გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გეორგიევსკის ტრაქტატი

გეორგიევსკის ტრაქტატი და მითი გადარჩენის შესახებ | გიორგი მეჭურჭლიშვილი

ჩვენ მივიერთეთ საქართველო და მაშინ ქართველები იყვნენ 50,000... ჩვენ კიდევ ვიხილავთ
ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ.

- მარგარიტა სიმონიანი

2026 წლის 24 ივლისს ქალაქ გეორგიევსკს რუსეთში მოქმედი „ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ (ვ.პუტინის რეჟიმისადმი სრულად ლოიალური ე.წ. დიასპორალური ორგანიზაცია) წარმომადგენლები ეწვივნენ და გეორგიევსკის ტრაქტატის დადების 243-ე წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. თუმცა საეჭვოა, რომ სტავროპოლის მხარეში მდებარე ამ პატარა დასახლებული პუნქტის მკვიდრთათვის XVIII საუკუნეში გაფორმებული ეს ხელშეკრულება ამჟამად რაიმე თვალსაზრისით აქტუალური იყოს. უკრაინასთან მიმდინარე აგრესიული და დიდწილად წარუმატებელი ომის ფონზე, მათ ახლა სრულიად სხვა გამოწვევები უდგათ — ყოფითი პრობლემები ღრმავდება, მობილიზაციის ახალი ტალღის შიში კი სულ უფრო მატულობს. იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებისა თუ მასთან აფილირებული ექსპერტების შესახებ, რომელთათვისაც უკვე რამდენიმე წელია, ერეკლე II-ის საგარეო არჩევანსა თუ გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად გადაიქცა და ხშირ შემთხვევაში მიმდინარე, ქართული საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე მეტ ყურადღებასაც კი უთმობენ. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე კვირის წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შეაჯამა მმართველი ძალის დამოკიდებულება ამ ხელშეკრულებისადმი და განაცხადა: „ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე ჰქონდა... იმ შეთანხმებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ბრძნული და უალტერნატივო.“

პრემიერის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისადმი საზოგადოების რეაქცია განსაკუთრებით გაამძაფრა მისი განცხადების იმ ნაწილმა, რომელშიც იგი გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

კობახიძემ თქვა, რომ სანამ ერეკლე II ცოცხალი იყო, შეთანხმების დაცვა სრულად უზრუნველყოფილი იყო, ხოლო ტრაქტატმა ორი ათეული წელი იმუშავა, რისი შედეგიც საქართველოს გადარჩენა იყო.

ერეკლე II-ის ხანგრძლივი და გმირული მოღვაწეობის, მისი საგარეო პოლიტიკური კურსისა თუ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინტერესი საზოგადოებაში არასოდეს გამქრალა. ამ მეფის მმართველობის სხვადასხვა ასპექტის კვლევას ყურადღება დაუთმო მრავალმა ქართველმა მეცნიერმა, მაგრამ ძნელად თუ მოიძებნება მკვლევარი, რომელიც პრემიერის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას გაიზიარებდა. ამავდროულად, ქართველი ხალხის მეხსიერებაში ღრმად არის გამჯდარი მოგონება 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევის, თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა და ამ პერიოდში რუსეთის ქმედებების (უფრო სწორად, უმოქმედობის) შესახებ.

სრულიად შესაძლებელია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება ბანალურ უცოდინარობას მივაწეროთ. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მმართველი ძალის ყველა სხვა წევრზე და ვერც კარგად ორგანიზებულ კამპანიაზე, რომელიც მკაფიო მიზანს — XVIII საუკუნეში საქართველოში არსებული არცთუ სახარბიელო მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებასა და მუქ ფერებში წარმოჩენას — ისახავს.

ქართველი ერი წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ფიზიკური განადგურების პირას მყოფი, სრულიად უმწეო ეთნოსი, რომელსაც აღარაფრის ძალა არ შესწევდა. მართლაც, თუკი თვით ქართველობის არსებობა იდგა კითხვის ქვეშ, თუკი ერის ყოფნა-არყოფნა წყდებოდა, მაშინ ნუთუ ამ ეგზისტენციალური გამოწვევის ფონზე ყველა სხვა საკითხი არ უფერულდება და კარგავს მნიშვნელობას?

იქნება ეს რუსეთის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფა, თუ ოდნავ მოგვიანებით მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა და ავტოკეფალიის გაუქმება. მთავარია, გადავრჩით (უფრო სწორად, გადაგვარჩინეს) და ამითაც დავკმაყოფილდეთ! პრემიერის ზემოხსენებულ ბრიფინგზეც ხომ არცერთი სხვა სიტყვა არ ისმოდა ისე ხშირად, როგორც — გადარჩენა.  სწორედ ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმოვიხილოთ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არსებული პოლიტიკური და დემოგრაფიული ვითარება, რათა მკაფიოდ წარმოვაჩინოთ თავსმოხვეული ცრუ დილემის (სახელმწიფოებრიობა თუ ფიზიკური გადარჩენა) უსაფუძვლობა და ასევე, შევეხოთ ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიას, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატამდე ბევრად ადრე იღებს სათავეს.

საქართველო გეორგიევსკის ტრაქტატამდე და რუსულ-ქართული ურთიერთობები

XVIII საუკუნე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოვლენებით დახუნძლული პერიოდია. სწორედ მაშინ დაირღვა სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში ჩამოყალიბებული ძალთა ბალანსი, როდესაც რეგიონი ორ დომინანტ ძალას, ოსმალეთსა და სეფიანთა ირანს, ჰქონდა გადანაწილებული. ამ საუკუნეებში შექმნილი ვითარება ქართულ სამეფო-სამთავროებს მანევრირების საშუალებას უზღუდავდა. ზემოხსენებულ სახელმწიფოებზე დამოკიდებულების შემსუბუქების, ანდა მათგან გათავისუფლების მცდელობა, ეპიზოდური წარმატებების მიუხედავად, საბოლოო ჯამში მაინც ამასიისა (1555 წ.) და ზუჰაბის (1639 წ.) ზავებით დადგენილი სტატუს-კვოს აღდგენით სრულდებოდა. არსებული პოლიტიკური რეალობა მიუღწეველს ხდიდა როგორც საქართველოს გაერთიანებას, ისე თუნდაც ამა თუ იმ ქართული პოლიტიკური ერთეულის გამსხვილების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, საქართველოში მდებარე სამეფო-სამთავროებზე ოსმალეთისა და სეფიანთა ირანის გავლენა თანდათანობით უფრო მტკიცდებოდა — XVII საუკუნეში სამცხე-საათაბაგომ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა და ოსმალურ საფაშოდ გადაიქცა, რამაც ოსმალებს არა მხოლოდ მესხეთზე კონტროლი, არამედ დასავლეთ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობაც მიანიჭა. რაც შეეხება ქვეყნის აღმოსავლეთს, აქ მდებარე ქართლისა და კახეთის სამეფოების მიერ წარმოებული ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად სეფიანებმა ამ ორი პოლიტიკური ერთეულის ირანის შემადგენლობაში სრული ინკორპორირება ვერ შეძლეს. თუმცა როგორც ერთ, ისე მეორე სამეფოს უკიდურესი სამხრეთი, სასაზღვრო რეგიონები ჩამოაცილეს, ხოლო თბილისში ირანული გარნიზონი მტკიცედ დამკვიდრდა. ამავდროულად, ქართლისა და კახეთის ტახტს გამუსლიმებული ბაგრატიონები იკავებდნენ. დიდი იყო ამ პერიოდში მიღებული დემოგრაფიული ზიანიც, რასაც ლეკიანობაც ამწვავებდა.

ქართველი მეფე-მთავრების ყველა მცდელობა, სხვადასხვა ქრისტიანული სახელმწიფოსგან დახმარება მიეღოთ, წარუმატებლად დასრულდა. იმ ვითარებაში, როდესაც ოსმალეთის სამფლობელოები ცენტრალური ევროპის სიღრმეში იყო შეჭრილი, ოსმალო სულთნები ვენის აღებას ცდილობდნენ, ხოლო ყირიმელ თათართა მარბიელი ლაშქარი ეპიზოდურად ავსტრიის, ჩეხეთისა და პოლონეთის ქალაქ-სოფლების სასტიკად დარბევასაც კი ახერხებდა, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენის არავითარი საშუალება ევროპელ მონარქებს არ გააჩნდათ. შედარებით ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა საქართველოს ჩრდილოეთით, სადაც XVI საუკუნის შუა ხანებში რუსებმა ყაზანი და ასტრახანი დაიპყრეს და კასპიის ზღვაზე გასასვლელი მოიპოვეს. მალევე, მათ ჩრდილოეთ კავკასიაშიც სცადეს ფეხის მოკიდება. სწორედ ამგვარმა მდგომარეობამ და თავად რუსეთის სამეფო კარის მიერ გამოვლენილმა ინტერესმა უბიძგა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს, რომ მის წინამორბედთა მსგავსად დაჰკავშირებოდა რუსეთს და ოფიციალურად ამ სახელმწიფოს მფარველობაშიც კი შესულიყო. თუმცა კახეთის პოლიტიკური ელიტის მოლოდინები არ გამართლდა. რუსეთს არ შესწევდა ძალა, რეალური სამხედრო დახმარება გაეწია ამ სამეფოსათვის.

ძალთა ბალანსი კიდევ ერთხელ 1610-იან წლებში დადასტურდა, როდესაც შაჰ აბას I-ის შემოსევების წინაშე კახეთის სამეფო სრულიად მარტო დარჩა, რუსეთის სამეფო კარის სუსტ დიპლომატიურ მცდელობებს კი არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

მომდევნო ასი წლის განმავლობაში რუსები კვლავ ინარჩუნებდნენ პოზიციებს ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაბლობსა და კასპიის ზღვის სანაპიროზე. მაგრამ როგორც საგარეო, ისე საშინაო გამოწვევებისა და, ასევე, სამხედრო რესურსების ნაკლებობის გამოც, კავკასიონის ქედის გადმოლახვა და რეგიონიდან ოსმალებისა თუ ირანელების განდევნა არარეალისტურად ჩანდა. თუმცა რუსეთი კვლავ რჩებოდა საქართველოს მახლობლად მდებარე პრაქტიკულად ერთადერთ ქრისტიანულ სახელმწიფოდ. სწორედ ამიტომ XVII საუკუნეში ქართველ მეფე-მთავრებს რუსეთთან დაკავშირების მცდელობები არ შეუწყვეტიათ.

XVIII საუკუნეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სეფიანთა ირანის დასუსტებასა და დაცემას, რამაც აღმოსავლეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური ვაკუუმი შექმნა, რომლის შევსებასაც 1720-იან წლებში ერთი მხრივ გაძლიერებული რუსეთი, ხოლო მეორე მხრივ ოსმალეთი შეეცადა. სწორედ რუსეთთან სცადა დაკავშირება ვახტანგ VI-მ, თუმცა საბოლოო ჯამში პეტრე I-ის მიერ წამოწყებულ ლაშქრობას სამხრეთ კავკასიაში ამ სახელმწიფოს ხანგრძლივი დროით დამკვიდრება არ მოჰყოლია. მალევე, შიდა ბრძოლებში დამარცხებული და გარეშე საფრთხეების წინაშე მარტო დარჩენილი, ქართლის მეფე მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად რუსეთში გადასახლდა. აღმოსავლეთ საქართველო დროებით ოსმალებმა დაიკავეს.

1730-იანი წლების შუა ხანებში რეგიონში ირანის დომინაცია ნადირ შაჰმა აღადგინა. თითქოს ამჯერადაც უნდა განმეორებულიყო წინა საუკუნეებში გამოცდილი სცენარი, როდესაც ოსმალები მორიგ ჯერზე ცდილობდნენ ირანელთა შევიწროებას, სარგებლობდნენ მათი დასუსტებით, იკავებდნენ აღმოსავლეთ კავკასიასა და დღევანდელი ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიას, თუმცა საბოლოო ჯამში ირანში პოლიტიკური ანარქიის დასრულებისა და თავად ოსმალოთა სამხედრო და მატერიალური რესურსების შეზღუდულობის გამო, სტატუს-კვო მცირედი ცვლილებებით მაინც აღდგებოდა ხოლმე. მაგრამ სეფიანთა ხანაში არსებული რეალობა საქართველოში სრულყოფილად არ აღმდგარა. ასე მაგალითად, ქართლისა და კახეთის მეფეებს ტახტის დასაკავებლად ფორმალურად ისლამის მიღება აღარ უწევდათ, რაც ქართველობისათვის დიდი გამარჯვება იყო. გარდა ამისა, ორივე სამეფოს ტახტი მამა-შვილმა თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ დაიკავეს, რომელთაც შაჰს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლის პროცესში. ეს ფაქტი ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ კახელი ბაგრატიონები ქართლის ტახტის შენარჩუნებასა და მემკვიდრეობით გადაცემას, ან სულაც ამ ორი სამეფოს გაერთიანებას შეძლებდნენ. ქართლისა და კახეთის ისტორიაში არაერთი შემთხვევა მოიძებნება, როდესაც ადგილობრივი მმართველები მეზობელი სამეფოს დაკავებას ახერხებდნენ, თუმცა ეს ყოველთვის დროებით მოვლენად რჩებოდა.

1747 წელს ნადირ შაჰის სიკვდილთან ერთად, ირანის მორიგ ჯერზე ანარქიაში ჩაძირვა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მოვლენა იყო.

წინამორბედ პერიოდებში ოსმალეთის სულთნები მეზობელ მუსლიმურ ქვეყანაში დამდგარი ასეთი კოლაფსის პირობებში უცილობლად ახალ სამხედრო კამპანიას წამოიწყებდნენ, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც კავკასია იქნებოდა. მაგრამ იმჟამად ოსმალეთი უკვე ღრმა კრიზისში მყოფი სახელმწიფო იყო, რომელიც რამდენჯერმე სასტიკად დამარცხდა ევროპელებთან ომებში. ოსმალოთათვის მეტად მძიმე აღმოჩნდა ნადირ შაჰის მმართველობის პერიოდში ირანთან წარმოებული ომებიც. ამრიგად, ოსმალეთი ტერიტორიულ გაფართოებაზე მეტად არსებულის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული.

საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე შექმნილმა სწორედ ასეთმა ხელსაყრელმა ვითარებამ მისცა საშუალება თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს განემტკიცებინათ ქართლში საკუთარი მმართველობა და, ფაქტობრივად, გაეერთიანებინათ აღმოსავლეთ საქართველო. მალევე, ერეკლე II-მ თბილისიდან ირანული გარნიზონიც განდევნა, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენა იყო. გარდა ამისა, დღევანდელი აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიაზე მრავალი მცირე, ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახანო ჩამოყალიბდა. ამ გარემოებით ისარგებლა ერეკლე II-მ და მისი თაოსნობით, რამდენიმე საუკუნის შემდეგ პირველად, ქართულმა პოლიტიკურმა ერთეულმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკუთარი გავლენის სფეროს ჩამოყალიბება და მეტ-ნაკლებად დომინანტური პოზიციების დაკავება დაიწყო. მეზობელი განჯისა და ერევნის სახანოები ქართლ-კახეთის ვასალობაში მოექცა. ირანის კოლაფსი და ოსმალეთის დასუსტება, ქართლისა და კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და, ამავდროულად, დასავლეთ საქართველოში სოლომონ I-ის ხელმძღვანელობით ოსმალური ბატონობის წინააღმდეგ გაჩაღებული წარმატებული ბრძოლა თვალსაჩინო სხვაობას ქმნიდა წინა საუკუნეებში არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართველ მეფე-მთავრებს მოქმედების ბევრად ფართო ასპარეზი გააჩნდათ, ვიდრე მათ წინამორბედებს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოების მიუხედავად, ქართული სამეფო-სამთავროების მდგომარეობა მაინც საკმაოდ არასტაბილური იყო. ვერც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების საკუთარი რესურსებით სრულად გადაწყვეტა ხერხდებოდა. აქ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ ლეკიანობა, რომლის მასშტაბები XVIII საუკუნეში კიდევ უფრო გაიზარდა და დემოგრაფიული თვალსაზრისით ქართლისთვის კახეთზე უფრო დიდ პრობლემადაც კი გადაიქცა. ერეკლე II-ის დაუღალავი ბრძოლა ლეკიანობის წინააღმდეგ და მის მიერ წარმოებული თავდაცვითი ნაგებობების მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები — რომლის შედეგების ხილვა აღმოსავლეთ საქართველოს მრავალ ქალაქსა და სოფელში დღემდეა შესაძლებელი — არასაკმარისი აღმოჩნდა. ფეოდალურ ლაშქარს არ შესწევდა ძალა ლეკიანობის აღმოსაფხვრელად. საჭირო იყო რეგულარული არმიის შექმნა, ხოლო ამის მისაღწევად სახელმწიფოს ძირეული გარდაქმნა და ადრეული ახალი ხანის ევროპული ტიპის მონარქიის ჩამოყალიბება იყო აუცილებელი, რომელსაც კომპლექსური და მოქნილი ბიუროკრატიული აპარატი ექნებოდა. სწორედ ის უზრუნველყოფდა ქვეყანაში არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტურ მობილიზებას და სამეფოს ინტერესებისადმი დაქვემდებარებას. უნდა აღინიშნოს, რომ ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგად ესმოდათ, თუ რა ტიპის გამოწვევები იდგა მათ წინაშე. ერეკლე II-ის მმართველობის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველომ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და კულტურული აღმავლობა განიცადა. მეფის უშუალო ინიციატივით შეიქმნა პირველი რეგულარული საჯარისო შენაერთიც (მორიგე ლაშქარი), რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლა გააადვილა და ხანმოკლე დემოგრაფიულ აღმასვლასაც დაუდო სათავე. თუმცა საბოლოო ჯამში XVIII საუკუნის გამოწვევებისათვის შესაბამისი სახელმწიფო აპარატის შექმნა მაინც ვერ მოხერხდა, მორიგე ლაშქრის ეფექტურობამ კი თანდათანობით იკლო და ლეკიანობა კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად დარჩა.

ამავდროულად, შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, თუ კონკრეტულად როდის და ვისი თაოსნობით აღდგებოდა ირანში ძლიერი, ცენტრალიზებული მმართველობა. თუმცა ადვილად წარმოსადგენი იყო, რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა და ვინაიდან აღმოსავლეთ კავკასია ირანის ტრადიციულ გავლენის სფეროდ მოიაზრებოდა, ამ ქვეყნის მმართველები აუცილებლად ეცდებოდნენ რეგიონში ამა თუ იმ ფორმით ირანის კონტროლის ხელახლა დამყარებას.

XVIII საუკუნის შუა ხანებში შექმნილი ვითარება ერთგვარ ისტორიულ ფანჯარას წარმოადგენდა და არა მოცემულობას, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდებოდა.

ერეკლე II შედარებით მარტივად უმკლავდებოდა სხვადასხვა კავკასიურ სახანოს. გარდა ამისა, ქართლ-კახეთის მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა უფრო დიდი რესურსების მქონე, ირანის ტახტის მაძიებელ აზატ ხანთან ბრძოლაშიც, მაგრამ რა მოხდებოდა, თუკი ქართლ-კახეთის სამეფოს ლაშქარს მთელი ირანის რესურსთან მარტოს მოუწევდა დაპირისპირება? ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომელზეც მკაფიო პასუხი არ არსებობდა.

დაბოლოს, ოსმალეთის დასუსტებამ ერეკლე II-ს მესხეთის გამოხსნის იმედები გაუღვივა. ქართლ-კახეთის სამეფო კარის ამბიციების შესახებ ინფორმირებული იყვნენ რუსეთშიც. სწორედ ამიტომ გენერალ ტოტლებენის მეთაურობით  მცირერიცხოვანი რუსული კონტინგენტის საქართველოში შემოსვლაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქართლ-კახეთის მეფე რუსეთ-ოსმალეთის ომში (1768-1774 წწ.) ჩართულიყო, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველო „ბრწყინვალე პორტას“ გავლენის სფეროს მიღმა მდებარეობდა და იმ მომენტში ოსმალეთი ქართლ-კახეთზე არავითარ პრეტენზიას არ აცხადებდა. როგორც ცნობილია, ტოტლებენმა მესხეთში ლაშქრობის დროს ქართული ლაშქარი მიატოვა, რამაც 1770 წლის 20 აპრილს ერეკლე II-ს ასპინძის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელოვან ტერიტორიულ მონაპოვრად გარდასახვის საშუალება არ მისცა. რუსული ჯარის მოქმედება ერთობ უფერული აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოშიც. 1774 წელს დადებულმა ქუჩუკ-კაინარჯის ზავმა საქართველოს არავითარი ტერიტორიული შენაძენი არ მოუტანა. და მაინც, ნათელი იყო, რომ ოსმალეთის დასუსტების მიუხედავად ქართულ სამეფო-სამთავროებს არ გააჩნდათ საკმარისი რესურსი, რომ საკუთარი ძალებით გაეთავისუფლებინათ ისტორიული სამხრეთ საქართველო. ქართლ-კახეთის სამეფო კარისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ჭარ-ბელაქნის (ისტორიული ელისენი) ლეკური თემების მოშლაც, რომლებიც ლეკიანობის უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა. ისევე, როგორც მესხეთის შემთხვევაში, ამ ტერიტორიის საკუთარი ძალებით გამოხსნის რესურსი იმჟამინდელ საქართველოში არ არსებობდა, საჭირო იყო ძლიერი მოკავშირე.

ზემოთ ჩამოთვლილი უმთავრესი ამოცანები — ლეკიანობის აღმოფხვრა, აღმოსავლეთ საქართველოსათვის პოტენციური ირანული საფრთხის თავიდან არიდება და ისტორიული ქართული მიწების გათავისუფლება — იყო ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ქართლ-კახეთის სამეფო კარს ძლიერი მფარველის ძიებისაკენ უბიძგებდა.

მთლიანობაში ამგვარ კავშირს აღმოსავლეთ საქართველოსათვის ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა უნდა მოეტანა, რაც ეკონომიკური აღმავლობის საფუძველიც უნდა გამხდარიყო. სწორედ ამ პოლიტიკურმა მოსაზრებებმა, და არა ქვეყანაში შექმნილმა განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობამ თუ ფიზიკური ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგომამ, მიიყვანა ქართლ-კახეთის მეფე რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებამდე და გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე (ერეკლე II-ის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ევროპულ სახელმწიფოებთან დაახლოება ამ პერიოდში კვლავაც არარეალისტური იყო გეოგრაფიული დაშორებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური ფაქტორის გამო. თუმცა რუსეთის ხელისუფლება მაინც ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ქართველებისთვის ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობის შესაძლებლობა შეეზღუდა). როგორც უკვე ვიხილეთ, პოლიტიკური თვალსაზრისით XVI-XVII საუკუნეებში საქართველოს ბევრად რთული პერიოდებიც ედგა. რაც შეეხება დემოგრაფიულ ვითარებას, მას ქვემოთ დავუთმობთ ყურადღებას.

გეორგიევსკის ტრაქტატის დადება და მისი პირობები

1782 წელს ერეკლე II-მ კიდევ ერთხელ მიმართა იმპერატორ ეკატერინე II-ს მფარველობის თხოვნით. ამგვარი კავშირის დამყარების სურვილში ახალი არაფერი ყოფილა. მაგრამ ამ დროისათვის საკუთრივ რუსეთის საერთაშორისო სტატუსმა და ამ იმპერიის პოლიტიკური წრეების მისწრაფებებმა კავკასიის რეგიონთან მიმართებით ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა, რაც ვითარებას არსებითად ცვლიდა. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1768-1774 წწ. ომში ოსმალეთის დამარცხებას და შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას. 1783 წელს რუსეთმა ყირიმის სახანოს ანექსიაც მოახდინა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში რუსებმა ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის გაფართოება დაიწყეს. თანდათანობით იმპერიის ორბიტაში ექცეოდნენ რეგიონის მთიან და მთისწინა ზონაში მცხოვრები მკვიდრი ხალხები, რასაც მალევე კავკასიის ომის სახელით ცნობილი ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირების დაწყება მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ 1860-იან წლებში დასრულდა. გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგში საკუთარი შეხედულებები გააჩნდათ როგორც ირანის, ისე დასუსტებული ოსმალეთის მიმართაც. იმპერატორ ეკატერინე II-ის კარზე ოსმალეთის ევროპიდან სრულად გაძევებასა და თვით სტამბოლის დაკავებასაც კი ისახავდნენ მიზნად.

რუსეთის სწრაფი ტერიტორიული გაფართოების კვალდაკვალ აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელობაც გაიზარდა. ერთი მხრივ ქართლ-კახეთი ოსმალეთის გავლენის სფეროში არ შედიოდა, რაც რუსებს უფრო გაბედულად მოქმედების საშუალებას აძლევდა, მეორე მხრივ კი ერეკლე II-ის სამეფოს გეოგრაფიული მდებარეობა მეტად ხელსაყრელი იყო.

ქართლ-კახეთი უშუალოდ ესაზღვრებოდა ოსმალეთს და აქედან მის კავკასიურ და მცირე აზიურ სამფლობელოებზე შეტევა ადვილად შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ გამართულ კომუნიკაციებს გაიყვანდა და საჭირო რაოდენობით საჯარისო შენაერთებს მოუყრიდა თავს (აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნეში კავკასიის ფრონტი ოსმალეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომებში დიდ როლს ასრულებდა და აქ მიმდინარე სამხედრო კამპანიები ყოველთვის რუსეთის სასარგებლოდ სრულდებოდა).

აღმოსავლეთ საქართველოს მდებარეობა მეტად მიმზიდველი იყო არამხოლოდ ოსმალეთზე შეტევის თვალსაზრისით, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსთა პოზიციების განმტკიცების კუთხითაც. კავკასიის მთიან ხეობებში მცხოვრები მუსლიმური ხალხები რუსეთის იმპერიისადმი მტრულად იყვნენ განწყობილი. ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობაში მოწყობილი გამაგრებული ხაზები და აქ აგებული დასახლებები სწორედ ამ ხალხებთან ბრძოლაში გამოიყენებოდა. მაგრამ საკუთრივ მთიანი ხეობების დაკავება და ეფექტური კონტროლის დამყარება მაინც საკმაოდ რთული საქმე იყო. თანაც, კავკასიის მთიელები ოსმალთა კეთილგანწყობით სარგებლობდნენ და სწორედ აქედან ელოდნენ დახმარების მიღებას. ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიისა და ოსმალეთის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა კი ქართლ-კახეთზე გადიოდა. ამრიგად, აღმოსავლეთ საქართველოზე ამა თუ იმ ფორმით რუსეთის პროტექტორატის დამყარება ოსმალებისა და კავკასიელი მთიელების კავშირს შეაფერხებდა და რეგიონის ოსმალეთისაგან სრული  იზოლირებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა. მოვლენათა საპირისპირო განვითარების შემთხვევაში კი ჩრდილოეთ კავკასიის საბოლოო დაპყრობა კიდევ უფრო გართულდებოდა (ეს გარემოება მნიშვნელოვან არგუმენტად იქნა გამოყენებული 1801 წელსაც, როდესაც სანქტ-პეტერბურგში ქართლ-კახეთის ანექსიის მიზანშეწონილობაზე მსჯელობდნენ).

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით და ასევე იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა რუსეთისადმი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა, ეკატერინე II-მ ქართლ-კახეთთან „მეგობრული ხელშეკრულების“ დადება გადაწყვიტა. არსებითად კი ამ ქართულ სამეფოზე რუსეთის პროტექტორატი უნდა დამყარებულიყო.

მხარეებს თავიდანვე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ზემოხსენებული ხელშეკრულების მიზნებზე. ქართლ-კახეთისათვის რუსული მფარველობა იყო საშუალება, რათა ირანიდან თუ ოსმალეთიდან მომავალი პოტენციური საფრთხეებისგან სამუდამოდ დაეცვა თავი, აღეკვეთა ლეკიანობა და ხელსაყრელ მომენტში მიტაცებული ქართული მიწებიც გაეთავისუფლებინა. რუსეთისათვის კი აღმოსავლეთ საქართველოზე პროტექტორატის დამყარება შესანიშნავ წინაპირობას წარმოადგენდა კავკასიის რეგიონში ექსპანსიის მასშტაბების გასაფართოებლად. რაც მთავარია, იქმნებოდა მნიშვნელოვანი პლაცდარმი, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, როგორც ოსმალეთის, ისე ირანის სიღრმეში შესაჭრელად. მაგრამ ამგვარი ნების არარსებობისა თუ შეცვლილი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტების შემთხვევაში ქართლ-კახეთის სამეფოს ინტერესები რუსეთისათვის ზედმეტ ტვირთად გადაიქცეოდა, რომელთა უგულებელყოფა და ქართველების ბედის ანაბარა მიტოვება იმპერიისათვის დიდი სირთულე არ უნდა ყოფილიყო, რადგან აქამდე მოაზრებული ყველა პოტენციური სარგებელი მნიშვნელობას დაკარგავდა.

ამრიგად, ქართლ-კახეთის სამეფო კარი საბედისწერო არჩევანს აკეთებდა, რომელიც გამართლების შემთხვევაში ქვეყანას ხანგრძლივ მშვიდობასა და სწრაფი აღმავლობის პერსპექტივას მოუტანდა, მაგრამ მოვლენათა არახელსაყრელ განვითარებას აღმოსავლეთ საქართველო შესაძლოა უმძიმეს შედეგებამდე მიეყვანა. რაც შეეხება რუსეთს, ამ იმპერიის მესვეურთათვის ეს ხელშეკრულება მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური ინტერესების კონტექსტში იყო აქტუალური, რომლის დარღვევაც არავითარ ტრაგიკულ შედეგებს რუსეთს არ უქადდა.

ხელმომწერ მხარეთათვის ხელშეკრულების მნიშვნელობის ამ დიდ უთანასწორობაში იკითხებოდა კიდეც ქართლ-კახეთის სამეფოს მომავალი კატასტროფის კონტურები.

1783 წლის 24 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიაში, გამაგრებულ პუნქტ გეორგიევსკში, რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით გახდა ცნობილი. ხელშეკრულება პრეამბულის, ცამეტი მუხლისა და ოთხი სეპარატული მუხლისაგან შედგებოდა, რომლებსაც ცალკე მოეწერა ხელი.

ტრაქტატის პირველი მუხლით ქართლ-კახეთის მეფე მისი და მისი მემკვიდრეების სახელით საზეიმოდ უარს აცხადებდა, ეცნო ირანის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს უზენაესობა, გარდა რუსეთის იმპერიისა. მეორე მუხლით რუსეთის იმპერატორი მისი და მისი მემკვიდრეების სახელით ქართლ-კახეთის დაცვის პირობას დებდა. ეს პირობა გავრცელდებოდა იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც ერეკლე II-ის სამეფოს ამა თუ იმ ფორმით მომავალში შეუერთდებოდა (ცხადი მინიშნება ქართლ-კახეთის სამეფო კარის ამბიციებზე). მესამე მუხლით ცხადდებოდა, რომ ქართლ-კახეთის ყოველი მომდევნო მმართველი სამეფო ნიშნებს რუსეთის იმპერატორისაგან მიიღებდა და იმპერიის ერთგულების ფიცს დადებდა. მეოთხე მუხლი ქართლ-კახეთს რუსეთთან შეუთანხმებლად მეზობელ მმართველებთან საგარეო ურთიერთობის წარმოებას უზღუდავდა. მეტად საყურადღებო იყო მეექვსე მუხლიც, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ერეკლე II და მისი მემკვიდრეები შეინარჩუნებდნენ მეფობას, ხოლო რუს სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში ჩარევა ეკრძალებოდათ. ამავე მუხლით ქართლ-კახეთის მტრები რუსეთის მტრებადაც ცხადდებოდნენ და მითითებული იყო, რომ ოსმალეთთან თუ ირანთან დადებული საზავო ხელშეკრულება ამ სამეფოზეც გავრცელდებოდა. მერვე მუხლით ქართლის კათოლიკოსი რუსეთის სინოდში მერვე (!) ადგილს იკავებდა. მეთორმეტე მუხლში ნათქვამი იყო, რომ ხელშეკრულება სამუდამო იყო და მასში ცვლილების შეტანა მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით იყო შესაძლებელი.

რაც შეეხება სეპარატულ მუხლებს, მეორე სეპარატული მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა ქართლ-კახეთის დასაცავად ოთხი ზარბაზნით აღჭურვილი ორი ქვეითი ბატალიონი გამოეგზავნა. მესამე სეპარატული მუხლით ომის შემთხვევაში რუსეთს აღმოსავლეთ ქართული სამეფოსათვის დამატებითი სამხედრო დახმარება უნდა გაეწია. დაბოლოს, მეოთხე სეპარატული მუხლით ომის დროს რუსეთი იარაღით დახმარების ვალდებულებას იღებდა, ხოლო საზავო მოლაპარაკებების დროს ქართლ-კახეთისათვის მტრის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება უნდა ეცადა.

რამდენიმე თვეში ჯერ რუსეთის იმპერატორმა, ხოლო შემდეგ ქართლ-კახეთის მეფემ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინეს. 1783 წლის შემოდგომაზე საქართველოში რუსული ჯარი შემოვიდა. ამრიგად, აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის მფარველობაში შევიდა, რასაც ერთი მხრივ მისი სუვერენიტეტის შეზღუდვა მოჰყვა, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უნდა უზრუნველეყო.

გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები და რუსული პოლიტიკა

ქართლ-კახეთის სამეფო კარის მოლოდინი, რომ რუსეთის მფარველობა როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო მდგომარეობას გააუმჯობესებდა, მცდარი აღმოჩნდა. მართალია, საქართველოში შემოსული რუსული კონტინგენტი ეხმარებოდა ქართულ ჯარს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ეს რესურსი ამ მოვლენის აღმოსაფხვრელად სრულიად არასაკმარისი იყო. უფრო მეტიც, აღმოსავლეთ საქართველოში რუსული ჯარის გამოჩენამ ერეკლე II მეტად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა — მისადმი კიდევ უფრო უნდობლად განეწყვნენ კავკასიელი ხანები, ხოლო ოსმალეთმა ქართლ-კახეთის მიმართ უკიდურესად მტრული პოლიტიკის გატარება დაიწყო. ოსმალები ყველანაირად ახალისებდნენ ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეებს და მათ საქართველოზე თავდასხმისაკენ უბიძგებდნენ. ამ თვალსაზრისით „ბრწყინვალე პორტასათვის“ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტს ისევ ლეკები წარმოადგენდნენ. ახალციხის ფაშა ლეკებს მესხეთში თავშესაფარს აძლევდა, საიდანაც ისინი ქართლის სოფლებს არბევდნენ და ნაძარცვთან და ტყვეებთან ერთად დაღესტანსა და ჭარ-ბელაქანში ბრუნდებოდნენ. ამრიგად, ლეკიანობა არათუ აღმოიფხვრა, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდა.

1785 წელს ავარიის მმართველის, ომარ-ხანის ლაშქრობა რუსეთის მფარველობის ქმედუუნარობის ნათელი დადასტურება გამოდგა. ავარიის ხანმა დაღესტანსა და ჭარ-ბელაქანში 20,000-მდე მოლაშქრეს მოუყარა თავი და ქართლ-კახეთში შემოიჭრა. ომარ-ხანის ჯარი სამეფოს სამხრეთი რეგიონების გავლით ახალციხის საფაშოში გადავიდა. ამ ლაშქრობისას ლეკებმა დაარბიეს ახტალა (ქალაქი დღევანდელ სომხეთში) და აქ მდებარე მადნები, რომლებიც ქართლ-კახეთის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. ომარ-ხანის მიერ მოყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ ერეკლე II მას შაჰ აბასის შემოსევებსაც კი ადარებდა. ქართველები სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარს და ასევე, ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი რუსული ჯარების მეთაურებს ქმედითი დახმარების თხოვნით მიმართავდნენ, მაგრამ ამაოდ. რუსეთს უფრო აქტიური სამხედრო მოქმედებებისათვის არ მიუმართავს, ხოლო მათი დიპლომატიური მცდელობები მხოლოდ შეზღუდული შედეგების მომტანი იყო.

1787 წელს რუსეთმა უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და ქართლ-კახეთიდან ჯარი გაიყვანა.

მოვლენათა ამგვარი განვითარება ოსმალეთთან ახალი ომის დაწყებით იყო განპირობებული. ამჯერად რუსეთის ხელისუფლება არ გეგმავდა სამხრეთ კავკასიის მხრიდან ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოებას. ამ ვითარებაში ქართლ-კახეთში მყოფი ორი რუსული ბატალიონი შესაძლოა ოსმალებისათვის ადვილი სამიზნე გამხდარიყო. სწორედ ამიტომ ამ კონტინგენტის საქართველოდან გაყვანა გადაწყდა. ერეკლე II-ს კი თავად უნდა უზრუნველეყო ოსმალეთთან მშვიდობის შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების უგულებელყოფის მიუხედავად, გეორგიევსკის ტრაქტატი ფორმალურად მაინც არ გაწყვეტილა.

ამრიგად, რუსეთი პრაქტიკულად აღარაფერს გასცემდა, მაგრამ პოტენციური სარგებლის მიღების საშუალებას კვლავ იტოვებდა, თუკი სამხრეთ კავკასია ისევ მოექცეოდა მათი ინტერესების თვალსაწიერში.

სრულიად საპირისპირო ვითარებაში აღმოჩნდა ერეკლე II. რუსეთმა აღმოსავლეთ საქართველო მიატოვა, მაგრამ ტრაქტატამდელი სტატუს-კვოს აღდგენა უკვე შეუძლებელი იყო. ამრიგად, ქართლ-კახეთის მეფეს დიპლომატიური მანევრირების საშუალება ძლიერ შეეზღუდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი გეორგიევსკის ტრაქტატით ნაკისრ ძირითად ვალდებულებებს კვლავ არ ასრულებდა, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველო ფორმალურად ისევ რჩებოდა რუსეთის მფარველობის ქვეშ. ამგვარი ვითარება ქართლ-კახეთის მტრებისათვის ამ სამეფოს დასალაშქრად პრაქტიკულად მოსაწვევების დაგზავნის ტოლფასი იყო.

ასეთ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა აღმოსავლეთ საქართველო, როდესაც ირანში ძალაუფლებისათვის ბრძოლა დასრულდა და აღა მაჰმად ხანმა ქვეყანა თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა. 1795 წელს მან კავკასიაში ირანის ჰეგემონიის აღდგენა კიდევ ერთხელ სცადა.

იმავე წლის სექტემბერში მისი ლაშქარი უკვე თბილისის მისადგომებთან იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული კრწანისის ბრძოლა გაიმართა, რომელშიც თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, მცირერიცხოვანი ქართული ჯარი დამარცხდა. ირანელებმა თბილისი აიღეს და სასტიკად დაარბიეს. ათასობით ადამიანი დაიღუპა და ტყვედ წაიყვანეს.

ირანიდან მომავალი საფრთხის შესახებ კარგად იყო ცნობილი ქართლ-კახეთის სამეფო კარისთვის. არსებული საშიშროების შესახებ ქართველები  რეგულარულად აგზავნიდნენ ინფორმაციას სანქტ-პეტერბურგში და, ასევე, ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი რუსული ჯარის მეთაურებთანაც, თუმცა ეს მიმართვები უყურადღებოდ დარჩა. როდესაც ეკატერინე II-მ საბოლოოდ მაინც გასცა საქართველოში ჯარის გამოგზავნის განკარგულება, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. საყურადღებოა, რომ აღა მაჰმად ხანმა არაერთხელ მოუწოდა ერეკლე II-ს გაეწყვიტა კავშირი რუსეთთან და ირანთან ტრადიციული ურთიერთობის ფორმებს დაბრუნებოდა (მეფისათვის ხელსაყრელი პირობებით), მაგრამ ქართლ-კახეთის მეფე გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული დარჩა.

როგორც ირანელები, ისე რუსები 1795 წლის შემოდგომაზე საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიაში ბრალს ისევ ქართველებს სდებდნენ. შაჰი ცინიკურად სწერდა ერეკლეს, რომ რაც მოხდა, მისი დაუმორჩილებლობის ბრალი იყო, ხოლო რუსები პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ქართველებს არაეფექტური თავდაცვის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.

1796 წელს რუსეთის იმპერატორმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის წამოწყების ბრძანება გასცა, რომელიც თავდაპირველად წარმატებულად განვითარდა. რუსებმა აიღეს დერბენტი, შეიჭრნენ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და მისი ნაწილი დაიკავეს კიდეც. სწორედ ამ დროს ეკატერინე II გარდაიცვალა, რუსეთის ტახტზე კი პავლე I ავიდა, რომელმაც ლაშქრობის შეწყვეტისა და სამხრეთ კავკასიიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა, მათ შორის ქართლ-კახეთი უნდა დაეტოვებინა აქ შემოსულ რუსულ კონტინგენტსაც.

აღმოსავლეთ საქართველოს ირანის წინაშე მარტო დარჩენა ისევ რეალური გახდა, თუმცა იმავე 1797 წელს აღა მაჰმად ხანი მისმა მსახურებმა მოკლეს.

1799 წელს იმპერატორმა პავლე I-მა კიდევ ერთხელ შეცვალა პოლიტიკა ქართლ-კახეთთან მიმართებით. რუსეთის ჯარი ისევ შემოვიდა საქართველოში. 1800 წელს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII გარდაიცვალა. ამ დროს სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარზე ქვეყნის ანექსიის გადაწყვეტილების მიღებისაკენ იხრებოდნენ. პავლე I-მა 1801 წლის 18 იანვარს მანიფესტიც კი გამოსცა, რომელიც ერთგვარ ბუნდოვანებას იწვევდა. თუმცა მისმა მკვლელობამ აღმოსავლეთ საქართველოს ბედის გარკვევა გარკვეული პერიოდით ისევ გადაავადა.

რუსეთის ახალი იმპერატორი რამდენიმე თვის განმავლობაში ყოყმანობდა, მაგრამ საბოლოოდ 1801 წლის 12 სექტემბერს ალექსანდრე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შესახებ მანიფესტი გამოსცა.

იმპერატორმა არ გაითვალისწინა არც რუსეთისადმი უკიდურესად ლოიალური გიორგი XII-ის სურვილი, რომ მის შთამომავლებს მეფობა შენარჩუნებოდათ — აღმოსავლეთ საქართველოში ბაგრატიონების დინასტიის მმართველობა შეწყდა. ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების პროცესი დაიწყო, რომელიც მომდევნო წლებში დასავლეთ საქართველოშიც გაგრძელდა.

ამრიგად, რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლამ ქართლ-კახეთის სამეფოს წინაშე არსებული ვერცერთი გამოწვევა ვერ გადაჭრა:

  • ლეკიანობა არათუ არ აღიკვეთა, არამედ უფრო გაძლიერდა;
  • ნაცვლად ირანიდან მომავალი სამხედრო საფრთხისაგან დაცვისა, აღა მაჰმად ხანის შემოსევა გარდაუვალი გახდა, რომლის წინაშეც ქართველები მარტო დარჩნენ;
  • რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას არც ქართლ-კახეთისათვის ძირძველი ქართული მიწების დაბრუნება მოჰყოლია. უფრო მეტიც, ქართლ-კახეთს მოხარკე განჯისა და ერევნის სახანოებიც ჩამოშორდა;
  • ამ ხელშეკრულებამ ვერც მატერიალური და ეკონომიკური აღმავლობა მოუტანა ქვეყანას. პირიქით, ვითარება საგრძნობლად გაუარესდა.

გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები საქართველოსათვის გამორჩეულად დამაზიანებელი იყო. მოვლენათა ასეთი განვითარება რუსეთის ხელისუფლების ამ ხელშეკრულებისადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული. სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარზე არასოდეს აღიქვამდნენ გეორგიევსკის ტრაქტატს სათანადო სერიოზულობით, რადგან თავად ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრიობა, თუნდაც მათი მფარველობის ქვეშ, რუსეთისათვის პრაქტიკულად არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა.

მნიშვნელობა მხოლოდ კავკასიის რეგიონში იმპერიის მიმდინარე პოლიტიკურ ინტერესებს გააჩნდა, რომლებიც სხვადასხვა მმართველს განსხვავებულად ესმოდა. უფრო მეტიც, ხშირად ერთი და იმავე იმპერატორის კარზეც კი სწრაფად იცვლებოდა პრიორიტეტები.

რაც შეეხება პატარა ქართული სამეფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს — მათი უგულებელყოფა ნებისმიერ დროს უყოყმანოდ შეიძლებოდა, თუნდაც ამას ქართლ-კახეთისათვის კატასტროფული შედეგები მოჰყოლოდა.

დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში

XVIII საუკუნის საქართველოს შესახებ გავრცელებული ერთ-ერთი მითი, ხშირ შემთხვევაში კი შეგნებული დეზინფორმაცია, მდგომარეობს იმაში, თითქოს ქართველი ერი ფიზიკური განადგურების წინაშე იდგა. ამავდროულად, ხშირად სრულიად უკონტექსტოდ ასახელებენ კონკრეტულ რიცხვებს — მონაცემებს, რომელთაც ქართველი ერის სავალალო მდგომარეობა უნდა დაადასტუროს.

გვიან შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ ხანაში დედამიწის მოსახლეობა რამდენიმე ასეულ მილიონს არ აჭარბებდა და სხვადასხვა დროს დღევანდელზე 10-20-ჯერ ნაკლებიც კი იყო. პლანეტის მოსახლეობამ 1 მილიარდიან ნიშნულს მხოლოდ XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია.

დღეს დედამიწაზე 8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს, მანამდე არნახული მასშტაბების, დემოგრაფიული აფეთქება უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებამ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა წინსვლამ, მედიცინისა და კომუნიკაციების განვითარებამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა გამოიწვია. 

რიცხვები, რომლებიც დღევანდელობისათვის შესაძლოა მცირედ გვეჩვენებოდეს, XVIII საუკუნის მეორე ნახევრის კონტექსტში სულაც არ აღიქმებოდა ამგვარად. ასე მაგალითად, იმდროინდელი ირანის მოსახლეობა „სულ რაღაც“ 5-6 მილიონი უნდა ყოფილიყო (დღეს უფრო შეკვეცილ საზღვრებში ამ ქვეყანაში 90 მილიონზე მეტი ადამიანია თავმოყრილი). საქართველოს მეზობელი კიდევ ერთი მუსლიმური იმპერიის — ოსმალეთის მოსახლეობა იმავე პერიოდში დაახლოებით 25-30 მილიონის ფარგლებში ივარაუდება. დღეს ოსმალეთის იმჟამინდელ საზღვრებში 400 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს!

მეტად საინტერესო სურათი იყო ქრისტიანულ ქვეყნებშიც. ასე მაგალითად, ოსმალეთის ვასალურ რუმინულ სამთავროებში — ვლახეთსა და მოლდოვაში —  ჯამში 2-2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.

აღსანიშნავია, რომ ეს ორი სამთავრო არც საქართველოს მსგავსი მთიანი რელიეფით გამოირჩეოდა და დაახლოებით 150,000 კვ.კმ. ტერიტორიასაც მოიცავდა (ქართულ სამეფო-სამთავროებზე ბევრად დიდი ფართობი). XXI საუკუნის საზომებით საკმაოდ მოკრძალებული იყო მოსახლეობის რიცხოვნობა დასავლეთ ევროპაშიც. ნიდერლანდებს დაახლოებით 2 მილიონი მოსახლე ჰყავდა (ამჟამად 9-ჯერ მეტია), ესპანეთს კი მხოლოდ 10-11. რა თქმა უნდა, სხვა არაერთი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებული რამდენიმე მონაცემი სრულად საკმარისია XVIII საუკუნის მეორე ნახევრის დემოგრაფიულ რეალობაზე წარმოდგენის შესაქმნელად. სწორედ ეს ცოდნა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ამავე პერიოდის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას მიმოვიხილავთ.

XVIII საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროების მოსახლეობის რიცხოვნობის მეტ-ნაკლები სიზუსტით დადგენა სრულიად შესაძლებელია. მართალია, ამ დროს თანამედროვე ტიპის აღწერები ჯერ კიდევ არ ტარდებოდა, მაგრამ გარკვეული ცნობები მაინც იკრიბებოდა დგებოდა დავთრები და სტატისტიკური ნუსხები, ხოლო ცალკეულ მხარეებში, სხვადასხვა მიზნით, მოსახლეობის ნაწილიც აღიწერებოდა. ამავდროულად, მოგვეპოვება მოგზაურთა ჩანაწერები, ქართველ მეფე-მთავართა წერილები და სხვ.

სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ XVIII საუკუნის ბოლოს თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე 770,000-800,000 ადამიანი ცხოვრობდა. ყველაზე დიდი ქართული პოლიტიკური ერთეულის, ქართლ-კახეთის მოსახლეობა 300,000-ს აღემატებოდა, საიდანაც 200,000-ზე მეტი (მთლიანი მოსახლეობის 2/3) ეთნიკურად ქართველი იყო, დარჩენილი 1/3 კი — ოსების, სომხების, თურქმანული ტომების (აზერბაიჯანელების წინაპრები) და მცირე ოდენობით ბერძნებისა და ებრაელებისაგან შედგებოდა.

აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეში მოსახლეობის სიმჭიდროვე და ეთნიკური შემადგენლობაც განსხვავებული იყო. ასე მაგალითად, ქვემო ქართლი ძლიერ იყო დაზარალებული, ამ რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთში კი თურქმანული ტომები ბინადრობდნენ. უკეთესი მდგომარეობა იყო შიდა ქართლში. საკმაოდ მჭიდროდ იყო დასახლებული ქსნისა და არაგვის ხეობები და ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეები. რაც შეეხება კახეთს  ქიზიყი, შიდა კახეთი და ერწო-თიანეთი კარგად იყო დასახლებული.

განსხვავებული იყო მდგომარეობა გაღმა მხარში, მის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე დიდი სოფელი მდებარეობდა, თუმცა აღმოსავლეთი პრაქტიკულად ცარიელი იყო. ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ შაჰ აბასის შემოსევების შემდეგ შეიქმნა და XVIII საუკუნის მოტანილი სიახლე არ ყოფილა. სამეფოს უკიდურეს სამხრეთში, ყაზახსა და შამშადილუში, შერეული თურქმანულ-სომხური მოსახლეობა ცხოვრობდა, დღეს ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში აღარ შემოდის. თბილისს 20,000-25,000 მოსახლე ჰყავდა, თუმცა აღა მაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ ქალაქის მკვიდრთა რაოდენობა განახევრდა. მოსახლეობის მატებას, მტრის დიდ შემოსევებზე მეტად, ლეკიანობა აფერხებდა, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე ასეული კომლის დანაკარგს იწვევდა. შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მხარეში ნამდვილად არასახარბიელო დემოგრაფიული ვითარება იყო შექმნილი, რასაც ვერ ვიტყვით მთელ ქართლ-კახეთზე, თუმცა ლეკიანობა ამ სამეფოს ბარს ძლიერ აწუხებდა.

საყურადღებოა, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვა — ლეკიანობა ვერ აღმოიფხვრა, თბილისი კი ირანელებმა დაარბიეს.

განსხვავებული იყო მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში, ზოგიერთი მანკიერი მოვლენის მიუხედავად, ქვეყნის ეს ნაწილი ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული. იმერეთის სამეფოს მოსახლეობა 200,000-ს უახლოვდებოდა. ოდიშის, გურიისა და სვანეთის სამთავროებში ჯამში კიდევ 160,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. რაც შეეხება აფხაზეთს, ქართველები ამ რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში (ძირითადად სამურზაყანოში) იყვნენ კონცენტრირებული. ოსმალეთის საქართველოს ერთი ნაწილი, კერძოდ აჭარა ძალზე მჭიდროდ იყო დასახლებული. სხვაგვარი ვითარება იყო სამცხე-ჯავახეთში.

სხვადასხვა გათვლით XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების საერთო რაოდენობა 622,000-670,000-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 78-80%-ს შეადგენდა.

იმისათვის, რათა სწორად წავიკითხოთ ეს მონაცემები, აუცილებელია, რომ საქართველოს მაშინდელი მოსახლეობა განვიხილოთ როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ ჭრილში.

აღსანიშნავია, რომ 1800 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა პლანეტის  მთლიანი მოსახლეობის 0,08%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 0,05%-ზე ნაკლებია. ჩვენი ქვეყნის წილი თითქმის ორჯერ შემცირდა მსოფლიო მოსახლეობაში.

ასეთ ვითარებაში, 250  წლის წინ ფიზიკური განადგურების საშიშროებაზე სპეკულირება კიდევ უფრო აბსურდულია. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონში არსებული დემოგრაფიული ვითარების შეფასებაც. უნდა ითქვას, რომ დასავლეთ საქართველო მთელ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, მისი მოსახლეობა მაინც საგრძნობლად აღემატებოდა რეგიონის მუსლიმური სახანოების მკვიდრთა რაოდენობას. სხვა მიზეზებთან ერთად, დემოგრაფიულმა ფაქტორმაც შეუწყო ხელი ერეკლე II-ს ქართლ-კახეთის საზღვრების გაფართოებასა და მეზობელ სახანოებზე დომინაციის მოპოვებაში.

ამავდროულად, მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ კიდევ ერთი თეზისი, რომელიც რუსეთის მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ეხება. ცხადია, ყველა ის გარემოება, რამაც XIX-XX საუკუნეებში დემოგრაფიული აფეთქება გამოიწვია, შეეხო საქართველოსაც. თუმცა ქართველების რიცხობრივ მატებაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. XIX საუკუნის ბოლოს ჩვენი ერის რაოდენობა დაახლოებით 1,35 მილიონი იყო, რაც ასი წლის განმავლობაში 2,0-2,1-ჯერად ზრდას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში მოსახლეობის მატების ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო.

ასეთი ზრდის პირობებშიც კი მთელი XIX საუკუნის განმავლობაში, რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებული დემოგრაფიული ექსპანსიის გამო, საქართველოში ქართველების ხვედრითი წილი მცირდებოდა და იმავე საუკუნის ბოლოს 70%-ს ჩამოცდა.

ეს პროცესი გაგრძელდა საბჭოთა პერიოდშიც. სტალინის მმართველობის ხანაში საქართველოს მოსახლეობაში ქართველთა პროცენტული მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე ანუ 61%-მდე დაეცა.

გეორგიევსკის ტრაქტატი იმპერიულ, საბჭოთა და თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში

რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ გეორგიევსკის ტრაქტატი ისტორიის საკუთრებად გადაიქცა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით სრულიად არააქტუალური გახდა. რუსეთმა ეტაპობრივად სხვა ქართული სამეფო-სამთავროებიც გააუქმა. იმპერია უკიდურესი სისასტიკით გაუსწორდა იმერეთის მოსახლეობას, რომელიც 1810 წელს საკუთარი მეფის, სოლომონ II-ის გარშემო იყო დარაზმული და თავგანწირვით იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა შიმშილმა და შავი ჭირის ეპიდემიამ.

მთლიანობაში იმპერიის მიერ იმერეთის დაპყრობამ 30,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ალბათ ეს ფაქტიც „რუსების მიერ ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის“ პროცესის შემადგენელ ნაწილად უნდა მივიღოთ.

გარდა ამისა, რუსეთმა დაუნდობლად ჩაახშო აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი არაერთი აჯანყება. 1810-იან წლებში გაუქმდა ავტოკეფალიაც.

საქართველოს რუსეთთან „შეერთების“ ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობისას იმპერიის მოხელეები და აპოლოგეტები გეორგიევსკის ტრაქტატსა და მის პირობებზე ნაკლებ ყურადღებას ამახვილებდნენ. მათ უმთავრესი აქცენტი XVIII საუკუნის ბოლოს საქართველოს სავალალო მდგომარეობაზე გადაჰქონდათ, რომელიც, რაც შეიძლება მუქ ფერებში უნდა წარმოჩენილიყო. რომელიმე კ. იანოვსკისათვის საქართველო თავისი არსებობით რუსეთის ხელისუფლების წინაშე იყო ვალდებული. მან არამხოლოდ გადაარჩინა ქართველები, არამედ სულიერად და მატერიალურადაც განავითარა. თუკი ქართველები ხანდახან „მათთვის დამახასიათებელ“ უარყოფით თვისებებს გამოავლენდნენ (ასეთად მოიაზრებოდა ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისაკენ სწრაფვაც), ეს ყოველივე იმ „ველური ცხოვრების წესის“ გადმონაშთი იყო, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში მცხოვრებმა ქართველებმა თავიანთ შთამომავლებს მემკვიდრეობით გადასცეს.

XIX საუკუნეში იმპერიული ადმინისტრაციისათვის რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი იყო შეხსენება იმისა, რომ ქართველი ერი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი იყო; რომ აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან დაკავშირება პირობითობებითა და ვალდებულებებით იყო შეზღუდული; რომ იმპერიას უმნიშვნელო ტომზე კი არ დაუმყარებია მფარველობა, არამედ ძველ, ქრისტიანულ სამეფოზე, რომელიც თუნდაც სუსტი, მაგრამ მაინც საერთაშორისო პოლიტიკური აქტორი იყო.

ამრიგად, ამ ხელშეკრულების შინაარსსა და, ზოგადად, ქართული პოლიტიკური ელიტისათვის მიცემულ პირობებზე ყურადღების გამახვილება არასასურველიც კი იყო. მართლაც, ჯერ კიდევ 1802 წელს სამეფოს გაუქმებით აღშფოთებული კახეთის მოსახლეობა („ერთობით შინა კახეთსა მცხოვრებნი სამღუდელონი და საერონი“) იმპერატორს სწერდა, რომ სიცრუე იყო, თითქოს მათ რუსეთის მფარველობის ქვეშ უმეფოდ უნდოდათ შესვლა. ისინი გულუბრყვილოდ ითხოვდნენ ბაგრატიონების ტახტზე აღდგენას. ერთი საუკუნის შემდეგ კი საქართველოს ავტონომიის იდეის მომხრეთათვის გეორგიევსკის ტრაქტატი მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენდა ხელშეკრულებაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა. ამიერიდან რუსეთის იმპერიის პოლიტიკის კრიტიკა არათუ მისაღები, არამედ წახალისებულიც კი იყო. მაგრამ „რუსულ-ქართული კავშირი“ კვლავ ცალსახად დადებით ჭრილში უნდა წარმოჩენილიყო. სწორედ ამგვარი ვითარების გამო ისევ განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა „ქართველი ერის ფიზიკური განადგურების საფრთხეზე“. სახელმწიფოებრიობის დაკარგვა კი შეიძლება უმცირესი ბოროტებით გამართლებულიყო (უფრო დიდ ბოროტებად ირანი და ოსმალეთი მიიჩნეოდა).

რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, ის ორ  სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან „რუსი და ქართველი ხალხების ძმობის“ დამადასტურებელ ერთგვარ პროპაგანდისტულ საშუალებად გადაიქცა.

მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგებისა და რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებული პოლიტიკისათვის ობიექტური შეფასების მიცემა.

ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვა, თუ რა რაციონალური მიზანი შეიძლება ჰქონდეს XXI საუკუნეში ამ, ყველა თვალსაზრისით წარუმატებელ და ტრაგიკული შედეგების მქონე, ხელშეკრულებაზე აპელირებას. ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველოს მხოლოდ ერთ ნაწილზე ვრცელდებოდა. თანამედროვე საქართველოს ხომ რუსეთთან არაერთი შეთანხმების გაფორმებისა და მოსკოვის მხრიდან ყველა მათგანის დარღვევის სამწუხარო გამოცდილება აკავშირებს. ისევ პრემიერ კობახიძის ზემოხსენებულ ბრიფინგს რომ დავუბრუნდეთ, საყურადღებოა მისი გამართვის თარიღი 12 აგვისტო, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების 18 წლისთავი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველი ძალა შორეულ წარსულში ეძებს რუსეთისადმი მათი ამჟამინდელი პოლიტიკის გამართლების წყაროს, რადგან თანამედროვეობაში ასეთი მაგალითის მოძიება ყველაზე დახვეწილ პროპაგანდისტულ მანქანასაც კი არ ძალუძს.

თუ ჩანაფიქრი ეს არის,  მაშინ კითხვას „მოუტანა თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველოს რაიმე სიკეთე?“ კიდევ ერთხელ და მკაფიოდ უნდა გავცეთ პასუხი არაფერი, აბსოლუტურად  ა რ ა ფ ე რ ი !

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა