გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზაზა ფაჩულია დევიდ კომა

ვისკი და გამორჩეული ქართველები | დევიდ კომა, ზაზა ფაჩულია

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნას კომპანია GD Alco განსაკუთრებულად აპირებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა დარჩიაშვილის ინიციატივით, ცნობილი ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich 26-წლიანი დაძველების კასრიდან სპეციალურად ჩამოისხმება.

საიუბილეო Glenfiddich უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის წარმოადგენს 1991 წლის კასრის 53.8 პროცენტიან ვისკის, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული.

ამ საიუბილეო ვისკის ეტიკეტი ქართული დროშის ფერებში ექნება.

Glenfiddich-ის სახელი ნოვატორ, არაკონფორმისტ, გაბედულ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი ‒ უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, ცხრა შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთალაოიანი ვისკი შექმნა. ვისკის საიუბილეო ჩამოსხმის რამდენიმე ბოთლი სახელობითი იქნება და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ის გამორჩეული ადამიანები დასაჩუქრდებიან, რომელთაც ქვეყნის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით. ამ ნომერში ქართველ დიზაინერ დევიდ კომასა და კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას წარმოგიდგენთ.

დევიდ კომა

მისი სახელი – დევიდ კომა – ქალის სილუეტის კონტურის სინონიმადაა ქცეული. მოდის საერთაშორისო სცენაზე დიზაინერმა სწორედ ქალის სილუეტის ფორმით შთაგონებული კაბების შექმნით გაითქვა სახელი. გოგონებსა და მათ ტანსაცმელს პატარაობიდან ხატავდა. მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ეს სერიოზულ გატაცებად ექცა. 15 წლისას უკვე საკუთარი ატელიე ჰქონდა და მისი პირველი კოლექციის ჩვენებაც გაიმართა (სანკტ-პეტერბურგი). 2003 წელს ის სანკტ-პეტერბურგიდან ლონდონში გადავიდა და მოდის სამყაროში ცნობილ Central St Martins-ის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში დაიწყო სწავლა. 2009 წელს, მისი სადიპლომო კოლექციის ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და რამდენიმე გრანტიც მოიგო, მათ შორის, ლონდონის ცნობილი სავაჭრო ცენტრის Harrods-ის დაწესებული პრიზი. მისი სახელი გამოჩნდა მედიაში, მისი კაბები ცნობილმა ადამიანებმა მოირგეს და ეს აღიარება საკუთარი ბრენდის – David Koma-ს დაფუძნებით დაგვირგვინდა.

David Koma-ს ფუტურისტული და სკულპტურული კაბები სცენასა თუ წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის თითქმის ყველა იმ ვარსკვლავს სცმია, ვისი სახელიც კი გაგახსენდებათ. პირველებმა მისი კაბები ბიონსემ, რიანამ და ლედი გაგამ მოირგეს, შემდეგ კომას ფანები გახდნენ მადონა, სელენა გომესი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროზიო, სხვები და სხვები.

2013 წელს დევიდ კომამ ოცნება აიხდინა – საკუთარი ბრენდის პარალელურად, 90-იანი წლების ცნობილი ფრანგული ბრენდის, მოდიდან მისი პირველი ბავშვური სიყვარულისა და ოცნების, ტიერი მაგლერის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა. მას შემდეგ მოდას ორ ქალაქში ქმნის – ლონდონსა და პარიზში. შეიძლება სხვას წარმოუდგენლად მოეჩვენოს, მაგრამ თვითონ ეს ყველაფერი ბუნებრივად მიაჩნია.

„მიყვარს ჩემი სამსახური, მიყვარს ჩემი გუნდი და დროის გაყოფა პარიზსა და ლონდონს შორის. ტიერი მაგლერის ნამუშევრებით ვიზრდებოდი, აღფრთოვანებული ვიყავი და ვსწავლობდი მისგან, ასე რომ, ეს საკმაოდ ბუნებრივად ხდება ჩემთვის. ვცდილობ, მაქსიმალურად ვისიამოვნო და ინსტინქტებს მივყვე“.

მისი ესთეტიკა და ხელწერა ორივე ბრენდშია გამოხატული, თუმცა, დაბალანსებულად. Mugler-ის ფრანგულ სახლში დახვედრილ კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს დევიდ კომა თანამედროვე ინტერპრეტაციებით წარმოადგენს და მისი ხელმძღვანელობით ბრენდი წარმატებით დაბრუნდა თანამედროვე მოდის სცენაზე. 

დევიდ კომა ახალ კოლექციებს 60-იანი და 80-იანი წლების მოდელების გავლენით ქმნის. მისი ინსპირაციის წყარო და საყვარელი დიზაინერები ტიერი მაგლერი, პიერ კარდენი, ჯოფრეი ბენე, აზედინ ალაია და ონდრე კურეჟი არიან. კომას ტანსაცმელი ძლიერი, ბედნიერი და წარმატებული ქალებისთვისაა. „ასეთი ქალები მთელ მსოფლიოში არსებობენ. უბრალოდ, მათ თვალებში ციმციმი უნდა შეამჩნიო“.

მისი ესთეტიკა ორივე ბრენდში რთული, მკვეთრი და მინიმალისტურია. „ის, რაც მე მომწონს, თამამ გრაფიკულ განცხადებებთან და სამუდამო ხარისხთან შერეული მინიმალიზმია. ეს არის ჩემი დნმ“.

დევიდ კომა დღემდე მხოლოდ ქალებისთვის ქმნის. „ქალის სხეულით შეპყრობილი ვარ. როცა მონახაზს ვაკეთებ, ყოველთვის ტანის გარშემო ვმუშაობ, რომ ქალური ფორმების ბუნებრივი სილამაზე კიდევ უფრო დავხვეწო. მამაკაცის ტანსაცმელი აქამდე არ მაინტერესებდა. მაგრამ, არასოდეს იცი...“

ზაზა ფაჩულია

ეს ადამიანი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის, NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველებიდან მისი სახელი, ალბათ, ყველაზე მეტჯერ მოხვედრილა სოციალურ ქსელში. #NBAVOTE ZAZA PACHULIA ის ჰაშთაგია, რომლის გარშემოც ერი და ბერი ერთად დადგა და მაქსიმალურად ეცადა, ეროვნული ნაკრების საყვარელი კაპიტანი „ოლ სთარის“ შემადგენლობაში მოეხვედრებინა. ქართველების ამ უპრეცედენტო მხარდაჭერამ მსოფლიო მედიის ყურადღებაც კი მიიქცია.

2.11 მ სიმაღლის, 34 წლის ზაზა ჯერჯერობით „ოლ სტარში“ კი ვერ მოხვდა, მაგრამ უკვე 15 წელია NBA-ში თამაშობს. აშშ-ის საკალათბურთო ლიგაში 1000-ზე მეტი მატჩი ითამაშა, 4 გუნდიც მოიარა („ორლანდო მეჯიქი“, „მილოუკი ბაქსი“, „ატლანტა ჰაუქსი“ და „დალას მავერიკსი“) და მეორე წელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ცენტრია 27 ნომრით. სწორედ ამ გუნდთან ერთად მოიპოვა ზაზამ ჩემპიონის ტიტული.

„მთავარია, შენი თავის გჯეროდეს და იარო იმ მიზნისკენ, რომელიც დაისახე. რაც არ უნდა მოხდეს, არ დაკარგო შენი თავის რწმენა“.

ალბათ, ზუსტად ამ ყველაფერმა ერთად შეაძლებინა საბჭოთა კავშირში დაბადებულ და ბნელი და მძიმე 90-იანების თბილისში გაზრდილ ადამიანს, აშშ-დან ჩემპიონის თასი და ბრილიანტის ბეჭედი ჩამოეტანა თავის ქვეყანაში.

კალათბურთში დედის დამსახურებით მოხვდა. სპორტის სახეობის შერჩევისას „ოჯახურ ბრძოლაში“ დედამ გაიმარჯვა და გადაწყდა, რომ ზაზას კალათბურთში უნდა ევარჯიშა.

„კალათბურთზე რომ მივედი, ჩემს სამყაროში აღმოვჩნდი“.

ვარჯიშობდა იმ ერთადერთი წყვილი ბოტასით, რომელიც ეცვა ყველგან – სკოლაში, დაბადების დღეზე, დარბაზში. დარბაზის უსწორმასწორო მოედანზე ბურთი თავის ნებაზე დახტუნავდა, ზამთარში ვარჯიში სიცივის გამო ქუდითა და ხელთათმანებით უწევდათ.

ჯერ კიდევ 13 წლის იყო, მისმა სიმაღლემ 2 მეტრს რომ გადააჭარბა. ზაზას ფიზიკური მონაცემები და მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 1998 წელს თურქული კლუბის „ულქერსპორის“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში მიიწვიეს. ტესტირება სკოლის ეზოშივე გაიარა.

ზაზა თურქეთში მამასთან – დავით ფაჩულიასთან ერთად გადავიდა. მამა მის გვერდით იყო და მოზარდ კალათბურთელს ყველანაირად ეხმარებოდა ოცნების ახდენაში. ოცნება, რა თქმა უნდა, NBA-ში მოხვედრა იყო. სამწუხაროდ, დავით ფაჩულია რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და ზაზას NBA-სკენ გზის გაგრძელება მის გარეშე მოუწია.

„მამაჩემმა თურქეთში ჩემთან ერთად გაიზიარა ოცნება NBA-ზე. ყველაფერი, რასაც დღეს მივაღწიე, რა გზაც გავიარე, სწორედ მისთვისაა“.

ზაზა მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს აშშ-ში და მის თამაშებსა და ვარჯიშებს უკვე მისი შვილები ესწრებიან.

ზაზა ფაჩულიამ 17 წელი ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. იყო კაპიტანი #7.

„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთი – როგორ გაზრდი ბავშვს, როგორ შეაყვარებ ამ სპორტს. კალათბურთი არ არის მარტო ფარში სროლა და ჩაგდება. ყველაზე ცუდი მეთოდია, ბავშვს ასწავლო, თუ ფარში ბურთს ჩააგდებ, მაგარი მოთამაშე იქნებიო. ბევრი სხვა დეტალია საჭირო“.

უკვე სამი წელია, ზაზამ იმ კომპლექსში, სადაც საკალათბურთო კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდა, საკალათბურთო აკადემია გახსნა. იქ ახლა ვარჯიშისთვის ყველა პირობაა შექმნილი – გათბობაცაა, ცხელი წყალიც, ფორმებიც, კარგი მწვრთნელებიც და „მილოუკის“ „ბრედლი სენთერის“ პარკეტიც, რომელიც ზაზამ შეიძინა და თბილისში 267 ნაწილად დაშლილი ჩამოიტანა გემით. აკადემიაში 500-მდე ბავშვი სწავლობს და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, NBA-ს ჩემპიონი ოკეანის გაღმიდან ვირტუალურადაა ჩართული ყოველდღიურ ამბებში.

„Nothing easy“ – ზაზას ფრაზაა და მთელ მის ისტორიასაც და იმ კონკრეტულ თამაშსაც, სადაც ეს ფრაზა პირველად იყვირა, ერთნაირად მიესადაგება.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა