გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვისკი

ვისკი და გამორჩეული ქართველები | ნინო სურგულაძე, გიორგი კალანდია

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნას კომპანია GD Alco განსაკუთრებულად აპირებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა დარჩიაშვილის ინიციატივით, ცნობილი ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich 26-წლიანი დაძველების კასრიდან სპეციალურად ჩამოისხმება. 

საიუბილეო Glenfiddich უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის წარმოადგენს 1991 წლის კასრის 53.8-პროცენტიან ვისკის, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული.

ამ საიუბილეო ვისკის ეტიკეტი ქართული დროშის ფერებში ექნება.

Glenfiddich-ის სახელი ნოვატორ, არაკონფორმისტ, გაბედულ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი ‒ უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, ცხრა შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთალაოიანი ვისკი შექმნა. ვისკის საიუბილეო ჩამოსხმის რამდენიმე ბოთლი სახელობითი იქნება და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ის გამორჩეული ადამიანები დასაჩუქრდებიან, რომელთაც ქვეყნის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით.

ამ ნომერში ცნობილ ქართველ მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძესა და ისტორიკოს გიორგი კალანდიას წარმოგიდგენთ.

ნინო სურგულაძე

9 წლის იყო, როცა ნინო სურგულაძე ეკრანზე გამოჩნდა და მთელმა საქართველომ გაიცნო ფილმით – „მეტიჩარა“. შემდეგ საესტრადო მუსიკაზე გადაერთო და უკვე 15 წელზე მეტია, მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც ცნობილ მეცო-სოპრანოს.

„ბავშვობაში საერთოდ არ მიფიქრია, რომ ოპერის მომღერალი გავხდებოდი. ყველაფერზე ვფიქრობდი – ექიმობაზე, მსახიობობაზე, მომღერლობაზე, მაგრამ ოპერაზე არ მიფიქრია. ალბათ, ეს გარკვეულწილად ჩემმა მშობლებმაც განაპირობეს, პატარაობიდანვე შემაყვარეს ოპერა. შემდეგ კონსერვატორიაში სწავლისას არაჩვეულებრივ პედაგოგს შევხვდი – გულიკო კარიაულს, რომელიც დღემდე ჩემი პედაგოგია და მისი დამსახურებაცაა ჩემი არჩევანი. ყველაფერი კი ვენიასის საერთაშორისო კონკურსში (2001 წელი, ბარსელონა) გამარჯვების შემდეგ დაიწყო“.

ამას მოჰყვა „ლა სკალას“ თეატრის აკადემიაში სტაჟირება და 2002 წელს ნინო სურგულაძემ ამავე თეატრის სცენაზე იმღერა. მისი შესრულებული კარმენი, დალილა, ამნერისი თუ სხვა პერსონაჟები მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ საოპერო სცენას უნახავს – ტოკიოდან დაწყებული, ნიუ-იორკით დასრულებული. ნინო გასულ წელს კიდევ ერთი ახალი ქვეყნის – ახალი ზელანდიის სცენაზეც აღმოაჩინეს.

სიყვარული, კავშირი და მოგონებები თითქმის ყველა შესრულებულ როლთან აქვს, ამიტომ რომელიმე პარტიას, როგორც განსაკუთრებით ძვირფასს, საკუთარი რეპერტუარიდან ვერ გამოარჩევს. თუმცა, ბევრი ადამიანი მასში მაინც უფრო კარმენს ხედავს.

„და ასე განწყობილ ადამიანებს ვეთანხმები კიდეც, იმიტომ რომ კარმენი ძალიან მომწონს. მას აქვს ყველა სრულყოფილება თუ არასრულყოფილება, რაც ქალს ამშვენიერებს. ისეთი რეალური და გულწრფელია, არასოდეს იტყუება, არც თავის თავთან და არც სხვასთან. ძალიან ძლიერი და თან ძალიან დაუცველია. რამდენჯერაც ამ როლს ვმღერი, მის შესახებ ახალ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე, ისევე, როგორც საკუთარ თავში“, – ამბობს ნინო ახალი ზელანდიის ერთ-ერთი მედიაგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რაც საოპერო სცენაზე დადგა, კარმენი ძალიან ბევრჯერ უმღერია. მაგრამ პირველად შესრულებული როლისგან დღევანდელი ძალიან განსხვავდება.

„შევიმუშავე მისი ხმა, ლექსიკა, მუსიკალური ხაზები. თუ რამე ხმამაღალი და აგრესიული იყო, ახლა შეიძლება უფრო ხმადაბლა ვიმღერო. მგონია, რომ რაც უფრო ხმადაბალი ხარ, მით მეტი ადამიანი ცდილობს, მოგისმინოს…

კარმენთან ახლა მიმაქვს ტკივილი და სიხარული, ყველაფერი, რაც აქამდე მინახავს, გამიგონია, მიგრძვნია. სცენაზე გამომაქვს ჩემი ცხოვრების გამოცდილებები და ასევე ყველა იმ ქალის, რომლებსაც შევხვედრივარ“.

არსებობენ პერსონაჟები, რომელთა როლშიც ნინო სურგულაძეს ვერასოდეს ვნახავთ. მაგალითად, როზინას „სევილიელი დალაქიდან“.

„არ ვიცი, რატომ არ მიყვარს ეს პერსონაჟი. არის რაღაც პარტიები, რომლებიც მიმაჩნია, რომ არ არის ჩემი. იმიტომ კი არა, რომ ვოკალური მონაცემები გიშლის ხელს, უბრალოდ, შენს ხასიათსა და შენს რაღაცებს ეწინააღმდეგება. მით უმეტეს, თუ გაქვს იმის ფუფუნება, რომ შეგიძლია აირჩიო. ვფიქრობ, არ უნდა აკეთო ის, რაც არ გინდა, განსაკუთრებით, სცენაზე“.

განსაკუთრებით საყვარელი სცენა ნინოს არ აქვს.

„ყველაფერი ხომ ემოციებთანაა დაკავშირებული. უნდა გიყვარდეს ის ქალაქი, სადაც ეს თეატრია, თეატრის თანამშრომლები და მათი მუშაობის სტილი უნდა მოგწონდეს. ეს ყველაფერი გამახსოვრდება და გიჩნდება სურვილი, უკან დაბრუნდე. რა თქმა უნდა, იმათაც უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი, რომ მიგიწვიონ. ასევე მნიშვნელოვანია, მაყურებლისგან როგორი ენერგია მოდის.

ყოველთვის განსაკუთრებულია და განსაკუთრებულ ღელვასთანაა დაკავშირებული ჩემთვის საქართველოში გამოსვლა. ეს არ ჰგავს სხვა ქვეყნების სცენებს“.

„ნატვრის ხე“ – ასე ჰქვია ნინო სურგულაძის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდს, რომელიც ქართველ ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობაში ეხმარება.

საუკეთესო მეცო-სოპრანო, „ოპერის ოსკარი“, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ჯილდოების, პრემიებისა თუ პრიზების, რომლებიც მსოფლიოში ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს მიუღია.

გიორგი კალანდია

გიორგი კალანდიამ პროფესიად ისტორიკოსობა რომ აირჩია, დადიანების ზუგდიდის სასახლის დამსახურებაა. ბავშვობაში მშობლების სახლში ჩასული ხშირად სტუმრობდა სამეგრელოს მთავართა სასახლეს და დარწმუნებული იყო, რომ ამაზე დიდი სასახლე არსად არსებობდა.

„14-15 წლის ვიქნებოდი, ჩემთვის აღმოვაჩინე ერთი უცნაური სამყარო, რომელსაც ერქვა ზუგდიდის დადიანების სასახლე. კარგად მახსოვს, მაშინ დედოფლისეული სასახლის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნიკო დადიანის სასახლე იყო გახსნილი. დედაჩემმა რომ მიმიყვანა შენობასთან, დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიოში ამაზე დიდი სასახლე არ არსებობდა. ამ უნიკალურმა არქიტექტურამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გადავწყვიტე, მოდი, გავხდები ისტორიკოსი და ისტორიით დავინტერესდები-მეთქი“.

უნივერსიტეტში მისი მასწავლებელი მარიამ ლორთქიფანიძე იყო და სწორედ მისი ლექციების შემდეგ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ისტორიას უნდა ჩაღრმავებოდა.

გიორგი კალანდიამ დოკუმენტური ფილმებით გვაჩვენა და გაგვაცნო, როგორია ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, როგორ ცხოვრობენ „ჩვენებურები“, მოიარა ეგვიპტე, ბალკანეთის ნახევარკუნძული, ინდოეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, პორტუგალია, იერუსალიმი, ირლანდია, ამ ექსპედიციებში ყველგან ქართველთა კვალს ეძებდა, პოულობდა და მერე ჩვენ გვაჩვენებდა.

„როცა საქართველოში ვარ, სულ ვცდილობ, სამეგრელოს ისტორია ან სამეგრელოსთან დაკავშირებული მოვლენები დაწვრილებით შევისწავლო. მაგრამ როგორც კი საქართველოს ფარგლებს ვცდები, მაშინ უკვე საქართველო მაინტერესებს და ქართველთა კვალს ვეძებ სხვადასხვა ქვეყანაში.

სულ ბოლოს რამაც ძალიან გამიტაცა, ევროპელთა დამოკიდებულება და ევროპელთა ცნობებია საქართველოს შესახებ.

ახლახან გამოვეცი წიგნი „ერეკლე მეფე ბრიტანულ პრესაში“. ჩემდა გასაოცრად, მე-18 საუკუნის პრესა ბევრს წერდა ერეკლე მეფეზე.

ასევე მივაკვლიე ელისაბედ პირველისა და ჰენრი მერვე ტიუდორის წერილებში საქართველოს საკითხის განხილვის პრეცედენტებს და აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეების ინგლისშიც ბევრი ცნობაა საქართველოს შესახებ“.

ბავშვობის ინტერესის ობიექტი მოგვიანებით უკვე მეცნიერულადაც შეისწავლა – გიორგი კალანდიას სამეცნიერო მონოგრაფია დადიანების სასახლეების არქიტექტურულ ანსამბლებს (ზუგდიდი, გორდი, სალხინო) ეძღვნება. მონოგრაფიაში სასახლეების მშენებლობის ისტორია, სამეგრელოს მთავართა სასახლის კარის წყობა და ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის დაარსების პერიპეტიებია გამოკვლეული.

100 წლის წინანდელ ამბებზე, როცა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, გიორგი ლაპარაკობს, როგორც საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.

 „ჩემთვისაც კი აღმოჩენა იყო, რომ ყველა დიდი მიღწევა, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ საბჭოთა ეპოქამ მოიტანა, სინამდვილეში მოიტანა დამოუკიდებელმა საქართველომ. მაგალითად, ქართულ სცენაზე სანდრო ახმეტელი პირველად 1919 წელს გამოვიდა და ქართული სცენის რეფორმა დაიწყო.

„აბესალომ და ეთერი“, პირველი ცნობილი ქართული ოპერა, სწორედ 1919 წელს დადგა ზაქარია ფალიაშვილმა. დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზეც“ ამ პერიოდისაა. ქართული კინემატოგრაფის პირველი ნიმუშებიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩნდება.

ვერიკო ანჯაფარიძე რომ სცენაზე 1918 წელს გამოჩნდა, ესეც აღმოჩენა იყო ჩემთვის. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ დროს მწერლობაში.

ამ ყველაფერმა მიმახვედრა მთავარ რაღაცას: ხომ ვიცით, რომ ნაყოფი მხოლოდ მაშინაა გემრიელი, თუ მას მზე კარგად ანათებს, შენი ხელოვნება და კულტურაც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ თავისუფალი ხარ. და ეს ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაც ამის ძალიან კარგი დასტურია, როდესაც ჩვენი ხელოვნება ყველაზე უფრო გაიფურჩქნა“.

გიორგი იმ შეცდომასაც ეხება, რაც დამოუკიდებლობის წლების ისტორიაზე საუბრისას ხშირად იპარება:

„დღემდე ასე ვახსენებთ, რომ მაშინდელი მთავრობა „გაიქცა“. სინამდვილეში კი ფაქტები ასეთია: მთავრობის რვა მინისტრიდან საქართველოში დარჩა ხუთი. პარლამენტის 139 მოქმედი წევრიდან საქართველოში დარჩა 108, აქედან 100 დახვრიტეს ან მოკლეს, გადაასახლეს, ან მათი ბედი გაურკვეველია. თავდაცვის სამივე მინისტრი დარჩა და სამივე მოკლეს. ანუ მაშინდელი მთავრობის პასუხისმგებელი პირების 80 პროცენტი საქართველოში დარჩა და წავიდა, ასე ვთქვათ, მხოლოდ ის ბირთვი, რომელსაც ქვეყნის გარეთ უნდა ემოქმედა და გაეგრძელებინა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის – საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ფორმულირება, რომ „გაიქცნენ“, ამ ამბავს უნდა მოშორდეს“.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა