გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
წითელი მიხაკი ასია ლაცისი

ასია ლაცისის „წითელი მიხაკი“ | ალექს ჩიღვინაძე

„გამარჯობა, ალექს, 

მე, როგორც თეატრის დირექტორმა, გადავწყვიტე შეგიკვეთო პიესა. შევხვდი ბავშვებს, მაინტერესებდა რა აწუხებთ და მოვუსმინე მათ. უამრავი პრობლემა აქვთ, აი, უამრავი. ერთ-ერთის სიტყვებით, 'ბავშვების ცხოვრება, გაუკვალავ თოვლში სიარულს ჰგავს.' მინდა, რომ სწორედ მათ პრობლემებზე დაწეროთ პიესა. ვთქვათ, სკოლაზე და უფროსების დამოკიდებულებაზე. რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ლამაზი თეატრალური სანახაობა. ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, გვინდა, რომ დაფიქრდნენ მასწავლებლები, მშობლები და გაანალიზონ საკუთარი ქცევები. ბავშვებმა კი უნდა იგრძნონ, რომ მათ აქვთ ძალა შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ. მჯერა, რომ თქვენ ამას შეძლებთ და იმედებს არ გამიცრუებთ. 

პატივისცემით, 

ბ.“

ეს წერილი, მართლაც თეატრის დირექტორს არ მოუწერია ჩემთვის. 13 წლის გოგონამ მომწერა ონში, დრამატურგიულ სავარჯიშოზე პასუხად. მგონია, რომ ამ წერილის სათქმელი მხოლოდ მე არ მომემართება, რადგან ქართული თეატრი სავსეა ამგვარი „უბრალოდ ლამაზი თეატრალური სანახაობით”, რომელსაც კავშირი დაუკარგავს იმ რეალობასთან, სადაც შიმშილი ჩვეულებრივი მოვლენაა. 

მარინა აბრამოვიჩი ამბობდა, რომ თეატრი ისედაც სიყალბეა. „შავი ყუთი, სადაც ყიდულობ ბილეთებს. ჯდები სიბნელეში და ვიღაც თამაშობს ვიღაცის ცხოვრებას. დანა არ არის ნამდვილი, სისხლი არ არის ნამდვილი, ემოციები არ არის ნამდვილი.“ ამის საპირისპიროდ მოჰყავდა პერფორმანსის მაგალითი, მაგრამ პერფორმანსის გარდა, მსოფლიოში არსებობს უამრავი მწვავე, სოციალურად აქტუალური, პოლიტიკური თეატრი, სადაც სრულიად სხვა წარმოდგენაა სინამდვილეზე.

ერთი წლის წინ, კაფე პრაქტიკაში, მოძრაობა ხმის კამპანიის ფარგლებში, რამდენიმეთვიანი თეატრალური სახელოსნო მოვაწყვეთ. შედეგად საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს პიესა „შოშია”, რომელიც სკოლაში შიმშილის თემას ეხებოდა და არა მხოლოდ.  ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელიც სახელოსნოში გაგვახსენდა, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „პატარა მეგობრები“ იყო და რომელშიც ახალგაღვიძებულ ბავშვს უჩნდება სრულიად ბუნებრივი კითხვა, რატომ ხდება ისე, რომ ანდრო მშიერია. ტანსაცმელი არ აქვს. „რატომ, რისთვის არის ასე მიგდებული ეს კარგი, ჭკვიანი, მალხაზი ბიჭუნა.“ შემდეგ ბავშვის თანაგრძნობა დედასაც ცვლის, „ჩინებულ დედას კარგ ადამიანად გახდომის შანსს აძლევს.“

მეორე კი რაც წავიკითხეთ, იყო ფრაგმენტი ასია ლაცისის წიგნიდან „წითელი მიხაკი“. ასია ლაცისი ლატვიელი მსახიობი და რეჟისორი იყო და თანამედროვე საბავშვო, პოლიტიკურ თეატრზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ გოგოს შთაგონებით დაწერა ვალტერ ბენიამინმა „პროლეტარული საბავშვო თეატრის პროგრამა“. ასიას მოგონება ‘მარშით’ მთავრდება. უსახლკარო და ობოლი ბავშვების მარშით, რომელთაც თეატრის ირწმუნეს. როგორც მაგალითად, დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინელმა ბავშვებმა დაიჯერეს არნა მერ-ხამისის თეატრის.

ქართველ ბავშვებსაც სჭირდებათ ასეთი რწმენა, ისევე როგორც ჩვენ, უფროსებს, გვჭირდება მათი ნდობა და ამ ნდობის გამართლება. 23 დეკემბერს, 3 საათზე, პირველ სკოლასთან უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით მარშია დაგეგმილი და როგორც ჩემთვის სანატრელი „თეატრის დირექტორის” წერილშია, მოდი რა, ბავშვებს იმედებს ნუ გავუცრუებთ!

...


1918 წელს დავამთავრე თედორე კომისარჟევსკის თეატრალური სახელოსნო და ქალაქ ორლის დრამატული თეატრის რეჟისორად მიმიწვიეს. მხოლოდ რეჟისორობით დაკმაყოფილებას არ ვაპირებდი, რადგან იმ რთულ და არეულ დროს ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ ობლად დარჩენილ ბავშვებთან მუშაობა მიმაჩნდა. ამიტომ მივედი ბავშვებთან. ბავშვთასახლელები მეტ-ნაკლებად დანაყრებულები და ნორმალურად ჩაცმულები იყვნენ. ბედნიერებს ვერ დაარქმევდი, რადგან მათი ბავშვური თვალებიდან გულგრილობა და სევდა გამოსჭვიოდა. ესენი იყვნენ ბავშვობაწართმეული ბავშვები. გოეთეს აზრით, ყველა ბავშვში გენიოსია დამალული. თუნდაც გენიოსი არ იყოს, ბავშვი მრავალმხრივ არის დაჯილდოებული. რა თქმა უნდა, თუ მის უნარებს და ნიჭს ვერ შევამჩნევთ და ვერ განვავითარებთ, არ გაიფურჩქნება და დროთა განმავლობაში გაქრება. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით კი შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვთა აღზრდა - ხელოვნებაა. რეპეტიტორად, ძიძად, მასწავლებლად მუშაობისას მივხვდი, რა საოცრებები შეგიძლია აკეთოთ, თუ ბავშვს გარემომცველი სამყაროთი და საკუთარი თავით დააინტერესებთ.

სტუდიისთვის სივრცე იმ სახლში ვიპოვე, სადაც შეგვასახლეს. ვნახე მხატვარიც, ვიქტორ შესტაკოვი და მოვუყევი ჩემს იდეაზე. მეორე დღეს მოიტანა ქაღალდი და ფერადი ფანქრები (მაშინ ფერადი ფანქრები დიდი იშვიათობა იყო) და დავიწყეთ. ვიქტორმა ბავშვები წაიყვანა ქალაქში და უთხრა: დახატეთ, რასაც ხედავთ! სტუდიისთვის მოიძებნა პიანისტიც - ფედოროვი და კიდევ დიდი თეატრის ყოფილი ბალერინა (რომლის გვარიც, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს), რომელიც ბავშვებს რიტმიკასა და მხატვრულ ტანვარჯიშს ასწავლიდა. ასე დაიბადა ესთეტიკური აღზრდის თეატრი.

ეს არ იყო თეატრი კლასიკური გაგებით. ჩვენი მიზანი იყო, ბავშვებისთვის გაგვეღვიძებინა ფანტაზია, დაკვირვების უნარი, სმენა, მოქნილობა. შევქმენით მხატვრობის და მუსიკის სექციები, ქოროს წრე. საფუძველი კი დრამისა და იმპროვიზაციის სექცია გახდა. ვაკეთებდით იმპროვიზაციებს სხვადასხვა თემაზე, სიტყვებით თუ უსიტყვოდ, ვქმნიდით მუსიკალურ კომპოზიციებს. მინდოდა, ბავშვებს ესწავლათ საკუთარი თავის მოსმენა, განსხვავებული მუსიკალური რიტმის აღქმა, სხეულის მინდობა ამ რიტმებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დაკვირვების სავარჯიშოებს: ბავშვები უნდა დაჰკვირვებოდნენ სხვადასხვა საგანს და მათთან კავშირის მონახვა ეცადათ. დაკვირვების უნარს ვავითარებდით არა მხოლოდ გაკვეთილებზე და სექციებში, არამედ თავისუფალ დროსაც, სეირნობისას პარკში, ტყეში თუ მინდორში. ბავშვებს ვთხოვდი, რომ ყურადღება მიექციათ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში როგორ იცვლიდნენ საგნები ფერებს, რა იცვლებოდა, როცა ვშორდებოდით და ვუახლოვდებოდით. ვუსმენდით ხმებს, რომლებიც მოაქვს დილას და საღამოს. ასევე ვუკვირდებოდით, რა მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სიჩუმე. ვუჩვენებდი გზებს, სადღაც შორს რომ მიდიოდნენ და ვუხსნიდი პერსპექტივის კანონებს.

ვატყობდი, როგორ ენთებოდათ თვალები, როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რომ მეტი დაენახათ, მეტი მოესმინათ და მოეყოლათ.

მთავარი ჩვენს სკოლა-თეატრში ურთიერთდახმარების პრინციპი იყო. ჩვენ, მასწავლებლები შევთანხმდით, რომ ბავშვებს არ უნდა ეგრძნოთ, რომ რამეს ვაძალებთ, არ უნდა ჰქონოდათ განცდა, რომ მუდამ ვაკონტროლებთ, პირიქით, მათ ისე ვექცეოდით, როგორც თანასწორებს. მათ უჩნდებოდათ განცდა, რომ ყველაფერს თავისით აღწევდნენ და ეს კი დაეხმარათ, რომ საკუთარი ძალების ერწმუნათ. ბავშვებმა ისწავლეს ერთმანეთის დახმარება, გამოუმუშავდათ კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობა. ბავშვთასახლელები, რომლებიც თეატრში დადიოდნენ, ჩვენ თვალწინ გარდაისახნენ, მასწავლებელ-მეგობრებს მოგვენდვნენ, რომლებიც ფრთხილად ვეხმარებოდით მათ საკუთარი თავის პოვნაში.  რა უნდა გვექნა მიუსაფარი ბავშვებისთვის? მათ იჭერდნენ და უშვებდნენ კოლონიებში, მაგრამ ისინი არავის ემორჩილებოდნენ და მალევე გამორბოდნენ კოლონიებიდან. ქალაქის ბაზარში იმ იმედით დავდიოდი, რომ შევძლებდი თეატრით დამეინტერესებინა ვინმე. ერთხელ მოვიკრიბე გამბედაობა და მივედი მიუსაფარ ბავშვებთან. იგრძნობოდა, რომ მათ ჰყავდათ მეთაური - ასე თოთხმეტიოდე წლის მოხეული ტიპი. ეგზოტიკური შეხედულება ჰქონდა, თავზე დოლბანდი წაეკრა და ჭუჭყიანი, დაფლეთილი შარვალი ეცვა. ვუხსნიდი, რომ ქალაქში გაიხსნა საინტერესო საბავშვო თეატრი, სადაც შეიძლება ითამაშო, იცეკვო, დახატო და დავპატიჟე, რომ იქნებ სანახავად მოსულიყვნენ.

- „ქალბატონო, აი, საბავშვო ბაღი კუთხეშია და იქით მიბრძანდი” – მომიგდო დამცინავად. დანარჩენებმაც გაიცინეს. მინდოდა, კიდევ რაღაც მეთქვა, მაგრამ ისე შემომხედა, რომ სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. არაფერი გამომივიდა არც მეორე ცდაზე, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, უკან არ დამეხია და მივდიოდი და მივდიოდი, ვცდილობდი, ბიჭებში სულ მცირე ინტერესი მაინც აღმეძრა. ბოლოს როგორც იქნა, შევამჩნიე, რომ ვიღაცები მისმენდნენ. თან შეეჩვივნენ ჩემს ვიზიტებს და ერთხელ აღმოვაჩინე, რომ უკვე კარგი ნაცნობები გავხდით.

ამასობაში სტუდიაში ვმუშაობდით და გადავწყვიტეთ, რომ დაგვედგა ვსევოლოდ მეირჰოლდის და იური ბონდის პიესა "ალინური" (ოსკარ უაილდის მოთხრობის მოტივებზე) ამ პიესა-ზღაპრის მომზადება მინდოდა იმპროვიზაციის გამოყენებით, ბავშვების დაკვირვების უნარსა და ფანტაზიაზე დაყრდნობით. პიესა დავყავი და გავითამაშებდით ცალკეულ სცენებს.

ბავშვები ვერ გრძნობდნენ რეჟისორის ჩარევას და იმპროვიზაციის დროს ერთობოდნენ, იმპროვიზაცია მათთვის მხიარული თავგადასავალი იყო.

ერთხელ ბავშვებს იმპროვიზაციისთვის მივეცი ასეთი სცენა: ტყეში კოცონთან სხედან ყაჩაღები და ერთმანეთს არ აცლიან, ჰყვებიან თავის თავგადასავლებს. დავიწყეთ. უცებ კარი გაიღო და ოთახში მიუსაფარი ბავშვები შემოცვივდნენ. კომბლებითა და შუბებით შეიარაღებულები, დაფლეთილ ტანსაცმელში, ხის და თუნუქის ფირფიტებისგან აბჯარი გაეკეთებინათ, თავზე მუყაოსგან შეკოწიწებული ჩაფხუტები ეხურათ. ბავშვთასახლელები მათ დანახვაზე შეშინდნენ, მაგრამ დავამშვიდე და ვუთხარი, რომ იმპროვიზაცია გაეგრძელებინათ. პატარა მსახიობებიც დასხდნენ წარმოსახვით კოცონთან და ისევ შევიდნენ ყაჩაღების როლში. რა თქმა უნდა, რასაც ისინი ამბობდნენ, ეს იყო გულუბრყვილო ისტორიები და არც მათი ლექსიკა ჰგავდა ყაჩაღების ლექსიკას. მიუსაფარი ბავშვები გამხიარულდნენ. შემდეგ მეთაურის ნიშანზე წრეში შეცვივდნენ.

- „ახლა უყურეთ, განახებთ, როგორები არიან ნამდვილი ყაჩაღები!“

- და დაიწყო რაღაც წარმოუდგენელი. დასხდნენ ცეცხლთან და დაიწყეს თავისი თავგადასავლების გახსენება. საშინლად უწმაწური სიტყვებით, უხამსი და სასტიკი ამბების მოყოლა. ვიცოდი, რომ დაუყოვნებლივ უნდა შემეწყვიტა სპექტაკლი. მაგრამ ეს რომ გამეკეთებინა, მიუსაფარი ბავშვები აქ მეორედ მომსვლელები აღარ იყვნენ, მაგრამ თან ამის გაგრძელდება პედაგოგიკის ყველა ჩარჩოს სცდებოდა. მაგრამ მაინც ვარჩიე, რომ ბოლომდე მიეყვანათ.

„აი, როგორები არიან ყაჩაღები და არა, ისეთები თქვენ როგორებიც ხართ.“

- მედიდურად გვითხრა მეთაურმა და სტუდია დატოვა. მართალი აღმოვჩნდი, რამდენიმე დღეში მიუსაფარი ბავშვები ისევ მოვიდნენ სტუდიაში და მალე ჩვენი კოლექტივის სრულფასოვანი წევრები გახდნენ. შემდეგ ბევრთან მქონდა მიმოწერა. ერთი მუსიკოსი გახდა, ვიღაც ანსამბლის წევრი. ბავშვები ძალიან სერიოზულად უდგებოდნენ დადგმას. თვითონ შეკერეს კოსტიუმები, დახატეს დეკორაციის ესკიზები. განვიხილავდით იმპროვიზაციებს, ვაანალიზებდით შეცდომებს, ერთმანეთს ვუზიარებდით მიგნებებს. შემდეგ საერთო ჩვენებას ვაწყობდით და მალე ეს ყველაფერი სპექტაკლში გაერთიანდა.

როდესაც „ალინური“ გამზადდა, ბავშვებს ვკითხე: აბა, კმაყოფილები ხართ? კი, ერთხმად მიპასუხეს. - გინდათ, ეს სპექტაკლი სხვა ბავშვებს აჩვენოთ? რა თქმა უნდა, დამთანხმდნენ. და ბოლოს და ბოლოს დადგა პრემიერის დღე. დაახლოებით, ასი ბავშვი, კოსტიუმებით დეკორაციებით, რეკვიზიტებით, ქალაქის ქუჩაში გამოეფინა. გავემართეთ თეატრისკენ. თითქმის მთელი ქალაქი მოვიდა „ალინურის“ სანახავად. იყვნენ დიდებიც და პატარებიც. ბავშვებმა ითამაშეს მხიარულად, მარტივად. მაყურებელიც ცოცხლად რეაგირებდა, იცინოდა, ტაშს უკრავდა. სპექტაკლის შემდეგ კოსტიუმები არც კი გამოუცვლიათ, სახეზე გრიმი და ნიღბები ეკეთათ, თან მოგვქონდა პაპიე-მაშესგან დამზადებული ცხოველების ფიტულები და ასე ვბრუნდებოდით სახლში. გამვლელებიც შემოუერთდნენ ამ კარნავალურ მსვლელობას, ქუჩის მხიარულ დემონსტრაციას. როცა რეჟისორი გავხდი, ხშირად ვიგონებდი ამ დროს და ეს მოგონებები მივსებდა გულს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა