გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ქეთი მელუა

ვისკი და გამორჩეული ქართველები | სულიკო ქადაგიძე, ქეთი მელუა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნას კომპანია GD Alco განსაკუთრებულად აპირებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა დარჩიაშვილის ინიციატივით, ცნობილი ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich 26-წლიანი დაძველების კასრიდან სპეციალურად ჩამოისხმება.

საიუბილეო Glenfiddich უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის წარმოადგენს 1991 წლის კასრის 53.8-პროცენტიან ვისკის, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული. საიუბილეო ვისკის ეტიკეტი ქართული დროშის ფერებში ექნება.

Glenfiddich-ის სახელი ნოვატორ, არაკონფორმისტ, გაბედულ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი ‒ უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, ცხრა შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთალაოიანი ვისკი შექმნა. ვისკის საიუბილეო ჩამოსხმის რამდენიმე ბოთლი სახელობითი იქნება და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ის გამორჩეული ადამიანები დასაჩუქრდებიან, რომელთაც ქვეყნის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით.

ამ ნომერში პირველი ქართული ბიზნესსკოლის დამფუძნებელ სულიკო ქადაგიძესა და მუსიკოს ქეთი მელუას წარმოგიდგენთ.

სულიკო ქადაგიძე

საქართველოში პირველი ბიზნესსკოლის დამფუძნებელი – სულიკო ქადაგიძე იმ ეპოქაში დაიბადა და გაიზარდა, რომელშიც საბაზრო ეკონომიკაზე ლაპარაკიც კი იკრძალებოდა.

ვიდრე ბიზნესსკოლამდე მივიდოდა, საკმაოდ რთული და საინტერესო გზა გაიარა პარტიული დავალებებისა და ქვეტექსტების ლაბირინთებში.

სკოლა მოსკოვში დაიწყო და თბილისში დაასრულა. საბჭოთა კავშირში კიბერნეტიკის პირველი ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ – ასპირანტურა მოსკოვის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მისი კვლევის ინტერესი კოსმოსში ადამიანის ფიზიოლოგია და ქცევები იყო.

დისერტაციის დაცვის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და კიბერნეტიკის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად დაიწყო მუშაობა.

„ერთი წლის შემდეგ ასპირანტურაში ჩემი ხელმძღვანელი, მსოფლიოში ცნობილი ფიზიოლოგი პეტრე ანიოხინი ჩამოვიდა თბილისში. აბა, რას აკეთებდი მთელ წელიწადსო, მკითხა. ფეხბურთისა და კარტის თამაშის გარდა არაფერი მიკეთებია-მეთქი. ჰოდა, მაშინ მოსკოვში წამოდიო. წავედი და მუშაობა მოსკოვის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დავიწყე. ორი წლის შემდეგ თბილისში პირად საქმეებზე ჩამოვედი და მაშინდელ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან, ედუარდ შევარდნაძესთან დამიბარეს. საუბრისას მითხრა, ჩვენ, ვინც პარტიულ აპარატში ვმუშაობთ, უკვე ვხვდებით, რომ მძიმე მდგომარეობაში ვაყენებთ ქვეყანას. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და უნდა მოვძებნოთ გზები, რომ საქართველოს ეკონომიკა როგორმე მოწინავე გახდესო. ჯერ ხმამაღლა ლაპარაკი არ გვინდა, მაგრამ ვინც საჭიროა, იმან იცისო.

გვინდა, მოვამზადოთ ხელმძღვანელები, რომლებიც მზად იქნებიან საბაზრო ეკონომიკისთვის და შენი ამოცანა უმაღლესი განათლების ცენტრის შექმნა იქნებაო.

მართალია, ზუსტად რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, მაგრამ ძალიან დამაინტერესა და დავთანხმდი. გასარკვევად ორი წელი მომცა“.

დათქმულ დროს ცეკას დადგენილებაც მომზადდა, რომლის თანახმადაც საქართველოში სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი დაარსდა და რექტორად სულიკო ქადაგიძე დაინიშნა.

„ეს იყო სახელმწიფო ორგანიზაცია ძალიან დიდი უფლებებით სასწავლო დარგში. მოგვცეს ძალიან კარგი შენობა, ახლა სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროა განთავსებული. მოვამზადეთ სპეციალური კურსები სხვადასხვა დარგში, გვყავდა ძალიან კარგი სპეციალისტები და გვქონდა სრული მხარდაჭერა. კვირაში ერთხელ უნდა დამერეკა და შევარდნაძისთვის ანგარიში ჩამებარებინა. თვეში ერთხელ კი ცეკას პირველი ან მეორე მდივანი მოდიოდა. ვის უნდა ესწავლა, ამას ცენტრალური კომიტეტი არჩევდა. ძალიან კარგი კადრები გავზარდეთ.

ყველაფერი 1985 წელს დამთავრდა. შევარდნაძის მოსკოვში გადასვლიდან ერთ კვირაში მისმა ადგილმონაცვლემ – ჯუმბერ პატიაშვილმა მომხსნა.

მიზეზი ის გახდა, რომ „მონანიების“ რეჟისორს, თენგიზ აბულაძეს დავეხმარე და ფილმი კინოფირიდან ვიდეოკასეტაზე გადავაწერინე“.

სამი თვის განმავლობაში უმუშევრად დარჩენილ სულიკო ქადაგიძეს მსგავსი ინსტიტუტების გასაკეთებლად ალმა-ათასა და მოსკოვში იწვევდნენ, მაგრამ საქართველოდან გასვლა აკრძალული ჰქონდა. მოსკოვიდან მიღებული წერილის შემდეგ კი ისევ დაიბარეს ცეკაში და პატიაშვილმა კერძო უმაღლესი სასწავლებლის შექმნა შესთავაზა „ცეკავშირის“ ბაზაზე.

„ეს საინტერესო სამუშაო იყო და დავთანხმდი. გავაკეთეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტი და პრაქტიკულად პირველი ბიზნესსკოლა ეს იყო საქართველოში – 1986 წელს. მაგრამ ვხედავდით, რომ კვალიფიკაციის ამაღლება საკმარისი არ იყო – გვჭირდებოდა უფრო დაბალი საფეხურიდან დაწყება. ერთხელაც, ფრანგული უნივერსიტეტის, „ESM-საფრანგეთის“ ხელმძღვანელები გვესტუმრნენ და თავიანთ ქსელში ჩართვა შემოგვთავაზეს, დაგვპირდნენ პროგრამებს, მასწავლებლების მომზადებას. ჩვენც დავთანხმდით და ასე შეიქმნა „ESM-თბილისი“.

პირველი ქართული ბიზნესსკოლა „ESM-თბილისი“ 1992 წელს გაიხსნა და პირველ წელს სულ 60 სტუდენტი მიიღო, რომელთაგანაც 4-წლიანი პროგრამა 50-მა დაამთავრა და ყველამ მაშინვე დაიწყო მუშაობა. სკოლაში სწავლის მსურველების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა.

„ESM-ის სახელი სხვადასხვა ქვეყანაში 10-ზე მეტ სასწავლებელს ერქვა და მათ შორის ჩვენი სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა. მივიღეთ გრანტები და თითქმის ყველა მასწავლებელი საზღვარგარეთ მოვამზადეთ. ლექტორებს ჩვენნაირ ხელფასს იმ დროს ვერავინ უხდიდა.

ჩვენთან სწავლა ძალიან რთული იყო, მხოლოდ ერთხელ ჩაჭრის უფლება ჰქონდა სტუდენტს, მაგრამ ამ სტანდარტების შედეგად ჩვენი კურსდამთავრებულები გარანტირებულად პოულობდნენ სამსახურს. ჩვენი ყოფილი სტუდენტები დღევანდელ ქართულ ბიზნესწრეებში მაღალი დონის მენეჯერები არიან. „ESM-თბილისი“ 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაამთავრა“.

2007 წელს სკოლა გაიყიდა და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ შემადგენლობაში შევიდა.

გასულ წელს სულიკო ქადაგიძე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდისა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ქეთი მელუა

11 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი, მილიონზე მეტი კონცერტის ბილეთი, 56 პლატინის ჯილდო – ეს თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ქართველის, ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ქეთი მელუას ციფრებია.  

მის უნიკალურ ხმას და ემოციურ მუსიკას სიმშვიდე, სითბო, სიყვარული და მელანქოლია მოჰყვება. ქეთი უამრავი ადამიანის, მათ შორის, ბრიტანეთის დედოფლის ფავორიტია და მისი მუსიკა სხვადასხვა ქვეყნის ჩარტების ლიდერი არაერთხელ გამხდარა. 

ქეთი ქუთაისში დაიბადა 1984 წელს. 9 წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა საქართველო დატოვა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გადავიდა, მოგვიანებით კი – ლონდონში. ჯერ ისტორიკოსობას ან პოლიტიკოსობას აპირებდა, მაგრამ ეს სურვილები 15 წლისას შეეცვალა. ერთ-ერთ ბრიტანულ არხზე ტალანტების მუსიკალურ კონკურს Stars Up Their Noise-ში მიიღო მონაწილეობა და ბედფინგერის „Without you“-თი გაიმარჯვა კიდეც.  

სიმღერების წერა საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში (BRIT School for the Performing Arts) სწავლისას დაიწყო და თავისი მომავალი მენეჯერი და პროდიუსერი მაიკ ბატიც მაშინ გაიცნო. 

ბატმა ქეთის გარდაცვლილი კერპის ევა ქესიდისადმი მიძღვნილი სიმღერა „Faraway Voice“ მოისმინა და მათი თანამშრომლობაც ამით დაიწყო ლონდონის პატარა სტუდია „Dramatico“-ში.  

ქეთი მელუას პირველი ალბომი „Call Off The Search“ 2003 წელს გამოვიდა, ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა და 1.8 მილიონი ასლი გაიყიდა. 

შემდეგ იყო ალბომი „Peace by Peace“, რომელიც მაშინვე გაყიდვების ლიდერად იქცა მთელი ევროპის მასშტაბით (3.5 მილიონი ასლი).  რადიოსადგურებში შოკში ვარდებოდნენ, როცა ქეთი გიტარით ხელში მიადგებოდა და „გნებავთ, გიმღეროთ?“ – ჰკითხავდა. მისი ყველა ჩანაწერი ცოცხალი შესრულებით იწერება. 

მესამე სტუდიური ალბომი „Pictures“ 2007 წლის ოქტომბერში გამოვიდა და სამ თვეში გაყიდვების ერთ-ერთ ლიდერად იქცა. შემდეგ ქეთი მელუამ კიდევ 4 სტუდიური ალბომი გამოსცა – „The House“ (2010), „Secret Symphony“ (2012), „Ketevan“ (2013) და „In Winter“ (2016). 

ქეთის სახელი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა ყველაზე „ღრმა კონცერტის“ ჩატარებისთვის – მელუამ და მისმა ჯგუფმა ნორვეგიაში, ბერგენის სანაპიროზე ზღვის დონეზე 303 მეტრით ქვევით, ნავთობის საბადოში ნახევარსაათიანი კონცერტი გამართეს.  

ამსტერდამელმა სელექციონერებმა ქეთის სახელობის ტიტაც გამოიყვანეს – ვარდისფერი „Tulipa Katie Melua“. 

მომღერალი მანქანათმშენებლობის გიგანტის „ოპელის“ სახეც გახდა. ქეთიმ ორჯერ იმღერა დედოფალ ელისაბედ მეორისთვის.

სცენაზე თუ ინტერვიუებში ქეთი მელუა ხშირად იმეორებს სიტყვებს: „მე ქართველი ვარ… მენატრება საქართველო… მეამაყება ჩემი ეროვნება, გენი, კულტურა და ჯიში…“ ამბობს, რომ ქართული ცნობიერება არ დაუკარგავს და ყველაზე მეტად იმას ნანობს, რომ ქართული კარგად არ იცის. ლაპარაკობს, მაგრამ კითხვა და წერა უჭირს. ვერც სიმღერებს წერს მშობლიურ ენაზე.

თუმცა, მომღერლის ბოლო ალბომი „In Winter“ საქართველოსთან საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული. „Spotify-ზე გორის ქალთა კამერულ გუნდს მოვუსმინე და მათ ჩემი გონება ააფეთქეს. დავჰიპნოზდი მათი ტონითა და ბგერების მრავალფეროვნებით. სიზუსტემ და ძალამ მომხიბლა. და ვიგრძენი, რომ უნდა შექმნილიყო ალბომი ზამთრის შესახებ, რომელიც იმავეს გადმოსცემდა, რასაც მე სინატრას, ჯონი ქეშის და პეტსი ქლაინის მოსმენისას ვგრძნობდი – სითბოს, ნოსტალგიას, კომფორტს“, – ამბობს ქეთი Independent-თან მიცემულ ინტერვიუში. 

მუსიკოსი გორში ჩამოვიდა, კულტურის ცენტრში პატარა სტუდია მოაწყო და ალბომი „In Winter“ გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ჩაწერა. შემდეგ ზამთრის ტურნეშიც მათთან ერთად გამართა კონცერტები. 

ქეთის შემდგომი ტურნე კვლავ ევროპაშია – ოქტომბერში დაიწყება და დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა