ბოსტანი აივანზე
ახლა ის დროა, ყველას თავის პატარა ბაღში ან ბოსტანში ფუსფუსი რომ სურს. ცალკე სეზონი გვიბიძგებს ამ სურვილისკენ, ცალკე - საკუთარ სახლებში ყოფნის აუცილებლობა. მიწის ნაკვეთის არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოსტანი ვერ გექნება. აივავნზეც მშვენიერი ბაღ-ბოსტნის გაშენებაა შესაძლებელი.
რა შეიძლება აივანზე გამოზარდო?
რა თქმა უნდა, თითქმის ყველანაირი მწვანილი და ისეთი კულტურები, რომლებიც ვერტიკალურად იზრდება და დიდ ადგილს არ იკავებს, მაგალითად, კიტრი. გარდა კიტრისა, აივანზე ასევე შეგვიძლია გამოვზარდოთ:
პომიდორი (განსაკუთრებით, ჩერი)
სხვადასხვაგვარი წიწაკა
ყაბაყი
სალათის ნაირნაირი ფურცელი
ისპანახი
პიტნა
როზმარინი
ლავანდა და ა.შ.
მწვანილს, როგორც წესი, მზის გულზე ან ნაწილობრივ მზეზე ყოფნა უფრო უხდება, ამიტომ, ეცადეთ, აივნის ყველაზე მზიან ნაწილში განათავსოთ. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს.
თუ თქვენს აივანს მზე 6 ან მეტი საათით ადგება, გაგიმართლათ - თქვენს მინი-ბაღჩაში საკმაოდ მრავალფეროვანი კულტურების მოყვანაა შესაძლებელი. მზე თუ 3-6 საათი გაქვთ აივანზე, ასეთ სივრცეს ნაწილობრივ მზიანი ჰქვია, 1.5-4 საათამდე მზე რომელსაც ადგება, ჩრდილიანი გამოდის და უფრო ნაკლები დროით თუ გსტუმრობთ მზე, მაშინ სრული ჩრდილი გქონიათ.
ასე დაწვრილებით მზიან პერიოდს იმიტომ ჩავუღრმავდით, რომ, როგორც წესი, თესლის პაკეტებზე მითითებულია ხოლმე, რამდენად მზიანი ადგილი სჭირდება მცენარეს.
სჯობს, თავიდანვე განსაზღვროთ, რამდენი დროის დახარჯვას შეძლებთ თქვენი ბაღჩისთვის. თუ თქვენი აივანი ზაფხულში კარგა ცხელი და მზიანია, გექნებათ იმის დრო, რომ ზოგიერთი მცენარე დღეში ორჯერ მორწყათ?
როგორი მოწადინებულიც არ უნდა იყოთ ახლა, სჯობს, თავიდან მაინც მცირე ექსპერიმენტით დაიწყოთ.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიწასა და აივანზე ერთნაირი კლიმატი არ არის. კარგად განსაზღვრეთ თქვენს აივანზე როგორი კლიმატია - ქარიანი, ჩრდილიანი, ცხელი თუ გრილი და ისე შეარჩიეთ დასათეს-დასარგავი მცენარეები.
რა დაგჭირდებათ თესლის გარდა:
სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქოთნები, მათ შორის საკიდი ქოთნები დაგიზოგავთ ადგილს
ნიადაგი (ზოგ შემთხვევაში ტორფ და ქვიშაშერეულიც)
ნიჩაბი
ხელთათმანი
გამაფხვიერებელი
მცოცავი მცენარეებისთვის (მაგალითად, კიტრი) სამაგრები, თუნდაც მარტივად ლურსმანზე გაჭიმული თოკი
სარწყავი (რაც მეტი მცენარე გაქვთ, მით უფრო დიდი)
ორგანული სასუქი.
ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ იმას, რა სიღრმეზე უნდა დაითესოს ესა თუ ის მცენარე.
რჩევები:
კიტრს არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები და არც ჩრდილოეთის მხარე, ასევე არ უყვარს ქარი (განსაკუთრებით ორპირი) და უყვარს სინესტე.
პომიდორ ჩერის კიტრისგან განსხვავებული პირობები უყვარს: თავს კარგად განათებულ მხარეს გრძნობს და ღრუბლიან ამინდში არ სჭირდება მორწყვა.
წიწაკას უხვი სინათლე მოსწონს. ტკბილი და მწარე ერთ სივრცეში არ უნდა მოვიყვანოთ. მისი ბუჩქი რამდენიმე წელსაც ცოცხლობს და შემოდგომაზე ფანჯრის რაფაზეც შეგვიძლია გადავასახლოთ.
მარწყვი მზიან მხარეს ხარობს კარგად და კარგი იქნება, მისთვის მიწას ტორფსა და ქვიშას თუ შევურევთ. მისი ნიადაგი სულ კარგად მორწყული უნდა იყოს და ქოთანი თუ კონტეინერი 2-3 დღეში ერთხელ უნდა შეაბრუნოთ.
უხვ მოსავალს გისურვებთ.