________________

ლუკა თოფურია, ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენი, გველაპარაკება ჯაზის უცვლელ ფუნქციაზე, რონალდინიოზე, ჯაზით მოწამვლაზე და სად და როგორ უნდა მოუსმინოს ჯაზს დამწყებმა მსმენელმა.

...

ინდიგო: თითქოს იმპროვიზაცია ჯაზში უნდა იყოს თავისუფლება, თუმცა თან დიდი პასუხისმგებლობაა. რა ქმნის ჯაზში იმპროვიზაციის სითამამეს?

ლუკა თოფურია: კი, ერთი შეხედვით, იმპროვიზაცია თავისუფლებაა, თუმცა პროცესში იმდენად დიდი გავლენით შემოდის საკუთარი ემოცია, განწყობა და დამოკიდებულებები, რომ ეს თავისუფლება აუცილებლად მოსაპოვებელია - შრომა, ნიჭი, მუსიკის სიყვარული და გულწრფელობა ქმნის ამ ღიაობასა და სილაღეს იმპროვიზაციაში.

პირადი ცხოვრების პატარა წერტილებიც კი მნიშვნელოვანია - თითოეული დღე, კარგი და ცუდი ემოციები, ფილმები, მეგობრები, ქალაქები, ქუჩები, ნებისმიერი რამე ზემოქმედებს.

ნებისმიერ ინსტრუმენტთან შეხება, შენი დაკვრა, სოლო თუ არასოლო, ყველაფერი ირეკლავს მე-ს, განწყობას, საერთო და კერძო ატმოსფეროს.

ინდიგო: რამ გააჩინა ჯაზის და კონკრეტულად კლავიშის მიმართ ემოციური კავშირი შენში? მარტივად რომ ვთქვათ: რატომ ჯაზი და რატომ კლავიში?

ლუკა თოფურია: ზურა რამიშვილი იყო ჩემი პედაგოგი, რამდენიმე გაკვეთილის მერე რაღაც ეტაპამდე რომ მივედით, მოძრაობის თეატრში წავედი ჯაზის მოსასმენად და მოვისმინე რეზო კიკნაძისა და მისი კვინტეტის დაკრული, ჯემ სეშენშიც ჩავერთე და ეგ იყო, ფაქტობრივად, ჩემი პირველი ნაბიჯიც: რეზოსთან ერთად დავუკარი კარგ სივრცეში, კარგ ხალხში, ყველაფერი ისე ლამაზად გაერთიანდა, რომ დასამახსოვრებელი პირველი ნაბიჯიც გამომივიდა.

დაწვრილებით

ზოგადად, ძალიან გამიმართლა, რომ ბებია იყო მუსიკის მასწავლებელი, მოსწავლეები დადიოდნენ ხოლმე სახლში, 3-4 წლის ვიქნებოდი, უკრავდნენ როიალზე, მეც ვუსმენდი. გარდა ამისა, მამაჩემსა და ბიძაჩემს ძალიან უყვარდათ ჯაზი და ჯაზურ რაღაცებს არჩევდნენ ხოლმე ხშირად როიალზე, ნოტებიც კი არ ჰქონდათ თან, ან ყურით აწყობდნენ, ან კასეტებს უსმენდნენ. სულ ვამბობ ხოლმე, რომ სწორედ მაგ პერიოდში მოვიწამლე ჯაზით.

ინდიგო: რეზოსთან პირველი დაკვრა ახსენე და რომ კარგ გარემოში მოხდა ეს. როგორია კარგი გარემო ჯაზისთვის?

ლუკა თოფურია: დღეს ჯაზისთვის კარგი სივრცის საუკეთესო მაგალითია Jazz Club 1984, სადაც ჩემს ბენდთან ერთად დავიწყე დაკვრა და ეს ადგილი ჯაზის ოჯახისთვის ნამდვილ სახლად იქცა. მნიშვნელოვანია ინტერიერი და, ზოგადად, ვიზუალური მხარე, თუმცა მთავარი არის კომფორტი პატარა სივრცეში, რომელსაც მუსიკა და ადამიანები თავისთავად ქმნიან. რასაც დაუკრავ, უნდა ისმოდეს და ისმინებოდეს.

ჯაზში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსმენელს, რომელიც მუსიკოსთან ერთად ქმნის მუსიკას. აუცილებელია, რომ ეს საერთო კომუნიკაცია შედგეს პატარა და მყუდრო გარემოში. 1984-ში დაკვრა ზუსტად ამ ლაპარაკს ჰგავს ხოლმე, მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი სათქმელი ყოველ ჯერზე საუკეთესოდ გადმოვცე.

ინდიგო: როგორ უნდა მოუსმინოს ჯაზს ადამიანმა, რომელიც ახლა იწყებს ამ ჟანრთან ზიარებას?

ლუკა თოფურია: თბილისში არსებობს ჯაზ კლუბი, სადაც ყოველდღე იკვრება საინტერესო მუსიკა. მე დამწყებ მსმენელებს აუცილებლად ვურჩევდი, რომ ცოცხლად მოისმინონ და ნახონ, რა არის ჯაზი. სპეციფიკური მუსიკაა, ყურსასმენებში შეიძლება გაგიჭირდეს გამოუცდელი ყურით მოსმენა, მაგრამ როცა ცოცხლად უსმენ და და ხედავ მუსიკოსების ემოციას, ეს ბევრად უფრო მომნუსხველია, ვიდრე - „სპოტიფაი“.

ინდიგო: ვიცით, რომ ჯაზს მუდამ დაჰყვება სოციალური ფონი და რომ ის არასდროს იყო მხოლოდ მუსიკის რიგითი ჟანრი. დღევანდელობაში რა როლი და ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ჯაზს?

ლუკა თოფურია: ჯაზი მონებისგან წამოსული ჟანრია, შესაბამისად, სულ თან მოსდევს შინაგანი და გარეგანი პროტესტის ხმები. თავიდან ეს იყო მუსიკა, რაზეც მხოლოდ ცეკვავდნენ. მერე გაჩნდა ბიბოპი, გამოჩნდა ჩარლი პარკერი და დაიწყო ჯაზის ახალი სიცოცხლე - გაიჭრა ყინული და პირველადი ფუნქცია, რომ ჯაზზე მხოლოდ უნდა იცეკვო და გაერთო, შეიცვალა, გაფართოვდა, დიდი დოზით შემოვიდა იმპროვიზაცია.

ჯაზის ეს სოციალური ხასიათი სწორედ ამ გაფართოების მერე უფრო გამოიკვეთა და ცხადი გახდა, რომ ეს ჟანრი პერსონალურ ხასიათებს ირეკლავს და თუ რამე გაწუხებს, თუ რამეს აპროტესტებ, ის აუცილებლად იგრძნობა დაკვრაში. ეს მგრძნობელობა დღევანდელობამდეც მოვიდა.

ინდიგო: ერთგან ამბობ, რომ ბავშვობაში მხოლოდ მუსიკა და ფეხბურთი გაინტერესებდა და ამ ორ სფეროს შორის აირჩიე მუსიკა - შემდეგი რამდენიმე კითხვა ფეხბურთისა და ჯაზის კავშირებზე მექნება:

ვინ არის ჯაზის პეპ გვარდიოლა?

ლუკა თოფურია: ჯაზის პეპ გვარდიოლა არის ბილ ევანსი - ზუსტად ეგეთი მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე, ყველაფერი გათვლილი და გაწერილი, თუმცა უდიდესი ჯაზმენი და მუსიკოსი.

ინდიგო: ვინ არის ყველაზე ჯაზური ფეხბურთელი?

ლუკა თოფურია: ყველაზე ჯაზური ფეხბურთელია რონალდინიო - შეიძლება ფეხბურთში ასე პირდაპირ ტერმინი იმპროვიზაცია არ არსებობს, თუმცა წამიერად და კონკრეტულ მომენტში მოფიქრებულის განხორციელება და იმ ფორმით გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას რონალდინიო აკეთებდა, ნაღდად ჯაზურია.

ინდიგო: როდის გადის ჯაზში გოლი?

ლუკა თოფურია: იმპროვიზაციის დროს, როცა დგება კულმინაცია, სოლისტი და საერთო ბექგრაუნდი ერთმუშტად იკვრება, მიაღწევს პიკს და თითქოს ახლა უნდა გასკდეს და სწორედ მაშინ გადის გოლი. ყოველი დაკვრის წინ მოდის დიდი დოზით ადრენალინი, ყველაფერს გააჩნია, გზადაგზა უეჭველად მოვდივარ იმის ხასიათზე, რომ გოლი აუცილებლად უნდა გავიდეს.

ინდიგო: ფეხბურთის გამოცდილი მაყურებელი სხვანაირად აფასებს ხოლმე ფეხბურთელის მიერ გაკეთებულ პაუზას ბურთთან ერთად - ჰგავს ეს რაღაცით პაუზას ჯაზში?

ლუკა თოფურია: ჯაზში პაუზა ფრაზებს შორის პაუზაა, როცა აზრი წამიერად წყდება და ისე უნდა გაგრძელდეს, რომ გამართლდეს. კი, ფეხბურთშიც ეგრეა. სწორ მომენტში პაუზა ქმნის უპირატესობას. ბურთს და ტემპს რომ გააჩერებ, ზუსტ დროს უნდა გააჩერო, მოწინააღმდეგე აგცდეს, საშენო რიტმი მოირგო.

მუსიკალური პაუზა ისწავლება მოსმენით, სმენა ქმნის მაგ შეგრძნებას, როდის არის შენი დრო და როდის უნდა გაჩერდე - მეცადინეობის ნახევარია მოსმენა საყვარელი მუსიკოსების, ბაზა გიგროვდება და მერე შენებურად გადმოსცემ სხვების გამოცდილებებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა