ბიზნესდაჯილდოება „თიბისი ბანკისგან“ და „ჯეოსელისგან“
ჩვენ გარშემო განუსაზღვრელი შესაძლებლობებია. შესაძლებლობები წინსვლისთვის და წარმატებისთვის, მეტიც, საკუთარი ოცნებების ასრულებისთვის და საყვარელი საქმის კეთებისთვის. თუმცა, ადამიანების დიდი ნაწილი ამ შესაძლებლობების გამოყენებას ვერ ახერხებს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, აქამდე ეს გაცილებით რთული იყო, ვიდრე დღეს, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, "თიბისი ბანკმა" და "ჯეოსელმა" ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება წამოიწყეს.
პროექტის ავტორების თქმით, ბიზნესდაჯილდოების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და კიდევ უფრო განვითარებაა.
დაჯილდოებაში ჩართვა შეუძლია 2016 წლამდე რეგისტრირებულ ნებისმიერ მეწარმეს ან კომპანიას, რომელიც რაიმე ტიპის სერვისს ან პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და რომლის წლიური ბრუნვაც ათ მილიონ ლარს არ აღემატება. დარეგისტრირება შესაძლებელია 15 აგვისტომდე, ვებგვერდზე: http://businessaward.ge, თქვენთვის სასურველ ნომინაციაში. ნომინაციები ასე გამოიყურება:
• წლის ტურისტული ბიზნესი;
• წლის აგრობიზნესი;
• წლის ქართული პროდუქტი;
• წლის ინოვაციური ბიზნესი;
• წლის მცირე ბიზნესი;
• ხალხის რჩეული;
• წლის ბიზნესი
ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი მონაწილე ნინა პეტროვ-ძნელაძე გახლავთ, პროექტით: Green houses on Lisi lake. ნინამ 5 წლის წინ მიატოვა ინტერიერის დიზაინერის პროფესია და ფერმერი გახდა. დღეს მას თავისი წამოწყებით დიდი წვლილი შეაქვს სასათბურე კულტურის განვითარებაში.
„მე, როგორც შემდგარმა და წარმატებულმა მეწარმემ, ამ პროექტში მონაწილეობა ახალგაზრდების წახალისების მიზნით მივიღე. მინდა, რომ ისინი არაფერს შეუშინდნენ, გამოიყენონ საბანკო სექტორიდან წამოსული ყველა დახმარება და გაბედულად გადადგან პირველი ნაბიჯები!“ – ამბობს ნინა.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობს, „იკანოა“.
„ამ დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება უმეტესად იმის გამო გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწონა პროექტის მთავარი მესიჯი: „გააზიარე წარმატება“. ვთვლიდით, რომ ერთი წლის წინ დაწყებული ბიზნესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენი ისტორია სხვებსაც წაახალისებდა. ჩვენ დავრეგისტრირდით ხალხის რჩეულის კატეგორიაში, რათა გავიგოთ, რამდენად შევუყვარდით ხალხს“, – ამბობს „იკანოს“ კომერციული დირექტორი ნუკა შევარდნაძე.
ჩვენ ამ წამოწყების მთავარ პარტნიორ კომპანიასაც დავუკავშირდით და მათგან საკმაოდ საინტერესო და ვრცელი კომენტარი მივიღეთ.
„უკვე წლებია, „ჯეოსელის“ მომსახურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ მზარდი ბიზნესისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ მომსახურების ფართო ჩამონათვალს, რაც მათ დაეხმარებათ, უფრო ეფექტიანად მართონ თავიანთი ბიზნესი და დაზოგონ დრო და რესურსები ჩვენ მიერ შეთავაზებული მარტივი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. „ჯეოსელის“ დაინტერესება და ჩართულობა ამ პროექტში, პირველ რიგში, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.
მზარდი ბიზნესის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ეს კი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დღეს საქართველოში ბევრი მზარდი კომპანია მოღვაწეობს საკმაოდ წარმატებულად. მათი წახალისება და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ შემდგომი განვითარებისთვის. გარდა ამისა, ის ფაქტორები, რაც მზარდი ბიზნესის წარმატებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია, დიდი ბრენდებისთვის უკვე კარგად გამოცდილი გზაა. მათ იციან, რა არის მთავარი იმისათვის, რომ სწორად დაიგეგმოს და წარიმართოს კომპანიის საქმიანობა. ამისათვის კი მცირედი წახალისება და თუნდაც პატარა გამარჯვების ზეიმი უდიდესი სტიმულია. აქედან გამომდინარე, საქართველოში სპეციალურად მზარდი ბიზნესისათვის ჯილდოს დაწესება ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ჯეოსელმა“ ამ საჭირო საქმეში მონაწილეობის მიღება ისეთ წარმატებულ და მოწინავე ბრენდთან საბანკო სფეროში, როგორიც „თიბისი ბანკია“. ჩვენი ერთობლივი ინიციატივით გვინდა, წარმატება გავხადოთ აღიარებული და გადამდები სხვებისთვის.
ამ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ამ დაჯილდოების იდეა უკავშირდება წარმატებისკენ სწრაფვას, რწმენასა და დაუღალავ შრომას, რომლის ნათელი მაგალითი ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ბევრი მზარდი კომპანიაა. ადამიანები, რომელთაც ასეთი სულისკვეთებით წამოიწყეს თავიანთი საქმიანობა, ნამდვილად იმსახურებენ წარმატებას. ამაში კი დიდი როლი ენიჭება მოტივაციას და წახალისებას. როგორც აღვნიშნე, მზარდი ბიზნესი არის უდიდესი პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ბიზნესდაჯილდოება კი არის საუკეთესო საშუალება მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი თავი და კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გააგრძელონ საქმიანობა“, – გვითხრა პაველ სმალინსკიმ, „ჯეოსელის“ გენერალურმა დირექტორმა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, იდეის ერთ-ერთ ინიციატორ კომპანიას, „თიბისი ბანკსაც“ დავუკავშირდით.
„ამ პროექტის წამოწყების მიზანი ბიზნესის კეთების პოპულარიზაციაა. ბოლო ორი წელია, გარკვეული აქტივობები შეინიშნება ამ კუთხით, შეიქმნა სახელმწიფო სტრუქტურები, ამოქმედდა სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ბიზნესის სტიმულირებისთვისაა გამიზნული. „თიბისი ბანკი“ უკვე მრავალი წელია ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. გარდა იმისა, რომ გავცემთ სესხებს, გვაქვს უამრავი პროგრამა, რომელიც კომპანიებს განვითარებაში ეხმარება. მაგალითად, ბიზნესაკადემია, საკონსულტაციო მომსახურება, ტრენინგები და ა.შ. ბიზნესდაჯილდოება ამ დიდი პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ იმ სიკეთეებზე, რაც ქვეყნისთვის ბიზნესის განვითარებას მოაქვს, მით უფრო კარგია. როცა ისეთი დიდი კომპანია, როგორიც „თიბისი ბანკია“, ამაზე საუბრობს, ეს ყურადღებას იქცევს. რაც მეტად მივაქცევთ ყურადღებას და აქცენტს გავაკეთებთ ბიზნესის კეთების აუცილებლობაზე, მით უფრო დაინგრევა ბარიერები და სტერეოტიპები.
პარაშუტით გადმოხტომას ჰგავს ეს ყველაფერი – უნდა მოიკრიბო გამბედაობა და გადმოხტე, უნდა გარისკო.
დღეს ბიზნესის საკეთებლად ჩვენთან საუკეთესო დროა, რადგან კონკურენტული გარემო არ არის ჩამოყალიბებული. უამრავი ნიშაა აუთვისებელი, სადაც არასაკმარისი კონკურენციაა და სადაც საქმის კეთება უკეთ, ინოვაციური მიდგომით შეიძლება. ამ პროექტით ჩვენ ვეხმარებით დამწყებ ბიზნესმენებს თვითმოტივაციის ამაღლებაში, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდაში. ეს ყველაფერი მარათონში მოხვედრას ჰგავს, როცა დიდი სოციუმის ნაწილი ხდები ერთი მიზნის მისაღწევად, საკუთარი ხერხებით. ეს სუპერემოციაა.
ნოემბერში, გამარჯვებულები ზვიად ციკოლიას მიერ ბიზნესდაჯილდოების ლოგოს შთაგონებით დამზადებულ სუვენირს მიიღებენ, რომელიც სიმბოლური ხასიათის იქნება და არამატერიალური ღირებულების“, – ამბობს ნიკა ქურდიანი, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
თუ გავითვალისწინებთ პროექტის მთავარ სლოგანს: „გააზიარე წარმატება“, ვფიქრობ, ის საკმაოდ წარმატებული გამოდგება, რადგან არაფერი შთააგონებს ადამიანს ისე, როგორც რეალური წარმატების ისტორია და პერსპექტივა, თავადაც შეძლოს იგივე. აქედან გამომდინარე, პროექტი არა მხოლოდ უკვე შემდგარ ბიზნესს წაახალისებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს უბიძგებს იყოს თამამი, გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები ცხოვრებაში და გააზიაროს წარმატება, რადგან წარმატება გადამდებია.