გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ანიტა რაჭველიშვილი და „აიდა“ დიდ ეკრანზე - Event Cinema

კინოთეატრი „ამირანი“ და Event Cinema 15 იანვარს განსაკუთრებულ ჩვენებას წარმოგიდგენთ. პირველად საქართველოში, მაყურებელი დიდ ეკრანზე ქართველ საოპერო ვარსკვლავს, ანიტა რაჭველიშვილს იხილავს.

ვერდის „აიდას“ 2018 წლის დადგმაში ქართველი მეცო-სოპრანო მეფის ქალიშვილის, ამნერისის როლს თამაშობს. სონია ფრისელის სპექტაკლის პრემიერა ნიუ იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“ გასული წლის გაზაფხულზე შედგა. რეჟისორისთვის ეს საიუბილეო თარიღი იყო. ფრისელმა „აიდა“ პირველად მეტროპოლიტენში 1988 წელს დადგა. 30 წლის შემდეგ მის მიერ სცენაზე ხელახლა გაცოცხლებულმა პერსომაჟებმა კრიტიკოსებისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. ანიტა რაჭველიშვილს პარტნიორობას ისეთი ვარსკვლავები უწევდნენ, როგორებიც არიან ანა ნეტრებკო და ალეკსანდრ ანტონენკო. გამორჩეულად წარმატებული სეზონის შემდეგ, 6 ოქტომბერს ამერიკის კინოთეატრებში წარმოდგენის ლაივ ტრანსლაცია გაიმართა. მომდევნო თვეებში კი სპექტაკლის ჩანაწერი უკვე ევროპის კინოთეატრებშიც გამოჩნდა.

ანიტა რაჭველიშვილმა ამნერისის როლი პირველად 2012 წელს, მიჩიგანის ოპერის დადგმაში შეასრულა. შემდეგ იყო Arena di Verona  და პარიზის ოპერა. მის თამაშს ყველგან დიდი ოვაციებით შეხვდნენ და ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა კიდეც, თუმცა განსაკუთრებული აღიარება ამ როლმა მომღერალს მაინც მეტროპოლიტენში თამაშმა მოუტანა.

გასული წლის ბოლოს გაზეთმა  The New York Times ანიტა რაჭველიშვილი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა. გამოცემამ მას ვრცელი სტატიაც მიუძღვნა, რომელიც ასე დაასათაურა: „ახალგაზრდა მომღერალმა ოპერის სამყარო შტურმით აიღო”. აიდაში შესრულებული როლის განხილვისა და მომღერლის კარიერის დეტალების გაცნობასთან ერთად, სტატიაში სხვადასხვა გავლენიანი ადამიანების შეფასებებსაც ვკითხულობთ: “რაჭველიშვილი ჩემთვის აღმოჩენა იყო. ეჭვგარეშეა, რომ დღეს ის ვერდის შემსრულებელი საუკეთესო მეცო-სოპრანოა მთელს პლანეტაზე” – ვკითხულობთ  ცნობილი დირიჟორის, რიკარდო მუტის შეფასებას სტატიაში. „მიუხედავად იმისა, რომ მისი ტალანტით თავიდანვე აღვფრთოვანდი, წარმოდგენა არ მქონდა, თუ ის ცოტა ხანში ბოლო 50-60- წლის  ერთ-ერთ უდიდეს მეცო-სოპრანოდ იქცეოდა“ - ამას კი უკვე მეტროპოლიტენ ოპერის გენერალური მენეჯერი, პიტერ გელბი ამბობს. მან 2011 წელს ანიტა რაჭველიშილი კარმენის როლზე დაამტკიცა, რამაც მომღერლის საერთაშორიო აღიარებაში მნიშვნელოვანი წვილი შეიტანა.

ანიტა რაჭველიშვილზე და მის ამნერისზე წერდა ჟურნალი New Yorker-იც. მუსიკალური კირიტკოსი, ალექს როსი აღნიშნავს, რომ მომღერალს არ შეეშინდა რიგ შემთხვევებში ტექნიკის სიწმინდე დაეთმო ინტენსიურობისა და ექსპრესიის გასამძაფრებლად. ბრიტანულ Observer-ში კი ვკითხულობთ: „მისი ტორნადოსებრი პერფორმანსი, ხმის ფეთქებადი ცვალებადობა და გამორჩეული ინდივიდუალიზმი ისეთ ლეგენდებს გვახსენებს, როგორებიც არიან ამ როლის ძველი შემსრულებლები, ჯულიეტა სიმიონატო და ფიორენცა კოსოტო.“

ანიტა რაჭველიშვილი დღეს ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი და წარმატებული საოპერო მომღერალია, რომელიც კრიტიკოსების ვარაუდით, უახლოეს წლებში კიდევ არაერთი როლით გაგვაოცებს.

„აიდას“ ნახვა მაყურებელს კინოთეტრ „ამირანში“  მხოლოდ ერთი დღით, 15 იანვარს შეეძლება.

დასაწყისი: 19:30 საათზე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა