„დაცემული“ ფლამენკო აღზევებული როკით
ვისაც ფლამენკო მხოლოდ კლასიკური ფორმით ნაკეთი და შემოსილი ვნებათა ღელვა ჰგონია, დარწმუნებული ვარ ვარ, როსიო მოლინას სცენაზე ნახვის შემდეგ, აზრს შეიცვლის. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, აღიარებულმა ესპანელმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა დახლოებით 100 წუთიანი ნონ-სტოპ კომპოზიცია - „დაცემული ანგელოზი“ წარმოადგინა. ლაივ- მუსიკა (აკუსტიკური და ელექტრო გიტარა, დრამი, პერკუსია და ხოსე მარია რამოსის ბრწყინვალე აკაპელა) მხოლოდ აძლიერებდა შეგრძნებებს, რომელთაც როსიო მოლინას საოცარი სხეული მთელი წარმოდგენის განმავლობაში ჩვენს თვალწინ ქსოვდა.
თავიდან ის ბატა-დე-კოლას (BATA DE COLA) ტიპის თეთრ, კლასიკურ კაბაში ჩნდება და ხანგრძლივ სიჩუმეში, ლამის ლეთარგიულ ძილში მყოფივით იმეორებს სწორედ ფლამენკოს მოძრაობებს. თუმცა მალე იცვლისის სამოსსაც, მუსიკასაც და ამპლუასაც და „ტორეადორი“ ხდება. ეს ტრანსფორმაცია იმდენად კონტრასტული და მძაფრია, რომ ვერ ასწრებთ იმის გააზრებას, როგორ იქცევა მთვლემარე სხეული მოუთვინიერებელ ვნებად, სრული სიმშვიდე - აბობოქრებულ ქარიშხლად, ვნებიანი ფლამენკო - მროკავ როკად.
როსიო მოლინა იმგვარი გულახდილობით უზიარებს გრძნობებს მაყურებელს, რომ ძალიან ძნელია სავარძელში მოკალათებულებს სიმშვიდე მოთხოვო. საერთოდაც, ფლამენკო მისი ინტერპრეტაციით - პატარა მხეცს ჰგავს, რომლის ბოლომდე გაკონტროლება და მოშინაურება შეუძლებელია. უკიდურესი ვნება და თავშეკავებული სიამაყე მთლიანობაში ქმნის იმ ჯადოსურ ატმოსფეროს, რომლითაც მთელი სპექტაკლი გამოირჩევა. მასში აღმოაჩენთ სხეულის სიშიშვლეს მთვარის შუქზე, უცნაურ აღმოსავლურ ხალათში შესრულებულ რიტმულ მოძრაობებასაც, ირონიით ნაკვებ BDSM-სექსულობასაც, საღებავით მოთხვრილ კაბაში შესრულებული ცეკვის სიმბოლურობასაც, ტორედორის მიზანდასახულობასაც და ბოლოს, მეწამულ კაბაში გადაცმული ქალის მონოლოგსაც.
ვერტიკალური პოზა და წონასწორობის მუდმივი შენარჩუნება ერთი მხრივ და ამავდროულად, მიწაზე მუდმივი დანაცხება და ვნებებით „გაპოხილი“ იმპროვიზაცია, იმ ორმაგ კონოტაციას ქმნის, რომლის წიაღშიც ისინი თავისუფლად თანაარსებობენ. სრულიად ახლებურადაა გააზრებული ფლამენკოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საწყისებიც, რასაც ცოცხალი მუსიკა, განათების დრამატურგია და ვიდეოპროექცია ემატება. ზოგიერთ ეპიზოდში როსიო მოლინა იმდენად შორს მიდის, რომ ფლამენკო უბრალოდ, თანამედროვე ცეკვას (Contemporary dance) ემსგავსება, რამაც, სხვათა შორის, კონსერვატორების აღშფოთება გამოიწვია. ეს დაახლოებით, სუხიშვილების ისტორიას ჰგავს, ოღონდ განსხვავებული აქცენტებით.
„დაცემული ანგელოზის“ თემა - მტკივნეულად ნაცნობი ხელოვნების ისტორიაში როსიო მოლინასთან ტრანფორმირდება სხეულის თავისუფლების იდეად, რაც დასაბამიდან უმნიშვნელოვანესია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ცეკვისთვის. რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, რიგ შემთხვევებში, სხეულის გათავისუფლების მცდელობა დადგენილი ქორეოგრაფიული ჩარჩოებიდან (ამ შემთხვევაში ფლამენკო) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი კონსერვაცია, შენარჩუნება, თუ მოვლა-პატრონობა. ამდენად, „დაცემული“ ფლამენკო აღზევებული როკ-ელემენტებით, მოლინას ინტერპრეტაციით, გაცილებით მეტს ნიშნავს. ეს ერთროულად სითამამით, ძიებებითა და ტკივილით დატვირთული გასეირნებაა ბოლომდე აუთვისებელ და ჯერ კიდევ საშიშად შემოფარგლულ ფლამენკოს ტერიტორიზე.
P.S. მადრიდის სამეფო აკადემიის წარჩინებული კურსდამთავრებული, როსიო მოლინა უამრავი პრიზისა თუ ჯილდოს მფლობელია, როგორც მოცეკვავე და როგორც ქორეოგრაფი: ლორენს ოლივიეს თეატრალური პრემიის ნომინაცია („საუკეთესო მიღწევისათვის ცეკვაში“), ბრიტანეთის ეროვნული ჯილდო, ესპანეთის ეროვნული ორდენი ცეკვის დარგში, სპეციალური პრიზი სევილიის ბიენალეზე, და ა.შ.