გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბენქსი ბრინჯაოს ვირთხა

როცა „ბრინჯაოს ვირთხა“ მუზეუმს იპყრობს | ბენქსი

დიდი ხნის განმავლობაში ინგლისური გვარი Banksy (ბენქსი), ჩემთვის ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, 60-70-იანი წლების ინგლისის ნაკრების მეკარის, გორდონ ბენქსის გვართან ასოცირდებოდა. მეხსიერებაში გამყარებულ ამ მითოლოგიას დაახლოებით 50 წლის შემდეგ ბოლო მოუღო გასაიდუმლოებულმა არტისტმა, 21-ე საუკუნის ქუჩის ხელოვნების ერთ-ერთმა მთავარმა პერსონამ, გრაფიტის იდუმალმა პოეტმა, სატირიკოსმა და მეამბოხემ, სტრიტ-არტის არაკურთხეულმა მეფემ - ბენქსიმ.

დიახ, ეს კაცი უბრალოდ ბენქსია... ქუჩის ხელოვანი სახელის გარეშე, რომელიც ლეგენდის მიხედვით, 1974 წელს, ბრისტოლში დაიბადა და რომელიც დღემდე მიუწვდომელ თუ მისტიკურ არტისტად რჩება თანამედროვე ხელოვნებაში. ან იქნებ, მიუწვდომლობის ეს მითი საგანგებოდ იმიტომ შეიქმნა, რომ კომერციაში გაცვეთილი თუ დახვეწილი არტისტების საპირწონედ, თანამედროვე ხელოვნებამ მნიშვნელობა, აქტუალობა და პოლიტიკურობა დაიბრუნოს.

18 ოქტომბრიდან მოყოლებული იანვრის ბოლომდე საქართველოში პირველად გვეძლევა საშუალება ბენქსის მრავალფეროვან, სოციალურ, წინააღდმდეგობრივ და მძაფრი სატირული შინაარსის ნამუშევრებს გავეცნოთ. საერთაშორისოგამოფენა – „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“, სახვითი ხელოვნების მუზეუმის პროექტია, რომელიც მუზეუმის დაარსების ხუთი წლის დაბადების დღეს ეძღვნება, ასახავს ბრიტანელი გრაფიტარტისტის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან სამუზეუმო სივრცეებამდე.

გამოფენის კურატორია სტივ ლაზარიდისი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ბენქსის მენეჯერი და ფოტოგრაფი იყო. პროექტის მხარდამჭერები SOLO X და VISA არიან. 

სტივ ლაზარიდისი: „სიყვარული გრაფიტის მიმართ თითქმის იმ წუთიდანვე გამიჩნდა, როცა ხელოვნების ეს ფორმა პირველად აღმოვაჩინე დიდი ბრიტანეთის ნაპირებზე - ეს საოცრად ფერადი ხელოვნება ამ მოწყენილ, ნაცრისფერ ზღვაში; ხელოვნების ფორმა, რომელმაც გონება გადამიტრიალა და რომლის ერთგულიც ვარ მთელი ცხოვრება. გამოფენაზე წარმოდგენილია ქუჩის მხატვრობა, ვიტყოდი, არანორმალურად თამამი ინსტალაციები, ქაოტური პოპ-არტ ექსპოზიციები და ორიგინალური ნამუშევრები, რომელთა ავტორია ბენქსი.

მე გამიმართლა, რადგან საკუთარი თვალით ვიხილე მათი შექმნის პროცესი. უფრო მეტიც, ხელში მეკავა ჩემი ძველი, მაგრამ სანდო კამერა Nikon. გადასაღები ფირი არასდროს მყოფნიდა, თუმცა მაინც მოვახერხე მისი შემოქმედებითი ევოლუციის აღბეჭდვა ფოტოებზე; ადამიანის, რომელიც შემდგომში ნამდვილ ლეგენდად იქცა“.

მითები გვამცნობენ, რომ ბენქსის ვინაობა არავინ იცის, თუმცა არტისტის ხელწერა მნახველს მაშინვე მიანიშნებს ავტორზე. ეს არის პოლიტიკური და სოციალური სატირა, ეკოლოგიური პრობლემები, ომის ტრაგედია და ამ ყველაფერთან ადამიანების თანაარსებობა. ცხადია, მისი ხელწერა კონტროვერსიულია, თუმცა გაჯერებულია სოლიდარობით, ირონიითა და ამავე დროს, ფხიზელი თანაგრძნობით.

თუ ბრიტანული სატირული ლიტერატურის მძლავრ ტრადიციებს გავითვალისწინებით (ჯონათან სვიფტი, ჯორჯ ორუელი, უილიამ გოლდინგი, ჯულიან ბარნსი), ბენქსი მწერლობაში დამკვიდრებული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ტრადიციის ვიზუალურ გამგრძელებლად შეიძლება მივიჩნიოთ. ის ერთგვარი „ნახევარგამტარია“, რომელიც სიტყვასა და გამოსახულებას ქუჩის კედლებზე გამოტანილი მძაფრი პოლიტიკური და სატირული შინაარსებით ავსებს.

სახვითი ხელოვნების მუზეუმის ათამდე  დარბაზში გამოფენილია სტივ ლაზარიდისის პლაკატები, ფოტოგრაფია, სტენსილები, გრაფიტი და პერფორმატიული ნამუშევრების დოკუმენტაცია. თუმცა სრულიად გამორჩეულია ცალკე დარბაზში წარმოდგენილი ბენქსის ორიგინალები: „სიყვარულის ვირთხა“ (აეროზოლის საღებავით  შესრულებული ტილოზე), „მფრინავი პოლიციელი“ (მუყაოზე შესრულებული შავ-ვერცხლისფერი ნამუშევარი), „ვიდეოთვალის ანგელოზი“ (რომელსაც სათვალთვალო კამერა თავის მაგივრად აქვს დამონტაჟებული), „დროშის კედელი“ (შერეული ტექნიკით შესრულებული გიგანტური ფერწერა ფიცარზე), „დედოფალი დარაბებზე“ (აეროზოლის საღებავით შესრულებული ლითონზე) და ცხადია,  „ბრინჯაოს ვირთხა“ (ბრინჯაოში ჩამოსხმული ვირთხა, რომელიც ზოგადად, ბენქსის არტის გამორჩეული პერსონაჟია მაიმუნთან ერთად.

ეს ყველაფერი ერთად ქმნის დაუვიწყარ, ოდნავ აბსურდულ და თვითირონიულ სამყაროს, რომელიც რეალობაში გადმოტანილი საზოგადოებრივი ტრავმების, ხილვებისა და სასტიკი პოეზიის ნაზავია. განსაკუთებით იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ოციოდე წლის წინ, მის ნამუშევრებს უბრალოდ კედლებიდანაც შლიდნენ. დღეს კი აკადემიურ თუ სამუზეუმო სივრცეებს უთმობენ... ვინმეს რომ ეთქვა, თუნდაც ორიოდე წლის წინ, რომ მისი „ბრინჯაოს ვირთხა“ სახვითი ხელოვნების მუზეუმს თბილისში ხუთი თვით „დაიპყრობდა“, ალბათ ძალიან გაგვეცინებოდა. არადა, ვირთხა სწორედ აქ არის, რუსაველზე მდებარე მუზეუმში და მას უამრავი მნახველი ჰყავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბენქსის გამოფენაზე ახალგაზრდების მოზღვავება. მითუმეტეს, რომ პირველ დღეებში, გიდობას მათ თავად გამოფენის კურატორი, სტივ ლაზარიდისი უწევდა.

ცალკე დარბაზი ეთმობა ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ შესრულებულ კედლის მხატვრობას. ასე რომ, ბენქსის გარდა იხილავთ სოციალურ გაგოშას, ნახევრად ლირიკულ და ფერად მიშიკო სულაკაურს, ირონიულ სემიჩკას და მოხულიგნო-პოეტურ კოსკას... მათი ინტეგრირება კი განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბენქსის თბილისურ გამოფენას. სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. აქ წარმოდგენილი არტისტები ძალიან აქტიურად მუშაობენ თბილისის ქუჩებში, ხოლო სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევრები ერთგვარი რეფლექსიაა ქართულ სტრიტ-არტზე.

თავისი შემოქმედების უნიკალურობით და მასშტაბით ბენქსი იმ არტისტად იქცა, რომელმაც ქუჩის ხელოვნების აღქმა მნიშვნელოვნად შეცვალა. მისი ყოველი ახალი ნამუშევარი საჯარო სივრცეს ლამის მუზეუმად აქცევს და რაც მთავარია, ის პირველია სტრიტ არტის წარმომადგენელთა შორის, რომლის ნამუშევრები Sotheby-ის აუქციონზე გაიყიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამით ქუჩის ხელოვნების ისტორიაში ახალი დრო დაიწყო.

ბენქსი არ ყიდის ქუჩის გრაფიტის და არ აწყობს გამოფენებს კომერციულ გალერეებში. ამის მიუხედავად, აუქციონერებს ბევრჯერ უცდიათ მისი ქუჩის ნამუშევრების გაყიდვა, თუმცა მისი ადგილიდან მოხსნა და წაღება ხშირად შეძენაზე მეტი პრობლემა გამხდარა.

ბოლოს, დარბაზიდან გამოსვლისას კედელზე ასეთ წარწერას დაინახავთ: when the time comes to leave, just walk away quitly and don’t make any fuss -

„როცა წასვლის დრო დადგება, უბრალოდ ჩუმად წადი, აურზაურს ნუ ატეხავ.“

ბენქსის გამოფენა თბილისში თებერვლამდე დარჩება. ბილეთის შეძენისას 15%-იანი ქეშბექს მიიღებენ SOLO VISA ბარათის მფლობელები.


ფოტო: Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა