ვრცელი საფეხბურთო მიმოხილვა ბიოგრაფიული შტრიხებით
15.07.2026“ბებო ვინ მოიგო გუშინ?”
“ჩელსიმ ბებო, თერთმეტ-მეტრიანებით”...
ნეტავ რამდენი იყო ეს 11 მეტრი მაშინ? ბევრი მეგონა.
თავიდან ეს ყველაფერი დაიწყო ზუსტად ამით – წითელისა და ლურჯის დაპირისპირებით. ეს იყო 2012 წელი, როდესაც ჩემი ყველაზე დიდი შიში სამყაროს აღსასრული იყო. ასევე, წელი, როდესაც მამაჩემმა ფეხბურთის ბურთი, ნაიკის ტიემპოები და დიდი წინდები მაჩუქა “ბარსას” ლოგოთი. მე უკვე ვგულშემატკივრობდი “ბაიერნს”, მაგრამ მეგონა, რომ “ბარსას” გულშემატკივრობა, თითქმის სავალდებულო იყო. ამიტომ არ გამიპროტესტებია კი არა, დილაადრიან გავყევი ლილოში. დედაჩემმა კბილებში კბილის ჩხირი ჩამჩარა, რადგან ჭამა ვერ მოასწარი, ეს გედოს, რომ უზმოზე გული არ აგერიოსო. რა შუაში იყო.
ისევე, როგორც არაფერ შუაში იყო “ბარსელონას” წინდები და “ბაიერნის” გულშემატკივრობა, მაგრამ ასე დამემართა. მახსოვს, რომ 2012-ში ალიანც არენაზე, საკუთარ სახლში დამარცხდა “ბაიერნი”. 2013-ში კიდევ, უემბლიზე, როისის, ლევანდოვსკის, სუბოტიჩის, გიუნდოგანის და სხვათა და სხვათა “დორტმუნდს” მოუგო ბოლო წუთებისკენ რობენის მიერ გატანილი გოლით.
2014-ში, მუნდიალზე, “ბაიერნის” ხათრით, რა თქმა უნდა, გერმანიას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ არგენტინულ-გერმანული ფინალის შემდეგ, ჩემი გული ორად აღმოჩნდა გაყოფილი. ერთ ნაწილს მოსწონდა გერმანული პანცერი, გიოცეს ნახტომი, “ბასტიონ” შვაინშტაიგერი, ბოატენგ-ჰუმელსის დუეტი და მიროსლავ კლოზე, 7:1 და გასვლითი, შავ-წითელი ფორმა, რომელიც, ალბათ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს სამუდამოდ დაამახსოვრდება ბრაზილიასთან ნახევარფინალის გამო.
მეორე ნაწილს კი მოეწონა ალბისელესტე, წვერგაპარსული ლეო მესი, ინდივიდუალიზმი, პალასიოს ჯედაური თმა, იგუაინის მოტიტვლებული თავი და მესის ბოლო ჩავლა დერეფანში და თვალის არიდება. თუმცა ახლა ამას ხომ მომავლიდან ვწერ და მერე ხომ ყველაფერი შეიცვალა. თუმცა იქამდე კიდევ ბევრი სევდა იყო.
მომდევნო კოპას ფინალები და იქაც ტირილი.
ასე მივედით 2018 წლამდე. ისევ გაორებული და დაჭრილი.
ზოგადად, თაობები განსხვავებულად აღიქვამენ ფეხბურთს. არის ნაწილი, ვინც ინდივიდუალებს და “ყველა გუნდში თითო ვარკსვლავი იყო”-ს იხსენებს მუდამ, ძველ პრემიერ ლიგას, პეპიმდელ ფეხბურთს. არის ნაწილი, ვინც კიდევ უფრო იმის უკან იყურება და იქაც ცალკე კატეგორიებად იყოფიან: ვინ ნახა მარადონა პირდაპირ გადაცემაში, ვინ – კრუიფი და კემპესი, ვინ – მათეუსი და ბაჯო, ვინ –კიჭა ტრავმამდე და ადრიანო დეპრესიამდე, ვინ – რონალდინიო ფორმის დაკარგვამდე და ვინ – პატარა მესი და ვინ – უკვე დიდი, წვერიანი თუ თმა შეღებილი.
ჩემთან კი ეს მხარის არჩევა და ფეხბურთში ბოლომდე გადაშვება უფრო გვიან დაიწყო. დედაჩემიც ხომ წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ჩემს თხოვნას, ფეხბურთზე შევეყვანე. მეც მინდოდა ჩემი კლასელებივით და უბნელებივით მეთამაშა, კონცეტრირებული სახით, სხარტად, ინდივიდუალისტურად, ფინტებით, გამერბინა მთელი მინდორი მარტოს, გამედირკა 2 მოთამაშე. მაგრამ სანდლებით მაგას ხო ვერ ვიზავდი? თან, დედაჩემმა, ფეხები გაგეღუნება, შვილო და არ გინდა ფეხბურთი, ისევ ცეკვაზე იარე ან ცურვაზეო.
ცეკვაზე 2 წელი ვიარე, ოსურის პარტიებში პირველი ვიდექი, მერე თავი გავიგიჟე და გამომიყვანეს. მაგრამ ფეხბურთის ნაცვლად ამჯერად ცურვაზე შემიყვანეს. ქლორიანი წყალი ბევრი ვყლაპე, დაფებითაც ვიცურე, სათვალეებითაც და უსათვალოდაც. ლურჯი რეზინის ქუდით.
ცურვა მაინც ვერ ვისწავლე. ცურვა ძვირი იყო. თან ის აუზი დაიკეტა, სადაც დავდიოდი და მეგონა, ამჯერად ფეხბურთისკენ მიმავალ გზაზე ვეღარაფერი გადამეღობებოდა, მაგრამ შემდეგი წინაღობა იყო კალათბურთი.
ჩემი საკალათბურთო კარიერა შემოიფარგლება საჯარიმოს შიგნიდან ჩაგდებული ერთადერთი ორქულიანით.
მხოლოდ ამ ყველაფრის და საბრძოლო ხელოვნებათა მთელი წყების მერე ძლივს დამიდგა მწვანე მინდვრის და ისევ ბუცების დრო.
რა დროა ეს: პიკე უკვე დაბერებულია. ინიესტა ბოლო სეზონს თამაშობს. ნეიმარი წასულია. “ბაიერნი”, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე და ანგარიშგასაწევი ძალაა შინ თუ გარეთ.
ბებიაჩემი მაშინ თურქეთში იყო სამუშაოდ და სკაიპი ბოლო წლებს ითვლიდა. ვურეკავდი ხოლმე და ვეუბნებოდი, რა მინდოდა, რომ გამოეგზავნა. თურქულ ყველს, შოკოლადს, დაჭმუჭნილ ზეთისხილებს და აირანებს შორის, ყოველთვის ჩადებდა ხოლმე საფეხბურთო კლუბების მაისურებს ჩემთვის. გამოვაგზავნინე გრიზმანის ატლეტიკოს შვიდნომრიანი მაისური, ლევანდოვსკის “ბაიერნის” და მესის – “ბარსელონის”. ჩემს დიდ კოლექციაში, ბებიაჩემის მიერ გამოგზავნილი მაისურების გარდა, სადგურის მოედნის თუ გლდანის მეორადებში ნაყიდი მაისურებიც იყო – მათ შორის სუარეზის “ლივერპულის” შვიდნომრიანი.
2018-ში ჩემი ორად გაყოფილი გული კიდევ ერთ ნაწილად გაიხლიჩა და საფრანგეთისთვისაც აძგერდა. იმ წელს ტონი კროოსის ჯარიმამ შვედედთან ვერ უშველა გერმანიას და კორეასთან წაგებული თამაშით ჯგუფში ჩარჩნენ. ლამაზი მწვანე მაისურიცა და იოზილის აჭარხლებული სახეც იქვე დარჩა. გერმანიას არგენტინა მიჰყვა და იმ წლის მუნდიალის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ თამაშში გამოეთიშა რბოლას – სწორედ საფრანგეთთან 4-3-ით მარცხის შემდეგ. აი, ამ დროს დაიკავა საფრანგეთმა რაღაც ადგილი ჩემს გულში; ალბათ, ის ადგილი, რომელიც გერმანიამ დაკარგა.
და ზუსტად ამ ჩემპიონატის პარალელურად დაიწყო ჩემი ოქროსფერი პუმების დროც, როდესაც, როგორც იქნა, შემიყვანეს ფეხბურთზე, მაგრამ მალევე გამომიყვანეს. ჩემს ანგარიშზე დარჩა ერთი ყვითელი ბარათი, ყვავებისკენ დამიზნებული დარტყმები გასვლით თამაშზე “აფრიკის” გუნდთან და თავებით დაპირისპირება ადგილობრივებთან.
ოქროსფერი ბუცების ამბავი კი უბანში, შედარებით პატარა სტადიონზე გაგრძელდა, ეს დრო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემთან ერთად იქ თამაშობდა, უბნის “ოქროს ხანის” სახელითაა ცნობილი. სახლებში მხოლოდ კოვიდმა შეგვიყვანა. მსგავსად დიდი ფეხბურთის ტრიბუნებისა და მოედნებისა, ჩვენი პატარა სტადიონიც პანდემიამ დააცარიელა და დროებით გააჩერა.
სტადიონზე რომ დავბრუნდით, უკვე ულვაში მქონდა ამოსული, ხოლო ლოყებზე ღინღლები მემატებოდა.
შიგადაშიგ სიგარეტიც გამოერია. აბიტურიენტობაც დაემთხვა და პირველი სამსახური “ორ ნაბიჯში”, ამიტომ ოქროს ბუცებმაც ლოგინის სათავსოში გადაინაცვლა.
და დადგა 2022 წელი, რომელსაც ჩემი პირველკურსელობა და ყატარში გამართული მუნდიალი დაემთხვა. უნივერსიტეტის დერეფანში ვუყურე არგენტინა-საუდის არაბეთის თამაშს, რომელიც არგენტინამ 2-1 წააგო და ისიც ვიფიქრე, რა ტყუილად ვაცდენ-მეთქი ლექციას.
მაგრამ წინ მელოდა ხორვატიის დაცვის მარჯვენა ფლანგის თრევა, ვან გაალის ნიდერლანდების პენალტებში გამოთიშვა და მუნდიალების ისტორიაში, ყველა დროის თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი, რომელსაც ყველაზე კარგად ერთ-ერთი ინგლისური საფეხბურთო მიმოხილვის ფოტოკოლაჟი აღწერდა: მესი და მბაპე საპირისპირო მიმართულებით დგანან, ქვემოთ კი კადრია ინგმარ ბერგმანის ფილმიდან “პერსონა”, რომელზეც შეპირისპირებულია ალმას და ელიზაბეტის სახეები. ფეხბურთის მონეტის ორი მხარე.
თერთმეტმეტრიანებისას უკვე ჭაჭით სავსე ჭიქა მეჭირა ხელში და ყოველი დარტყმის წინ თითოს ვყლუპავდი. აი, მონტიელის გამორბენის შემდეგ კი, უკვე ორი იმდენი დავლიე, რამდენიც ჯამში იქამდე.
მერე იყო ზეიმი და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის, ფეხბურთის დამხურავი კაცის ბედნიერების ყურება. ახლა კი 2026-ია. ისევ მუნდიალი და გუშინ საფრანგეთმა მაროკოს მოუგო. პირველი ნახევარფინალისტი საფრანგეთია. ამაღამ ესპანეთი-ბელგია იქნება და მერე უკვე – ინგლისი-ნორვეგია და არგენტინა-შვეიცარია.
მესიმ წინა თამაშში თერთმეტმეტრიანი გააცუდა, მაგრამ, არა უშავს, მერე მარტომ დაატრიალა 0-2-დან.
ამასობაში, ჩემს პატარა ძმას ადიდასის f50 ბუცები უყიდა დედაჩემმა. მამარდაშვილის ფორმაც აქვს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატიდან და, მიუხედავად იმისა, რომ ტანით ჯერ კიდევ პატარაა, საკმაოდ კარგად მეკარეობს და სადღაც მამარდაშვილს, დიბუ მარტინესსა და მანუელ ნოიერს შორის ნახტომი აქვს.
დილაობით სათამაშოდ ჩაყვანას მთხოვს ხოლმე სტადიონზე. დედაჩემს კი ისევ იგივე მიზეზით არ შეჰყავს ფეხბურთზე, რა მიზეზითაც არც მე მატარა – ფეხების გაღუნვის ეშინია.
ხანდახან, როცა მცალია, მიმყავს ხოლმე და კარში ვურტყავ. ჯერ – მოედნის ჩემი ნახევრიდან, შემდეგ – ცენტრიდან, მერე – ოდნავ გვერდებიდან – ჯარიმებს და ბოლოს – თერთმეტმეტრიანებს, რაც უბნის სტადიონებზე სულ რაღაც ხუთი ან ექვსი მეტრია. ანუ თერთმეტი მეტრი ასეთი მოედნის ერთი მეოთხედი გამოდის. სულაც არ ყოფილა შორი.
გამორბენისას კი, ახლაც, ამ ასაკშიც, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ალიანც არენაზე ვარ, 2012 წელია და გადამწყვეტ თერთმეტმეტრიანს ვურტყავ.
ავტორი: ნიკა ჯაფარიძე