გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ექვთიმე თაყაიშვილი

ის ძველი ცხენები | გიო ახვლედიანი

ექვთიმე თაყაიშვილი ლიხაურელი აზნაურის შვილი იყო, მამამისი სვიმონი კორდონის უფროსი გახლდათ, რაც იმ დროში ჩოლოქზე დგომას და ოსმალოს საქართველოსთან საზღვრის უსაფრთხოების დაცვას გულისხმობდა.

მამა არც ახსოვდა, ხუთი წლისა კი დედითაც დაობლდა, მაგრამ მანამდე ხიდან გადმოვარდა და უექიმობის გამო სამუდამოდ დაკოჭლდა. ექვთიმე და მისი ძმა ნიკო, ბებიამ, მამიდამ, უფროსმა დამ ლისამ და მისმა ქმარმა აღზარდეს. უფროსი ძმა ვარლამი ადრიდანვე სამხედროში მიეცათ, მერე ის რუსეთის გენერალი გახდა, დამოუკიდებელ საქართველოშიც იღვაწა და ღრმად მოხუცი პარიზში გარდაიცვალა.

ექვთიმეს წიგნისა და ისტორიისადმი გრძნობა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში დეკანოზმა სიმონ ქიქოძემ, გაბრიელ ეპისკოპოსის ძმამ, გაუღვივა და კითხვა, კვლევა, წერა მის სამუდამო და საყვარელ საქმედ იქცა. ემიგრაციაში მყოფი წუხდა, რომ ხელი არ მიუწვდებოდა ბიბლიოთეკებზე. უქონელი, ხელმოკლე და გადაადგილების სახსარს მოკლებული, ისევ თავის ძველ რვეულებს ჩაჰკირკიტებდა, ახლის კვლევა კი არ შეეძლო. ლევილიდან პარიზში ახლა არ დადის ავტობუსი და მაშინ რა იქნებოდა. მას კი პარიზში თავის გატანა არაფრით შეეძლო. ლევილში თხა მაინც ჰყავდა, მაგრამ ეს მრავალი წლის შემდეგ ხდებოდა, მანამდე კი იყო ბავშვობა და სიყმაწვილე ქუთაისის გუბერნიის სასწავლებლებში.

რამდენი ასეთი ობოლი აზნაურის შვილი იყო მაშინ რუსეთის იმპერიის განაპირა მხარეებში? უთვალავი. მათი საუკეთესო მომავალი კი ოფიცრობაში, ან საშუალო მოხელეობაში ჩანდა, მთლად პროვინციებში კი, მეურვენი ალბათ უფრო ნაკლებზეც თანახმანი იყვნენ, ოღონდ კი ბავშვებს ცხოვრებაში შეებიჯებინათ და თავი გაეტანათ. ექვთიმეს სოფლის მწერლობას უგეგმავდნენ, რაც მაშინ კარგად შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა. მაგრამ ბავშვმა მოწადინებაც და ნიჭიც დიდი გამოავლინა და ასე მოხვდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, მერე კლასიკურ გიმნაზიაში, რაც თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ თუ დაასრულებ გიმნაზიას, უნივერსიტეტისკენ გზა ხსნილი გაქვს. პროგიმნაზიაში ვერ ისწავლიდა, მისი ოთახის დიასახლისს გადასახადისთვის საჭირო ექვსი მანეთი რომ არ ეჩუქებინა.

ექვთიმემ ვერცხლის მედალზე დაამთავრა გიმნაზია და გასწია პეტერბურგისკენ, სადაც ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბერძნულ-ლათინური ენების განხრით. იქვე დაიცვა დიპლომიც, საკანდიდატოც და დაბრუნდა საქართველოში, სადაც მალევე დაინიშნა ქართული სათავადაზნაურო სკოლის, მერე პროგიმნაზიის, მერე გიმნაზიის ბერძნულისა და ლათინურის მასწავლებლად, სადაც მერე ისტორიასაც ასწავლიდა, გეოგრაფიასაც და ბოლოს ამ სასწავლებლის დირექტორიც კარგა ხანს იყო. გიმნაზიად სწორედ ექვთიმემ გადააკეთა. ეს სკოლა-პროგიმნაზია-გიმნაზია რუსი მოხელეების თვალში ქართული ნაციონალიზმის ნამდვილი ბუდე იყო. ალბათ იმიტომ, რომ აქ საქართველოს ისტორია და ქართული ლიტერატურა ისწავლებოდა. თვითონ ექვთიმე კი სულ ამბობდა, ცხოვრების ოცდაათი წელიწადი მასწავლებლობას მივუძღვენი, უპირველესად მასწავლებელი ვარო.

ეს ალბათ მშვიდი, ჩვეულებრივი, მოზომილი ბიოგრაფია იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ექვთიმე არ იყო მჭექარი, ხმამაღალი, წინააღმდეგობის მოყვარე ადამიანი. კი შეხვედროდა ასეთები საზოგადო, სამეცნიერო და სამასწავლებლო საქმეში, მაგრამ მისი ცხოვრება არ გადიოდა ამ წესებზე. მისი ბიოგრაფია კი მაინც არაჩვეულებრივი ბიოგრაფია იყო, რადგან ექვთიმე თაყაიშვილი ისეთ დროს დაბრუნდა საქართველოში, როცა მისი ხასიათის, აღზრდის, ცოდნის, კულტურის, ღირსების ადამიანებს საზოგადო საქმის მეთაურები ეძებდნენ. ასეთ ხალხს ოქროს ფასი ედო ქართული საქმისთვის. ასე მოხვდა ის ილია ჭავჭავაძის გვერდით.

ილიას მოსწონდა ექვთიმეს ყაიდის ადამიანები, საქმის წინ წამომწევი, მე-მე-მეს ძახილს ვერშეჩვეული, ნასწავლი და მოუღლელი. ექვთიმეც მოსწონდა. მოსწონდა კი არა, მეგობრები იყვნენ. ილიას მხარს ექვთიმე ყოველთვის გრძნობდა. ნინო პოლტორაცკაიასადმი ექვთიმეს სიყვარულის ოჯახური გვირგვინით შემკობა სწორედ ილიამ დააჩქარა. შეყვარებული ნინოსა და ექვთიმეს იმ წლების მიმოწერა ამ ადამიანების იმგვარ უკიდეგანო სინაზეს და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიყვარულის კულტურას აფრქვევს, რომ უკეთეს დროს, ეგებ სახელმძღვანელოებშიც კი შეეტანათ.

ნინო ილიას უახლოესი მეგობრის, ივანე პოლტორაცკის ქალიშვილი იყო. ქართველი მოღვაწეების შესახებ ექვთიმეს მიერ დატოვებულ მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ერთადერთხელ ნახა ცრემლი ილიას თვალზე და ეს სწორედ ივანეს დაკრძალვაზე მოხდა. ივანე შერისხული და ქუთაისში გამოძევებულ-გადმოსახლებული პოლონელი გრაფის შვილი იყო, პირველი თაობის „გაქართველებული“ ემიგრანტი, ნამდვილი და გულიანი ქართველი. მის ერთ ვაჟს ილია ერქვა და ილიასავე ნათლული იყო. ექვთიმესა და ნინოს ქორწინებისას, ივანე უკვე გარდაცვლილი იყო, ილია კი ორივესთვის მამობილად იგულისხმებოდა.

ექვთიმესა და ნინოს ოჯახი მტკიცე გამოდგა. შვილი არ მიეცათ, მაგრამ ერთმანეთით იყვნენ. იყვნენ დიდხანს, სულ და ურყევად. ნინოს მამულები ჰქონდა, ოქროყანაშიც, მთაწმინდაზეც, ეს ქორწინება ექვთიმეს წელგამართულობასაც გულისხმობდა. ეს კარგი იყო, რადგან ექვთიმეს პედაგოგობას და საზოგადო საქმეებს მესამე კუთხეც ჰქონდა. ეს იყო საქართველოს ისტორია, მისი არა მხოლოდ შესწავლა, არამედ გადარჩენაც – პოვნა და შენახვაც. საქართველოში დაბრუნებული ექვთიმე საბოლოოდ გაიტაცა ისტორიამ. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შეხვდა და დაუმეგობრდა ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს, რომელთან ერთადაც დააარსა საეგზარქოსოს მუზეუმი და მცხეთაში პირველ არქეოლოგიურ გათხრებზეც გავიდა.

საერთოდ, მეცხრამეტე საუკუნე ის დროა, როცა საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი ძველი ხელნაწერია დარჩენილი, ისეა და იმდენი, რომ ყოველთვის აღმოჩენა და ძებნა არ სჭირდება, მაგრამ ისეთი დროცაა, რომ ასობით ხელნაწერი სადღაც ქრება, იკარგება, იწვის, მიუხედავობით, მათი სულიერი ფასის შეუგნებლობით, უგერგილობით და ასე შემდეგ. სულ ორი-სამი ქართველი იყო იმ დროში, ვინც ამ ხელნაწერების გადარჩენას ცდილობდა, ეძებდა მათ, ყიდულობდა, აწესრიგებდა, ისტორიულ მნიშვნელობას და სინამდვილეს განსაზღვრავდა, გამოსცემდა, საცავში მოათავსებდა. მოკლედ, მეცნიერულად მიხედავდა. ამათ შორის იყო ექვთიმე თაყაიშვილი.

ცალკე იყო ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მოგზაურობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

საერთოდ, ვერ გაიგებდი, რომელი იყო მისი მთავარი საქმე. ყველა მთავარი იყო, თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზია, რომელმაც ექვთიმეს მეცადინეობით გიმნაზიის ლიცენზია მიიღო, თბილისის უნივერსიტეტის საძირკვლად მოიაზრებოდა. გიმნაზიის ახალი შენობაც სწორედ ამ გათვლით აშენდა, რომ მომავალში იქ უნივერსიტეტი დატეულიყო. ასეც მოხდა.

ექვთიმემვე დააარსა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, დაიწყო ორი სერიის – „საქართველოს სიძველენისა“ და „ძველი საქართველოს“ ტომეულების გამოცემა. ის არ იყო პოლიტიკის კაცი, უფრო სწორად, პოლიტიკასთან იმით თუ უწევდა შეხება, რომ საქართველოს საქმეს აკეთებდა. რუსეთის იმპერია კი იმ დროს ერთი დიდი პოლიტიკა იყო, ზედ რევოლუციებით და დიდი ომით. როცა მეფე გადადგა, იმპერია დაეცა და საქართველო დამოუკიდებლობის გზის პირზე იდგა, ექვთიმე შეიქნა ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ეროვნულ საბჭოშიც წევრად იყო. ეროვნულ-დემოკრატებს, მგონი, სულ რვა მანდატი ერგოთ და ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ექვთიმე წარადგინეს.

ასე გახდა სამოცი წლის ექვთიმე ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი. მისი პოლიტიკოსობა პოლიტიკოსობა კი არ იყო, არამედ უფრო ის, რომ რატომ არ უნდა იყოს ამ ჭკუის, გამოცდილების, უნარების და ზნეობის კაცი ქვეყნის შენების საქმეში. მეტი არაფერი ყოფილა.

მანამდე კი მისივე მონაწილეობით დაფუძნდა თბილისის უნივერსიტეტი, სადაც ექვთიმემ დოქტორობა მიიღო.

მერე დაიძრა წითელი რუსეთი. ერთხელ დაიძრა, მეორედ დაიძრა, იქ ააჯანყა, იქ ამოაჯანყა, მერე კიდევ ერთხელ დაიძრა. მერე ის მოხდა, რაც მოხდა. ამბობენ, მოუხედავად ამ მაღალი თანამდებობისა, ექვთიმე წასვლას არ აპირებდაო. სხვა ამბავია, რა ბედი ელოდა დარჩენის შემთხვევაში. საერთოდ კი, ეროვნულ-დემოკრატები პირველები იყვნენ სიაში. როგორც უპირატესად თავად-აზნაურთა და სამხედროთა პარტია.

არ ვაპირებდიო, ასე იხსენებდა უკვე ემიგრაციაში. ომის დღეებში, თებერვლის შუა რიცხვებში, თბილისის უნივერსიტეტში წარმოიშვა აზრი, რომ თუკი მთავრობა წავა, საქართველოს საგანძურიც უნდა წავიდეს. ამის შესახებ, ექვთიმეს სიტყვების მოშველიებით, წერს თავის მოგონებებში ვალიკო ჩუბინიძე, ძველი გვარდიელი, მოჯანყე, სოციალ-დემოკრატი, რომელსაც აქ კომუნისტებმა ოჯახი უტანჯეს. მეორე მსოფლიო ომის წინ ლევილში ექვთიმესთან გამართული საუბრების მიხედვით, ივანე ჯავახიშვილმა უთხრა ექვთიმეს, რომ თუ საგანძური არ გადაიმალა, ბოლშევიკები ყველაფერს გაზიდავენ, რადგან ცნობილია, რა დამართეს მათ ეკლესიებს რუსეთშიო. მთავრობას ისედაც რეკვიზირებული ჰქონდა პირადი და საოჯახო საგანძურების ნაწილი, საერთოდ კი, იმ ნივთების უმეტესობა, რასაც დღეს საგანძურს ვუწოდებთ, უნივერსიტეტში ინახებოდა. ცალკე და ძნელი ბედი ელოდა ეკლესიებს. ექვთიმე უნივერსიტეტიდან პირდაპირ ნოე ჟორდანიასთან გაქანებულა, ეს ამბავიაო და იქვე სასწრაფოდ გადაწყვეტილა განძის თავმოყრის ამბავიც და ისიც, რომ მის მცველად ექვთიმე გამწესებულიყო. გაჰყვები კიდეცო, უთქვამს ჟორდანიას. ამ გაძაღლებულ ომში, უკანდახევის დროს, გზადაგზა, ექვთიმე თავს უყრიდა საგანძურს, ნაწილი ქუთაისსა და გელათშიც შეკრიბა, როცა თბილისი უკვე მტრის ხელში იყო. ნინოს გარეშე სადმე წასვლაზე ლაპარაკიც არ უნდოდა. ნინო დათანხმდა და წავიდნენ ერთად, განძი ცალკე, სამხედრო გემით, თვითონ ცალკე. სტამბოლშიღა დაუშვეს განძთან. მერე კიდევ იყო მარსელი და ემიგრაცია. ბანკების საცავები, სასამართლოები, ულევი წერილი საფრანგეთის მთავრობას. შემდეგი მეოთხედი საუკუნე ეს იყო.

მაშინ განწყობა ისეთი იყო, მთავრობისაც და ყველა ემიგრანტისაც, რომ კი მივდივართ, მაგრამ დავბრუნდებით. თან მალე. ისინი არც კი ცდილობდნენ, ფრანგული პასპორტები მიეღოთ და უკეთესად მოწყობილიყვნენ. აქ რა გვინდა, მალე დავბრუნდებითო. ევროპის მხარდაჭერა და სხვა იმედები. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა. საქართველოს მთავრობა, როგორც დევნილი მთავრობა, კიდევ ათ წელიწადს არსებობდა. მერე საფრანგეთმა საბჭოთა კავშირი ცნო და ჩვენი მთავრობა ვეღარ ცნო. დარჩა მხოლოდ ქართული ბიურო. ამ დრომდე, ექვთიმე ოფიციალურად იცავდა განძს. ამის მერე კი ფრანგებმა სხვა აირჩიეს და დანიშნეს. განძი კი არ გამოაცხადეს თავისად, უბრალოდ, თავიანთი მოხელე დაუნიშნეს, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ყოველი გამოძრავება ამ განძის გარშემო, ყოველი სირთულე, მეორე მსოფლიო ომამდეც და ომის დროსაც, ექვთიმეს მთავარი საქმე იყო.

რა შეეძლო? მას შეეძლო, რომ ეწერა საფრანგეთის მთავრობის სახელზე. გამოეყენებინა ის გავლენა და ცოდნა, რაც განძის ყოფილ ოფიციალურ მცველს ჰქონდა, და საბოლოოდ, ყველაზე კარგი ის იყო, რომ ეს ყველაფერი ამართლებდა. მისი მოუღლელობა, უტეხობა, განსწავლულობა ამ საკითხში ყველას განაიარაღებდა. ის წერდა ვრცელ, კვალიფიციურ, ისტორიულად და იურიდიულად უკიდურესად გამართულ წერილებს მთავრობის სახელზე და ამას ძალიან უწევდნენ ანგარიშს. ვინ იყო ის ამ დროს? ასე რომ შევხედოთ – აღარავინ. მეცნიერი-ქართველოლოგი, რომელიც იშვიათად თუღა ახერხებს თავისი პროფესიის ასე თუ ისე გამოყენებას. ოთხმოცს მიტანებული კაცი, რომელსაც თითქმის არანაირი შემოსავალი აღარ აქვს, ცხოვრობს მთავრობის შენაძენ ლევილის მამულში, გარდაცვლილი ძვირფასი მეუღლის საფლავის შორიახლოს. ისედაც ხეიბარს, თხის წველის დროს მეორე ფეხიც მოუტეხია და ბრიუსელში გადადის ერთი ხნით, რადგან იქ თავის გატანის საშუალება ეგულება. ეს არის ადამიანი, რომელიც ლევილში წერილობით სთხოვს მეზობლებს, რომ რახან გადაადგილება უჭირს, ეგებ ხანდახან სადილი მოუტანონ. ის არის მოხუცი, რომელიც ძირითადად პურით და იმ მარჩენალი თხის რძით იკვებება. ხანდახან კი არა, კვირებია ასე. ეხმარებოდნენ. როგორც შეეძლოთ. ეს დახმარებები რომ არ ყოფილიყო, ვერ გაატანდა. მთელი დრამატულობა საქართველოს ისტორიისა, რომელსაც ეს კაცი მთელი ცხოვრება იკვლევდა და უკვდავყოფდა, სწორედ იმაშია, რომ ამ საუკუნოვან უბედურებებს გადარჩენილ საგანძურს იცავს ადამიანი, რომელსაც არანაირი ოფიციალური ზურგი ამ განძის დაცვისა არ გააჩნია, და საერთოდ კი არ აბადია მეტ-ნაკლებად ადამიანური კოსტიუმი, რომ სახელმწიფო კაბინეტში მიღებაზე მისული მაწანწალად არ ჩათვალონ. კიდევ მეტი, ამ ადამიანს დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უკიდურესად უჭირს. ერთგვარი ქართული თეატრი, ასე რომ ვთქვათ. და ამ კაცმა დაიცვა, გაუფრთხილდა, არაფერი გამოეპარა, არაფერი დაანება ვინმეს. მას უჯერებდნენ. ყოველგვარი ხილული ძალმოსილების გარეშე, მას ჰქონდა რაღაც ძალა, რომელსაც ყველა დაეთანხმებოდა ხოლმე.

მანამდე, სანამ საქართველოს მთავრობა არსებობდა, განძის კარგა დიდ ნაწილზე დადიანის ქალმა, ობოლენსკის ქვრივმა გამოაცხადა პრეტენზია, სადადიანოს ნივთების სიას სხვაც მიუმატა და ეგენი ჩემს ოჯახს მენშევიკების მთავრობამ წაართვაო. სასამართლო პროცესი შვიდ წელიწადს გრძელდებოდა და ის მოიგო საქართველოს მთავრობამ, ანუ ექვთიმემ. მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ. მერე იყო, ნიუ იორკში გამოვფინოთო. მერე, ცოტა მოგვყიდეთ და უფასოდ შეგინახავთ ბრიტანეთის მუზეუმშიო, მერე – ხელწერილი მოგვეცით, რომ სხვას არ მიჰყიდით და ფულს გასესხებთო. რა აღარ იყო. მერე ნაცისტები და ამბავი. გაჩხრიკეს. რა უნდა ეპოვათ. ძველი რვეულები, საქართველოდან წამოღებული. აუარებელი ქაღალდი, წიგნის ანაწყობები. გესტაპო აიჭრა იმ უცნაური ასო-ნიშნების კირკიტისას. ხიფათები დიდი იყო. ომის დროს საერთოდ. რა შეეძლო ამ მოხუც კაცს? მგონი, ჩანდა, რაც შეეძლო. ასე იყო, მარტო, ნინოს გარეშე.

ექვთიმე უკვე ომამდეც ამბობდა, აქ ასე სხვის ხელში ყოფნას, სჯობს, განძი საქართველოში დაბრუნდესო. მერე მეორე ფრონტი გაიხსნა, მერე საფრანგეთი გათავისუფლდა. ექვთიმე საბჭოთა კავშირის საელჩოში მივიდა, მოჰყვა განძის ამბავს, დე გოლს მისწერა უზარმაზარი წერილი. გენერალი სტალინს უნდა შეხვედროდა. მოსკოვში მიდიოდა. საბჭოთა კავშირს ევროპაში ისე ჰქონდა შემოდგმული ფეხი, ვენის კონგრესს არ დასიზმრებია. ეს განძი დე გოლის მხრიდან კარგ ჟესტად ჩაითვლებოდა. თუმცა, მისი ჟესტის გარეშეც, პარიზი მაშინ საბჭოთა დიპლომატებით და ვითომდიპლომატებით იყო გადაპენტილი. საერთოდაც, იყო დიდი პროპაგანდა მთელ ევროპაში, რუსეთის იმპერიის ემიგრანტთა შორის: აი, გავიმარჯვეთ, დაბრუნდით, იცხოვრეთ, იშრომეთ, ვინ დაგიშალათ.

თავისი წილი დაბრუნდით-დაბრუნდით ქართულ ემიგრაციასაც ესმოდა. დიდად შესთავაზეს ნოე ჟორდანიას, დიდად, წამოდი, დიდო ნოევო. მენშევიკებში რამდენიმე ნოე იყო და ამას დიდს ეძახდნენ. ჟორდანია, როგორც ესესმა ვერ იმსახურა, ისე წამოსვლაზეც ვერ დაითანხმეს. იცოდა. იცოდა კი არა, შიგნიდან იცოდა. გადასარევი ესე აქვს, პირდაპირ „სტალინი“ ჰქვია. ტკივილიც დიდი იყო, კომუნისტებმა სწორედ ომამდე ერთი ხნით ადრე, დედამისის და მისი ვაჟის, ანდრეიკას საფლავები მოთხარეს და ძვლები სადღაც გადაყარეს. ეს სტილი იყო. ახლა ჩამოდიო, იღვაწეო.

ნოე ექვთიმეზე ექვსი წლით უმცროსი იყო, მაგრამ ისიც მოხუცი გახლდათ. მასაც არ ულხინდა, მაგრამ რა შედარება იყო. ნოესაც ეხმარებოდნენ. იგივე, ნახსენები ვალიკო ჩუბინიძე და სხვანიც. ჟორა ერაძე, ყოფილი შრომის მინისტრი, ავლაბრელი მუშა კაცი, ვანვში მებოსტნეობას მისდევდა ნოეს უკანა ეზოში და მოკლედ, იყო ასეთი სურათები.

ექვთიმე იმის კაცი არ იყო, ამდგარიყო და მხოლოდ თავის ჭკუაზე მისულიყო საბჭოთა საელჩოში. ჯამში, ეს რამდენიმე კაცის საერთო გადაწყვეტილება იყო და სწორი გადაწყვეტილებაც. ის ძველი დრო წასულიყო და ძნელი წარმოსადგენი იყო, ქართული განძით ომის მომგებ საბჭოთა კავშირს ხორბალი ეყიდა.

ჩუბინიძევე იხსენებს ნოესა და ექვთიმეს ბოლო, ცრემლიან შეხვედრას. უფრო სწორად, გამოთხოვებას, რადგან გადაწყდა, რომ განძს ექვთიმე გამოყოლოდა. გადაწყდა ცოტა უცნაური, საბჭოთა სიტყვაა, მაგრამ ჟორდანიამ კარგად იცოდა, ვინც ედგა ამ განძს დარაჯად. თვითონ დანიშნა და არ შეცდა. ჩუბინიძის მოგონებებში დაახლოებით ასეა, შენ წამომიყვანე აქო და ახლა შენვე უკან მაყოლებო. მოდიოდა წრფელი გულით, მონატრებით, აქ სიკვდილის სურვილით. ოღონდ ექვთიმე ღელავდა. მან იცოდა, რა ქვეყანაში მოდიოდა. ამიტომო, ჩემი ნათქვამი, რაც არ უნდა წაიკითხოთ აქაურობაზე და თქვენზე, არაფერი დაიჯეროთო, ყველას ეს დაუბარა. მე ისევ და მარად ვარ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე და ბოლშევიკები რას მომაწერენ, რას მათქმევინებენ, მაგას კი უნდა მიხვდეთ, რომ ტყუილი იქნებაო. არ უნდოდა ნინოს საფლავის დატოვება. არაფრით. იტირეს. ორი მოხუცი გურული აზნაური, როგორც გაიოზ რექტორმა უთხრა ერთხელ უცხოეთში შეხვედრილ ქართველებს, ვინა ვართ, ვითა ვხვდებითო.

ქართულმა სამეცნიერო წრეებმა ექვთიმე მიიღეს აღტაცებით. მას მიენიჭა უნივერსიტეტის პროფესორობა, აკადემიკოსობა, დაენიშნა მეცნიერ-თანაშემწე, მომვლელი ქალები, მანქანა. ის დასახლდა თავის ბიძაშვილ ლიდასთან, რომელიც ნინოს უმცროს ძმას ჰყავდა ცოლად, მიეცა სამეცნიერო მუშაობის ყველანაირი საშუალება. ექვთიმემ გამოსცა სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“, სამეცნიერო გამოკვლევით და აპარატით, აკაკი შანიძე მისი ტაოში 1917 წლის მოგზაურობის შესახებ ძველი წიგნის რედაქტირებას შეუდგა. წიგნი ომამდე პარიზშიც დაესტამბათ.

მერე კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა. ასე იყო საბჭოთა კავშირში. ვინც ევროპიდან მობრუნდა, ყველას ხელი მოხვიეს. სამსონ ფირცხალავა, მხცოვანი ჟურნალისტი, რომელიც აღტაცებით დაბრუნდა საქართველოში, შუა აზიაში დაკარგეს. სხვანიც. ბევრნი. სიმონ ციციშვილი.

ეს იყო რუხაძის დრო. რუხაძე ხო, მოგეხსენებათ, ძაააან მიიწევდა მოსკოვისკენ. თუმცა, რუხაძის რა, მითითება ზემოდან იყო. ლიდა დაიჭირეს, ეკლესიაში დადისო. მომვლელი ქალები გაქრნენ, მანქანა გაუჩინარდა, ტელეფონი გამოირთო, უნივერსიტეტში, სალექციო დატვირთვა არ აქვსო და, პროფესორობა ჩამოართვეს.

მერე გაიგონებდით, ყვებოდა, კაცო, რაღაცეებს, მოხუცი იყო და არ ესმოდა, სად იყო და რისი თქმა შეიძლებოდაო. ის თავისუფალი, ძველი და წესიერი კაცი იყო. ან რა უნდა მოეყოლა ისეთი, რომ ჩეკაში ეთრიათ დაკითხვებზე და იმ კოლია რუხაძეს დორბლი სდიოდა – აქ მინისტრი იყო და მოსკოვში უნდოდა. ოთხმოცდაათი წლის ექვთიმე ძალიან გააწვალეს. ძლივს რომ დადიოდა უკვე, როგორღაც მიდიოდა ხალხთან, უცნობ ადამიანებთან ოჯახებში და აფრთხილებდა, თქვენზე მკითხეს იქო, თქვენს ნათესავებზეო. ამ პატიოსნების კაცი იყო. მერე ვეღარც გამოდიოდა. სადარბაზოსთან მზირებიც მიუყენა იმან. ერთი იმ დროის მოგონება ამბობს: წაიყვანეს ცოცხალი და მოიყვანეს მკვდარიო. თვითონ რუხაძე იმავე წელიწადს დაიჭირეს, გააჩერა ბერიამ.

მერე ექვთიმე გარდაიცვალა. ამ გარდაცვალებამ გამოარკვია, რომ რუხაძე-რუხაძის ძახილი სისულელეა, რუხაძის მაღლიდან იყო ეს ამბავი, რადგან ექვთიმეს დაკრძალვაზე ბევრმა ვერავინ მიბედა. ამბობენ, ორმოცდარვა კაცი იყოო. სატვირთოთი მიასვენებდნენ, ნათესავები, უფრო ახალგაზრდა მეცნიერები და სტუდენტები იყვნენ. ერთ ფასად, მძღოლმა მანქანა გააჩერა უნივერსიტეტთან, ვაკის სასაფლაოს გზაზე, ვითომ გაფუჭდაო. უნივერსიტეტის წინ ხალხი იდგა. ასე გამოემშვიდობნენ. სხვანაირად ვერ გაბედეს. სასაფლაოზე სიტყვებიც თქვეს, ახალგაზრდებმაც. აკაკი შანიძეს მისი ტაოს წიგნი ეჭირა და გაჭრილ საფლავს ჩასძახოდა: შენ ამის მეტი რომ არაფერი გაგეკეთებინა, მაინც უკვდავების ღირსი იქნებოდიო. წიგნიც ჩაატანა.

არის ასეთი ძველი და დავიწყებული ტერმინი, ძველი კაცი. ძველი ბიჭი კი არა. ძველი კაცი. ეს ძველი კაცი ბევრ და სხვადასხვა რამეს მოიცავს და აუცილებლად კარგს. ეს არის სხვა წრთობა, სხვა სინდისი, სხვა ნამუსი, სხვა გამოცდილება, სხვა ქცევა, სხვა ზრდილობა, სხვა ჭკუა. არის კიდევ ერთი დავიწყებული ტერმინი, კარგი ქართველი. ამ ორ სიტყვას მაშინ მოიხმარდნენ ხოლმე, როცა ადამიანზე განსაკუთრებით გულით უნდოდათ რამის თქმა და მაინცდამაინც მის საქმიანობას კი არ გულისხმობდნენ, არამედ იმას, რასაც ის ძველი კაცი წარმოადგენდა. არის ასევე დავიწყებული ანეკდოტი, ძველად კარგი ცხენები გვყავდაო და ხოო, მარა იმ ძველ ცხენებზე ის ძველი ქართველები შესხდნენ და წავიდნენო.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა