ბებიაჩემს არ ეშინია სიკვდილის | ცისი მოისწრაფეშვილი
ბებიაჩემი საუკეთესო მეჩაიე იყო გურიაში, ულამაზესი დაბერდა მზის ქვეშ ჩაის ზეგნებში, ქმარი ავტობუსის მძღოლი ჰყავდა, პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა. სიზმრებივით მახსოვს, ან სხვების მოყოლილი ამბებია ჩემეული მოგონებები. მეორე ბაბუას 90-იანებში ყაჩაღებმა სცემეს, წლები იტანჯებოდა ტკივილით, ჰალუცინაციებით; აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე ეგეც მომიკვდა და დამიობლა ბავშვობა.
პირველად რომ დავინახე ევროპაში შუადღის მზეზე კაფეში ჩამწკრივებული ბებია-ბაბუები, უცხო სევდა და რაღაცის ქენჯნა ვიგრძენი. როგორ მინდოდა, მეც მენახა ჩემი ბებია და ბაბუა კაფეში პაემანზე.
ევროპაში სხვადასხვანაირია პენსიაში გასვლა. ავსტრიაში პალტოები აცვიათ, გაზეთის კითხვა უყვართ, მუზეუმებში სიარული, საღამოს მეგობრებთან ერთად ლუდის სმა; იტალიაში -აივნები, მზე, ხმამაღლა სიცილი, გოლფი, შუადღის აპეროლი და კერამიკის მაღაზიები; საფრანგეთში ტბისპირა ქალაქში თითქმის ყველა დარბის, შაბათს საღამოს პეტანკას თამაშობენ, ძაღლებს ასეირნებენ, ბევრს მოგზაურობენ.
ბებიაჩემი პენსიას ყოველთვის თანაბრად ანაწილებდა ოთხ შვილიშვილზე. გავიზარდეთ და ახლაც ასეა, ვერ გადავაჩვიეთ. ერთ ნაჩუქარ 20-ლარიანს თარიღი წავაწერე და შევინახე, ვიცი, მომავალში ბევრჯერ ამატირებს ილია ჭავჭავაძის სახეზე მიჯღაბნილი ეგ სიტყვები.
იტალიის ზღვისპირა სოფელში ზაფხულის ნასიცხარ საღამოებს ქუჩაში ცეკვით ათენებენ. ერთხელ შემთხვევით მეც შევუერთდი მოცეკვავეებს, ლამაზმა, ჭაღარებიანმა ქალბატონმა ფრიალა კაბით ხელი ჩამჭიდა, რაღაც მითხრა იტალიურად და ერთად ვიცეკვეთ.
ნეტავ, ბებიაჩემსაც ეცეკვა ზღვის პირას.
ბოლოს ზღვაზე 30 წლის წინ იყო, არადა ჩვენი სოფელი ძალიან ახლოსაა შავ ზღვასთან.
არასდროს უპასუხია ბებიას, რა ახარებს, რა აწუხებს, ჩვენი კარგად ყოფნის გარდა. მგონია, ისე შეეჩვია მარტოობას, შრომას, სხვებისთვის მიძღვნილ სიცოცხლეს, აღარც ახსოვს, ზღვა და ცეკვა თუ უყვარდა ოდესმე.
ქართველ ბებიებზე ძლიერ ქალებს იშვიათად ნახავთ, უმეტესობა სულ პატარა დააქორწინეს, სანთლის შუქზე გაზარდეს შვილები, მერე შვილიშვილები, სოფლებში დიდ სახლ-კარს უვლიან, ერთ საათში შლიან სუფრებს და არც ერთხელ არ წუწუნებენ, ქალაქში მწვანილებს, ბანანებს ჰყიდიან, უმუშევარ შვილებს აჭმევენ და წამლებს ფასდაკლებებისას ყიდულობენ.
მაგრამ როგორ მინდოდა, არ ყოფილიყო ბებიაჩემი ასეთი ძლიერი, მენახა ზოგჯერ სუსტიც, გვეწუწუნა ერთად, ჩაეცვა ლამაზი კაბები, ემოგზაურა და მერე ჩემთვის მოეყოლა ამბები.
ცხოვრება არავისთვისაა ცეკვის და სიცილის კინო, ევროპელ პენსიონერებსაც ბევრი საწუხარი აქვთ. ხშირად მინახავს, როგორ სხედან ჩაფიქრებულები, სევდიანები, ეშინიათ მარტოობის, სიბერის, სიკვდილის, და როგორ განიცდიან მონატრებას.
ჩვენთან სხვანაირადაა.
ბებიაჩემს სიკვდილის არ ეშინია, სასაფლაოზე ბაბუას სურათის გვერდით თავისთვისაც დაიტოვა ადგილი, წარწერაც წინასწარ დაახატვინა მხატვარს, საქმე გაუმარტივა.
1942 -, წლებია, ელოდება ტირე მეორე თარიღს; არ მინახავს ამაზე საშინელი, მშვიდი და ცივი ლოდინი, ამაზე სევდიანი და საზარელი სასვენი ნიშანი.
ასე ვაკვირდები ევროპელ მოხუცებს შორიდან, იშვიათად გამოველაპარაკები კიდევაც, უმიზეზოდ ვაგროვებ ჩემს ფირებზე უცნობებს - ფიქრებს ვუგონებ, ისტორიებს და წუხილებს ვთხზავ და ვფიქრობ ბებიაჩემზე, ჩაის კრეფაში დამჭკნარ ხელებზე, იცის, ნეტავ, მსახიობს რომ ჰგავდა? ბაბუაჩემის გახუნებულ შავ-თეთრ სურათზე, ძველ, ჟანგიან ავტობუსზე, დედაჩემზე.
ნეტავ, შემეძლოს ჭაღარებიან დედასთან მაინც ვიცეკვო ზღვის პირას ოდესმე და არ დამაწვეს სულზე მშობლების მოძღვნილი სიცოცხლის სევდა.