გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლოგინი

ანნა ძიაპშიპას დღიური | ბუნიაობა

21 მარტი
ბუნიაობა
თბილისი 18:15

დილას ინდიგომ დღიურის წერა შემომთავაზა, რა თქმა უნდა ვიყოყმანე, რადგან ვფიქრობ დღიური იმისთვის არსებობს რომ შენთვის წერო ან თუ არ წერ სხვისი დღიური მაინც იკითხო ოღონდ ჩუმად. რამდენად გულწრფელი შეგიძლია იყო საკუთარ შეგრძნებებში როდესაც წინასწარ იცი, რომ დღიურს სხვისთვის წერ თან ისეთ გარემოში სადაც თითქმის მთელი სამყარო შენსავით გამოკეტილია, სადაც ყველას შეუძლია დღიური წეროს და შენი გაპრანჭული, გარეთ გატანისთვის დახვეწილი აზრები, რჩევები და იზოლაციაში გატარებული რუტინა არაფრით განსაკუთრებული არ არის. მაგრამ დიდი ხანია ჩემს თავში ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები აღმოვაჩინე და დავთანხმდი, ინდიგოს რედაქტორი მაინც წაიკითხავს და შემაქებს, მე კიდევ მსიამოვნებს რომ მაქებენ.

ბიპოლარული გავხდითქო და რამდენიმე დღის წინ იმ არხზე ვიყავი გადაცემაში და ბავშვიან ოჯახებს საბავშვო ფილმებზე ველაპარაკებოდი, რომელსაც ყველაზე მეტად და ხშირად ვლანძღავ და რჩევების მომცემებსაც მთელი ცხოვრება აგდებულად ვუყურებ, ისევე როგორც “ქოუჩებს” და მაინდფულ მედიტაციის ექსპერტებს და იოგაზე შეშლილ თეთრკანიან ტრენერებს, თუმცა ეხლა ყოველდღე იოგას ვაკეთებ ონლაინ, ვინმე ედრიენთან ერთად. მთელი ცხოვრება ამ წინააღმდეგობებში ვარ, ბოლო დროს ისე მინდოდა სახლში ყოფნა, საჭმელების კეთება, საკუთარი მორჩენილი საქმეების ნელ-ნელა ბოლომდე მიყვანა, დამშვიდება და ჩემს შვილთან ერთად დროის გატარება, რომ მივიღე. ყველაფერი ამიხდა, მარტო მე არა, ყველას ყველაფერი აგვიხდა, მაგრამ თითქოს მრუდე სარკეში - “ყველაფერი ყირამალა”. მე კი დიდი ხანია ოცნებებს ვუფრთხი, რადგან რამდენიმე წლის წინ საკმაოდ არასწორად ამიხდა რაღაც, თუმცა დიდ დროში ალბათ ზუსტად ესე მომინდებოდა რომ მომხდარიყო, თუმცა არ იყო მარტივი ამის მიღება იმ დროს. კიდევ ერთი სურვილი მქონდა წლების განმავლობაში, რომლის დავიწყებას დიდი ხანია ვცდილობ.

გუშინ ტრეისი ემინი გამახსენდა მეგობართან ლაპარაკისას, ჩემი პირადი “ქოუჩი” ფემინიზმში, ხელოვნებაში, განწყობებში. უფრო სწორად მისი ორი რაღაც გამახსენდა, ეს ინტერვიუ, რომელსაც ბოლომდე თუ უყურებთ მედიტაციასავით იქნება და ხშირადაც დაუბრუნდებით:
და მისივე პატარა ფილმი, რომელიც ბოლოში ჩემი საყვარელი ცეკვით სრულდება:

ცეკვაზე იმიტომ ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ცეკვით წარმომიდეგენია ამ იძულებითი რეჟიმისგან თავის დაღწევის აღნიშვნა, ცეკვით არა ჩაბნელებულ სივრცეში და მარტოს, არამედ სადმე დიდ, ბრჭყვიალა, ნათელ ადგილას და ტექსტიანი სიმღერების ქვეშ, ძალიან ბევრ ხალხში. ცეკვის ესეთი გამძაფრებული სურვილი ალბათ იმ გაძლიერებულმა ეროსმა მოიტანა, რომელიც იზოლაციის დროს გაიზარდა და რომელიც ბანალურად მარტო სექსში ვეღარ დაიხარჯება, რადგან ეს ენერგია სადმე სხვა მიმართულებითაც ითხოვს გატყორცნას. სამწუხაროა რომ ტრეისი ემინის და კრის კრაუსის ხარისხის ტრანსგრესიას ვერასოდეს მივაღწევ და სავარაუდოდ ჩემი საჯარო დღიურიც ვერ იქნება ისეთი გულწრფელი როგორიც მაგალითად კრისის წერილებია დიკისადმი:

“ძვირფასო დიკ, დღეს ჩრდილოეთ ტეხასის დამაკავშირებელ გზაზე ვიარე. საშინლად ავღელდი, როდესაც ამარილოს დასავლეთით დაბლობზე აღმოვჩნდი, რადგან ვიცოდი, რომ დამარხული კადილაკების ნაწილები მალე გამოჩნდებოდა. ათი მათგანი - შენი მანქანის პოპ-არტ მონუმენტია, ფარფლები გარეთ, თავები მტვერში დამარხული. ავტობანზე გადასახვევს გავცდი, უკან მოვბრუნდი და ორი ფოტოც გადავუღე, შენთვის.   

დიკ, ალბათ გაინტერესებს რატომ ვერიდები ესე ძალიან იმ მითოლოგიას, რომელსაც შენ განასახიერებ, რატომ ამიჩქარდა სისხლი ამარილომდე 15 მილის მოშორებით? რატომ გამოვეწყვე ნაით ბერდსის ბარში ჯეიდი ოსტინთან შესახვედრად? იმისთვის, რომ ტრაკში მოვეტყანი და მერე ეთქვა, რომ არ ვუყვარვარ? ვიწრო ჯინსები, წითელი ტუჩები და ფრჩხილები, ნამდვილი ქალურობის შეგრძნება დღეს დილას და თან იმის გააზრება, რომ ჩემი დღე არ არის. ფაქტობრივად კულტუროლოგიური კვლევაა. სხვა რაღაცის ნაწილად ყოფნა. სილვერი და მე ტყუპებივით ვართ ჩვენს ანალიტიკურ კვლევებში, “კოდების გაშიფვრით” კმაყოფილები. დიკ, იმის ეროტიზებას ახდენ რაც არ ხარ, შეფარულად იმედოვნებ, რომ სხვამაც იცის, რას თამაშობ და ამის გამო, ისინიც თამაშობენ.

 სიყვარულით, 
კრისი
ბრინქლი, არკანზასი
19 დეკემბერი, 1994: 23 სთ.
ბრინქლი ინ” 

ნაწყვეტი კრის კრაუსის რომანიდან I love Dick, რომელიც "დანართის” ინიციატივით ითარგმნება რამდენიმე მთარგმნელი ქალის მიერ. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა