ვისკი და გამორჩეული ქართველები | აკა მორჩილაძე, ნანა ექვთიმიშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნას კომპანია GD Alco განსაკუთრებულად აპირებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა დარჩიაშვილის ინიციატივით, ცნობილი ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich 26-წლიანი დაძველების კასრიდან სპეციალურად ჩამოისხმება.
საიუბილეო Glenfiddich უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის წარმოადგენს 1991 წლის კასრის 53.8-პროცენტიან ვისკის, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული.
ამ საიუბილეო ვისკის ეტიკეტი ქართული დროშის ფერებში ექნება.
Glenfiddich-ის სახელი ნოვატორ, არაკონფორმისტ, გაბედულ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი ‒ უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, ცხრა შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთალაოიანი ვისკი შექმნა. ვისკის საიუბილეო ჩამოსხმის რამდენიმე ბოთლი სახელობითი იქნება და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ის გამორჩეული ადამიანები დასაჩუქრდებიან, რომელთაც ქვეყნის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით.
ამ ნომერში ქართველ რეჟისორსა და სცენარისტს ნანა ექვთიმიშვილსა და მწერალ აკა მორჩილაძეს წარმოგიდგენთ. აკა Glenfiddich-ის დისტილერიაში (დაფთაუნი, შოტლანდია) საიუბილეო ჩამოსხმისთვის ვისკის შერჩევის პროცესში მონაწილეობდა, მისი ტექსტი საავტოროა და იქაურ ფერებზე, ფაქტურებსა და არომატებზე გვიყვება.
ვისკის ჩანაწერი
აკა მორჩილაძე
დაფთაუნი სწორედ იქაა, სადაც ჰაილენდები და აბერდინშირი ესაზღვრება ერთმანეთს.
ესაა სპეისაიდი, მორეი. ადგილი ჩრდილოური ამინდისაა: აპრილშიაც ყინვას დაიჭერს ხოლმე და წვიმა და თოვლი ერთად მოედინება, მაგრამ, როგორც სქოთების ქვეყანაში იცის ხოლმე, მზე ერთს ძუნწად გამოანათებს და უკვე ყველაფერი კარგადაა.
ჰოდა, ამ ცივ და თითქმის მიუსაფარი მდუმარების მხარეში სქოთების ეროვნული სასმელის, ვისკის ყველაზე ცნობილი მხდელები ცხოვრობენ. სპეისაიდი ვისკის წმინდა მიწაა. ექვსი მსოფლიო სახდელი სწორედ აქაა. ანუ, სადაც არ უნდა იყო და იქ ვისკის დახლს გადააწყდე, იმ დახლსუკან დამწკრივებული ბოთლებიდან ნახევარი ამ ადგილებიდან იქნება.
საერთოდ, დაფთაუნს დაფთაუნი, მგონი, საუკუნე-ნახევარია, რაც ჰქვია. ისე კი ეს არის მორტლახის სამრევლო, ძველისძველი ცივი მიწა, ცხვრისა და მაგარი სასმელისა. გარშემო მთები და ველებია. სიმწვანე, კლდეები და წვიმა. სწორედ ისე, როგორც ისტორიულ ფილმებში. აქაურობას კი ამაგი დასდო ლორდმა დაფმა, ფაიფის მეხუთე ჰერცოგმა, რომელმაც გააქალაქა კიდეც ეს მიწა და ხალხმაც მის პატივსაცემად მოითხოვა, ადგილს დაფთაუნი წოდებოდა.
თუმცა, ადგილის ასეთ სახელს ყველა არ ეთაყვანებოდა, მათ შორის კი, უილიამ გრანტი, რომელმაც ისიც კი დაიბარა, ჩემი საფლავის ქვაზე გასაკეთებელ წარწერაში დაფთაუნი არ ახსენოთ, მორტლახელი კაცი ვარო.
უილიამ გრანტი ის კაცი იყო, ვინაც თავის ოჯახობასთან ერთად მოზიდა და ამტვრია ქვა და იმ ჰაილენდურ ამინდში, ყინვასა და წუნწუხში ვისკის პირველი სახდელი ააშენა.
დღეს ეს მსოფლიოში სახელგანთქმული სახდელია, ბოთლებზეც წაგვიკითხავს და მისი პორტრეტიც გვინახავს სქოთურ ქუდში. მაგრამ უილიამ გრანტის სახდელი უპირველესად ცნობილია ერთჯერი ალაოს ვისკის, გლენფიდიხის ჩამოსხმით.
ჰო, ეს სახელი, ალბათ, ცოტა გაუგებრად და აბურდულად ბევრს წაუკითხავს ეტიკეტებზე.
გლენფიდიხი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გასაღებული ერთჯერი ალაოს ვისკია.
პირველი ვისკია, რომელიც ყუთში ჩაიდო და საჩუქრის იერი მიენიჭა და საერთოდ, კიდევ რამდენიმე რამეშია პირველი.
მდინარე ფიდიხიც იქვე ახლოს ჩამოდის და საერთოდაც, ვისკის ხდის ყურება გვარიანი საქმეა. უფრო კი, სახდელის შემოვლა, იქაურ უზარმაზარ ქვაბებში ჩაჭყეტვა, სახეში ნაცემი დუღილის სუნი, რაღაც შუალედური ლუდი, უშველებელ ბეღლებში გაფენილი ხორბალი, ქერი, ჭვავი – მარნები, კასრების უგრძესი მწკრივები, ზედ დამაფიქრებელი თარიღებით. კასრების შემკვრელი და შემკეთებელი საამქრო, იქაური ხმაურით. თურმე, გადაგდებული კასრი არ არსებობს: ცარიელი კასრი იშლება და ხელახლა ეწყობა.
ერთი დრო იყო, რომ სქოთურ ნავსადგურებში კასრებით შემოტანილი სხვადასხვა სასმელის მეორად კასრებზე რიგები იდგა. იქაური ტყეები ვისკისთვის სარგო კასრისთვის არ მოიჭრებოდა. იყო ერთი ზოგვა და მოვლა. ამიტომ, საკასრე კულტურა გრანტის სახდელში დიდია. კასრი ხომ მუხისაა. ამერიკულის. იმის, ამის. მუხა ვისკის სახლია. იქა დგება. მაგრამ არის ხერესის კასრიც. ანუ ის კასრი, რომელშიაც ხერესის ღვინო ინახებოდა, და რომელში შენახული ვისკიც კიდევ ცალკე გემოსა და ფერს იღებს. ესეც იმ დროის ამბავია, როცა ვისკის მხდელები ცარიელ კასრებზე ნადირობდნენ და ამ ესპანური ღვინის კასრს განსაკუთრებული მოხდენა შეამჩნიეს ვისკის საბოლოო გემოსთან.
ასეთი ამბებია, ეს ღრმა საქმე ჩანს.
არიან ვისკის ისტორიკოსები, ვისკის ექსპერტები, ვისკის პროფესორები, ვისკის გასინჯვის ოსტატები. დეგუსტაცია რომ ჰქვიან. ეს გასინჯვა გვარიანად რთული საქმეა.
ასე, საქმის უცოდინარ სტუმარ კაცს ჩამომწკრივებულ ჭიქებში გემო მალე ეკარგება.
შენზე მორგებულს კი ამოარჩევ საბოლოოდ, მაგრამ მაინც იმ მიჩვეული ჭიქით და შენებურად გირჩევნია, ვიდრე ფეხიანი ჭიქით და ოც-ოცი გრამი. გგონია, რომ გემოს შენებურად უფრო გრძნობ. თუმცა, ცხადია, იმათ უკეთ იციან, საბოლოოდ კი, შენი აზრი, ასე თუ ისე, მაინც დაემთხვევა ოსტატისას. აზრი კი, ირკვევა, რომ საჭიროა, რადგან, თურმე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავთან დაკავშირებით, გლენფიდიხის მგონი ას ბოთლს დაეწერება, რომ ჩამოსხმა სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.
ჰოდა, თვითონ კი იციან უკეთ, მაგრამ, მოდი, თქვენც აირჩიეთო. 1918-2018.
ოდესღაც ერთმა სქოთმა კაცმა მითხრა, როგორ გგონია, რით ჰგვანან ერთმანეთს ქართველები და სქოთებიო. მგონი, არაფრით-მეთქი. მე მგონი ორი რამითო, თმიანი მკლავები აქვთ და სამუშაო დღეებშიც ახერხებენ, რომ მსუბუქ „პახმელიაზე“ მაინც იყვნენო. მხიარული აზრი იყო.
ახლა იფიქრებ, რომ საერთო, საკუთარი ისტორიის სიყვარული გვაქვს. თუმცა, სხვადასხვანაირი. საქმე კი ისაა, რომ აბა, რა სჯობია სქოთებთან სტუმრობას.
მგონი, ამით ვგავართ ერთმანეთს. ჯერ ერთი სტვირი დასჭექს. მერე ოთხი, მერე თორმეტი. ასი მესტვირე, წინ რომ მოუძღოდა ინგლისელების წინააღმდეგ აჯანყებულ ბონი პრინც ჩარლის და ასეთი ამბები. გარეთ თოვლია, შიგნით კი თბილა. ათბობს ეს ნალოლიავები, სხეულში რაღაცის დამლაგებელი სასმელი. ამ თოვლში რაღაცას კვირტი გამოუღია.
გაძლებსო, ამბობს აქაური და ალბათ იცის. უნახავს. სიცივე, რომელიც ბუნებამ მოიტანა და სითბო, რომელიც კაცმა შექმნა. რაღაც ასეთი, განუმეორებელი სქოთური ხმაურით.
ვისკი მის სამშობლოში უნდა დაილიოს. როგორც ჩვენ ჭურის თავზე, ისე, ეგენი თავიანთი კასრის თავზე. სქოთების ქვეყანა, მაღალი მიწები.
ნანა ექვთიმიშვილი
თვალებს დახუჭავს და სცენებს ხედავს, ზოგჯერ ერთსა და იმავესაც. როცა ეს სცენები ხშირდება, მარტო დარჩენა უნდა, რომ კიდევ ერთხელ წარმოიდგინოს რომელიმე კადრი.
„ამეკვიატება ხოლმე და არ მანებებს თავს. წარმოდგენაში მეორდება და მეორდება. მერე ფორმას იძენს, რაღაცას მიაბამ, მოაბამ… იმას კი არ ფიქრობ, როგორი ფილმი გააკეთო, თითქოს უკვე ფილმს უყურებ, უკვე არსებობს და იქიდან ხედავ რაღაც სცენებს“.
ამ წარმოსახული სცენებით მიდის ფილმამდე ნანა ექვთიმიშვილი – სცენარისტი, რეჟისორი და მწერალი.
მის საწერ მაგიდაზე ბლოკნოტების მთელი პირამიდაა – აკვიატებული სცენებისა და იდეების საცავი. „კომპიუტერში რომ ვიწერ, მერე ვეღარ ვხვდები ხოლმე, რატომ გავაკეთე ეს ჩანაწერი. თითქოს, იქ ჩემსა და წინადადებებს შორის კავშირი იკარგება, ჩემი ხასიათი და ემოცია აღარ მიჰყვება. ხელით ჩანაწერებს კი – ჩავხედავ და ვხვდები, სად ვიყავი ცხოვრების იმ ეტაპზე, რა განწყობა მქონდა“.
ნანას ბოლო ორი ფილმი („გრძელი ნათელი დღეები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“), რომელიც სიმონ გროსთან ერთად გადაიღო, ათობით სხვადასხვა ქვეყნის ეკრანზე ნახა მაყურებელმა. ორივე ფილმმა ბევრი პრიზი და ჯილდო დაიმსახურა. პირველის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა (2013წ.), მეორისა – სანდენსის (2017წ.).
„გრძელი ნათელი დღეები“ საერთაშორისო პრესაში და კინოფესტივალებზე ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებამ FIPRESCI მას ქართული კინემატოგრაფის ხელახლა აღორძინების ნიმუში უწოდა. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ კი პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებაც ამერიკულმა კომპანია „ნეტფლიქსმა“ შეიძინა.
ნანა ექვთიმიშვილმა სკოლა საქართველოში დაამთავრა, უნივერსიტეტშიც აქვე ჩააბარა, მაგრამ არ დაუმთავრებია და გერმანიაში წავიდა, სადაც პოტსდამ- ბაბელსბერგის კინოაკადემიის დრამატურგიისა და სცენარის ფაკულტეტი დაამთავრა.
„რომ დავამთავრე, ჩამოვედი. ოღონდ, თავიდან ამ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ ვყოფილვარ. ისეთი საქართველო დავტოვე, ვერ ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ აქ საკუთარ ადგილს ვიპოვიდი და, მით უმეტეს, თუ ფილმების გაკეთებას შევძლებდი. არადა, კინოსა თუ პროზაში, შენი ქვეყანა, შენი კონტექსტი გჭირდება. რა თქმა უნდა, სხვაგანაც შეიძლება რაღაცების კეთება, მაგრამ თავიდან, სათქმელის გამოხატვის საშუალებების ძებნის პირველ ეტაპზე, ვიფიქრე, რომ საქართველოში უნდა დავრჩენილიყავი“.
ნანას ფილმები სულ ამ შიდა კონტექსტითაა სავსე. უყურებ და შენს თავს, შენს ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებსა და ნათესავებს ხედავ. გგონია, რომ თავის წარმოდგენილ სცენებს სწორედ შენ გარშემო აგროვებდა. სულ პარალელებში ხარ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმები ძალიან ლოკალური, თითქოს მხოლოდ ჩვენთვის მშობლიური სცენებითაა სავსე, ნანას სათქმელს მაინც ყველგან ზუსტად იგებენ – ჰონგ კონგშიც და ოდესაშიც.
„ინდივიდის პროტესტი და საზოგადოებასთან ჭიდილი მაინც ყველგანაა. ამიტომ საკუთარი თავის პერსონაჟებთან იდენტიფიკაციას სხვა ქვეყნებშიც ახდენენ“.
ნანას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი გავლენა იმ საქმეზე, რასაც აკეთებს, უფრო საქართველომ იქონია. „ძალიან მნიშვნელოვანია სად გაიზარდე, სად მოხდა შენი სოციალიზაცია. ბავშვობა გარდამტეხი ეტაპია, ამ დროს შინაგანად ყალიბდები, ემოციური სისტემა, დამოკიდებულებები გიყალიბდება. რა არის ცხოვრება – ალბათ უფრო საქართველოში ვისწავლე, როგორ მოვერიო ცხოვრებას – ალბათ უფრო გერმანიაში“.
ახალგაზრდებს, ვისაც ფილმის გადაღება სურთ, ურჩევს, იცხოვრონ და არსად იჩქარონ. „ალბათ, უნდა დაივიწყონ, რომ ფილმის გაკეთება სურთ და სხვა რამით დაკავდნენ. და მაშინ, როცა სათქმელი თავს მოიყრის, იფიქრონ ფორმაზე. ხანდახან ის უნდა მოჰყვე, რისი მოყოლაც არ გინდა. უნდა გაბედო, იმიტომ რომ ხშირად სწორედ იქ იმალება შენი სათქმელი“.
ბოლო ორ ფილმს შორის ნანას სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“ გამოიცა, რომელმაც ფილმების მსგავსად არაერთი პრიზი დაიმსახურა. წიგნის ავტორი თბილისში არსებული ერთ-ერთი სკოლა-ინტერნატისა და მისი ბინადარი მოზარდების შესახებ მოგვითხრობს. „მსხლების მინდორი“ პირველი ქართული წიგნი იქნება, რომელსაც გერმანული გამომცემლობა „ზურკამპი“ გერმანულ ენაზე გამოსცემს. რომანი უკვე ნათარგმნია და მომავალ წელს დაიბეჭდება.
„ამას წინათ მანქანაში ჯდომისას დავაფიქსირე, როცა მუსიკას ვუსმენდი, რომ რაღაც სცენას ვხედავდი. მივხვდი, რომ უკვე შემდეგი ფილმით ვარ შეპყრობილი“.
მაგრამ მანამდე ნანასგან ახალ რომანს უნდა ველოდოთ – „მსროლელს“ – ტექსტზე სწორედ ახლა მუშაობს.
საერთოდ კი, ნანა ამბობს: „საკუთარი ნაბიჯების, საკუთარი წარსულის რეფლექსია ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს. არასდროს არავის არ უნდა შეადარო საკუთარი თავი და, ალბათ, ესაა ყველაზე დიდი რამ, რაც შენს თავს შეგიძლია გაუკეთო. სხვას კი არა, გუშინდელ შენს თავს შეედარე. ასე გაიზრდები“.