გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გამოფენა

აზერბაიჯანული პორტრეტები Yarat-იდან

ამ ადგილის მოძებნა ბაქოში ძალიან ადვილია. უზარმაზარი ნაციონალური დროშა ქალაქის თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი Yarat დროშის მოედნის წინ, ზღვის მხარეს, ყოფილ საბჭოთა ინდუსტრიულ შენობაშია.

Yarat აზერბაიჯანულ ენაზე შექმნას ნიშნავს, სწორედ ეს სახელი ჰქვია აიდა მაჰმუდოვას მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე დიდი ცენტრია საგანმანათლებლო და კვლევითი ფუნქციებით.

Yarat ცენტრის საგამოფენო დარბაზებში ახლა ერთდროულად ორი მხატვრის ექსპოზიციაა გამოფენილი – ძალიან საინტერესო და წარმატებული აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მხატვრის ფაიგ აჰმედის და ცნობილი კოლუმბიელი არტისტის, ოსკარ მურილოს ნამუშევრები. 

პირველ ექსპოზიციამდე რომ მიხვიდე, 10 ფარდა უნდა გაიარო. ეს ფარდები გამოფენის ნაწილი და სიმბოლოა – თანამედროვე აზერბაიჯანის საზოგადოებრივი რეალობის ერთგვარი გამოძახილი, რომლის ძირითადი პოსტულატიც იმის დამალვაა, რაზე საუბარიც არ შეგიძლია; რისი დანახვისთვისაც ჯერ მზად არ ხარ.

გამოფენის სახელწოდება ძველი აზერბაიჯანული ანდაზის პერიფრაზია – „რაცაა, ესაა“. სახელი ცნობიერების მდგომარეობას ასახავს – მშვიდად მიიღო რეალობა ისეთი, როგორიც უკვე დიდი ხანია არის.

ფარდებს მიღმა ფაიგ აჰმედის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული კიდევ 7 ნამუშევარია, ისინი სექსუალურობისა და სიკვდილის ტრადიციულ გაგებას იკვლევენ, აანალიზებენ საზოგადოების ტაბუსა და პირად ტრავმებს. მათში ის რიტუალები ამოიცნობა, რომლებიც თანამედროვე აზერბაიჯანულ საზოგადოებასთანაა კავშირში.

როგორც კი ვიზუალურ ბარიერს გადალახავ, ყველაზე მონუმენტურ ინსტალაციასთან აღმოჩნდები – შაქრის თავების „მინდორთან“. მიმზიდველად დეკორირებული შაქრის თავი ნაყოფიერების სიმბოლო და ტრადიციული საჩუქარია, რომელიც ახლად დაქორწინებულებს ქორწინების დღეს საქმროს ოჯახისგან გადაეცემათ. ამ საჩუქარს მაშინ მიირთმევენ, როცა ოჯახში ვაჟი იბადება. ინსტალაციაში სხვადასხვა ზომის ბევრი შაქრის თავია წარმოდგენილი და ამ ფალოსის ფორმის ობიექტებით მხატვარი ყურადღებას მამაკაცურ ენერგიასა და მის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ამახვილებს. კომპოზიციის შუაში ყველაზე დიდი, ორმეტრიანი „ლიდერი“ კარგად ორგანიზებული ბრბოს ვიზუალური მეტაფორაა, რომელიც ცენტრალიზებული, პატრიარქალური საზოგადოების ერთპიროვნულ ლიდერზე მიანიშნებს.

© YARAT, Photo by Patrick Verbruggen
ამ ინსტალაციასთან თითქოს დიალოგშია ჩართული მის გვერდით გამოფენილი „ქალიშვილი“ – ტრადიციული ხელით შექმნილი ხალიჩა. საფუძველი აქაც ძველი ტრადიციაა, რომლის თანახმადაც დასაოჯახებელი გოგონები თავად ქსოვდნენ ხალიჩებს.

ცენტრის მეორე სართულზე ოსკარ მურილოც აზერბაიჯანის რეალობას გვაჩვენებს, ოღონდ სხვა ჭრილში, სხვა ტექნიკისა და მასალების საშუალებით. 

პერსონალური გამოფენის სახელია „Dis Place“. ავტორი მას ასე ახასიათებს:

„უფრო ცნობიერების ნოსტალგიური მდგომარეობა, ვიდრე კულტურებს შორის გადაკვეთის კონკრეტული წერტილის ძიება“.

მხატვარმა პროექტი საბჭოთა დროს ერთ-ერთი უდიდესი, ქალაქ შეკში მდებარე აზერბაიჯანული აბრეშუმის საწარმოს ხელოსნებთან ერთად შექმნა. 

შუა საუკუნის ტრადიციული აზერბაიჯანული ტექნიკით, ოღონდ, შუშის ნაცვლად, ქარხნის ტერიტორიაზე ნაპოვნი მეტალის ნაჭრებით აწყობილი მასშტაბური ვიტრაჟები, ჭერზე გაბმული სპილენძის ცხაურზე ჩამოკიდებული „შავი ნახატები“, ვიდეოინსტალაცია „კატალიზატორი“ – იგივე ჩიკორი – შეუჩერებელი მოძრაობის სიმბოლო – ამ მრავალფეროვანი ტექნიკით, ფორმითა და მასალით ამბობს მხატვარი სათქმელს.

გამოფენიდან გამოსულს ფიქრად მომყვება კულტურებს შორის გადაკვეთის წერტილების ძებნა. ჩემს სამოგზაურო რუკაზე კი კავკასიის მთების ძირში მდებარე ძველ ქალაქ შეკს ვინიშნავ, მინდა ვნახო ის ისტორიული ქარხანა და ის ქალაქი, სადაც ასეთი ვიტრაჟებიანი სასახლე დგას. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა