ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მებაღეობა

აგროკალენდარი დამწყები მებაღისთვის

გაზაფხული და ზაფხული საუკეთესო სეზონებია, გარეთ გახვიდე და ეზოში თუ აივანზე გაშენებული ბაღით ისიამოვნო. პროფესიონალი ხარ თუ დამწყები მებაღე, არ აქვს მნიშვნელობა, მიწის დამუშავებას, მცენარეებს შორის ფუსფუსს ყოველთვის სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს.

წლის ყველა სეზონზე ბაღში სხვადასხვა სამუშაოებია საჭირო. ამჯერად წლის ზოგადი კალენდარი გავაკეთოთ.

გაზაფხული ხეხილის დარგვის, გასხვლის და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების თესვის სეზონია. მართალია ზუსტი ვადები ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და კულტურების ბიოლოგიურ თავისებურებათა მიხედვით განისაზღვრება, თუმცა, ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგად კალენდარს ვეყრდნობით, რომელსაც გამოცდილების მიღების შემდეგ თავად მოირგებთ ზუსტად.



ხეხილი

კალენდრის მიხედვით, ხეხილის გასხვლის ვადები დეკემბრიდან მარტის ბოლომდეა. თუმცა, წელს ხეხილმა ყვავილობა თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ზედმეტი ტოტები თებერვლის პირველ ნახევარშივე მოგვეშორებინა. 

ახლა რაც შეეხება დარგვას. გამოცდილი აგრონომები გვირჩევენ, რომ ზოგადად, ხეხილის ნერგის დარგვა შემოდგომაზე სჯობს, თუმცა, დარგვის ვადა ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდეა განსაზღვრული და არც გაზაფხულზე დარგვაა შეცდომა. 

მორწყვა ხეხილს მხოლოდ შემოდგომა ზამთრის პირზე არ სჭირდება. მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა მთელ წელიწადს დაგჭირდებათ, სეზონების შესაბამისად. მოსავლის აღება კი მაისის შუიდან ნოემბრამდე გრძელდება.


ბოსტნეული

თესვა თებერვლის მეორე ნახევარში იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება (ხახვი, ნიორი). ნათესების დამუშავება მარტიდან მოყოლებული აგვისტოს ბოლომდეა საჭირო. დამუშავების პარალელურადვე საჭიროა მორწყვაც დაიწყოთ და მავნებლებთან ბრძოლაც.


ბაღჩეული

ბაღჩეული მაშინ ირგვება ღია გრუნტში, როცა ღამის ტემპერატურა 10 გრადუსს აღარ ჩამოსცდება. ეს პერიოდი საქართველოში სტატისტიკურად, აპრილის მეორე ნახევარში დგება. დარგვა სასურველია მაისის დასაწყისისთვის დაასრულოთ. ათიოდე დღეში კი უკვე ნარგავების დამუშავებაც უნდა დაიწყოთ, რაც ივლისამდე გაგრძელდება. ბაღჩეულ კულტურებსაც ჯიშის მიხედვით რეგულარულად სჭირდება მორწყვა. მოსავლის აღება კი ივლისში იწყება და ნოემბერში სრულდება.

როცა ბაღჩეული გაიზრდება, სხვადასხვა საჭიროებები იჩენს თავს - ჭიგო, სარი და ა.შ. რაზეც შედარებით ნაკლებად დატვირთულ სეზონებზე - გვიან შემოდგომასა და ზამთარში თუ იზრუნებთ, საქმე წინასწარ გექნებათ მოთავებული.

მოსავლის აღებას რომ დაასრულებთ, რაც ყველაზე გვიან, ნოემბერში ხდება, ბაღი ნებისმიერი სახის ნარჩენისგან უნდა გავასუფთავოთ.

შეგროვილი ფოთლები, წვრილი ტოტები და სხვა ორგანული ნარჩენები (მაგალითად, ხილ-ბოსტნეულის ნაფრცქვენი) საკომპოსტე ორმოში ან სპეციალურ სათავსოში დააგროვოთ, ფენა-ფენა დაუმატოთ ნაცარი და დრო და დრო მორწყათ და ამოურიოთ კიდეც. გაზაფხულზე ეს კომპოსტი ბოსტნის გარდა ყვავილების გადასარგავადაც კი გამოგადგებათ და არც გამხმარი ფოთლების დაწვით დააბინძურებთ გარემოს.

მარწყვის ნარგავებს ზამთრის პირზე 2-3 სანტიმენტრის სისქეზე ტორფით თუ დაფარავთ, მოყინვისგან დაიცავთ და მოსავლიანობაც მოიმატებს.

თუ ნოემბერი შარშანდელივით თბილი ამინდებით იქნება, ზოგიერთი ბოსტნეულის დათესვაც შეგიძლიათ: სალათის, ოხრახუშის, სტაფილოსა და ისპანახის.

ხახვისა და ნივრის დარგვაც ძველი ხალხისგან ნოემბერში, გიორგობამდეა რეკომენდებული.

სადაც ერთწლოვან კულტურებს მოიყვანთ, იმ ნაკვეთს რაც უფრო გვიან გადაბარავთ, მით მეტი მავნებელი დაიღუპება. ნოემბერში გადაბარული ნაკვეთის უპირატესობაა, რომ ამ დროს მიწა თოვლისა და წვიმის საშუალებით მეტ მინერალებს იღებს, რაც მერე უხვი მოსავლის მომცემია. უკეთესია, თუ მიწის ბელტებს დაუშლელს დატოვებთ.

ხეხილს შემოდგომაზე ვარჯის გასუფთავება სჭირდება, მავნე მწერებმა რომ არ დაიბუდონ გამოსაზამთრებლად. კარგი იქნება ვარჯების კირით შეთეთრებაც. ასეთი მცენარეები ადრე გაზაფხულზე უკეთესად უმკლავდებიან სხვადასხვა სახის მავნებლებს.
და არ დაგვავიწყდეს ბაღის ინვენტარიც: გალესვის, გარეცხვისა და დეზინფექციის შემდეგ, მშრალ ადგილას დავაბინავოთ.

აქვე გირჩევთ რამდენიმე აპს, რომლებიც ბაღის მოვლაში დაგეხმარებათ.
Smartplant (iOS, Android), Gardening Companion (iOS), Seed to Spoon (Web, iOS და Android), Gardenia (iOS, Android).

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა