ვისკი და გამორჩეული | მიტროპოლიტიკი ისაია, მარიკა ლორთქიფანიძე
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნას კომპანია GD Alco განსაკუთრებულად აპირებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა დარჩიაშვილის ინიციატივით, ცნობილი ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich 26-წლიანი დაძველების კასრიდან სპეციალურად ჩამოისხმება.
საიუბილეო Glenfiddich უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის წარმოადგენს 1991 წლის კასრის 53.8%-იან ვისკის, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული.
ამ საიუბილეო ვისკის ეტიკეტი ქართული დროშის ფერებში ექნება. Glenfiddich-ის სახელი ნოვატორ, არაკონფორმისტ, გაბედულ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი ‒ უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, ცხრა შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთალაოიანი ვისკი შექმნა. ვისკის საიუბილეო ჩამოსხმის რამდენიმე ბოთლი სახელობითი იქნება და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ის გამორჩეული ადამიანები დასაჩუქრდებიან, რომელთაც ქვეყნის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით.
ამ ნომერში ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ერისკაცობაში ზურაბ ჭანტურია) და აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს წარმოგიდგენთ.
მიტროპოლიტი ისაია
სხვები ჩვენი დროის გმირს ეძახიან, თავად ამ წოდებას არ იფერებს. მისი, როგორც ერთი ადამიანის ისტორიას თუ გადახედავ, თითქოს კანონზომიერებად მოჰყვება შეიარაღებული კონფლიქტის კერები – სულ მის სიახლოვეს ჩნდება. არადა, მეუფე ისაია გადამდები სიმშვიდის ადამიანი ჩანს. ომის დაწყებამდე აფხაზეთში იყო მონასტერში. სოხუმი რომ დაეცა, სხვა დევნილებთან ერთად, უღელტეხილი გადმოიარა. ჭუბერში წითელ ჯვარს ეხმარებოდნენ. შემდეგ მარტყოფის მონასტერში ბერად აღიკვეცა (1993), იყო ბერ-დიაკონი, მღვდელ-მონაზონი, ამავე მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ – ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი და უკვე 11 წელია, მიტროპოლიტია კიდევ ერთი კონფლიქტის კერასთან – ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში.
2008 წლის ომის დროს ნიქოზში დარჩა და ყველაფერი თავისი თვალით ნახა – როგორ დაიცალა სოფელი, როგორ დაიბომბა V საუკუნის ეკლესია და დაინგრა მათი ხელით აშენებული გალავან-სენაკები, როგორ წაიყვანეს ტყვედ სოფელში დარჩენილი 11 მოხუცი, როგორ თარეშობდნენ მაროდიორები...
ომის ამბავს რომ ჰყვება, თითქოს, ტრაგიკომედიურ ფილმს უყურებ: „ომს ადამიანი ვერ ინატრებს, მაგრამ იმის გარეშე, რაც მოხდა, თავი ვეღარ წარმომიდგენია და ეს ყველაფერი გავლილი რომ არ გვქონდეს, თითქოს რაღაც დაგვაკლდებოდა“.
11 აგვისტოს, მონასტრის ეზოში 32 ბომბი ჩამოვარდნილა. იმ დროს იქ შვიდნი იყვნენ და შვიდივე გადარჩა. მე-10 საუკუნეში აგებულ და ბოლო 14 წლის განმავლობაში აღდგენილ საეპისკოპოსო სასახლეს დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და მათ თვალწინ დაიწვა. „დაბომბვის დღიდან (11 აგვისტო) ველოდებოდით ნიქოზში მოწინააღმდეგის ჯარის შემოსვლას, მაგრამ 13 აგვისტომდე არავინ გამოჩენილა. როცა შემოვიდნენ, პირისპირ შეფეთებას მოვერიდეთ და ორი დღე (დღისით) ხეხილის ბაღს ვაფარებდით თავს. იმ დღეებში დიდი ხნის წინ წასაკითხად გადადებულ სქელტანიან წიგნს დავავლე ხელი და ხან რომელი ხისა და ხან რომელი ბუჩქის ძირას თითქმის ბოლომდე წავიკითხე, დარჩენილი ნაწილი დღემდე წაუკითხავი მაქვს. იმ პერიოდში პომიდვრები მწიფდა. შემჭმელი სხვა არავინ იყო და ჩვენც წაგვცდა ხელი. მოპარული პომიდვრები, მგონია, მართლა უფრო გემრიელი ყოფილა და „ვშიშობდით“, ვაითუ ომის შემდეგ, პომიდვრის მოპარვას ვერ გადავჩვეულიყავით“, – იხსენებს მეუფე ისაია. მის ისტორიებს რამდენიმე მთავარი გმირი ჰყავს – ნიქოზის დარაჯებად დარჩენილი ზინაიდა, კოლია, ლეილა, იასონი... მისი „ფრონტელი მეგობრები“ მოგვიანებით მეუფეს გადაღებულ ფილმში, დოკუმენტურ კადრებშიც მოხვდნენ. „გაგანია ომის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ლეილას და კოლიას ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. ჯერ კიდევ მაროდიორები დადიოდნენ სოფელში, ჯვარი რომ დავწერეთ. „სუფრა“ ზინაიდასთან გვქონდა გაშლილი, თამადობა მე მომიწია“, – გვიყვება მეუფე. ჯვარი ბოლო დროს 7 წყვილისთვის დაუწერიათ წიქროლშიც (ახალგორის რაიონი), სადაც ორ კვირაში ერთხელ ატარებენ წირვას. ახალგორის ამბებზე საუბარს ერიდება. ისე, ახალი ამბებიდან ყველას ახსოვს, საშვის გარეშე დარჩენილი, როგორ გამოუსვლელად იმყოფებოდა ორი წლისა და შვიდი თვის განმავლობაში. ამ დროს გარდაცვლილა შუათანა ძმაც (გურამი), მისი მონაზონი ანაც (მანანა) და ნიქოზელი ლეილაც, რომელიც თურმე ნატრობდა, მეუფეს უნახავად როგორ უნდა მოვკვდეო და ისე წასულან ამ ქვეყნიდან, დაკრძალვასაც ვერ დასწრებია.
არც ნიქოზსა და ახალგორში დარჩენას მიიჩნევს გმირობად. „ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, იქ უნდა ვყოფილიყავი, თავისებური სირთულე ხომ ყველგანაა და ეს ჩვეულებრივი ამბავია. იქ კი არა, ნებისმიერ ადგილას ყოფნის დროს, პრობლემის, რაღაცის ნაკლებობის, თავისებური შეჭირვების გარეშე, არსად არ არის ადამიანი!.. ჩვენი სარწმუნოება სიყვარულის რელიგიაა. არ არის გამორჩეული, რომ რომელიმე ერის წარმომადგენელი უფრო მეტად უნდა გიყვარდეს და რომელიმე – ნაკლებად. უფალი ყველასთვისაა. ჩემთვის სამშობლო და რწმენა არ არის გაიგივებული. სამშობლო, რა თქმა უნდა, გვიყვარს, მაგრამ რწმენა სამშობლოს საზღვრებს სცდება“.
მეუფე ისაია ეკლესიაში წასვლამდე თეატრალურ ინსტიტუტში კინოფაკულტეტზე სწავლობდა და ანიმატორი იყო. ამიტომ მისი დიდი მონდომებით შეიქმნა შემდეგ ნიქოზში ანიმაციური სტუდია. სამრევლო სახლში ბავშვებთან ერთად ხან ხატავდნენ, ხან კითხულობდნენ. ნაჩუქარი ტექნიკით აღჭურვილი სტუდია ომის დროს განადგურდა, მაგრამ პოლონეთის სახელმწიფოსა და საელჩოს, გორის გუბერნიის, (UNDP) COBERM-ის, იაპონიის საელჩოსა და საზოგადოება „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ დახმარებით, სტუდიაც აღდგა და სახელოვნებო სკოლადაც გადაიქცა: მუსიკის, ანიმაციის, ცეკვის, ხატვის, ჩრდილების თეატრის, ქარგვის, ინგლისურისა და რუსული ენის ჯგუფებით.
დღეს სახელოვნებო სკოლაში 150-ამდე ბავშვი დადის სოფლიდან. სკოლისთვის პიანინო როცა დასჭირდათ - პროექტის ფარგლებში გამოიკვლიეს - და სოფელში 90 პიანინომდე აღმოჩნდა, მაგრამ დაკვრა თითქმის არავის სცოდნია. ამჟამად ამ სკოლის სამმა მოსწავლემ მუსიკა პროფესიადაც კი აირჩია და უკვე კონსერვატორიასა და მუსიკალურ სემინარიაში სწავლობენ. ნიქოზში სოფლისთვის უჩვეულო კიდევ ერთი რამ მოხდა მეუფეს ძალისხმევით: ყოველ წელს, სექტემბრის თვეში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ იმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი რეჟისორები და უცხოეთის ანიმაციური ფესტივალების წარმომადგენლები სტუმრობენ. ამ ფესტივალზე ნიქოზელი ბავშვების შექმნილ ანიმაციურ ფილმებსაც აჩვენებენ.
ვისურვებთ, რომ კანონზომიერებასავით ადევნებული შეიარაღებული კონფლიქტები ამით დამთავრდეს და დაუმთავრებელი წიგნის ბოლო ნაწილი მეუფემ მშვიდად დაასრულოს – ომის გარეშე.
მარიკა ლორთქიფანიძე
მარიკა ლორთქიფანიძე ნინო მიქელაძისა და დავით ლორთქიფანიძის ოჯახში 1922 წელს, ახლად გასაბჭოებულ საქართველოში დაიბადა. ამ დროს მისი ოჯახი ბათუმში უკვე უსახლკაროდ ყოფილა დარჩენილი – ყველაფერი ჩამორთმეული ჰქონიათ. მერე თბილისში გადმოსახლებულან.
„1921 წელს, როცა საქართველოს ხელისუფლება და ინტელიგენციის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, ჩემს მშობლებსაც სდომებიათ წასვლა.
დედა და ძია მიშა შეკრული ბარგით ელოდნენ თურმე მამას. ის კი, რომ მოსულა, არსად წამოვალო, – უარი უთქვამს და ასე დარჩენილან“, – გვიყვება ქალბატონი მარიკა.
გასაბჭოებულ საქართველოში რეპრესიებს ვერც მისი ოჯახი გადაურჩა. იმ ეპოქის მსხვერპლი აღმოჩნდა დავით ლორთქიფანიძე.
„1937 წელს ნახევარი კლასის ბავშვების მშობლები დააპატიმრეს. სულ ვგრძნობდით, როგორ გამორჩეულად გვექცეოდნენ რეპრესირებულების შვილებს მასწავლებლები, მაგრამ ისე ფარულად, რომ ვერავინ მიმხვდარიყო. ყოველ დილას ჩუმად გვეკითხებოდნენ, წუხელ ვინმესთან ხომ არ მოსულანო“.
ქალბატონი მარიკას და ისტორიის გზები გამიზნულად არ გადაკვეთილა. სკოლაში იმ დროს ისტორიას არც ასწავლიდნენ. 1939 წელს, სკოლას რომ ამთავრებდა, გაზეთით გაიგო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტს ახალი სპეციალობა დაემატა – ხელოვნების ისტორია და რამდენიმე მეგობარმა სწორედ ეს სპეციალობა აირჩია. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, სწავლების ხუთწლიანი ხანგრძლივობა ოთხწლიანით შეიცვალა, ყოველგვარი სპეციალობა გაუქმდა და ასე დაამთავრა უნივერსიტეტი ზოგადი სპეციალობით – ისტორიკოსი.
„როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, ფაკულტეტზე 100-მდე სტუდენტი იყო, რომ დავამთავრეთ, სახელმწიფო გამოცდა მხოლოდ ექვსმა ჩავაბარეთ. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, მართლაც ძალიან კარგად ვუპასუხეთ და ყველამ მივიღეთ მიწვევა ასპირანტურაში.
სახელმწიფო გამოცდებზე კომისიის თავმჯდომარე სიმონ ჯანაშია იყო, წევრები – ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი ბუზალიშვილი, გიორგი ნიორაძე, იმ დროის გამორჩეული ისტორიკოსები“.
1948 წელს მარიკა ლორთქიფანიძე ისევ უნივერსიტეტს დაუბრუნდა და მისი წაკითხული საქართველოს ისტორიის კურსი, ისტორიოგრაფია და წყაროთმცოდნეობა ათასობით სტუდენტმა მოისმინა.
პროფესიის მეორედ არჩევის საშუალება რომ მიეცეს, ამბობს, რომ დაუფიქრებლად აირჩევდა ისტორიკოსობას. 95 წლის მეცნიერის საქმიანობის შედეგები, მის მიერ გამოცემულ წიგნებსა და უამრავ სამეცნიერო ნაშრომშია თავმოყრილი. მან თარგმნა და პირველად გამოსცა ქართულად ჰაბიბ იბნ მასლამას ე.წ. დაცვის სიგელი.
მარიკა ლორთქიფანიძე ძირითადად შუა საუკუნეების პერიოდს იკვლევდა და იმ პერიოდის საქართველოს თითქმის ყველა დარგს მოიცავდა.
„საკვლევი ეპოქა სიმონ ჯანაშიამ განმისაზღვრა, ადრე შუა საუკუნეები და ძირითადად ამას ვიკვლევდი. თვითონაც ბევრი გამოკვლევა ჰქონდა იმ პერიოდზე. ალბათ, იცოდა, რომ უფრო გვიანდელი პერიოდის შესწავლას აზრი არ ჰქონდა. აქეთ ისტორიას ვერ დაწერდი. იმ ადრე შუა საუკუნეების ისტორიის დაწერაც ძნელი იყო, მაგრამ ჩემს პირად საქმეებში მაინცადამაინც არ ერეოდნენ“.
საბჭოთა სახელმწიფოში ისტორიკოსობა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სიმართლის წერა სურდა: „თუ რამეს ვწერდით და გვინდოდა სიმართლე დაგვეწერა, შენიღბულად ვაკეთებდით ამას, რომ წამკითხველი მიმხვდარიყო“.
1918 წელს შექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიული მასალები საბჭოთა კავშირის დაშლამდე საიდუმლო ფონდში იყო დაცული. რა თქმა უნდა, იმ ეპოქის სხვა ადამიანებთან შედარებით, ქალბატონმა მარიკამ უფრო ბევრი იცოდა დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.
„რესპუბლიკის მთავრობის წევრებს განათლება საზღვარგარეთ ჰქონდათ მიღებული. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ევროპის ქვეყნებთან. რაც მთავარია, ევროპაშიც აღიარებდნენ მათ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო სახელმწიფოს წარმომადგენლებს. ეს ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქვეყნის კულტურას და, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, რასაც მათ ხელი შეუწყვეს – უნივერსიტეტის დაარსება იყო. შემდეგ „ბალშევიკები მოვიდნენ“ და ყველა ემიგრაციაში წავიდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გასაიდუმლოებული მასალები ახალი ისტორიკოსების ხელში აღმოჩნდა, ძალიან საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნეს ამ პერიოდის საქართველოს ისტორიას და ხალხმა მაინც გაიგო, რა იყო, რა კეთდებოდა, რას ექცეოდა ყურადღება“.