მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში | „ახალციხე ინნ“ საუკეთესო პუნქტი აღმოჩენების დასაწყებად
სამცხეში, ისტორიული მესხეთის ნაწილში მოგზაურობას თუ დააპირებთ, დაგჭირდებათ მყუდრო და კომფორტული პუნქტი, საიდანაც ადვილად დაგეგმავთ ტურისტულ გასვლებს. ქალაქ ახალციხის ცენტრში მდებარე სასტუმროს - „ახალციხე ინნს“ - მოგზაურები სწორედ ამგვარ პუნქტად ირჩევენ ხოლმე.
„ახალციხე ინნი“ კომფორტული და თანამედროვე სივრცეა, საიდანაც შთამბეჭდავი პანორამა იშლება არსიანის და ერუშეთის მთებზე.
სიმყუდროვისა და ჰარმონიულობის შეგრძნებას სასტუმროს ინტერიერში ტრადიციული და თანამედროვე ქართული ელემენტების საინტერესო შერწყმა იწვევს. აუზი და სპა ყველას თავისკენ იზიდავს დამღლელი დღის შემდეგ. სასტუმროს რესტორან „ზედაშეში“ კი სტუმრებს ნამდვილ მესხურ კერძებს უმზადებენ - მესხურ მარგალიტად წოდებულ ტენილ ყველს მოართმევენ, ანდა - სეზონურად - ლოკოკინებს; ასევე, აპოხტის ხინკალს, მესხურ ქადებს, მაკარლამას, მესხურ ატრიად და პასტად შეფასებულ თათარბერაკს და სხვა. თუ მესხურ სამზარეულოს პირველად ეხება ადამიანი, ეს სადილიც კი ცალკე გასტრონომიულ მოგზაურობად შეიძლება იქცეს. მით უფრო, რომ ამ მოგზაურობისთვის სტუმრებს არტისტული გარემოც განაწყობს. რესტორნის ინტერიერი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით არის გაფორმებული და შოთა რუსთაველისა და მესხეთის კავშირს გვახსენებს.
„ახალციხე ინნში“ წლის ყველა სეზონზე მოქმედებს ორი საკონფერენციო დარბაზი, ხოლო სასტუმრო 200-ზე მეტი ადამიანის მიღებას ახერხებს. დამღლელი ლაშქრობების შემდეგ მისწრებაა აგიზგიზებულ კოცონთან ჭიქა ღვინით მოკალათება, ანდა ღია ვერანდიდან სამხრეთის ჩამავალი მზის ცქერა, როცა ის შთამბეჭდავად უჩინარდება ოქროსფრად შეფერადებულ მთებში.
საქართველოს გაცნობას ბევრი გამოცდილი მოგზაური სწორედ სამცხე- ჯავახეთიდან იწყებს. აქედან ისტორიას ფურცელ-ფურცელ შეგვიძლია გავყვეთ. „ახალციხე ინნში“ კვალიფიციური გამყოლებიც მუშაობენ, რომლებიც ჩვენი დროისა და ინტერესების გათვალისწინებით მრავალფეროვან მოგზაურობაში გაგვიყოლებენ. „სასარგებლო ხეტიალის” დაწყება ახალციხიდანვე შეიძლება.
იცოდით, რომ ქალაქს ძველად ლომსია ერქვა და დღევანდელი სახელი მე-12 საუკუნეში მიიღო? თუკი რაბათის უბანში მდებარე ისტორიულ ციხეს ეწვევით, ამ ქალაქის ისტორიის ბევრ საინტერესო ფრაგმენტს გაიგებთ. კომპლექსის ტერიტორიაზე მე-9-დან მე-19-ე საუკუნის ჩათვლით დათარიღებული სხვადასხვა ისტორიული ნაგებობაა თავმოყრილი. აქ დგას ცნობილი ოქროსფერგუმბათიანი მეჩეთი, რომელიც მუზეუმის ნაწილია.
რაბათის უბანში ფეხით სავალ მაძილზეა ქართული მართლმადიდებლური ტაძრები, მუსლიმური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა, კათოლიკური და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები - ეს კიდევ ერთი დასტურია რელიგიური და ეთნიკური სიჭრელისა, რაც ამ რეგიონს საუკუნეებია ახასიათებს.
საფარას მონასტერი ახალციხიდან სამხრეთით, ტყით დაფარულ კლდოვან მთებშია ჩამალული. მე-10 საუკუნის დიდებული სამონასტო კომპლექსი, შემოსევებისგან განადგურებას, სწორედ მისმა უნიკალურმა მდებარეობამ გადაარჩინა. წმინდა საბას მთავარი ტაძრის ექსტერიერი მნახველს გულგრილს ვერ დატოვებს, ინტერიერში კი ჯაყელების ოჯახის ცნობილი ფრესკაა.
ზარზმის მონასტერი მთელ რეგიონში გამორჩეული ძეგლია. იგი მე-9-10 საუკუნეებით თარიღდება და ბევრ საინტერესო დეტალს ინახავს. მაგალითად, ერთ-ერთი სამლოცველოს თაღში დატანებულ წარწერაში ამოიკითხავთ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ გაილაშქრა დავით III კურაპალატმა ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ. გასაოცარი ჩუქურთმებისა და ერთმანეთში გარდამავალი თაღების გარდა, ტაძრის შიდა მოხატულობაც არანაკლებ შთამბეჭდავია. მდიდარი და დახვეწილი ფრესკები, სამცხის ძველი მმართველების - ჯაყელების და მეფე ბაგრატ მესამის ამბავს ჰყვება.
საქართველოს სამხრეთში მოგზაურობისას ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი ქვეყნის ყველაზე დიდი ტბა - ფარავანია, რომელიც, ხალხურ ლექსს თუ დავიმოწმებთ თავფარავნელ ჭაბუკზე, ზღვას ჰგავს.
და ის მართლა ჰგავს ზღვას, რომელიც მშვიდ ამინდშიც კი ზვირთებს ატყლაშუნებს და ნაპირზე ტოვებს ქაფს. ადგილობრივი მეთევზეები კი ჰყვებიან ქალთევზას ამბავს, რომელიც ტბის სიღრმეში ცხოვრობს და...
სამცხე-ჯავახეთს მხარეს „მოლაპარაკე ქვების ქვეყანასაც“ უწოდებენ და მართლაც რომ ყველა ქვა აქ ამბავს გვიყვება.
მენჰირები, ვეშაპები - თვალს თუ მიადევნებთ, ეს უცნაური სახელები რუკებზეც შეგხვდებათ. გირჩევთ, შეჩერდეთ და ამ მონოლითი დევების სხეულები კარგად დაათვალიეროთ. ზოგს მართლაც უზარმაზარი თევზის ფორმა აქვს და ვეშაპს მოგაგონებთ, სხვებზე კი ადგილობრივი ფრინველებია გამოსახული, ან მცენარეული ორნამენტები. ეს ქვები ჯერ კიდევ წინაქრისტიანული პერიოდიდან დგას უკიდეგანო ველებზე და ისტორიის ქარტეხილის უტყვი მოწმეებია.
ფარავნის ტბის ჩრდილო-დასავლეთით აბულ-სამსრის ქედია, რომელიც ახალქალაქის პლატოს წალკის ქვაბულისა და ფარავნის ტბისგან გამოჰყოფს. იქ მთელს პერიმეტრზეა ჩამწკრივებული მორენული ღვარით დაფარული ვულკანური კონუსები. მათ შორის ყველაზე ცნობილი დიდი აბულის მთაა, რომელსაც უნაგირითა და ორი პიკით, პირველივე დანახვაზე მარტივად გამოარჩევთ.
ჯავახეთის მთების ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ბუნება და პირველყოფილი სილამაზე აუცილებლად მიგიზიდავთ, თუმცა თუ არც დრო გაქვთ და შედარებით მარტივ მთას ეძებთ ასასვლელად, მცირე აბული თქვენთვისაა. ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მცირე აბულის ციკლოპური, ანუ მეგალითური ციხე მშრალი წყობით, ლოდზე ლოდის დადებითაა ნაშენი. ზოგიერთი ქვის წონა დაახლოებით 2 ტონას აღწევს.
აბულის მეგალითურ ციხესთან მისასვლელი ბილიკი სოფელ განძის განაპირას, მინდორში იწყება და მარკირებულია. ბილიკი ქვიანია და ამიტომ გირჩევთ, ლაშქრობისთვის გამოსადეგი მოსახერხებელი ფეხსაცმელი ჩაიცვათ.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, იგივე - Birdwatching-ი, ჯავახეთში გავრცელებული პრაქტიკა და ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობაა. ჯავახეთის ტბები ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ზემოთაა. აქ წყალი თხელი და გრილია, მიწა კი მდიდარია ფიტო და ზოოპლანქტონებით. ეს ყველაფერი კი მიგრაციის დროს დაღლილი ფრინველებისთვის დასასვენებლად სასურველ გარემოს ქმნის.
ორნიტოლოგები და Birdwatcher-ები, ანუ მეჩიტურები დიდი ხნით ადრე სწავლობენ ფრინველთა მიგრაციის მარშრუტებს და ამის მიხედვით იწყებენ მათზე ფოტოაპარატებით ნადირობას.
მიგრაციის პერიოდში, საქართველოს 300-ზე მეტი სახეობის რამდენიმე მილიონი ფრინველი გადაუფრენს ხოლმე. ისინი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართებიან. სწორედ ამ დროს ჯავახეთი რომ ფოტოაპატარიანი მეჩიტურების მექა ხდება.
თუკი გზას უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთისკენ გააგრძელებთ, აუცილებლად მოჰკრავთ თვალს ქოჩორა ვარხვს (Pelicanus Crispus). სწორედ ეს ლამაზი ფრინველი იწონებს ხშირად თავს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ გადაღებულ ვიდეობსა და ფოტოებში. ქოჩორა ვარხვის ნახვა საქართველოში მხოლოდ ჯავახეთში, კარწახისა და ბუღდაშენის ტბების მიმდებარედ შეიძლება. აქვე იხილავთ ვარდისფერ ვარხვსაც (Pelicanus onocrotalus), რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი ზომისაა.
თუკი ლაშქრობა და გამორჩეული ადგილები თქვენი სტიქიაა, ხანჩალის ტბის მიმდებარედ “ვეფხვების კანიონის” წრიულ ბილიკზე წასვლას გირჩევთ. მარშრუტი ვეფხვის მთის მიმართულებით გრძელდება და აქ თავს იყრის სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის საზღვარი. მარშრუტის დაწყებამდე აუცილებელია შეთანხმება ჯავახეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან და საზღვრის დაცვის პოლიციასთან.
საქართველოსა და სომხეთის საზღვრის სიახლოვეს პატარა, ლამაზი სოფელი გორელოვკაა. სოფლის გამორჩეული არქიტექტურა აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. ნაირფერი ყვავილებით მოხატული დარაბები, თითქოს, სახლების კედლებიდან გეძახიან და ამბების მოყოლას გპირდებიან. აქ დუხობორები ცხოვრობენ. ეს რელიგიური მიმდინარეობა რუსეთის იმპერიაში წარმოიშვა 1700-იან წლებში. საეკლესიო რეფორმასთან დაპირისპირებული დუხობორები, იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა იმპერიის განაპირა რეგიონებისგან გააასახლა.
დღეს ჯავახეთში დუხობორების 150-მდე ოჯახი ცხოვრობს და მათ სხვებისგან ულამაზესი ფერადი ტანისამოსით და ცისფერი თვალებით გამოარჩევთ.
ასე რომ, ნუ ჩაუვლით გულგრილად ცისფერ მუზეუმ-სახლს, რომელიც გზიდანვე კარგად ჩანს. ადგილობრივი ბავშვები დიდი ხალისით გამოგელაპარაკებიან და საინტერესო ისტორიებსაც გაგიზიარებენ. გორელოვკის განაპირა მინდვრებიდან, ულამაზესი პანორამები იშლება სამსრის ქედსა და ჯავახეთის პლატოზე. მოწმენდილ ამინდში კი სომხეთის ტერიტორიაზე არფის ტბის დანახვაც შეიძლება.
ალბათ, დარწმუნდით, რომ სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობას ერთხელ ვიზიტით ვერ ამოწურავ. ამიტომ, გელოდებით, სამხრეთის კარიბჭესთან, „ახალციხე ინნის“ მყუდრო და შინაურ გარემოში. ეს სასტუმრო ყველას ელის თავისი ესთეტიკური, შემეცნებითი, მყუდრო და კომფორტული სივრცეებით. იქიდან მოკლე და ვრცელ მანძილებზე შეძლებთ სიარულს და სხვადასხვა სეზონზე, სამცხე-ჯავახეთის სულ სხვადასხვაგვარად აღმოჩენას.
ავტორი: ნუცა ცქიმანაური