გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ალმოდებული კინოსურათები - კანის 71-ე კინოფესტივალი

შარლ დე გოლს ერთულებოდა იმ ქვეყნის მართვა, რომელიც 246-ზე მეტი სახეობის ყველს აწარმოებს. კანის კინოფესტივალის დირექციისთვის კი, ბოლო წლებში, რთული სამართავი აღმოჩნდა სოციალურ ქსელებს დაპატრონებული კრიტიკოსები და ჟურნალისტები. საქმე ისაა, რომ ათეულობით წლების მანძილზე სქემა ასეთი იყო: ჟურნალისტები, დილით ცხრის ნახევარზე, შესაბამისად,  ოფიციალურ პრემიერებამდე ადრე ნახულობდნენ ფილმებს. ამის შემდეგ, პრესის ოთახებში სამუშაო მაგიდებს მიუსხდებოდნენ და იმავე  საღამოს, ან, მეორე დილისთვის მათი ბიუროები შესაბამის სტატიებს და რეცენზიებს აქვეყნებდნენ.

ეს რეალობა ინტერნეტმა შეცვალა. პირველი სეანსის შემდეგ, ასე, დილის 11 საათისთვის, ტვიტერზე და ფეისფუქზე დაწერილი, ასევე, ლაივებში გადაცემული კონკრეტული კინოსურათის შეფასებები ვირუსივით ვრცელდება. ამბები ჟიურის წევრებამდეც აღწევს, შესაძლოა თავისებურად მოქმედებს კიდეც მათზე…  საღამოს, წითელ ხალიჩაზე, თავმომწონე მსახიობებმა და კინორეჟისორებმა კი უკვე იციან, თუ რას ფიქრობს ყველაზე კრიტიკული და ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტთა არმია.

ბოლო წლებში, სწორედ ამ საკითხზე იმუშავა ფესტივალის დირექციამ და თანაბრად, ორი პრობლემა მოაგვარა - კინოთეატრებს გარეთ დარჩენილი განაწყენებული კრიტიკოსების გულისმოსაგებად და კონფიდენციალურობის დასაცავად სეანსები ისე გადაალაგეს,ყველა აკრედიტირებულ ჟურნალისტს ფილმის ნახვა გარანტირებული აქვს და ასევე - წინმსწრები შეფასებებით საქმეც აღარ ფუჭდება.

71-ე ფესტივალმა, მეძუძური დედებისთვისაც გახსნა კარი. ბულგარელი ჟურნალისტი, ფესტივალზე დასწრების ათწლიანი გამოცდილებით, წელს ბავშვით ეწვია კანს და ყოველ დილით, სეანსის დაწყებამდე საკუთარი აკრედიტაციის მქონე ბავშვს აჭმევდა.

2018 წელს კინოფესტივალი ნეტფლიქსის ფილმებს დაეშვიდობა. აკრძალა წითელ ხალიჩაზე სელფების გადაღება. პოლიტკორექტულობაში ბრალდებული და კანიდან გაძევებული ლარს ფონ ტრიერი კი ფესტივალზე დააბრუნა.

ასვე წელს, დირექციამ ძალიან მკაფიოდ, ძალიან პირდაპირ მიუთითა შესაბამის ქვეყნებს და მათ მმართველებს, რომ ისინი არ წარმოადგენენ ქვეყანას,- ეს ქვეყანა იმათია, ვინც საინტერესო კინოს აკეთებს. ასეთები იყვნენ, პატიმრობაში მყოფი ირანელი ჯაფარ პანაჰი. ასევე, ოთხი ტაილანდელი კინორეჟისორი აპიჩანპონგ ვირასეტაკულის ხელმძღვანელობით - მათ, კანში “ათი წლის ტაილანდი” ტაილანდის დიქტატურის მამხილებელი კინო-მანიფესტი ჩამოიტანეს.

ასეთი გახლდათ შინა-პატიმრობაში მყოფი რუსი კირილ სერებრენიკოვი, საქართველოს ერთგული და გამორჩეული მხარდამჭერი. კინოსურათი “ზაფხული” მიკის, მისი ცოლის და ვიქტორ ცოის ამბავს გვიყვება.

სერებრენიკოვის პატიმრობა გააპროტესტეს წითელ ხალიჩაზე შეკრებილმა ჯგუფის თვალცრემლიანმა წევრებმა. პროტესტი გაგრძელდა პრესკონფერენციაზეც, სადაც ჟურნალისტებს მაისურებზე მისი სახელი ეწერათ. ფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრემომ სცენიდან გვაუწყა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, ვლადიმერ პუტინს თხოვნის წერილით მიმართეს - დაეშვათ გამონაკლისი და რეჟისორისთვის ჩვენებაზე დასწრების უფლება მიეცათ. პუტინმა უპასუხა - გულწრფელად მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ ჩვენთან, სასამართლო დამოუკიდებელია და ეს მათ უნდა გადაწყვიტონო.

“განსაკუთრებული ხედვის” სექციას ამაგრებდა სერგეი ლოზნიცას მეტისმეტად მძიმე და უმნიშვნელოვანესი სურათი სახელწოდებით “დონბასი”.

პაველ პავლიკოვსკიმ “ცივი ომი” მშობლებს მიუძღვნა. მუსიკალური კომპოზიციებით მორთულ ფაბულაში, ძალიან მგზნებარე სასიყვარულო ისტორიის ფონზე ომის შემდგომი თაობის ამბავს ვკითხულობთ. ომის ჭრილობები მეტისმეტად ღრმა აღმოჩნდება, იმისთვის, რომ შეყვარებულებმა სასწაულებრივად გაჩენილ “ბიოლოგიურ დერეფნებში” გავლა და ცხოვრებით ტკბობდა შეძლონ.

კანის კინოფესტივალი ყოველთვის მზადაა, რომ საკუთარი პლათფორმა პრობლემებზე სალაპარაკოდ დათმოს. მაგრამ აქ არასდროს,არავის ავიწყდება რომ კინო მთავარია, ჟან ლუკ გოდარი ცოცხალია და მეტიც, ცოცხალი ლეგენდა მთავარ საკონკურსო პროგრამაში, ნური ბილდე ჯეილანს, ჩან-დონ ლის, სპაიკ ლის, ალიჩე რორვოქერს,მატეო გარონეს და სხვებს ეჯიბრება.

ჟან ლუკ გოდარი სკაიფით ჩაერთო პრესკონფერენციას. “დასურათებული წიგნი” კი, ასე ვთარგმნეთ სათაური, პროდუსერს გამოატანა.

ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ფირზე, აუდიო მასალებში ან მეხსიერებაში დაგროვდა. რაც ოდესმე ფურცელზე, ან ასანთის კოლოფზე დაწერილა, ყველაფერი აკინძა. გოდარმა “გუშინდელ დღემდე” შეგროვილი მასალა დაამუშავა. სადღაც ხმა დაახშო, სადღაც დიდი აფეთქებით შეგვაშინა. ხან ისტორიას აჯამებს და ამჟამინდელი მოვლენებს პირდაპირ ქრონიკად წარმოადგენს. ხან არტურ რემბო შემოყავს ამ თამაშში, ხან,საკუთარი გადასაღები მოედნის კადრებს ანაცვლებს. ძალიან ძველ, იმდროინდელს კადრებს, როცა ეპოპეას იწყებდა. ამ ნამუშევარში გოდარი რუსეთსაც გადაწვდება. ყველა ახალი აბზაცი ომზე მინიშნებით სრულდება. ამ წლების მანძილზე, ეგონა, რომ ეს ომი ბოლოა, ბოლო კატასტროფაა. რეალურად კი, ამ წუთამდე არ დასრულდა.

ის გამოსახულებით თამაშობს. იყენებს კინოს შესაძლებლობის არსებულ და არარსებულ საშუალებას იმისთვის, რომ ქარიშხლიან ღამეს დაწერილი ცუდი სიზმარი ჩვენამდე მოიტანოს.

მთხრობელიც თავადაა. ყვება დიდ ამბებს რბილი ხმით. მთხრობელს ფინალისკენ ხველა უტყდება და ასე, გოდარის ხველების ფონზე სხეულზე ტიტრები გვაცოცდება.

ლი ჩან-დონი “პოეზიის” შემდეგ, ჰარუკი მურაკამის, ნოველის “ალმოდებულის” ეკრანიზაციას გვთავაზობს. მურაკამის ნაწარმოებში ფარდულები იწვის, რეჟისორმა კი ის სათბურებით შევცვალა, რადგან კორეაში სათბურებს უფრო ხშირად ვხვდებით.

ლი ჩან-დონი დიდი ხანია ამუშავებს ახალგზარდების თემას. ეჩვენება, რომ  ადამიანები მთელს მსოფლიოში, რელიგიის, ეროვნებისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზის გამო, თითქოს გაბრაზებულები არიან. ახალგაზრდების მრისხანება კი განსაკუთრებით თვალშისაცემია. რეჟისორი ამბობს, რომ  დღეს კორეაში მცხოვრები მილენიალთა თაობა ალბათ, პირველი თაობაა, რომლებიც მშობლების თაობაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ისინი გრძნობენ, რომ მომავალი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, არ იციან, ეს სიბრაზე საით მიმართონ და შედეგად, იფიტებიან და უძლურდებიან. ფილმიც ამ ახალგაზრდებზეა, რომლებიც თავისივე მრისხანების ტყვეობაში არიან და თავს უმწეო არსებებად გრძნობენ.

 “ალმოდებულში” რეალობა და ფანტასმაგორია ურთიერთკავშირშია. ლი ჩენ-დონი გვაძლევს საშუალებას, სამყაროს პროტაგონისტის თვალთახედვიდან დავაკვირდეთ. მის მსგავსად ვცადოთ წინააღმდეგობების და შიშების დაძლევა. ესაა ინტერპრეტაციების ფილმი, ამოუცნობი და ლამაზი პერსონაჟებით. ჯონგსუ, ბენი და ჰაემი ძალიან დიდხანს რჩება ჩვენში როგორც შთაბეჭდილება და როგორც გამოცანა.

არაეფექტური იყო ლარს ფონ ტრიერის დაბრუნება კინოფესტივალზე: ფილმი “სახლი რომელიც ჯეკმა ააშენა” კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დანიელი კინორეჟისორი ისევ კოშმარებით იტანჯება და მაყურებელსაც ტანჯვისთვის იმეტებს. სერიული მკვლელის თავგადასავალი, სადაც ალუზიები და მეტაფორა ჭარბობს მაყურებლისთვის ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა.

ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ მთავარ პროგრამაშია ევა ჰასონის დრამა “მზის გოგონები”, რომელიც საქართველოშია გადაღებული და რომლის ერთ-ერთი პროდუსერი ქართველი ვლადიმერ კაჭარავაა. “ჰოლივუდ რეპორტერი” ამ ფილმის დაანონსებისას მკითხველს უხსნიდა - ქართული კინო ახალი არ გეგონოთ, ის ჰოლივუდის ტოლიაო.

ლიტერატურის მხარდაჭერის სექციაში, უფრო ზუსტად კი ეკრანიზაციის პერსპექტივის ბრძოლაში, წლევანდელ ფესტივალზე პირველად მონაწილეობს ქართული წიგნი და ქართველი ავტორი. რაც ნიშნავს, რომ აკა მორჩილაძის რომანის “ობოლეს” კინოვერსიას, დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ.

***

ჟიურიმ ქეით ბლანშეტის ხელმძღვანელობით პრიზები ასე გაანაწილა:

კანის 71-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პალმის რტო“  მიიღო ფილმმა „მაღაზიის ქურდები“, რომელიც იაპონელმა რეჟისორმა ჰიროკაძუ კორე-ედამ გადაიღო.ესაა ამბავი იმიტირებული ოჯახისა, სადაც ადამიანები უცნაური მიზეზის გამო არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები.

გრანპრი ამერიკელი რეჟისორის, სპაიკ ლის კინონაწარმოებს ერგო სურათისთვის „შავი კუკლუქსკლანელი“. შესანიშნავი სამსახიობი ანსამბლით, რეჟისორმა 1950-იანი წლების ამერიკაში შავკანიანთა და თეთრკანიანთა ბრძოლა ძალიან საინტერესო ასპექტში წარმოადგინა და პროვოკაციულ ფინალსაც არ მოერდა - დასასრულს ამერიკის დროშა თავდაყირა დგება.

საუკეთესო სცენარისთვის პრიზი იტალიელმა ალიჩე რორვოქერმა („ბედნიერი ლაზარო“) და ირანელმა ჯაფარ პანაჰიმ („სამი სახე“) გაინაწილეს.



ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის რუსი მსახიობი სამალ ესლიამოვა დაჯილდოვდა („აიკა“, რეჟისორი სერგეი დვორცევოი), მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი იტალიელ მარჩელო ფონტეს ერგო (მატეო გარონეს „Dogman“).

ჟიურის სპეციალური პრიზი ლიბანელი რეჟისორის, ნადინ ლაბაკის „კაპერნაუმს“ მიაკუთვნეს. საუკეთესო რეჟისორად „ოსკარის“ მფლობელი, პოლონელი პავლიკოვსკი აღიარეს ფილმისთვის „ცივი ომი“. ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლუკ გოდარმა სპეციალური პრიზი მიიღო ფილმისთვის „დასურათებული წიგნი“.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა