აგვისტო, ომი და ვაშლის ბაღები
09.08.2024 | 5 წუთიანი საკითხავი8 აგვისტომდეც უკვე ისმოდა სროლის ხმა სოფლებში.
ერთ-ერთ სახლში მშობლები ტაშტს ჩამოსცხებდნენ ხოლმე ისე გამეტებით და მჭახედ, რომ ბავშვები ამ ერთხელ მაინც არ დაემუნჯებინა მეზობელი ქუჩებიდან შემოვარდნილ ავტომატის ჯერის ხმას. ახლა, გორის გზატკეცილს რომ დაადგები და ათასნაირ ყვითელში ალივლივებული მინდვრებისა და ბაღების პეიზაჟი ჩაგიქროლებს თვალწინ, დაკვირვებული თუ ხარ, შორიდან რუსული ბაზების კოშკურებსაც შენიშნავ. ეს ბაღები, წლების წინ, ათასობით დიდმა და პატარამ გადათელა სირბილით, ხან დღე იყო, ხან - ღამე, როცა ჭურვებს და ტყვიებს გაურბოდნენ. ბევრი დარჩა სამუდამოდ გზაში. ახლა, გამყოფი ხაზის მიღმა სოფლებში, ომს გადარჩენილები, მათი შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ. ათასობით არიან, ვინც უკან მიბრუნდა; ვინც სახლში დარჩენა, კარ-მიდამოს პატრონობა აირჩია.
ამ ვაშლის ბაღებით სავსე ვრცელ და მწვანე სოფლებში ჯიუტად გაგრძელებული სიცოცხლის გამოც არ სურთ ადამიანებს, რომ მათი სახელის გაგონებაზე მხოლოდ აგვისტოს ომი ახსენდებოდეთ; მხოლოდ ომის წლისთავის აღსანიშნად ჩავდიოდეთ მათთან. აღარ უნდათ, ჭრილობა ჩვენს დასანახად კიდევ ერთხელ გადაიხსნან და მოიშიშვლონ მკერდი, რომ იქ სამუდამოდ დარჩენილ ბნელ ღრმულში ჩაგვახედონ - თითქოს, ყოველწლიური, სავალდებულო რიტუალი იყოს ამ ჭრილობაში ხელის მოფათურება.
არც შორიდან ნუგეშისა სჯერათ, არც სოლიდარობის გრანდიოზული აქციებისა, რომელიც ცხრა გზატკეცილისა და ცხრა მინდვრის გადაღმა გუგუნებს მაშინ, როცა გამყოფ ხაზთან ახლოს არაფერი იცვლება: ბავშვების ჟივილ-ხივილი და ვაშლის ყვავილის სინაზე ხან ფარავს სევდას და ტკივილს, ხან - სიღარიბე და მუდმივი საფრთხის განცდა სჯაბნის ყველას.
ვერც უცაბედად, ერთჯერადად, უფრო საკუთარ დიდსულოვნებაში დასარწმუნებლად ჩარბენა-გამოქცევები მოატყუებს მათ, ვინც აქ ომის მერე დაბრუნდა. აქ ყველამ ცნობიერად მოაწერა ხელი არჩევანს - ეცხოვრა თავის ნებაზე გაცოცხლებადი ომის მოგონებებთან ერთად. ეს მოგონებები მართლა თავის ნებაზე წამოიშლებიან ხოლმე და ხეების ტოტებში, შიშად და უსასოობად ქცეულნი, იხლართებიან. მოგონებების შემსუბუქება ამ ხალხისთვის მხოლოდ მომავლის დანახვას მოაქვს. მოულოდნელი სიხარული, კეთილი სტუმრები, ძველებურად გამასპინძლება, საინტერესო საქმე, საუბარი იმაზე, რაც დღეის შემდეგ იქნება და რაც ბედნიერებას მოიტანს - გამყოფი ხაზის სოფლებში ამას თუ ჩავიტანთ.
და თუ ჩავიტანთ, ისინიც შეძლებენ გაიხსენონ, რისთვისაც გადარჩნენ. და იგრძნონ, რომ გადარჩენა მართლა ღირდა.
ტექსტი: ნინო ლომაძე
ვიდეო: გვანცა ნადიბაიძე