გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, ვისკი და გამორჩეული ქართველები

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნას კომპანია GD Alco განსაკუთრებულად აპირებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა დარჩიაშვილის ინიციატივით, ცნობილი ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich 26-წლიანი დაძველების კასრიდან სპეციალურად ჩამოისხმება.

საიუბილეო Glenfiddich უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის წარმოადგენს 1991 წლის კასრის 53.8-პროცენტიან ვისკის, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული.

ამ საიუბილეო ვისკის ეტიკეტი ქართული დროშის ფერებში ექნება.

Glenfiddich-ის სახელი ნოვატორ, არაკონფორმისტ, გაბედულ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი ‒ უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, ცხრა შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთალაოიანი ვისკი შექმნა. ვისკის საიუბილეო ჩამოსხმის რამდენიმე ბოთლი სახელობითი იქნება და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ის გამორჩეული ადამიანები დასაჩუქრდებიან, რომელთაც ქვეყნის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით. ამ ნომერში ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილსა და მსახიობ კახი კავსაძეს წარმოგიდგენთ.

ნონა გაფრინდაშვილი

Google-ის საძიებო ველში მის სახელს რომ ჩაწერ, გვარს თავად სისტემა გკარნახობს. ნონა გაფრინდაშვილი ყველაზე ცნობილი ნონაა მსოფლიოში.

საერთაშორისო საჭადრაკო ასპარეზზე თუ რამე ტიტული და ჯილდო არსებობს, ყველა მისია. 

4 წლის იყო, როცა ჭადრაკს უკვე თამაშობდა. თუმცა თავის 4 ძმას ხშირად საკუთარი ხელით დამზადებულ პინგ-პონგსა და ბილიარდსაც ეთამაშებოდა.

1953 წლის მოსწავლეთა რესპუბლიკურ საჭადრაკო ოლიმპიადაზე გასასვლელად ზუგდიდის გუნდში გოგო დასჭირვებიათ, გაფრინდაშვილებისა და ჭადრაკის მეგობრობის ამბავი გახსენებიათ და ბათუმში, პირველ ტურნირზე, თურმე ასე მოხვდა. ნონას „მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი“ ამ ტურნირზე ჭადრაკის ცნობილ პედაგოგს ვახტანგ ქარსელაძეს შეუნიშნავს და გოგონა დაოსტატების მიზნით თბილისში მიუწვევია.

წარმატებისა და წინსვლის გზაც აქედან იწყება – წელიწად-ნახევარში, 15 წლის ნონა გაფრინდაშვილი უკვე ქალთა შორის თბილისის ჩემპიონია და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალისტიც.

ნონას ჯილდოებსა და ტიტულებს ერთი ოთახი და ქვეყანა ვერ იტევს: საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და ვაჟთა შორის, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, უამრავი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ქალთა შორის პირველი საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი, XX საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ქალი. 1997 წლიდან ფიდე უკვე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასით აჯილდოებს იმ ქვეყნის მამაკაცთა და ქალთა გუნდებს, რომლებიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე საუკეთესო ჯამურ შედეგს მიაღწევენ.

ნონა გაფრინდაშვილს ბევრი დაუვიწყარი პარტია უთამაშია, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით გამორჩეული იუგოსლავიაში 1961 წელს პრეტენდენტთა ტურნირზე მოგებული შეხვედრაა. ეს მისი პირველი ძალიან მნიშვნელოვანი პარტია იყო, სადაც თითო სვლაში თითო წოდება ენიჭებოდა. ყველაზე კარგ ტურნირად ჭადრაკის „ოსკაროსანი“ 1977 წლის ლონ პაინის (აშშ) საერთაშორისო ტურნირს ასახელებს. „ძალიან ბევრი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფაქტობრივად, შეერთებული შტატების არაოფიციალური ჩემპიონატი იყო. ისე ვერ ჩახვიდოდი, მხოლოდ მოწვევით. ფანტასტიკური პარტიები ვითამაშე“.

მსოფლიო ჩემპიონის პირველ ტიტულს მაინც განსაკუთრებით ემოციურად იხსენებს. მოსკოვში 1962 წლის 17 ოქტომბერს 21 წლის ნონა გაფრინდაშვილმა ანგარიშით 9:2 მოუგო 49 წლის ელიზავეტა ბიკოვას ისე, რომ არცერთი პარტია არ წაუგია.

„თბილისში მატარებლით დავბრუნდით. გზაში 48 საათის განმავლობაში არ მძინებია. საქართველოში ყველა სადგურში ხალხი მელოდებოდა, მილოცავდნენ, კუპეში სუფრაც გვქონდა გაშლილი, იქაც ამოდიოდნენ. თბილისის რკინიგზის სადგურზე იმდენი ხალხი დამხვდა და ისეთი ამბავი იყო, მამაჩემმა ცალი ფეხსაცმელი დაკარგა. სუფრა სახლშიც დამახვედრეს და მამამ, ერთ სადღეგრძელოს გეტყვიო. მახსოვს, პირველი რაც მითხრა – თავში არ აგივარდესო. მეორე დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში საოცარი დახვედრა მომიწყვეს. ჩემპიონობის სხვა ტიტულებიც მიხაროდა, მაგრამ ასეთი ემოცია მათ აღარ მოჰყოლია. ამ გამარჯვების შემდეგ მიხეილ სალუქვაძემ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო – „ჩვენი ნონა“.

კიდევ ერთი ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი მომენტი დიდოსტატისთვის 1992 წელს, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ასპარეზობა იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადაზე მანამდე საბჭოთა კავშირის სახელით ორჯერ ვითამაშეთ მთლიანად ქართული შემადგენლობით, საქართველოს სახელით გამოსვლა მაინც სულ სხვა განცდა იყო. იმ დროს საქართველო გაეროს წევრი ჯერ არ იყო და თავსატეხი გაუჩნდათ ორგანიზატორებს, როგორ უნდა დავეშვით ოლიმპიადაზე ასე უსტატუსოდ. თუმცა, ბოლოს, ქართველი მოჭადრაკეების ფენომენური შედეგები გაითვალისწინეს და ბიუროკრატიული გამონაკლისიც ამიტომ დაუშვეს. როცა წავედით, თან ფილმიც წავიღეთ – ჩვენი წარმატებები რომ შეგვეხსენებინა, კერძოდ კი, ის ფაქტი, რომ მთელი 29 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონობა სხვა ერისთვის ერთხელაც არ დაგვითმია. უნდა გენახათ ჩვენი სიხარული, ჩემპიონობა რომ მოვიპოვეთ“.

„ჩვენი ნონა“ უკვე 25 წელიწადია საჭადრაკო ასპარეზზე საქართველოს სახელით გამოდის და ახლა ვეტერანთა ტურნირებზე იღებს გამარჯვების თასებსა და ჯილდოებს.

 

კახი კავსაძე

როგორც თავად ამბობს, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება „პირველი ხელის წაგების“ გამო მოისურვა. „წაგებულ ხელს“ უწოდებს იმ ინციდენტს, როცა როლზე დამტკიცებულმა, ფილმში მაინც ვერ ითამაშა, რადგან ცურვისას ტრავმა მიიღო.

ამის შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში, გამოცდაზე მოუმზადებელი მისულა, ერთადერთი – ხელზე წინასწარ ამოუწერია ლექსი, რომლის თქმაც სურდა. სტუდენტი მაინც გამხდარა და კახი კავსაძის ხანგრძლივი და მძიმე შრომაც ასე დაწყებულა.

1959 წლიდან კახი კავსაძე რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. თეატრისა თუ კინოს ყველა როლში „მთელ სულსა და გულს დებს“. „ენით აღუწერელი გრძნობაა, როცა მაყურებელთან ამყარებ კონტაქტს, ამას შევადარებდი მასობრივ ჰიპნოზს. მაშინ, როცა მაყურებელი ბოლომდე კონცენტრირებულია შენზე, ყველაზე კარგად აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც გინდა, მაგრამ, როცა თამაშის დროს წყვეტ ფიქრს, მაყურებელიც მაშინვე გშორდება“. ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლა ყველაზე დიდ პასუხისმგებლობად მიაჩნია, „ნერვიულობ, იმედი არ გაუცრუო შენს ხალხს, რომელსაც ასე უყვარხარ“, – ამბობს ის.

სამსახიობო კარიერის განმავლობაში პუბლიკას კახი კავსაძის 100-ზე მეტი გარდასახვა უნახავს – ეკრანზეც და სპექტაკლშიც. თუმცა ეს ასად გამრავლებული ერთი ადამიანი ორივეგან ისეთი ნამდვილია, ისე ბოლომდეა ესპანელი რაინდიცა და კახელი ელიბოც, ლორდი ჰასტინგსიცა და ბებერი ჯამბაზიც, რომ თუ ერთხელ ნახე, არასოდეს დაგავიწყებს თავს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა