ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

დამოუკიდებლობის გრძნობითი მეხსიერება

ძველი რადიოები გახსოვთ? და ამ რადიოთი მოსმენილი რადიოსპექტაკლები. ძილისპირულიც. ეს რადიო ჩემთან, სამზარეულოში კედელზე ეკიდა. მე ქვემოთ ვიჯექი და ვუსმენდი. მსახიობებს ბებიაჩემი ხმაზე ცნობდა. მახსოვს, ასე მოსმენილ სპექტაკლებს განსაკუთრებული ხიბლი და სიმყუდროვე ახლდა. როცა არ ხედავ ადამიანს და მარტო მის ხმას უსმენ, შეიძლება, ძალიან ბევრი რამე დაინახო. ბავშვობის მერე რადიოსპექტაკლი აღარსად მომისმენია. და საერთოდაც, მეგონა, რომ რადიოსპექტაკლი, როგორც ჟანრი, რადიოების კომერციალიზაციის და სულ სხვა აუდიო-ტრენდების დამკვიდრების შემდეგ, აღარც არსებობდა. მაგრამ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, როცა სოციალურ ქსელში, "აქ, ახლას" ახალ პოსტს წავაწყდი, დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი. არსებობს გუნდი, რომელმაც სამუშაოდეს ფორმატი აირჩია. "პირველი აქტი" მხატვრული აუდიოდადგმაა. 42-წუთიანი სპექტაკლი ნაცნობი ხმით იწყება:

"ბატონებო, მთელი საქართველო დღესასწაულობს საქართველოს სახელმწიფოს აღდგენას და საერთაშორისო ოჯახში სრულუფლებიანად შესვლას" , - ეს მერაბ ნინიძის ხმაა, რომელმაც სპექტაკლზე ონლაინ იმუშავა. ისევე როგორც დანარჩენმა ორმა მსახიობმა -კახა კინწურაშვილმა და ნინო კასრაძემ.

;რადიო ჩემი საყვარელი ფორმატია. ამ სიყვარულმა განსაზღვრა პირველი იმპულსი, რაც პროექტის შესახებ გამიჩნდა,  როდესაც ჩემმა მეგობარმა, მაშო სამადაშვილმა თბილისიდან დამირეკა და პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა, - ამბობს მერაბი, რომელიც სწორედ ამ პირველ იმპულსს მიჰყვა: "რეჟისორმა საინტერესო სტრუქტურა შემოგვთავაზა და მუშაობა იყო არაჩვეულებრივად აზარტული და შთამაგონებელი. ეს იყო ერთგვარი გამოცდილებების და შთაბეჭდილებების გაცვლა თაობებს შორის".

როგორც თიბისის ბრენდის ანალიტიკის ლიდერი, ალექსანდრე მაყაშვილი მიყვება, ფორმატის არჩევსას ჯერ პოდკასტზე ფიქრობდნენ, შემდეგ გადაწყდა, რომ მხატვრული რადიოდადგმა ყოფილიყო, რომელიც ახალ თაობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ახლებურად მოუყვებოდა. შემოქმედებითი ჯგუფი ასე დააკომპლექტეს: რეჟისორები მიშა ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე. მსახიობები: ნინო კასრაძე, მერაბ ნინიძე და კახა კინწურაშვილი.

ალექსანდრე მაყაშვილი - "გუნდს აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა, თემა ერთი მხრივ, ადამიანების პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, მეორე მხრივ კი უზარმაზარი საარქივო მასალის დამუშავებით გაშალეს და შესაბამის შემოქმედებით ფორმატებში თარგმნეს".

ტექსტში გამოიყენეს დოკუმენტური მასალა ძველი გაზეთებიდან და ლიტერატურიდან, რისთვისაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიდან მიღებული საარქივო მასალა გადაამუშავეს.

აუდიოსპექტაკლში სამი ხმა ისტორიულ ფაქტებზე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დამოუკიდებლობის იდეაზე მსჯელობს.

ნინო კასრაძე: “ეს ისტორია ყველას ტკივილის და ტრამვის ნაწილია. დამოუკიდებლობის დაკარგვას შეიძლება განიცდიდე როგორც მაშინ, ასევე ახლა. მე მაგალითად, 2008 წელში განვიცადე ეს. კახა კინწურაშვილმა სხვა დროს - აფხაზეთის ომის მერე... ყველას თავისი მომენტი აქვს დამოუკდებლობის დაკარგვის, მისი ხელახლა აღმოჩენისა და მოპოვების”.

ალბათ, ამ პირადი პერსპექტივის გამოც, სპექტაკლის მოსმენა საერთო მეხსიერებაში შებიჯებას ჰგავს. თითოეული ამბავი, რომელსაც სამი მსახიობი ჰყვება, ძალიან ახლობელია და მსმენელშიც მის პირად, უნიკალურ მახსოვრობას აცოცხლებს - “მის პირად ამბავს”. რაც მთავარია, ეს პირადი ზოგადდება და გამოდის, რომ მსმენელი მსახიობების მეხსიერებაში დააბიჯებს და მაგალითად თან მიჰყვება კახა კინწურაშვილს სოხუმის ნაპირთან მდგარ გემზე, როცა ზღვაში ძაღლი მარტო რჩება.

მიშა ჩარკვიანი: "მთელი სპექტაკლი 3 კვირაში გავაკეთეთ და, შეიძლება ითქვას, რომ თანაავტორები ვართ ყველა. არც მიცდია, რომ ისტორიული რეკონსტრუქცია შეგვექმნა, ან სწორი ან პოპულარული აზრებით გველაპარაკა დამოუკიდებლობაზე. უფრო ის იყო მნიშვნელოვანი, გადმოგვეცა, ჩვენ რას ვფიქრობთ და ვგრძნობთ. ამის საშუალება მივეცით როგორც დადგმას, ასევე მსახიობებს”.

რეჟისორებმა ჩაიფიქრეს, სუბიექტური გამოცდილებებისა და ობიექტურად მომხდარი მოვლენების სინთეზით დაკვირვებოდნენ ახალ, სპეციალურად ამ დადგმის სამზადისში შექმნილ მეხსიერებას, რომელიც „დამოუკიდებლობის გრძნობითი მეხსიერებაა“. სამუშაო სათაურიც თავდაპირველად ასეთი ყოფილა.

მიშა ჩარკვიანი:

“მერაბი ცხოვრობს ავსტრიაში, ნინა საფრანგეთში, მე, კახა და დათო - თბილისში. ამიტომ ონლაინ გვიწევდა მუშაობა, რომელიც უმეტესად ჩვენ-ჩვენი გამოცდილებების გაზიარებაზე იდგა. შემდეგ მე და დათო ამ ჩვენი საუბრების შედეგებს ვამუშავებდით, ტექსტად ვაქცევდით და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ვცდილობდით მხატვრული ტექსტი შეგვექმნა".

“გრძნობითი მეხსიერების” გავლენა მსმენელზეც პირველივე წუთებიდან აშკარაა. იმთავითვე ცხადი ხდება, რომ მსახიობები მხოლოდ კი არ კითხულობენ ტექსტს, მხოლოდ კი არ გარკვევენ საქმის არსში, არამედ გიწვევენ გრძნობათა დახურულ საცავში, სადაც მათი განცდილიც ცოცხლდება თქვენს საკუთარ მოგონებებთან ერთად და ამ სინთეზის გამო, ყოველი მოსმენისას, ახალი, უნიკალური შინაარსი იქმნება - ჩვენთან, მსმენელთან ინტერაქციაში.

მსახიობების სათქმელის გადანაწილება და აუდიოდიზაინი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხმები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს და, თითქოს, მსნემენელიც ამ  სივრცეში იმყოფება.

დავით ხორბალაძე:

"ისეთ ინტიმურ გარემოში ხდებოდა ამ ყველაფრის გაზიარება და ისეთ ამბებს ვისმენდი მონაწილეებისგან, რომ ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი იყო. ფინალის ტექტი კი მე თვითონ დავწერე, ჩემს მოგონებებს ბევრი რამე უკავშირდება. ნინო კასრაძის ბოლო მონოლოგიც მთლიანად ჩემს პირად გამოცდილებებზეა აგებული”. ასე რომ, აქ მართლა საერთო მეხსიერება იქმნება, სადაც მოგონებათა ავტორები და ვინაობები წაშლილია.

"ყველაფერი შენი ტანსაცმლის მიღმა სხვისი მიღებული გადაწყვეტილებაა...სადაა დამოუკდებლობა სადაც გარბიხარ თუ სადაც რჩები? დამოუკიდებლობა არის მისი დაშვება - ეს ფრაზები სპექტაკლიდან ერთ მოსმენაზე მამახსოვრდება და, ალბათ, ამიტომაც მალევე ვხვდები, რომ ეს არა დათოს, ან ნინოს ტექტსია, არამედ გვეკუთვნის ყველას, ვინც ერთხელ მაინც დარჩენილა მარტო საკუთარ თავთან და გაუაზრებია დამოუკიდებლობის პასუხისმგებლობა.

ნინო კასრაძე:

მივიღეთ პიესა ჩვენი ტრამვების და ტკივილების გავლით. როგორ შეიძლება ტკივილი გაზომო ან აწონო? მგონია, რომ მხოლოდ ტკივილის გააზრების სიღრმით. როგორ შეიძლება თქვა - ვისი ტკივილი მეტი იყო - ქაქუცა ჩოლოყაშვილის თუ ახლახან გარდაცვლილი დათა პაპასი?

აუდიო-სპექტაკლს „პირველი აქტი“ ქვია, რაც სპექტაკლის პირველ მოქმედებას ნიშნავს. ეს კი გულისხმობს, რომ პროცესი არ დასრულებულა. აქ წერტილი შეგიძლია არც დასვა. შესაბამისად, დამოუკიდებლობის ძიებაც გრძელდება.