გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ანაკლია

ანაკლია – ახალი საუკუნის პროექტი

ფოტოზე, ზედხედით, პორტში სიმეტრიულად ჩამდგარი გემები და მეტალის ამწეები ჩანს. ლურჯი წყლიდან კიდევ უფრო მიმზიდველად გამოიყურება სიმწვანეში ჩასმული ცათამბჯენების კუნძული და ზღვის დონეზევე განფენილი შენობები, რომელთა შორისაც ქუჩები სწორ, სიმეტრიულ მარშრუტებს ქმნის. ეს ფოტო რენდერია – ანუ, უფრო ლირიკულად რომ ვთქვათ, ხედვა მომავალში, წარმოდგენა იმისა, რაც დღეიდან ათ წელიწადში იქნება. თუმცა, ახლა, როდესაც ანაკლიაში მშენებლობა ხუთი თვეა მიმდინარეობს, რენდერის რეალობად აღქმაც არ გაგვიჭირდება.

2017 წლის 22 დეკემბერი – მათ, ვინც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე მუშაობს, ეს თარიღი არასდროს დაავიწყდება. ამ დღეს, როგორც უკვე ოფიციალურად ამბობენ, „ქვეყნის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის“ მშენებლობა იწყება. ესაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პროექტი სულ 9 ფაზად განვითარდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.

სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა – ეს ანაკლიის პორტის მახასიათებლებია, რომელთა გამოც ფიქრობენ, რომ საქართველო აბრეშუმის გზის კორიდორში თავის ისტორიულ მისიას, ბოლოს და ბოლოს, შეასრულებს და ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ იქცევა, ისევე, როგორც რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად, სადაც ასევე გაშენდება ქალაქი ანაკლია და განვითარდება სპეციალური ეკონომიკური ზონა.

„ჩვენ ვაშენებთ 100 მილიონ ტონაზე გათვლილ პორტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშენებთ 100-150 წელზე გათვლილ პერსპექტივას ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის...“, – პორტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

საუბარია პორტზე, რომელიც დიდი სიმძლავრის პანამაქსის ტიპის ხომალდებს მიიღებს და საბოლოოდ შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონამდე ტვირთის გატარებას. ანაკლიის გახსნისთანავე ტვირთების ტრანზიტი საქართველოს გავლით საგრძნობლად გაიზრდება და ანაკლიის პორტს შეუქმნის წინაპირობას, იქცეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად ჩინეთის გლობალურ პროექტში, რომელსაც „ახალი აბრეშუმის გზა: ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ჰქვია. ანაკლიის პორტი, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ობიექტურად უნდა იქცეს აზია-ევროპის დამაკავშირებელ ერთ-ერთ უმოკლეს მარშრუტადაც, ანუ უნდა გაცოცხლდეს პოტენციალი, რომელიც საქართველოს შავ ზღვაზე გასასვლელისა და დიდი აბრეშუმის გზის დროს ჰქონდა.

ქართველი და ზღვა. ზღვა და ქართველი. ეს იმიჯი არაერთხელ ქცეულა ძალიან საინტერესო ფილოსოფიური, კულტუროლოგიური, პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულინარიული დაკვირვებების საგნად. ცხადია, თითოეული მათგანი ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობოდა. ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე საუკუნეებიდან დაწყებული, საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის ნაწილი, სხვა სიმჭიდროვით იყო დაკავშირებული ზღვასთან. ზღვა-ს ასო „რ“ აღარ ამძიმებდა და უსაზღვრობასთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე საზღვრის გავლებასთან. თუმცა, ასო „რ“-ს გაძლიერება-შესუსტება ქვეყნის ისტორიის თანმდევ თემად იქცა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველომ ზღვის გამოყენება საზღვრების გასარღვევად დიდხანს ვერ შეძლო – შესაბამისად, გამოტოვა გამოცდილებების მთელი რიგი, რაც ზღვისპირა ქვეყნებს აქვთ და ფილოსოფიური მოძღვრებიდან დაწყებული, კვების რიტუალებით დამთავრებული, ყველაფერში ვლინდება.

ანაკლიის პოტენციალის გამოყენება დღის წესრიგში არაერთხელ დამდგარა. აქ პორტის საჭიროებაზე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში საუბრობდნენ, ნავსადგურის მოწყობის პირველი მცდელობა კი 1960-იან წლებში ჰქონდათ. მას შემდეგ, ყოველ მორიგ ათწლეულში, თემა – ანაკლია – სულ სხვადასხვაგვარად აქტიურდებოდა – 1990-იან წლებში იქ ნავთობტერმინალის მოწყობის გეგმა იქნებოდა თუ 2010 წელს პროექტ „ლაზიკის“ დაწყება. საბოლოოდ, 2016 წლის 3 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობასთან ხელი მოაწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის შემდეგაც ანაკლიის პორტმა ისტორიაში ყველაზე მკაფიო კონტურები სწორედ ახლა, ჩვენ თვალწინ შეიძინა. როგორც თედო ჯაფარიძე წერს სტატიაში „ანაკლია: კარი ჩინეთსა და ევროპას შორის“, „ანაკლიის ნავსადგური საქართველოსა და კავკასიის ახლებურად წარმოჩენის, ხოლო ევროპა-აზიის ურთიერთობების შეცვლის საშუალებას იძლევა ... ახლა ვითარება მკვეთრად იცვლება, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე სუეცისა და პანამის არხებმა შეცვალა გეოპოლიტიკური აზროვნება ... ანაკლია ევროპა-ჩინეთს შორის მოგზაურობის დროსა და ხარჯს შეამცირებს და, ამავდროულად, მსოფლიოს ოთხ რეგიონს – შუა და შორეულ აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიასა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდას შეუწყობს ხელს“.

ამ პროგნოზის გამართლების გარანტიას, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მეორე მხრივ კი, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იძლევა. გარდა ამისა, დამატებითი ფაქტორია საქართველოს რეგულაციები, რომელთა გამოც ჩვენთან ბიზნესის წარმოება ძალიან ადვილია – დაბალი გადასახადები, ბიუროკრატიული პროცედურების სიმცირე და გამჭვირვალობა.

გარანტიებისა და პოტენციალის ზრდის საფუძველს, ცხადია, იძლევა ამერიკული მხარდაჭერა და თანამონაწილეობა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამერიკული ინვესტიციაა, რომელშიც ორი მსხვილი ამერიკული კორპორაცია მონაწილეობს. ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ქართულ „თიბისი ჰოლდინგთან“ ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელია. 2017 წელს კი ანაკლიის პორტს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტერმინალ-ოპერატორი, ამერიკული SSA Marine-ი შეუერთდა. SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორი და ინვესტორია. ის მოქმედებს ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გვეძლევა საშუალება, გავხსნათ საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მოვნიშნოთ ანაკლია მსოფლიო რუკაზე, გადავაქციოთ ის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბად“, – ამბობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს და სპეციალური განვითარების ზონას აქვს დიდი მნიშვნელობა და დიდი პოტენციალი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანი რეგიონის განვითარებისთვის ... ამერიკის მთავრობის სააგენტოების ფართო ჩართულობა პროექტში აჩვენებს მნიშვნელობას, რაც ამ პროექტს ამერიკისთვის აქვს“, – ეს კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის სიტყვებია.

პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისევე როგორც კულტურული გავლენით, ანაკლიის პორტის მნიშვნელობა აფხაზეთთან სიახლოვის გამოც იზრდება. სულ რაღაც 2 კილომეტრში აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვარია. მამუკა ხაზარაძე ჟურნალ „ანაკლიასთან“ ინტერვიუში ამბობს: „ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, ეგრეთ წოდებულ საზღვართან ... იმიტომ, რომ ვუთხრათ: ჩვენ აქ ვართ, ვაშენებთ, გვინდა, შენთან ერთად ავაშენოთ ... მთავარია, ჩვენ შორის „საზღვარი“ გონებაში წავშალოთ. თორემ, დღეს ფიზიკური საზღვარი მსოფლიოში აღარ არსებობს“.

2018 წლის ზაფხულში ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავა. ამ დროიდან ტერიტორიის დაღრმავება და რეკლამაცია დაიწყება. ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ეს უკვე ის დროა, როცა პორტი ამუშავდება.

ანაკლიაში #1 პრიორიტეტი ეკოლოგია იქნება. ამის შესახებ პროექტის ადრეულ ეტაპზევე გაცხადდა ოფიციალური პოზიცია. პრიორიტეტი იქნება ხარისხი და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები; მძიმე და ქიმიური მრეწველობა, რომელიც გარემოს ზიანს აყენებს, იქ არ იქნება. ასეთივე გეგმით განხორციელდება ქალაქ ანაკლიის მშენებლობაც. ქალაქისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაზე ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering-ი მუშაობს. „ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ შესაძლებელია, გავაკეთოთ თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტი და მის ირგვლივ განვავითაროთ ფლორა და ფაუნა, დავიცვათ ბუნება“, – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე, ვისთვისაც ანაკლია არ უნდა გახდეს მეორე დუბაი, ქალაქი, რომელსაც ხასიათი არ აქვს. ხაზარაძის თქმით, „აქ პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენი კულტურა, ენა და საქართველოს მოქალაქის დასაქმება“.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა