 
                    მოდი, მკლავი მოვტეხოთ | წამება. გახსენება
ეს ზეპირი ისტორიები ასახავს GCRT-ის ოცდახუთწლიანი მუშაობის მხოლოდ მცირე ნაწილს. „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს მათთვის, ვისაც ვერასდროს ამჩნევდა სახელმწიფო. ომგამოვლილი, წამებაგამოვლილი ადამიანებისთვის GCRT მუდამ იყო უსაფრთხო სივრცე, სადაც მათ ძალადობის შემდგომ მკურნალობა, ძალების მოკრება და საკუთარ ყოველდღიურობასთან დაბრუნება შეეძლოთ.
გიორგი ჩუტკერაშვილი, 29 წლის
(2024 წლის დეკემბრის დემონსტრაციის მონაწილე)
გაზის კაფსულები დაეცა ჩემს უკან და გოგოები გახდნენ ცუდად, მივვარდი, სულ ბავშვები იყვნენ. წყალი მქონდა ბოთლით, სახე მოვბანე. ისუნთქე-მეთქი, ვეუბნები და ამ დროს რუსთაველის თეატრიდან გამოცვივდნენ. პირდაპირ ჩამავლო ერთმა ხელი, ხო მაინც დაგიჭირეთო. თეთრი სამშენებლო ჩაფხუტი მეხურა, მაგით თუ დამიმახსოვრეს. დამაგდეს ძირს და შემდგნენ წიხლებით ექვსი თუ შვიდნი.
ვეუბნებოდი, ხომ დამიჭირეთ და მოგყვებით, არ გინდათ ეს რტყმა და რაღაცები-მეთქი. ხელებში და ფეხებში მომკიდეს და მაინც ისე წამიყვანეს, თითქოს ვეწინააღმდეგებოდი. გზაში ერთ-ერთმა, რა კაი ბოტასები გაცვიაო, იქვე გამხადა ფეხზე. მარშუტკასთან, მეორეს კურტკა მოეწონა, იმანაც გაიხადეო. დავრჩი ჯინსებში, ნასკებში და გრძელმკლავიან ზედაში.

მაშინ ჯერ კიდევ მგონია, რომ მარშუტკაში დამხვდებიან სხვა დაკავებულებიც და ერთად გადაგვიყვანენ განყოფილებაში. მაგრამ შევიხედე და ცარიელია მანქანა. ერთი ვიწრო ხის სკამია მთელ სიგრძეზე დამაგრებული. წიხლით შემაგდეს. ამომყვა ხუთი-ექვსი კაცი. ერთი მაგდენი უკანა კართან დადგა და ატყდა საშინელი ცემა. თავში, ზურგში, სახეში – ყველგან მირტყამდნენ. ჩემი ტელეფონი უნდოდათ. რაღაც ფეისბუკ ჯგუფია, სადაც ჩემ რამდენიმე პოსტს ათასობით ლაიქი ჰქონდა და შენ რა დღეში ყოფილხარო. ორგანიზატორიც იქნებიო. მეთქი კაციშვილს არ ვიცნობ, საერთოდ მარტო დავდივარ აქ. საფულე წამართვეს, რაღაც მიზერული თანხა მედო, სახლის გასაღები, ტელეფონის დამტენი, სუნამო – ყველაფერი წაიღეს. ტელეფონი თითის ანაბეჭდზე მქონდა დაყენებული და სპეციალურად ისე დავადე თითი, რომ ხუთი წლით დაიბლოკა. გაგიჟდნენ. ერთმა იარაღი დამადო თავზე, გადატენილი მაქ, პაროლს თუ არ მეტყვი, ტვინს გაგასხმევინებო. მეთქი გაისროლე! უკვე ისე ვარ, რო ბოლომდე მივყვები. მოვკვდები და ესენიც ხო ჩამოიშლებიან-მეთქი, ვფიქრობ. ალბათ გიჟი ვეგონე. მერე დაიწყეს, ეხლა გაზის კაფსულას შემოვაგდებთ და სულს ამოგხდითო, კარი დამიკეტეს. ასე მაშინებდნენ. ბოლოს ვიღაცამ უთხრა, ეგ არ გააკეთოთო და ისევ რტყმა გააგრძელეს. გამოექანა ერთი, ღვიძლში ამომარტყა წიხლი. იმხელა სპაზმი მომცა, მომენტალურად ჩავიკეცე. როგორც კი ამოვისუნთქე, მეორე ნიღბიანმა სახე ახლოს მომიტანა და მეკითხება, ხო კარგად ხარო? კი-მეთქი და ცხვირში დამარტყა, ძვალი გამიტყდა. მაგრამ ამ ტელეფონს ვერა და ვერ ხსნიან. ვინ გაფინანსებსო? ომი რომ მოხდესო, შენო სახლში შევარდებიო. მეთქი, შენზე წინ მე ვიდგები. ნუ, მოკლედ ეს დიალოგები გვაქვს და ყველა ჩემ პასუხზე დარტყმა მოდის.
ცოტა ხანში ამოაგდეს ერთი ბიჭი. ჩემ ფეხებთან დაეცა მაგის სამი კბილი, ისე ცემეს. მეთქი რატო ურტყამთ ამას და წამოვიდა ისევ წიხლები. პატარა ბიჭი იყო, ძაან შეშინებული. მალე კიდე ერთი შემოაგდეს – ჩემ დას ვეძებდი აქციაზეო. ცისფერი გალერეის კუთხეში თქვენ დამხვდითო და ვერაფერი ვერ გავიგეო. გახადეს ტანზე და სულ დუბინკები ურტყეს.
შენ როგორ არაფერი არ მოგდისო, ერთი მეუბნებოდა. რა უნდოდათ, რომ მომსვლოდა არ ვიცი. ბოლოს, მოდი, ამას რამე მოვტეხოთო, ჩემზე ანიშნებს. მოდი, თითი მოვტეხოთო, თითი არა მკლავი მოვტეხოთო და ეს ჩემი ხელი წაიღეს უკან და ეგ არ ქნათო – ამოვიდა იმ მომენტში მაგათი უფროსი, აკონტროლებდა ამათ პერიოდულად – არც კეფაში დაარტყათო, დალშე რაც გინდათ, ის ქენითო და ჩავიდა.
როგორც პირუტყვები, ისე ექცეოდნენ ადამიანებს. ერთმა დამარტყა და ვახ, ასცდაო, წამოვიდა მეორე და აღარ ამცდა – პირდაპირ თვალში მომარტყა, თვალის უკანა კედელი გამეხა. ერთი ოპერაცია გავიკეთე, ეხლა მეორე მჭირდება, სათვალე მაგიტომ დამაქვს. ერთი პარტია რო დაიღლებოდა, მერე მეორე ამოდიოდა და ისინი აგრძელებდნენ ცემას.
დილის ხუთ საათზე გადაგვიყვანეს აეროპორტის გზაზე, შუშის კოლბა რომ აქვთ იქ. რაღაც გარაჟში, სკუტერების სადგომზე ავსებდნენ ოქმებს, საშინლად ციოდა, ჩვენ სისხლები გაგვდის. იმ ბიჭს კბილები რო დაცვივდა, ღრძილიც მოძვრა, ისეთი სისხლდენა აქვს, საერთოდ ვერ ლაპარაკობს. მე ყურში მიჩურჩულებს და მე ვავსებინებ ოქმს. ესენი არ ჩქარობენ, სპეციალურად წელავდნენ დროს მგონი.
საავადმყოფოდან რო გამოვედი, ვუჩივლე პოლიციას და ეს სარჩელი აქეთ შემომიბრუნეს, მიჩივლეს და 300-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს. ის პოლიციელი, რომელიც ოქმს მიწერდა, მოწმედ გამომიცხადდა სასამართლოზე და მეორე კაცი, რომელიც საერთოდ თვალით არ მინახავს, ამბობდა, იმდენს იგინებოდა, ვერ გავაჩერეთ და იძულებულები გავხდით დაგვეკავებინაო. სასამართლოზე ვკითხე, რომ მომიყვანეს შენთან, რა მეცვა-მეთქი და ტანს ზევით გახდილი იყავიო – ტყუილია, ზედა მეცვა.
არაფერი არ გაითვალისწინეს და სამას ლარიანი ჯარიმა დამიწერეს.
ის ნიღბიანები ისე არაადეკვატურად იქცეოდნენ, უეჭველი მგონია, რო რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მე რომ ველაპარაკებოდი, აი, კი ვერ მისმენდნენ, ვერ ისვენებდნენ, ხელები ექავებოდათ, დაგეშილი ძაღლებივით იქცეოდნენ.
ქაშუეთის ეკლესიის წინ ჰყავდათ გაჩერებული ის მარშრუტკა. მორწმუნეობაზე რომ დებენ თავს, ეკლესიის წინ აწამებდნენ ადამიანებს თვითონ.
უსამართლობა გაბრაზებს მაგ დროს, არაფრის გამო ადამიანს რო გიმეტებენ. შეფუთულები, ნიღბებში და რაღაც კაცობაზე მელაპარაკებიან. ეს 22 და 23 წლის ბიჭები, ვერაფერს რო ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში, უნივერსიტეტში ვერ ჩააბარეს, და უცბად იარაღი მისცეს, მწვანე აუნთეს ყველაფერზე. ერთი ათი კილომეტრი ირბინეს და ჩაწერეს იმ ბანდაში. სპეცრაზმი კი არა, მაძუნგალების და მოროდიორების რაზმია. მინიონებივით არიან, იარაღი რომ ამოუღო, ჩაქრებიან მაშინვე. ხალხს ყურებს ახევდნენ საყურეები რომ წაერთმიათ, ქორწილის ბეჭდებს და ჯვრებს აცლიდნენ. ტელეფონებს ალომბარდებდნენ, ეგეთი საცოდავები იყვნენ, რა სპეცრაზმი!
სამართლიანობა მაშინ იქნება, როცა ლუსტრაცია მოხდება ყველასი. მაგათ შვილებს უნდა რცხვენოდეთ, რომ მამა ჰყავთ ასეთი. უნდა რცხვენოდეთ, რომ ოჯახში ეგეთი კაცი ჰყავთ, ეგეთი ძმა და შვილი, მაშინ გაქრება ბრაზი და შურისძიების სურვილი.
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო საზიზღრად შეაგინებდა, ვინ უფრო ცხოველურად სცემდა – ასეთი ადამიანები მართლა საშიშები არიან საზოგადოებისთვის. ავტობუსში გეჯდეს გვერდით, ან მეტროში, საშიშია, უბრალოდ.
რაღაც მომენტები იყო, როდესაც ახსნას ცდილობ შენთვის, აი, რატომ შეიძლება, ეს დასჭირდეს ადამიანს, ასე მოიქცეს და ვერ ხსნი.
მერე პალატაში ვწევარ ესე, ნაცემი და აბა, ხვალე რას აპირებთო, ერთი გვეკითხება. შემოგზავნეს პალატაში ტიპი – ვითომ ორგანიზატორებს ეძებდნენ. წარმოიდგინე, ხუთნი ვწევართ, აქედან ორი სერიოზულად დალეწილი და ამას სანტავიკი აქვს დაკრული. დადის ჩვეულებრივად.
ჩვენ რო დაკეპილი ვართ, შენ რანაირად ხარ ასე საღ-სალამათი, რომ თან კითხვებს მისმევ აბა, ხვალ რას აპირებ, აბა რამდენი ხართ, რა არი შემდეგი გეგმა? ეგეთ დებილს ვგავარ?
საავადმყოფოს მერე უძილობა დამეწყო. დღემდე მაგას ვებრძვი. GCRT მეხმარება ფსიქოლოგიურ რეაბილიტაცაში, გამოკვლევებში. ახლაც ვმკურნალობ. მეთვალყურეობა სჭირდება თვალს. ღვიძლზე დარტყმისგან რაღაც ნაწიბური გამიჩნდა და მაგასაც მიკონტროლებენ.
მაგრამ ეს ბრაზი არსად არ მიდის. და ბევრია გაბრაზებული. ვინც ამას აკეთებს, თვითონ არიან მშიშრები. მთაწმინდაზე ხალხს რტყმა და დევნა რომ დაუწყეს, რამდენიმე სპეცრაზმელი ერთად დარბოდა და როგორც კი ბევრნი შეხვდებოდათ, მაგათი სპეცრაზმელობა იქ მთავრდებოდა – გარბოდნენ უკან. ერთად, ნიღბებში და იარაღით არიან მაგრები, თორე მარტო რომ რჩებიან, მერე ხედავ მაგათ კაცობას.
