გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩვენ არსად გვეჩქარება | ზამთარი წაბლის ნაჭუჭში

თბილი, ყვითელი განათება, ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი, ქაფქაფა წვნიანი, ღუმელში ატკაცუნებული წაბლი, მუსკატ-მიხაკ-დარიჩინის არომატები და შუაზე გაჭრილი ფორთოხლებისგან წამოსული მაცოცხლებელი სიფხიზლე - ტყუილად ხომ არ უცხოვრია ადამიანს ამდენ საუკუნეს, უკვე მეცნიერულ დონეზე იცის, რა სჭირდება ცივ სეზონზე გასახალისებლად, გასათბობად, გულის სიკეთით კვლავ ასავსებად. ისიც იცის, რა იწვევს ამ დანაკლისს - რა და დე ვიტამინის დეფიციტი, რომელსაც უმზეო, ნაცრისფერ და ცივ ამინდებში ვერსად გაურბის. რა არ მოიგონა ადამიანმა მასთან საბრძოლველად, სულ ბოლო ტრენდი, დე ვიტამინის ჩამანცვლებელი, მზის სხივებისა და სითბოს სიმულაციური სანათებია - რთავ ნათურას, ვთქვათ, საუზმის დროს, ზიხარ ამ ხელოვნური მზის სინათლეში და ფიქრობ ნამდვილი მზის ცხუნვარებაზე, რომლამდეც თვეები გაშორებს.

ამასწინათ, სწორედ ასეთი ლამფების ონლაინ ძებნაში გართული, დავფიქრდი კითხვაზე: რა უფრო უცვლის ადამიანის ზამთარში დაღვრემილ განწყობას, ხელოვნური ნათება - მოგონილი მზე, თუ ნამდვილი არომატები, გემოები, რომლებიც ქვეცნობიერად, განწყობაზე, სწორედ “დე ვიტამინივით” მოქმედებს. დავხუჭე თვალები და წარმოვიდგინე, ზამთრის ეს არომატები და მივხვდი, რომ წამიერად გავთბი. 

ასე ათბობს და სადღესასწაულო განწყობას ამძაფრებს საახალწლოდ მორთული „პური გულიანიც“. ჩათვალეთ, იქ ახალი წელი უკვე დადგა და თქვენც გელით. ინტერიერი ისეა გაფორმებული, წამსვე გაგიმძაფრებთ მადას ყველა იმ კერძის გასასინჯად, რაც ზამთრის დღეებისთვის მომზადდა; კერძების, რომლებიც სიცივეს ამარცხებს, აწმყოს მიმართ კმაყოფილებით აგავსებთ და მომავლის იდეებს გაგიჩენთ. აქ მოსვლამდე, ალბათ, არ იცოდით, რომ ამ ჯადოსნურ ძალას, პირველ რიგში, წაბლი ფლობს. წაბლი „პური გულიანის“ ზამთრის მენიუს მთავარი აქცენტია. ის თითქმის ყველაფერშია, ხან მთავარ როლს ასრულებს, ხანაც - ფონურ განწყობას ქმნის, მაგრამ ყველან თავის ხასიათს ტოვებს.

წაბლის წვნიანს ბევრგან არ აკეთებენ, თუმცა კი, მიზეზი არ ვიცი, რადგან იმ რამდენიმე ადგილიდან თბილისში, სადაც მას გასინჯავთ, „პური გულიანის“ ერთ-ერთი საუკეთესოა. აქაური წაბლის წვნიანი მჟაუნას მკვეთრი გემოთი ცოცხლდება, შებოლილი ლორით კი უფრო დინჯდება, წაბლის ფაფუქი ფაქტურა და ნეიტრალური,  თუმცა მაინც სახასიათო გემო კი ორივეს უხდება. მთავარ კერძშიც ფონი - წაბლისაა - შემწვარი წიწილა ღომით და სწორედ წაბლის ბაჟეთი მოაქვთ -მას შეფი "საახალწლო თეფშს ეძახის" და თქვენ კი წაბლის გემო ბაჟეს “გაქანებებს” კიდევ სხვაგვარად გაგაგებინებთ.

ვფიქრობ, წაბლის ასეთი აქცენტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მიგვანიშნებს - თითოეული ამ კერძის მომზადებას უფრო მეტი დრო სჭირდება (თუმცა, ცხადია, ამას მომხმარებელი ვერ გრძნობს), ვიდრე დანარჩენებს და ამის გააზრებაც სხვანაირად გვამშვიდებს - გარდაუვალ ფაქტად მიგვაღებინებს იმას, რომ ზამთარში ყველაფერი ნელა ხდება და ამ დროის შენელებას უნდა მიჰყვე: ნელა იფცქვნება წაბლი წვნიანისთვის, ნელა ტყდება და იხალება ნიგოზი გოზინაყისთვის, ნელა ტკაცუნობს შეშა ბუხარში, ნელა დუღს გვირილისა და ასკილის, მოცვისა და ყვავილების ჩაი. ეს შენელებაც რიტუალურია და ზამთარს ახასიათებს. ზამთარს და მისი საახალწლო სეზონის ქართულ გვირგვინს - გოზინაყს, რომელიც „პურ გულიანში“ სრულიად ახალ ფორმას იძენს, ახალ გემოებთან ამყარებს კონტაქტს და გვაფიქრებინებს, რომ ამ ყოველთვის უცვლელი კლასიკური არანჟირებით შესრულებულ საახალწლო ნუგბარსაც, თურმე, ძალიან უხდება მოდერნიზება - ამ შემთხვევაში - გოზინაყის ტორტად ქცევა.

ერთი სიტყვით, „პური გულიანის“ გოზინაყის ტორტი დაგარწმუნებთ იმაში, რომ აქ ექსპერიმენტები მართლა უყვართ, თუმცა, შეავლებთ თვალს აქაურ საშობაო ღვეზელს და კიდევ ერთ აღმოჩენას გააკეთებთ: ექსპერიმენტები უყვართ, მაგრამ წონასწორობას არასდროს კარგავენ - გურული გულსართიანი საშობაო ღვეზელი, რომელმაც გურიიდან თბილისში კარგა ხნის ჩამოაღწია, სწორედ რომ კლასიკურია - ისეთივე სახლურად საზეიმო გემო აქვს, როგორც შინ, დედის ან ბებოს ხელით გამომცხვარს. 

აი, ხედავთ? - როგორც კი მშვიდად მოვკალათდი და აღარსად ვიჩქარე, გარშემო უკვე სითბომაც დაისადგურა. და მივხვდი - „პური გულიანი“ ტყუილად არ აქვეყნებს “ზამთრის მენიუს” სწორედ ასეთი აქცენტებითა და თანმიმდევრობით - სწორად შერჩეული ინგრედიენტები, ტემპერატურა და თანმიმდევრობა გონებას აფხიზლებს და გულს სითბოთი ავსებს. შეგიძლიათ, თავად მიირთვათ აქაური წვნიანი, ღუმელში გამომცხვარი სოკო და ხორცეული, ღრმად ჩაისუნთქოთ სუნელებით დახუნძლული, ცხელი ღვინისა თუ ციტრუსებისგან წამოსული მაცოცხლებელი არომატები  და ზემოთქმულში თავადაც დარწმუნდეთ. ეს გემოები სითბოს, სიდინჯეს, სიამოვნებასა და მოთენთვას უკავშირდება და ზამთრის სეზონური დეპრესია ვერაფრით დაგამარცხებთ, თუ საშველად სწორედ მათ მოუხმობთ ხოლმე. ხოლო თუ ასე კვებას ყოველდღიურ რიტუალად აქცევთ, დე ვიტამინის მასხივებელი ხელოვნური მზეებიც აღარ დაგჭირდებათ - მზის ენერგია თქვენს თეფშზე დევს.

ავტორი: თამარ კვინიკაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა