ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

აჭარული ნაქარგობის ფერადოვნება

თიბისი კონცეფტის სივრცეში ირმა შარიქაძის ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ტრადიციული რეწვა მდიდარი და განსხვავებული ფორმებით გამოირჩევა. ერთ-ერთი მათგანია ფერადი ძაფებით ქსოვილზე ამოტვიფრის ხელოვნება, რომელიც მაღალმთიანი აჭარის სოფლებშია შემორჩენილი. რელიგია, კულტურა, გეოგრაფიული არეალი, თუ ცხოვრების სტილი მეტწილად განსაზღვრავდა ქსოვილებზე შესრულებული ნაქარგობის ფორმასა და თემებს. ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც კარგად ასახავს და აირეკლავს თავად ადამიანის, ამ შემთხვევაში აჭარის სოფლებში მცხოვრები ქალების დამოკიდებულებას ტრადიციული ნაქარგობისადმი.

ნაქარგობის გავრცელების არეალი მოიცავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს, ძირითადად, მაღალმთიანი აჭარის სოფლებს. სამწუხაროდ, სოფლებში შემორჩენილი ნაქარგობის ხელოვნება დღეს დაკარგვის საფრთხის წინაშეა, ამდენად თიბისი კონცეფტის  საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი პროექტი სახელწოდებით „აჭარული ნაქარგობა“ პირველ რიგში, ტრადიციული რეწვის ხელოვნების დარგის - ნაქარგობის გადარჩენას, მათი შემქმნელების წახალისებას და ამ დარგის განვითარებას გულისხმობს.

პროექტის კონცეფცია სამ ძირითად კომპონენტს ეყრდნობა: ცნობილი ფოტოხელოვანისა და არტისტის, ირმა შარიქაძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, „აჭარული მზითვის ფერის“ ჩვენებას, რომელიც მან თიბისის მხარდაჭერით გადაიღო, თავად ირმა შარიქაძის ფოტოგამოფენას, რომლის თემებია ნაქარგობა და მათი შემქმნელი ქალების პორტრეტები და პანელურ დისკუსიას, რომლის მთავარი თემები რეგიონში ქალთა პერსონალური გაძლიერებას, ნაქარგობის ხელოვნების განვითარებასა და პერსპექტივას გულისხმობს.

ფოტოხელოვანი და არტისტი ირმა შარიქაძე აღნიშნავს, რომ აჭარული ნაქარგობანი ტრადიციული რეწვის ხელოვნების მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისათვის უცნობია და დღეს დაკარგვისა თუ გაქრობის საფრთხის წინაშეა...

ირმა შარიქაძე: „2019 წელს, როცა აჭარული ნაქარგობებით  დავინტერესდი, პირველად მოვხვდი მაღალმთიან სოფელ ინწკირვეთში. სწორედ იქ აღმოვაჩინე ჩემი მთავარი გმირები - ნაზი ქარცივაძე და გულისტან ჭაღლაძე, როლებიც სათუთად ინახავენ ტრადიციული ნაქარგობის ხელოვნებას. რადგან ჩემი შემოქმედების ძირითადი ინსპირაცია ქალებს უკავშირდება, პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „აჭარული მზითვის ფერი“, სწორედ აჭარის სოფლებში მცხოვრები ქალების ყოფას და პორტრეტებს ასახავს. ეს ფილმი პროექტ „აჭარული ნაქარგობის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ასევე თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა“.

დაახლოებით ოცწუთიან ფილმში ირმა შარიქაძე მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ქალების ხელოვნებას ხაზგასმით პოეტურად წარმოგვიდგენს. მათი რეალური ცხოვრება სინამდვილეში საკმაოდ მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება. სოფელი ინწკირვეთი თავისი ფერადი და კოხტა სახლებით, მოვლილი ეზოებით და მყუდრო გარემოთი თითქოს ამ მძიმე ყოველდღიური საქმიანობისგან გადარჩენის საშუალებაა; თერაპიის ფორმა. ამ ლამაზ, მოვლილ ეზოებსა და პატარა სახლებს თავისებური, ნაივური მიმზიდველობა და იერი აქვთ, რომელსაც იქ მცხოვრები ქალების შესანიშნავი ნაქარგობანი კიდევ უფრო ალამაზებს და ავთენტურობას უნარჩუნებს.

რადგან ფილმის ავტორი მათ მსხვილი ხედით, კონკრეტული ისტორიით და დიდი სითბოთი წარმოგვიდგენს, ჩვენც უფლებას ვიტოვებთ პერსონალურად  გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ხელოვანი ქალები: ნაზი ქარცივაძე, მერი პაიჭაძე, სენიე გიორგაძე, ეკა მარკოიძე, იამზე ტაკიძე, გულისტან ჭაღლაძე, ნანული ჭაღლაძე... მათი შთამბეჭდავი, კამერის წინ ოდნავ დამორცხვებული სახეები და ღიმილი, გულწრფელობა, სევდიან-შთაგონებული თხრობა იმდენად ნამდვილია, რომ ვერაფრით იგრძნობთ მათი საკმაოდ მძიმე ყოფისა და შრომის კვალს. 

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ფილმში ინტერიერებისა და გარემოს ზუსტი კავშირი ქალების პორტრეტებთან; მათ აუჩქარებელ, ბუნებრივ და „დაულაგებელ“ თხრობასთან. სწორედ ეს გაუფილტრავი და ბუნებრივი კავშირი ბუნებასთან, ხელოვნებასთან და გარემოსთან ქმნის შესატყვის განწყობას.

ფერადი ნაქარგობანი თეთრ, ქათქათა ტილოებზე ასევე ატარებს ნაივურობის, პოეზიის და ამაღლებული განწყობის კვალს. ფერები და ფორმა ულამაზეს გეომეტრიულ ფიგურებად, სხვადასხვა ფრინველებად და ცხოველებად ტრანსფორმირდება ტილოებზე. ფერადი ძაფებით მოთხრობილ სიუჟეტებში მნიშვნელოვანია უნივერსალური  ვიზუალური ენა და სიმბოლოები - სიცოცხლის ხე, ირმები, ჩიტები, გეომეტრიული ფიგურები...

ცხადია, ქარგვის ხელოვნება საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და გარკვეულ ტრადიციებს ქმნიდა. „ოქრონემსული“ მეთოდი, რომელიც ქსოვილებზე ბიბლიური სიუჟეტების ამსახველ ნაქარგობას უკავშირდება, მოგვიანებით შეიცვალა მცენარეული ორნამენტებით, ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებებით. სწორედ ამდაგვარი ორნამენტები ჭარბობს ფილმში ნაჩვენები ქალების ნამუშევრებშიც.

ირმა შარიქაძის ეს პატარა ფილმი არამხოლოდ კონკრეტული ქალების ბედსა და შემოქმედებას აირეკლავს, არამედ ეს ერთგვარი მანიფესტია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების შესახებ. ეს თითქოს მათი „ნაქსოვი ხმაა“, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღეს სამწუხაროდ, გაქრობის საფრთხის წინაშეა.

ნაქარგობის შექმნის ტრადიცია სწორედ უწყვეტობას და თაობათა კავშირს გულისხმობს, რაც თიბისი კონცეფტის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ ნამუშევრებსა და ირმა შარიქაძის მიერ შექმნილ ფოტოებშიც იგრძნობოდა. ამ საოცარი ქალების პორტრეტები, მათი ნამუშევრები მართლაც უნიკალურ და ცოცხალ შეგრძნებებს ქმნის, რაც ფილმში მოთხრობილი ამბის ერთგვარ გაგრძელებად აღიქმება.

მიუხედავად, იმისა, რომ ქარგვა და ხელსაქმე მეტწილად წარსულის გადმონაშთად ითვლება, ბოლო დროის განმავლობაში მსოფლიოში და მოდის ბაზარზეც მათზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. პლუს ინტერნეტით გაჯერებულ მექანიკურ სამყაროში „ჰენდმეიდი“- ხელსაქმე ქალების რადიკალურ, არტისტულ თუ საპროტესტო ჟესტად შეიძლება მივიჩნიოთ.

სწორედ ფერადი ძაფებით „მოქსოვილი“ ქალების სიმტკიცის შესახებ საუბრობდნენ პროექტ „აჭარული ნაქარგობის“ ფინალურ ნაწილში, რომელიც პანელურ დისკუსიაში მონაწილეებმა შესთავაზეს პუბლიკას გამოფენისა და ფილმის ნახვის შემდეგ.  დისკუსიაში თავად ირმა შარიქაძეც მონაწილეობდა. საერთაშორისო ორგანიზაციების და თიბისის წარმომადგენლებთან  ერთად მან ისაუბრა ქალების გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად უნდა იყვნენ დაინტერესებულები, რომ ფერადი ნაქარგობანი ახალ და მომგებიან შესაძლებლობად იქცეს მაღალმთიანი აჭარის სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის.

ტრადიციული ნაქარგობის ამგვარი წახალისება-მანიფესტაცია, რომელიც თიბისი კონცეფტის სივრცეში ვიხილეთ, იმედია არტსა და გაბედულ იდეებს ერთმანეთთან მომავალშიც დააკავშირებს. ეს სრულიად ახალ შესაძლებლობას შექმნის ხელოვნების სხვადასხვა დარგში მომუშავე  ქალებისთვის. თუ კონკრეტულად აჭარულ ნაქარგობებს დავუბრუნდებით, ტრადიციის შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად აუცილებელია აჭარული ნაქარგობის შესწავლა, აღწერა და კატალოგიზაცია. მითუმეტეს, რომ 2020 წელს ქარგვის ტრადიციას აჭარაში არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.