გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

ათი პერსონაჟი ბეკეტის ძიებაში /GIFT-2019/

/GIFT-2019 / სპექტაკლი #1

დღეს უკვე ლეგენდად აღიქმება ისტორია, როგორ შეხვდა ახალგაზრდა, დამწყები და ჯერ კიდევ უცნობი ფრანგი ქორეოგრაფი, მაგი მარენი 75 წლის სემუელ ბეკეტს, რათა მისი ნაწარმოებების მიხედვით ქორეოგრაფიული სპექტაკლის ნებართვა მიეღო. ეს გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი იყო, როდესაც პინა ბაუშის მიერ ცოტა ხნით ადრე, ვუპერტალში დაარსებულმა ცეკვის თეატრმა ლამის, ახალ წელთაღრიცხვას დაუდო საფუძველი.

1981 წლის ნოემბერში, ანჟეს მუნიციპალურ თეატრში მაგი მარენის მიერ დადგმული May B, სწორედ ცეკვის თეატრის ახალი, თამამი და გამორჩეული ნიმუში აღმოჩნდა და ეს დრომაც დაადასტურა. პრემიერიდან 38 წლის შემდეგ, დიდი ირლანდიელი დრამატურგის ინსპირაციით შექმნილი საკულტო ქორეო-ოპუსით, თბილისში, მიხეილ თუმანიშვილის სხელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხნა - რუსთაველის თეატრში მაგი მარენის საცეკვაო კომპანიამ, ორი სპექტაკლი წარმოადგინა, რომელშიც უკვე მოცეკვავეთა მესამე და მეოთხე თაობა მონაწილეობს.

განვლილი, დაღდასმული წლებისა და თითქმის ათას ოთხასი წარმოდგენის შემდეგაც მაგი მარენის May B აღიქმება როგორც საოცარი, უსაზღვრო, ეპიკური, გროტესკული, სასოწარკვეთითა და იმედით აღსავსე წარმოდგენა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. პირიქით, ის აღიქმება, როგორც უსაზღვროობით სავსე საზღვარი მეოცესა და ოცდამეერთე საუკუნეებს შორის, რადგან ძალადობით დაღდასმული პატარა ადამიანის თემა „ციფრული გამოსახულების“ ეპოქაშიც არანაკლებ შთამბეჭდავად და შემზარავად ჩანს. სპექტაკლში ათი პერსონაჟია, რომელთა დეფორმირებული სხეულები და გროტესკული მოძრაობები თუ ჟესტები კარგად მიუთითებენ მათსავე შერყეულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თეთრი, თითქოს კირში ამოგანგლული კოსტიუმები და ასევე შეთეთრებული სახე-ნიღბები დროთა განმავლობაში იშლება, იღვენთება და ეს სითეთრე სცენას მტვრად ედება. მოცეკვავეთა სინკოპირებული, სიზუსტითა და აკვიატებებით გამორჩეული მკვეთრი მოძრაობები უფრო გააზრებულად უაზრო სრბოლაა.

ეს უსასრულობისკენ სავალი მტანჯველი გზაა, სადაც საეჭვოა „ბედნიერი დღეები“ დადგეს, ან „გოდოს მოლოდინით“ დაღლილებმა დღეები და ერთმანეთი მიზანდასახულად დაითვალონ.

ბეკეტის პიესები და მოთხრობები მხოლოდ საფუძველია, რათა ქორეოგრაფის მზერა გაფართოვებულად წარმოვიდგინოთ. სინამდვილეში, მაგი მარენის კონცეფცია გაცილებით სიღმისეული, სოციალური და პოლიტიკურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სიცარიელე და ხანგრძლივი სიჩუმე, რაც სმარტფონების ეპოქის მაყურებელს ზედმეტად დამქანცველად შეიძლება მოეჩვენოს, შეიძლება გავიაზროთ როგორც ბუნებრივი თავდაცვა, ან როგორც დღევანდელი ადამიანის რეფლექსიის უუნარობის წინააღმდეგ მიმართული არტ-აქტი.

May B-ის დადგმიდან თითქმის ორმოცი წლის შემდეგ გასაოცარია მოძრაობების სიზუსტე, კომპაქტურობა და კონსტრუქცია, რასაც ქორეოგრაფი ინარჩუნებს. რომ არაფერი ვთქვათ, ბეკეტის გააზრების უნივერსალურ და უსიტყვო შესაძლებლობაზე. სპექტაკლი განფენილია ონორე დომიეს ფერწერულ წარმოსახვასა და ჯამბაზების დრამატულ ნიღბებს შორის; ფრანც შუბერტის „ზამთრის გზის“ ბოლო სიმღერების პესიმიზმს, დამცინავ მარშებსა და გევინ ბრაიერსის ორიგინალურ მუსიკას შორის; პინა ბაუშის ქორეო-ასოციაციებსა და „ბუტოს“ გროტესკულ ნიღბებს შორს...

ამ ყველაფრის მიღმა თავად მაგი მარენის ცეკვისადმი ფილოსოფიურო დამოკიდებულება იგულისხმება: დაინახოს ბანალური, ოდნავ შესამჩნევი და სასაცილო მოძრაობების მიღმა „პატარა ადამიანის“ დიდი დრამები; სიჩუმის მიღმა - სიტყვის მნიშვნელობა (რომელიც სულ რამდენიმეჯერ ისმის); უძრავ სიჩუმის მიღმა - ტეხილი ჟესტები, რომლებიც მთლიანობაში ახალ საცეკვაო-ქორეოგრაფიულ ენას ქმნიან.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა