გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დარენ არონოვსკის ახალი ფილმი კინოთეატრებში

14 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში დარენ არონოვსკის ახალი ფილმი „დედა“  გამოდის. ფილმის პრემიერა რამდენიმე დღის წინ, ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.

როგორც დასავლური პრესა წერს, ეს ფილმი „ოცნებების რექვიემისა“ და „შავი გედის“ მერე არონოვსკის ყველაზე თამამი და კონტროვერსიული ნამუშევარია.

ფსიქოლოგიური ჰორორი ახლაგზარდა ქალისა და შუა ხნის პოპულარული პოეტი მამაკაცის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ჯენიფერ ლოურენსისა და ხავიერ ბარდემის პერსონაჟები ქალაქგარეთ, მდიდრულ ვიქტორიანული სტილის სახლში ცხოვრობენ და ინტერიერის მოწყობით ირთობენ თავს. თუმცა, მათ მყუდროებას ერთი იდუმალებით მოცული წყვილი არღვევს, რომელიც პოეტის თაყვანისმცემლებად წარადგენენ თავს. რამდენიმე დღით მათთან გადმოსახლების შემდეგ როგორც სახლში, ისე ბარდემი-ლოურენსის წყვილის ურთიერთობაშიც ყველაფერი თავდაყირა დგება. სტუმრები განსაკუთრებული დისკომფორტს  სიმშვიდისა და მყუდროების მოყვარულ დიასახლისს უქმნიან. როგორ დამთავრდება პოეტის არტისტული ეგოს და პირადი ურთიერთობების ჭიდილი და გაუმკლავდებიან თუ არა დაუპატიჟებელ სტუმრებს ცოლ-ქმარი?

“ეს არის ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრში შეფუთული „ღვთაებრივი კომედია“- ასეთი სათაურის სტატიას ქვეყნებს New York Times ფილმის შესახებ. კინოკრიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას არონოვსკისთვის დამახასიათებელ სულისშემხუთველ ატმოსფეროზე ამახვილებენ, რომელიც ერთდროულად დისკომფორტსაც გიქმნის და თან გიზიდავს. ხავიერ ბარდემის და ჯენიფერ ლოურენსის გარდა ფილმში შედარებით უფროსი თაობის კიდევ ორი კინოვარსკვლავი - მიელ ფპაიფერი და ედ ჰარისი თამაშობენ.

დარენ არონოვსკისა და ჯენიფერ ლოურენსისთვის „დედა“ პირად ცხოვრებაში გადამწყვეტი ნამუშევარი აღმოჩნდა. მათ სწორედ ფილმის გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი და მალე თანამშრომლობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. წყვილი პირველად საჯაროდ ერთად ვენეციის კინოფესტივალზე, ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა.

ფილმის ნახვა 14 სექტემბრიდან თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში შეგეძლებათ. თბილისში „დედა“ ამირანში, კავეა ისთ პოინთსა და კავეა თბილისი მოლში გავა.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა