გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დათუნა, 40 წლის | მე ვთამაშობ

თამაში რომ დავიწყე, სკოლაში ვიყავი, მე-9 კლასში. ფილარმონიის სალაროებში იყო პოკერები, ანუ სლოტები. სკოლას ვაცდენდი, სახლში ეგონათ სკოლაში ვიყავი და მე პირდაპირ იქ მივდიოდი. სახლიდან რა ფულსაც მატანდნენ, ვთამაშობდი. რამდენიც იყო, ხუთი ლარი თუ რაღაც კაპიკები. ამ ჩემს ხუთ ლარს ან წავაგებდი, ან მოვიგებდი, მაგას არ ქონდა მნიშვნელობა. იქ ვცხოვრობდი.

ძალიან გამიტაცა, მაინტერესებდა. თუ მე არ ვთამაშობდი, ვუყურებდი სხვა როგორ თამაშობდა. კი, უფულობა იყო და ფულიც მინდოდა მომეგო, მაგრამ უფრო პონტი მევასებოდა. ბირჟაზეც აღარ იდექი, შენი მეგობრებიც იქ მოდიოდნენ. ვიღაცას შეიძლება მოეგო და შენთვისაც ჩაერთო, ხო ხვდები. მთელი ვერა თამაშობდა მანდ. 

ხუთი წლის ბავშვს ან მეხუთე კლასელს არ შეუშვებდნენ და ცოტა უფრო დიდებს უშვებდნენ. არავინ არ ამოწმებდა ასაკს. შემოწმება კი არა, ვინც ხშირად დავდიოდით, ვისაც გვენდობოდნენ, პოსლეზეც გვირთავდნენ, თავნის სახით. ჩაგირთავდნენ და თუ წააგებდი ას დოლარს, ანუ ასი დოლარის ქულებს, თარიღი გქონდა და იმ თარიღზე უნდა მიგეტანა. ხშირად ვთამაშობდი ასე. ჩვენს სამეგობროს კარგად იცნობდნენ. ჩემები სულ ქუჩის ბიჭები, ძველი ბიჭები იყვნენ. მე ეგეთი ტიპი არ ვიყავი, მაგრამ, მეც 24 საათი ქუჩაში ვიდექი. იცოდნენ რომ სახელს არ გავიფუჭებდი და მეც მირთავდნენ. მერე იწყებოდა ძალიან დიდი პრობლემები, იმიტომ რომ აპარატს  ვერ მოუგებ. შანსი არაა. შეიძლება, ათასში ერთხელ მოიგო, მაგრამ ძირითადად ვაგებდით.

და რა დრო იყო, ოთხმოცდაათიანები, 96-97 წელი. ჩემს ოჯახს მაგრად უჭირდა, სერიოზულად უჭირდა. მე რომ ას დოლარს ვაგებდი, ჩემი ოჯახისთვის დიდი ფული იყო. 

პირველად სადღაც ეგრე მოვიგე, ას ოცი ლარი. ყველაზე მაგრად მახსოვს. ხო, ასი დოლარი იყო. წავედი და ბაზრობაზე ვიყიდე ჯინსები. ჩემს დას სათამაშო ვუყიდე, დათვი თუ ვეფხვი. დანარჩენი ფულით წავედი კოლმეურნეობაზე ბაზარში. ყოველთვის მუღამი მქონდა რომ მანდ წავსულიყავი. ვიყიდე პროდუქტები და სახლში მოვედი დაძეძგილი. ჩემებს რაც იშვიათად მოქონდათ, ისეთი პროდუქტები მოვიტანე. ფორთოხალი, ბანანი, ბევრ-ბევრი. მამაჩემს თუ ორი ცალი მოქონდა, მე ვიყიდე კილო და რაღაცა. სახლში მოვედი და ვუთხარი - მოვიგე რა, ეს ფული მოვიგე, აჰა, ეს საჭმელი და ნახე რა მაგარი ჯინსი ვიყიდე. რომ გითხრა, ჩემებს გაუხარდათ-მეთქი, არა. მაგრამ, არც ის უთქვამთ აღარ ითამაშოო. ჩვეულებრივი ამბავი იყო. 

ბევრი არ წამიგია, ვიცოდი დიდი ფული რომ წამეგო, ორასი ან სამასი დოლარი, ვერ გადავიხდიდი. ხელზე ფრთხილად ვთამაშობდი, ცოტას. ვისაც ფულიანი მშობლები ყავდა, იმათაც კი უჭირდათ გადახდა. პატარები ვიყავით, ამდენ ფულს არავის არ აძლევდნენ. თუ წავაგებდით და სისულელეებზე მივდიოდით, მანქანებში ვძვრებოდით, მაგნიტოფონებს ვიპარავდით. წაგებულ ფულს ეგრე ვაბარებდით,  ქუჩიდან, ნაწილს ოჯახიდან ვიღებდით. ჩემებს არ ქონდათ და მე სახლიდან ვერც ვერაფერს ავიღებდი. არ მიტანას არც ვუშვებდით. ჩვენი სამეგობრო ისეთი სამეგობრო ვიყავით, არ მიგვეტანა კი არა, არავის არაფერს არ ვარჩენდით.  რეალურად, შენ რო არც მიგეტანა, შენი ძმაკაცები მიიტანდნენ. შენმა ძმაკაცმა თავანი თუ არ ჩააბარა, მარტო შენი კი არა, ყველას სახელი შეილახებოდა. ჩვენ შეიძლება მაგ დროს ქურდული ფეხებზე გვეკიდა, მაგრამ, ქურდულად, როცა შენი მეგობარი ვერ აბარებს თავანს, შენ უნდა ჩააბარო. 

სკოლაში რომ პრობლემები შემექმნა, ღამის სკოლაში გადავედი. ღამის სკოლას ყველა ამთავრებს. მერე ჩავაბარე. მაშინ ეკონომიკური და იურიდიული იყო მოდაში. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე ჩავაბარე. არ მინდოდა მანდ ჩაბარება. სახლში არ ვმეცადინეობდი, მაგრამ მაინც მარტივად ვითვისებდი. მათემატიკა მიყვარდა და გამომდიოდა. ნახევარი წელი ვიარე და მერე აღარც მივლია. ისევ ქუჩა, ისევ თამაში, ისევ მაზაობა, ეგ იყო ჩემი სტუდენტობა. 

რუსთაველზე იყო კაზინო, მემგონი ფლამინგო ერქვა. არ ვიყავი სრულწლოვანი, მაგრამ მაღალი ვიყავი და მიშვებდნენ. პოკერებში რაღაც ფულს თუ მოვიგებდი, ას-ორას დოლარს, გავრბოდი მერე კაზინოში. პირველად რომ წავედი და რაღაცა ვიყიდე ოჯახისთვის, ეგრე აღარ იყო. თუ ხუთას დოლარს მოვიგებდი, ის ხუთასი დოლარი იყო ორი დღის სათამაშო ფული. ვფიქრობდი, რომ ვსიო, ორი დღე თამაში გარანტირებული მაქვს. მინდოდა, სულ ამ პროცესში ვყოფილიყავი. კაზინოში ან სლოტებში რომ შევიდოდი, თითქოს ფრთები მეხსნებოდა. ხო ხვდები, ჩემ გარემოში ვიყავი, მაგრად მისწორდებოდა მანდ ყოფნა. 

ხოდა, მერე დაიწყო. 

ხელზე წავაგე სამასი დოლარი. რუსთაველის კინო სადაც არის ეხლა, მანდ იყო კროკო, ტოტალიზატორი. ეხლა კინო არის კიდევ? კროკოში ბილეთს წერდი, პასტა - ფურცლით. ფულს წინასწარ დებდი, ჩვეულებრივად. გარეთ სასტავი იდგა, ბიჭები, რვეულები ეჭირათ, ხელზე იღებდნენ მაზებს. სიტყვაზე, იყო თამაში, ბარსელონა-რეალი. ეუბნებოდი, ბარსელონაზე მინდა დადგომა. დავაი, ასი დოლარი რა. თუ გინდა ორასი, თუ გინდა ხუთასი. ვიღაცეები ხუთასიანებს მაზავდნენ, ვიღაცეები ორმოცდაათიანებს. რამხელა ფულის დადებაც გინდოდა, ისეთ ტიპს იპოვნიდი.  მილიონს ვერ დადებდი, მაგრამ ათასი, ორი ათასი რამდენიც გინდა. ფული არ გქონდა, თავანზე თამაშობდი, პოსლეზე. წააგებდი, უნდა მიგეტანა, მოიგებდი, იქით მოგიტანდნენ. 

თავიდან წავაგე სამასი დოლარი. სამასი დოლარი დიდი ფული იყო ჩემთვის. ჯერ ასი დოლარი წავაგე, მერე ამოგდება მინდოდა და გავიმეორე. ამ ასს ას-ასი დაემატა და გახდა სამასი. მანდ გავჩერდი. ბოლო - ბოლო, ბიძაჩემს გამოვართმევ-მეთქი, რაღაცის იმედი მქონდა მაინც. მეტს ვერსად ვერ ვიშოვიდი. ეხლაც მახსოვს, თვრამეტ იანვარს უნდა ჩამებარებინა. ათი დღე მქონდა ვადა. ვწელავდი, მიტყდებოდა ბიძაჩემისთვის თხოვნა…  თვრამეტი იანვრის დილას დავურეკე. მეთქი, დავით, სადა ხარ, საქმე მაქვს. 

ჩემთვის ბიძაჩემი ყველაფერი იყო. მამაჩემი ხელოვანი იყო, თავის სამყაროში ცხოვრობდა. თუ პრობლემა მქონდა, გვერდში ყოველთვის ბიძაჩემი მედგა. 

ვურეკავ და ისეთ ადგილას ვარ, ეხლა არ მცალიაო, მეუბნება. ძაან სერიოზული პრობლემა მაქვს, რომ მოიცლი დამირეკე-მეთქი. რა ხდება, მითხარი ტელეფონშიო. არა, ტელეფონში ვერ გეტყვი, უნდა გნახო, სადაც იქნები, მოვალ-მეთქი. ის ჩემთვის მამასავით იყო და მე იმისთვის შვილივით ვიყავი. პრობლემა რომ გაიგო, ეხლავე მოდიო. ოფისში ვარ შეხვედრაზე და გამოვალო. მივედი. გამოვიდა გაცეცხლებული, გონია რო რაღაც მოხდა. მეც თავჩაღუნული ვარ, ძაან მრცხვენია, მაგრამ ვინუჟდენი უნდა ვუთხრა. დრო იწურება, თავნის ბოლო დღეა. რო იტყოდი რიცხვს, ღამის 12 საათამდე უნდა მიგეტანა. გადააცილებდი და ფუფლო იყავი. კაროჩე რა. პიზდეცი იყო. და მეთქი, ესე, ესე, წავაგე, ორას ორმოცდაათი დოლარი მჭირდება. ორმოცდაათი დოლარი მანამდე ჩემით მოვაგროვე. რამდენი წააგეო? სამასი წავაგე. კაი, კაიო და ეგრევე მომცა. თან ეჩქარებოდა და თან ეტყობა სხვა პრობლემას ელოდა, რამე უფრო სერიოზულს. არაფერი არ უთქვამს, საერთოდ არაფერი. ამოიღო სამასი დოლარი, მომცა და წავიდა. ძაან გამიხარდა, იასნია. მივედი, თავანი ჩავაბარე. ორმოცდაათი დოლარი დამრჩა სათამაშოდ. წავაგე ეს ორმოცდაათი დოლარი და წამოვედი. 

ჩემს თავს ვუთხარი, ეს ბოლოა-მეთქი, ესე არ გამოვა. რა ფულიც მექნება, იმ ფულით ვითამაშებ. ის კი არ ვთქვი, რომ საერთოდ აღარ ვითამაშებ, არა. პოსლეზე თამაში დავასტოპე. 

გადავერთე ფეხბურთებზე, ბილეთების წერაზე. ათ ლარად შეგეძლო ბილეთი დაგეწერა, რამდენიმე გუნდი გადაგება და კაზინოს ფული მოგეგო. ფეხბურთი გამისწორდა. პატარა ფულით, გადაბმებით,  მეტს ვიგებდი. 

გული კაზინოსკენ მიმიწევდა. ტოტალიზატორსაც იმიტომ ვთამაშობდი, რომ კაზინოს ფული მომეგო. მახსოვს, აჭარაში როიალი იდგა. ყველას ვიცნობდი, დავჯდებოდით, შევჭამდით, მოსაწევს მოვწევდით. მარტო სათამაშოდ კი არ მივდიოდი, იქ ვიყავი, მთელ დღეებს იქ ვატარებდი. 

ბიძაჩემს რომ გამოვართვი, ვიკაიფე, რომ ვიღაცეებს შეიძლება ფული თხოვო და მოგცემენ. ან ვალად მოგცემენ, ან ისე. უფროსებს, პატარებს სად ქონდათ. დავიწყე ვიღაცეებისთვის ფულის თხოვნა. ასი დოლარი მასესხე, ორმოცდაათი დოლარი მასესხე. გამიჩნდა ვალები. იქ ნათლიაჩემის, იქ მამაჩემის მეგობრის. რეალნა, ამ ვალებით ვთამაშობდი. ვიგონებდი მიზეზებს - ჯერ გოგოს უნდა შევხვდე, დიდ ფულებზე რომ მიდგა საქმე, გოგო ორსულად არის და უნდა დავეხმარო. თან ისეთი დრო იყო - ვითომ ვიღაც დაიჭირეს, ან მე მიჭერენ, ბევრი სცენის დადგმა შეიძლებოდა. რას არ ვიგონებდით - პოლიციელი სახლში გირეკავს, შენებს ეუბნება რომ ფულია მისატანი და ამ დროს შენი მეგობარია ეს ვითომ პოლიციელი. 

ხუთასი დოლარი თუ მქონდა თავანი ან ვალი და ასი  დოლარი მქონდა მარტო, ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ ეს ასი დოლარი არაფერია, აზრი არა აქვს. იქნებ ამ ასი დოლარით მოვიგო. ეს ფულიც ნასესხები იყო, აბა ხუთას დოლარს ვინ გასესხებდა, დიდი ფული იყო მაშინ. ვთამაშობდი, ვიგებდი ან ვაგებდი, უფრო ვაგებდი, ეგეთ ფულს ძირითადად აგებ. 

სახლში დიდ ხანს ვერ ხვდებოდნენ ჩემს პრობლემას. სახლიდან დილით რომ გავიდოდი, ღამე მოვდიოდი. მოვიდოდი, ჩემ ოთახში შევიდოდი და დავიძინებდი. ვიღვიძებდი, მივდიოდი. დედაჩემი ნერვიულობდა, მირეკავდა, მეკითხებოდა, რატო არ ხარ სახლშიო, ვატყუებდი. სულ ტყუილებში ვიყავი. ტყუილები, ტყუილები, ტყუილები. 

მერე სახლიდან ფულის მოპარვა დავიწყე. მამაჩემმა ნამუშევრები გაყიდა. სამიათას ორასი დოლარი იდო სახლში. თავანი მქონდა ჩასატანი, ექვსასი დოლარი. ას-ასი დოლარით წავაგე ეს სამიათას ორასი  დოლარი აჭარაში. ნეტავ, თავიდანვე ექვსასი გამომეძრო და მიმეტანა. ნელ-ნელა დავცალე - ეხლა მე ამ ასი დოლარით წავალ,  შვიდასზე ავალ, ექვსასს ჩავაბარებ და ასს უკან დავაბრუნებ, ეგეთ ფიქრებში ვიყავი.

მამაჩემი აზრზე არ იყო მე რა ცხოვრებით ვცხოვრობდი. დედაჩემი უფრო ხვდებოდა. მამაჩემისთვის მთავარი სახელოსნო და ხელოვნება იყო. რომ გაეგო სამიათას ორასი  დოლარი წავაგე, მომკლავდა. ბებიაჩემს და დედაჩემს ვუთხარი, მეთქი, ესეთი რაღაც დამემართა. დედაჩემმა და ბებიაჩემმა ისესხეს ეს ფული და დააბრუნეს თავის ადგილზე, ისე რომ მამაჩემს ვერ გაეგო, წარმოიდგინე. ისევ იმ კონვერტში ჩადეს  სადაც იდო. თავანიც, ექვსასი დოლარი, ისესხეს და გადამიხადეს. ყველაფერი დავიფიცე, შენს თავს ვფიცავარ და იმის თავს ვფიცავარ, ეს ბოლოა, სახლში ვიქნები, კაზინოში შემსვლელი არ ვარ. თან შენც გჯერა რომ იფიცები, კი არ ატყუებ. ისეთ პრობლემებში ხარ, ისეთი დარხეული გაქვს მართლა გჯერა, რომ ეხლა თუ გადაგარჩენს დედა, ვსო, აღარ ითამაშებ. ეხლა გადარჩე და თამაშის დედაც მოვტყან რა. 

ეს ფიცი ქაჩავდა სამი თვე, ოთხი თვე, ნახევარი წელი, მეტი არა. 

კაზინოში მაინც დავდიოდი, მეგობრებს დავყვებოდი, მე არ ვთამაშობდი. ჩემ ძმაკაცს სულ ქონდა სათამაშო ფული, მდიდარი მშობლები ყავდა. ჩემი უახლოესი ძმაკაცი იყო. როცა მიდიოდა, მეც მეუბნებოდა ხოლმე. თუ მოიგებდა სიტყვაზე ათას დოლარს, ნახევარს მჩუქნიდა. ერთად ვთამაშობდით, ეგრე გამოდიოდა. სხვისი ფულით ვთამაშობდი, მაგრამ მაინც ვთამაშობდი. ერთი სული მქონდა, რომ ამ ჩემს ძმაკაცს გამოევლო ჩემთვის და კაზინოში წავსულიყავით. 

ამოვარდნილი ვარ ყველაფრიდან. აღარც მეგობარი მაინტერესებს, დაბადების დღეებზე აღარ დავდივარ. სულ ვგულაობდით ადრე, სულ ვსვამდით. ხან სად ვიყავი, ხან სად.  ეს ყველაფერი ჩემთვის დამთავრდა. ჩემთვის კაიფი არის კაზინოში შესვლა და თამაში. თუ ვსვამ, იქ ვსვამ, თუ რაღაცას ვაკეთებ, იქ ვაკეთებ, ან სახლში ვარ. სხვა არაფრის მუღამი არ მაქვს.

ბებიაჩემმა იჩალიჩა და გეპეიში გადამიყვანა დაუსწრებელზე, დიპლომი მაინც ქონდესო. წელიწადში ერთხელ უნდა მივსულიყავი და იქაც არ მივედი. 

მუშაობა ჩემების ხათრით დავიწყე. იგივე განმეორდა,  რაღაც ფული მიშოვეს და თუ ანებებ, ჩვენ დაგეხმარებითო. სტამბა იყო, დიზაინერი ჭირდებოდათ. დიზაინერი ბრჭყალებში, ვინმე, ვინც ფოტოშოპი იცოდა. დავიწყე მუშაობა. სამსახური მევასებოდა, ილუსტრაციებს ვაკეთებდი ფოტოშოპში ჟურნალებისთვის და გაზეთებისთვის. უმარტივესი საქმე. თვეში სამას ლარს მიხდიდნენ. რა იყო სამასი ლარი, შეიძლება ერთ დადებაზე წამეგო. მაგრამ, ჩემებს ვაჩვენებდი თავს რომ ვმუშაობ, გამოვსწორდი. თვის ბოლოც ხო დადგება, ავიღებ ამ ფულს, წავალ და ვითამაშებ. დირექტორიც დამევასა. ჩემზე ვზროსლი იყო, მაგრამ უშუალო და კაი ტიპი. ერთი ორჯერ რესტორანში წავედით, დავლიეთ. პახოდუ, ვამჩნევდი რომ ვიღაც ტიპები ცხოვრობენ კაი ცხოვრებით. მაგალითად, ეს ადამიანი. მომწონდა ამათი ცხოვრება. პირველი ხელფასი რომ ავიღე, ეგრევე წავაგე, იმ დღესვე. თან იმასაც ვფიქრობდი -  რომ არ წამეგო, რაღაცა ფული ხო იყო, ჩემი სიგარეტის ფული, სასიარულო ფული. ის ფული იყო, რისთვისაც თამაში მინდა. 

არავინ არ მყავდა, ვინც რაღაცას მეტყოდა. დამრიგებელი კი არა, დამრიგებელი ცუდი ნათქვამია, მაგალითი არ მყავდა. ადამიანი, ვისაც მივბაძავდი. ცუდი მაგალითები მყავდა, მოთამაშეები, ქუჩის ბიჭები. კი, მომწონდა, მაგრამ ისინიც მომწონდა, ვინც მართლა კაი ტიპები იყვნენ, შრომობდნენ, რაღაცას აღწევდნენ. შრომით იმდენივეს შოულობდნენ, რამდენსაც ქუჩაში გამოძალვით და ჩხუბით იშოვიდი. მე არ ვიყავი გამომძალველი, მე ფულის შოვნა შემეძლო თამაშით. 

ამ სამსახურში ერთი ორი თვე ვიარე და მერე დავიწყე გაცდენა. მერე საერთოდ აღარ მივედი. 

დრო გადიოდა და უფრო და უფრო ირეოდა ყველაფერი. 

მამაჩემმა გაიგო რომ ვთამაშობდი. სახლში სულ ჩხუბები იყო, შეიძლება გაერტყა და გაურტყია კიდეც. პახოდუ, უკვე კაიფიც დავიწყე. სულ პირველად წამალი, სკოლა რომ დავამთავრეთ, მაშინ გავსინჯე. დიდი კამანდა წავედით ბულგარეთში. წინა წელს კამანდა იყო და ყვებოდნენ რომ გერაინია ძაან იაფად, კოდეინი აფთიაქში იყიდება ლარად. ზღვისთვის და გოგოებისთვის და კაი სიტუაციისთვის, საგულაოდ კი არა, იმენა კაიფისთვის წავედი, წამალი რომ გამესინჯა და გავსინჯე კიდეც. ჩამოვედი და ისე რა ვკაიფობდი, პა პრაზნიკამ. კაიფი თამაშთან არის მიბმული. თამაში როცა დამძიმდა, კაიფსაც მოვუხშირე. თამაშს დიდი გრუზი მოაქვს. წამალი გამშვიდებს, ნერვიულობას გილაგებს. სახლში თამაშზეც ვიწვებოდი, კაიფზეც ვიწვებოდი. ხშირად მიწევდა სახლიდან წასვლა.

ბებიაჩემს ქონდა სახლი საბურთალოზე, ორ ოთახიანი. მანდ გადავედი საცხოვრებლად. ბებიაჩემი აღარ იყო ცოცხალი. თან მარტო ვიყავი, თან აჭარასთან ახლოს.

ერთხელაც გავიჭედე. დიდი ფული წავაგე. 

მსოფლიო ჩემპიონატი იყო. წლები ზუსტად არ მახსოვს. წავაგე კაროჩე, ძალიან დიდი ფული. 12 000 დოლარი წავაგე. მაგრამ მოვიგე კიდეც, 5500 დოლარი. შვიდ ნახევარის მინუსში ვიყავი. ხუთ ნახევარი, რაც მოგებული მქონდა, შეიძლება არც მოეტანა არავის. ჩემებმა გაარკვიეს ვის ქონდა მოსატანი. ეს ხუთნახევარი პატიოსნად ჩამაბარეს. მთელი ეგ ფული წაგებული ფულის გადასაფარად წავიდა. დანარჩენი შვიდნახევარი ბიჭებმა მიშოვეს. ჩამიბარეს და თან მაგრად მცემეს. არ ვჩერდებოდი რა. თან ყველას მაგრად უკვირდა, არ ვიყავი ეგ ტიპი. ვიღაცა თუ ისროდა, მე არ ვისროდი. თუ ვიღაცას დაჭრიდნენ, მეც მივდიოდი საჩხუბრად, მაგრამ, მე არ ვიყავი ეგეთი ტიპი. მოკლედ, მაგრად მცემეს. არც გამიტყდა, რომ მირტყავდნენ, იქნებ მიშველოს - მეთქი ვფიქრობდი. სახლში დავბრუნდი. მაშინ მართლა დავანებე თავი. უკვე შიშისგან. რომ ვითამაშო, ძაან დამერხევა. 

ვზივარ სახლში. ერთი მეგობარი მყავდა, სხვა სასტავიდან, ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. ძაან კაი სიტუაცია არისო. მეც მოვინდომე და დავიწყე მონტაჟის სწავლა. ვისწავლე პრემიერი. მივედი იმედში, ნამუშევრები ვაჩვენე და მოეწონათ. ხვალ დაგირეკავთ, ზეგ დაგირეკავთ და არ დარეკეს კაროჩე. ამ დროს ბიძაჩემიც ჩართულია ჩემს ცხოვრებაში, ველოდებით რომ უნდა დარეკონ. არ რეკავენ. რით ვერ დარეკესო და იცი რა, მოდი, ჩემთან წამოდი, რა იმედი, რის იმედი, არ გინდა ეგ მაგათი 300 დოლარიო. ჭკვიანი ბიჭი ხარ, ტვინი გახსნილი გაქვს და დამეხმარეო. 

დავიწყე ბიძაჩემთან მუშაობა. ჩავერთე ბიზნესში, ბიძაჩემს ვეხმარებოდი. გამიჩნდა საკაიფო ფული. თავიდან ხელფასი 800 ლარი მქონდა. საქმე კარგად გამომდიოდა. ცოტა ხანში რაღაც სხვა თემებიც ჩამაბარა და იქიდან მოგების წილს მაძლევდა ბონუსებად. თვეში 300 დოლარი, 400 დოლარი, 1000 დოლარი. უკვე დღეში გამომდიოდა სადღაც 100 დოლარი. მაშინ სუბუთი ვკაიფობდი. კაიფში დღეში სადღაც 30 დოლარი მეხარჯებოდა. რაც მრჩებოდა, იმით ვთამაშობდი.

და აი, სად გამჭედა თამაშმა. დიდი ფული გაიჩითა თუ არა, მეც დიდ შარში გავიჩითე. ბიძაჩემის ფული წავაგე. როგორი ფული იცი, უნდა წავსულიყავი და საქმე გამეკეთებინა. სერიოზული ფული იყო. 30 000 ლარი, რომლის დათრევის ტრაკზეც ზედმეტია ბაზარი. გენდობიან, საღამოს ფულს გაძლევენ ხვალინდელი საქმის გასაკეთებლად. ერთხელ მოგცეს, ორჯერ და ათჯერ. საკაიფოდ უბერავ და მეორე მამა გეუბნება რომ შენ მალე მაგრად იქნები ძაან და ჩემს საქმეს შენ გააგრძელებ. ყველაფერი დალაგებული გაქვს. და უცბად, ბრახ. რავი, მაგ დროს რა გემართება, არ ვიცი. 

პირველად 10 წავაგე. კი ვიყავი 100 და 200 დოლარის წაგებაში, მაგრამ 10 000 ლარს თუ წავაგებდი, ნაღდად არ მეგონა. აი, 10 000 ლარი ხომ მაქვს და მოდი რა, 200 ლარით ვცდი. 10 000 ლარს 200 ლარს რომ აკლებ და ეს ფული ხვალ გაქვს გადასახდელი, საქმეს უკვე აღარ ყოფნის. ჩალიჩობ რომ ეს 200 ლარი ამოიღო და აგებ 10 000-ს. 

მანქანები დავაზალოგეთ მეც და ჩემმა ძმაკაცმაც რომ ეს 10 000 ლარი გადაგვეფარა. 

მერე უკვე იმხელა ფული წავაგე, რომ არანაირი მანქანა აღარ შველიდა. გაგიჟდა ბიძაჩემი. მე თქმა ვერც გავუბედე, ჩემმა მეგობრებმა უთხრეს. მეთქი დამბრიდავს. ისევ საბურთალოზე გადავედი საცხოვრებლად რომ არ შემხვედროდა. მეშინოდა, არ მენახა. თვალებში ჩახედვის მეშინოდა. 

კაზინოს კარს შევაღებდი თუ არა ყველაფერი მავიწყდებოდა. ვალებიც, შეცდომებიც, მიქარვებიც, პრობლემებიც. თამაში მავიწყებდა ყველაფერს.

ყველანაირ ფულს მოვკიდებდი ხელს. არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ვისი ფული იყო, რა ფული იყო. დედაჩემს ბეჭედი არ დავუტოვე, ყველაფერი გავუყიდე. ბიძაჩემი დავკარგე. 

პირველად მაპატია. მაპატია და დედაჩემი და მამაჩემი დაიბარა, ოფისში მივედით. იმდენად კარგი კადრი არის, მკიდია ეგ ფულიო. თან, მარტო ხო არ ვარ, ჩემი პარტნიორებიც არიან, იმათაც კიდიათ, გვჭირდებაო. ფულსაც აღარ ვანდობ, ტიპს ავიყვან, ამასთან ერთად ივლის და იმას ედება ფული და საქმეს ეს გააკეთებსო. მართლა ხოდიანი ტიპი ვიყავი. არ მეზარებოდა ფოთში სიარული მანქანით, თან მანქანაც ხო მაჩუქა. კაიფში ნაგლიც ვიყავი და ყველანაირ საქმეს ვაგვარებდი. მაშინ მაგარი კორუფცია იყო. სხვებს რომ უჯდებოდათ საქმის მოგვარება 300 თუ 400 დოლარი, მე ისე დავუმეგობრდი ტიპებს, ფულს აღარ მართმევდნენ. რა ვქნაო, დედაჩემს ეუბნება, და დედაჩემმა, აზრი არა აქვს, არ აიყვანო, იგივეს გააკეთებსო. სამ დღეში დამირეკა ბიძაჩემმა და ბოლო შანსს გაძლევო. არ გვინდა შენი დაკარგვაო. 

უარესი გავაკეთე. უფრო მეტი წავაგე. ნდობა მოვიპოვე. თანხა მანდეს თუ არა, ეგრევე წავაგე. სადღაც 50 000 ლარი იყო. ეგ იყო და ეგ. გამარჯობასაც აღარ მეუბნებოდა. ეზოში რომ მხვდებოდა, თავჩაღუნული ჩავუვლიდი. ჩვეულებრივად ამომაგდო ცხოვრებიდან. წლები ოღონდ და ნუ კაროჩე, დავრჩი ისე, ბიძის გარეშე. 

ვიჯექი სახლში, უფულოდ, დანევროზებული. ვინღა გენდობა. გავარდა ეგ თემა, ყველამ გაიგო. ვკაიფობ, ვუბერავ საკაიფოდ.  უკვე ლომკა ავიკიდე და სულ ჩართული ვარ ამ წამლის დვიჟენიაში. მაშინ არ იყო ძაან ძვირი წამალი, რაღაცას ვახერხებდი. 

სათამაშოდ ჩემს მეგობარს თუ გავყვებოდი. ათასში ერთხელ, რედკად. არც ფული მქონდა და არც ფულის დათრევის შანსი. აღარაფერი აღარ მქონდა. ძირითადად ვიყავი სახლში და კაიფში. 

ამასობაში, ჩემმა მეგობარმა, ვისაც კაზინოში დავყვებოდი ხოლმე, ბიზნესი დაიწყო. რომ დავლაგდებით რაღაცა იქნებაო, მეუბნებოდა. ვატყობდი, რომ არ უნდოდა წავეყვანე. სულ ერთად ვიყავით, მაგრამ საქმეში არა. მეც თავს არ ვიკლავდი. ვიღაცეებს ჩაადებინა ფული, პარტნიორები იყვნენ, ეს კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი და იმის ნათესავი. კაი ხანი იჩალიჩეს მაგრამ ერთი საკითხი ვერ მოაგვარეს, სხვა საქმეებიც ქონდათ, თან ეზარებოდათ. ტიპი გვინდა, ვინც ამ კონკრეტულ ამბავს მოაგვარებსო. მე მასტერი ვიყავი, ვიცოდი კარგად ეგ საქმე. დავიწყე. იმ ამბებიდან რამდენიმე წელი იყო გასული. თან, ჩემს მეგობარს ეგონა, მაგას არ გავუკეთებდი ეგეთ რაღაცას. არც ფული არ ტრიალებდა ჩემთან. დავიწყე სამსახური. რაც მაშინ დამემართა, დღემდე ვნანობ. 

ხელფასი მქონდა 1800 ლარი. ჯერ ხელფასს დავუწყე თამაში. მერე ისე დალაგდა, რომ რასაც ვყიდიდით, შემეძლო მე თვითონაც გამეყიდა. ოფისიდან კი აღარ ვყიდიდი, ხელზეც ვყიდიდი. თავიდან ოფისში მიმქონდა ფული. 

პახოდუ, ვუბერავდი გერაინს. მაგრად ვზივარ. საქმეს ვაკეთებ, ფული მიმაქვს, გაყიდვებმა მოიმატა მაგრად, ყველაფერი საკაიფოდ მიდის. მაშინ უკვე გაძვირებული იყო წამალი და 300 ლარი მიჯდებოდა ჩემი თავი. ეს 1800 ლარი არაფერში აღარ მყოფნიდა. დამიჭირეს. დამიჭირეს და გამშტრაფეს 500 ლარით წამალზე. პირველად იყო 500 ლარი, მეორედ - 2000. პირველად მოვახერხე და გადავიხადე. მეორედ გამიჭირდა გადახდა და ჩემს მეგობარს ვუთხარი - ესე ესე, იქნებ 2000 ლარი წინასწარ მომცეთ და ხელფასიდან დამიქვითოთ. ტიპებთან ყოველ დღე მიმქონდა 20 000, 30 000. დოლარის კურსმა აიწია თუ დაიწია, არ მახსოვს და მოგებაზე ვერ გადიოდნენ, ეს ფული მოგება არ იყო, მაგრამ, ხომ შეეძლო რომ დამხმარებოდა, მოეცა და ნელ-ნელა გამოერთმია ხელფასიდან. ფეხებზე დაიკიდა. რომ დამიკიდა, მაგით გავიმართლე თავი ჩემს სინდისთან. ეს 2000 ლარი საქმის ფულიდან ავიღე, გადავიხადე. რა ფაქტურაც გამოვწერე, ის ფაქტურა არ მივიტანე ოფისში. ვიფიქრე, გადავანაწილებდი და გადავფარავდი. არ გამომივიდა. უკვე მაგარი არეული მქონდა. ისე ვიჯექი გერაინზე, ადრე თუ ერთ გრამი 3 დღე მყოფნიდა, ეხლა უკვე დღეში მჭირდებოდა 300 ლარი. 

დავიწყე ეგეთი რაღაც: დღეში თუ 10 პარტიას გავყიდიდი, ერთ პარტიას არ ვაჩენდი. ერთი პარტია სადღაც 2000 ლარამდე გამოდიოდა. ეს ფული მყოფნიდა ჩემ წამალშიც, შეყვარებული მყავდა და იმ შეყვარებულთან გულაობაშიც. 

მანამდე სერიოზულად არავინ მყოლია. ვიღაც გოგოები იყვნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი. ამ დროს გავიცანი თაკო. მინდოდა თაკოსთან ოჯახის აწყობა. არ იყო მორიგი შეყვარებული. არაფერს არ ვუმალავდი, ბოლომდე იყო ჩემ ცხოვრებაში ჩახედული. კაიფზეც იცოდა, თამაშზეც იცოდა. არც წამალზე მიტრაკებდა და თამაშზე ხო ვაფშე. ვერც დამატორმუზებდა. წამალი უფრო დიდი პრობლემა ეგონა. თაკოს ვალიც მქონდა. რაღაც შარში გავეხვიე და კრედიტი გამიკეთა. წავიდა ბანკში და მომცა. მინდოდა ამ კრედიტის ფულიც მომეგო, 10 000 ლარი იყო. კაზინოშიც დავდიოდით ერთად, თუ ვიგებდი, საკაიფოდაც ვგულაობდით იმ ფულით. რაღაცნაირი ტიპი იყო, გატრაკება არ შეეძლო. კრედიტის ფული მაინც გამოერთმია. რამდენჯერ ხუთი, თხუთმეტი მოგვიგია. მოდი რა გადავიხადოთ, დავფაროთ - ხო შეეძლო ეთქვა, არც უთქვამს. მეც ხო შემეძლო, ნახევარი მაინც მიმეცა. მაგრამ, სულ მუღამი მქონდა, კაზინოში ბევრი ფულით შევსულიყავი, ბევრი მეთამაშა და ბევრი მომეგო. გაჩერებაზე არ ვფიქრობდი.

160 000 ლარი დამიგროვდა აღებული. ნელ-ნელა დაგროვდა. 

ფულს ვხარჯავ წამალში და თამაშში. ვიცი, რომ ადრე თუ გვიან გასკდება. ჩემმა მეგობარმა შეიძლება დამინდოს, მაგრამ მეორე სასტავი არ დამინდობს, დამიჭერენ. დაჭერა არ მაწყობს და რაღაც ფულს ვდებ გვერდზე. თუ რამეა, ბოლო - ბოლო,  მოვტყდები. თაკოს მოვკიდებ ხელს და წავალთ სადმე. თურქეთში ან უკრაინაში. მაშინ არ იყო უვიზო ევროპაში. სადაც წამალი ადვილად საჩალიჩოა, იმ ქვეყნებზე ვფიქრობდი ლომკის პონტში. მინდა 100 000 დოლარამდე მოვაგროვო. ამ 100 000 დოლარით წავიდეთ მე და თაკო და რაღაცა დავიწყოთ ამ ფულით. ჯერ 18 000 დოლარი მაქვს.  

სულ კაიფში ვარ. ფაქტურებში ამერია ნომრები. არასწორად გამოვწერე რაღაც. ოფისში რომ მივიტანე, ორი ნომერი აკლიაო. მდივანი იყო ნატა, აზრზე არ იყო მე რეებს ვაკეთებდი. ნატას ველაპარაკეთ და ასე ამბობს, ორჯერ მეტია გაყიდული და რა ხდებაო? არ ვიცი - მეთქი, გავარკვევ. ამ დროს ნატა მირეკავს, რომ აქ არიან შენები, ეს რა გიქნიაო. ჩემამდე ჩავიდნენ, რაღაცა დაწვეს და დაგაზეს უფრო ადრე. იქ რომ მივიდნენ და რომ გადახედეს ამ ჩემს ბუღალტერიას, მიხვდნენ რომ აკლია. გამოგლიჯა ერთ-ერთმა ტელეფონი, სადა ხარო? დავაჭერინებ შენს თავს, ყველგან გიპოვნიანო და გავთიშე. 

როგორც ბიძაჩემს გავურბოდი, როგორც მამაჩემს გავურბოდი, ამათგანაც გავიქეცი. მოვედი, ჩავალაგე. თაკოს ვუთხარი წავედით-მეთქი. თაკო არ წამოვიდა. ფულიც არ იყო იმდენი. არც მანამდე არ მილაპარაკია სერიოზულად წასვლაზე. ფულს რომ ვიპარავდი არ იცოდა ზუსტად. უცბად დაეცა თავს, რომ ვსო, დანძრეული მაქვს, უნდა წავიდე, დამიჭერენ, უეჭველი გამსროკავენ. 160 000 ლარის გადამხდელი არავინ არ არის. ვერ წამოვალ, მერე ჩამოვალო.

ჩავალაგე და წავედი მარტო. 18 000 დოლარი და 5000 ევრო მაქვს. კიევში წავედი, ჩერეზ სომხეთი. მაგრად ვიწვალე. ჩავედი სომხეთში. 3 დღე კიევში ფრენები არ იყო. სასტუმროს კაზინო ქონდა. წამალი ვერ ვიჩალიჩე, 3 დღე ლომკაში ვიყავი. ვიბრიდებოდი, ვსვამდი. ვთამაშობდი, ოღონდ როგორ ვთამაშობდი იცი, ეს სამი დღე რომ მომეკლა. ცოტ-ცოტას, არ ვრისკავდი. მოვიგე კიდეც სადღაც 500 დოლარამდე. ვიცი რომ ამ ფულის წაგება არ შეიძლება. თბილისში ვერ დავბრუნდები. ციხის მეშინოდა. იმდენად კომფორტის მოყვარული ვარ, სიმონ, რომ სიცივეში, ერთ ოთახში… 

ჩავედი რაღაცნაირად სიმფეროპოლში. მე მეგონა, როგორც ჩვენთან ქუთაისი - თბილისი ისეა, არადა კიევამდე იქიდან არის თურმე 12 საათის გზა. მაგრამ, სხვა ვერაფერი ვერ ვიშოვე. წამალზე მეფიქრებოდა, ძაან ცუდად ვიყავი. სიმფეროპოლში ტაქსი დავითრიე, დავგაზე კიევში და რომ ჩავედი ყველაფერი გავაძრე. 12 საათი ვიყავი გზაში. თან ვსვამდი. სასმელი ლომკას არ მიკლავდა, მაგრამ სულ ფხიზელი ვერ ვძლებდი. ვნერვიულობდი. 

ჩემთან სახლში მივიდნენ, ჩხრეკები, ისა, ესა. პოლიცია არ არის ჩარეული, ჯერ შინაურულად მეძებენ. თაკოს გარდა არავინ არ იცის სად ვარ. 

მარტო ვარ კიევში, არავინ არ მყავს. ტაქსისტმა მეტადონი მაჩალიჩა და ცოტა დავწყნარდი. ტკივილებმა გამიარა და ერთი ღამე დავიძინე. სამი ღამე არ მეძინა, გზაშიც არ მეძინა, გავიკეთე ნომერში და დავიძინე. გავიღვიძე, უკვე დილა იყო. 

ვიღაცეები გავიცანი, დავმეგობრდით. სხვა სახელი დავირქვი, გავხდი გიორგი. 

ვიცოდი, ჩემი მეგობრის ნათესავი, ისე გამწარდებოდა ჩემზე, ფულის გამო კი არა, მართლა ცუდი რამე რომ გავუკეთე, ამომალპობდა. გავლენებიც ქონდა მთავრობის პონტში, არ შემარჩენდა. მეთქი, მე დათუნა აქ არა ვარ, მთელი კიევი თბილისია. გიორგი, კაი სახელია, ქართული სახელია და მქვია გიორგი.

ერთ თვეზე მეტი, არც კი, ვერ გავჩერდი. ჯერ კიევში ვიყავი, მერე სხვაგან გადავედი. წამალს ვუბერავდი მოშნად. მივხვდი, რომ აქ თუ დავრჩებოდი, კარგი არაფერი მოხდებოდა. დიდხანს ესე ვერ გავქაჩავდი. 

ველაპარაკე ჩემს ძმაკაცს, ვინც საქმეში ჩამრთო. დალაგდა თემა. უნდა ჩამოვსულიყავი და არავინ არ დამიჭერდა. საბურთალოს სახლი უნდა გამეყიდა და დამებრუნებინა ფული. 160 000 არა, რაც ზარალში გავიდნენ. 40 000 დოლარი ყოფნიდა, იმ სახლის ფული. ჩამოდიო ძმაო, და როგორც აურიე, ის ბაითი გაყიდე და დაალაგეო. არავინ არ დაგიჭერს, დაგაცდითო. ეს მითხრა თუ არა, ეგრევე დავრეკე დედაჩემთან, მეთქი ესე, ესე. დედა, უნდა წამოვიდე, აქ უარეს დღეში ვარ, შეიძლება… რამდენი ხანი შეიძლება აქ. 

დედაჩემს გაუხარდა, ჩამოდი შვილოო. 

დავბრუნდი.  

ყველაზე ძალიან მწყდება გული, რომ ბავშვობის მეგობრები აღარ მყავს. არიან სასტავები, არიან ტიპები, აფუჭებენ რაღაცეებს და მერე რა. მეც შემეძლო, ორი თვე რომ გავიდა, სამი თვე რომ გავიდა, დამერეკა ჩემ ძმაკაცთან, შევხვედროდი, გველაპარაკა. გადავდე და გადავდე. მიტყდებოდა და ვიმალებოდი.  

სახლში ჩავიკეტე. არავინ არ მინდოდა, არც ქალი, არც კაცი, არც მეგობარი. 

მეთქი, ჩემი ცხოვრების დედაც მოვტყან, ყლე ვარ, ყველგან ჩავიჯვი. 

თაკოს დავშორდი. ეგრევე არა. ამოდიოდა ხოლმე კვირაში ერთხელ. ვეცოდებოდი თუ რა იყო, არ ვიცი. ეს ამბები ბიძაჩემის ყურამდეც მივიდა, გაგიჟდა კაცი. მამაჩემზეც  ნერვიულობამ ძალიან იმოქმედა, ბოლოს გაჟონვა დაემართა. სანამ სახლში არ მოადგნენ, მანამდე მაინც არ სჯეროდა, რომ იგროკი და ნარკომანი შვილი ყავს. ბოლოს დაიჯერა. ცუდი რაღაცეები მოუვიდა მამაჩემს. მაგასაც ჩემს თავს ვაბრალებდი. 

აღარც წამლის ფული მქონდა, აღარც არაფერი. მეტადონის პროგრამაში შევედი. მივდიოდი მარშუტკით, მოვდიოდი და ვიჯექი 24 საათი სახლში. თან ეს მეტადონი გფიტავს, სიმონ, ტელევიზორს უყურებ თუ მაცივარს უყურებ, სულ ერთია. ვერც კითხულობ, ვერც თამაშობ. არაფრის მუღამი აღარ გაქვს. ესე ვიყავი წლები. აღარც ვთამაშობდი, ვეღარც ვთამაშობდი. დიდი დეპრესია მქონდა.

მერე დაიწყო მეორე ცხოვრება.

წლების წინ ხო ვისწავლე სამონტაჟო პროგრამა, პრემიერი. დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა. მივედი სტაჟიორად და უფასოდ დავდიოდი თვეები. გამისწორდა უცხო ხალხი, ვინც არ იცოდა ვინ ვიყავი და რა ვიყავი. ნელ-ნელა, ნელ-ნელა ცხოვრებას დავუბრუნდი. ტელევიზიამ გადამარჩინა. 

მეტადონის პროგრამაში ვარ, მარა ისე ვარ, საქმეს ვაკეთებ, დიდ დოზაზე არ ვარ. ფული არ მაქვს. დედაჩემი მაძლევს სიგარეტის ფულს, მარშუტკის ფულს. დავდივარ, ვმუშაობ. 

მერე დამინიშნეს ხელფასი. პირველი ხელფასი ეგრევე სახლში მოვიტანე, მთლიანად, აჰა-მეთქი. მეორე ხელფასიც, მესამეც. 600 ლარი იყო, არაფერი, კაპიკები. ერთხელაც ბილეთი დავწერე. მერე, ნელ-ნელა ისევ დავიწყე თამაში. კაზინოში არა, ისე, ლაითად. არ მაქვს კაზინოს ტრაკი ჯერ. მერე, წკაპ და მთლიანი ხელფასი წავაგე. როგორ წავაგე-მეთქი ეს მთლიანი ხელფასი, ამ ფეხბურთის დედას შევეცი, წავალ კაზინოში და მეორე ხელფასს ველოდები. 

დავიწყე ისევ კაზინოში სიარული. ჯერ ვალები არ მაქვს. მარტო ის დიდი ვალი, რომელიც გადასახდელი მაქვს, მაგრამ როდის მაქვს, რა მაქვს, არავინ არ იცის. 

ვწელავდი. ბოლოს დამიბარა გამომძიებელმა, დააბრუნე ფული, თორემ ამოგალპობენ ციხეშიო. ჩემი ბრატის გარდა დაწერილი ქონდა ყველას ყველაფერი. გავყიდეთ ის სახლი და მივეცით. დანარჩენი მაპატიეს. საბუთიც მაქვს შენახული, რომ მაპატიეს. 

ახალი ცხოვრება დაიწყო ახალი თამაშებით, ახალი მეგობრებით, ახალი ვალებით. ტელევიზიაში ბოლოს ყველას ვალი მქონდა. ისევ სახელის გაფუჭება. თავიდან დატრიალდა. 

მივხვდი, რომ ამის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. მე ხო ის ტიპი ვარ, რომელსაც ძმაკაცი არა ყავს, მე ხო ის ტიპი ვარ, რომელმაც მაგრად ჩაიჯვა, მე ხო ის ტიპი ვარ… ეხლა კაკრას დავაი, ითამაშე ტო, რამდენიც გინდა. რა აზრი აქვს. 

300 ლარს სახლში ვტოვებ, დენის და რაღაცის ფულს და დანარჩენს ვაგებ. სერიოზული ფული არავისთვის არ გამომირთმევია. პატარა, მეგობრული ვალები მქონდა. 

ბოლოს მაინც გავიჭედე. ტელევიზიაში ტექნიკასთან მქონდა შეხება და ამ ტექნიკის დაზალოგება დავიწყე. ძველ ამბებთან შედარებით პატარა ფულია, მაგრამ მიდი, აბა ეგეთმა ტიპმა, რომელსაც აღარც მეგობარი გყავს, არც არავინ ფულს არ მოგცემს, იშოვე 1500 დოლარი ერთ დღეში. ვერ იშოვი. ამ დროს მეორე დღეს გადაღებაა და კამერა წაღებული გაქვს. სულ ეგეთ პერედრიაგებში ვიყავი. 

გიჟივით ვსვამდი. ფხიზელი ვიგრუზებოდი, სინდისი მაწუხებდა.

ბოლოს მართლა მოვრჩი. 

ნინო გავიცანი, ძალიან მოვიხიბლე და შემიყვარდა. ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყე. 

დღეს ვნანობ, მაგრად ვნანობ რაღაცეებს. 

მოხდა და მოხდა. ფხიზელი ვარ, აღარა ვარ დამოკიდებული არაფერზე. შვილი მყავს, ნინო მყავს და წყნარად ვარ. დავალაგე ჩემი ახალი ცხოვრება. თამაშიც და წამალიც ჩემი შვილის ღალატი იქნება. აღარც მაკაიფებდა, თამაშის მუღამიც აღარ მქონდა. დღეს სუფთა ვარ და ბედნიერი ვარ. 

ეხლა როგორ ვარ, იცი? აი ჩემპიონთა ლიგაზე 10 ლარს… ცოტას მაინც ვთამაშობ, ხვდები? ვალებში თავს არ გავყოფ და სხვის ფულს არ ავიღებ, შანსი არაა. ყველას ყველაფერი გავუსტუმრე, დავლაგდი. კაზინოზე გული მერევა, ცხოვრება დამინგრია, ფეხის შემდგმელი არ ვარ. 

წყნარად მძინავს, წყნარად ვიღვიძებ. მთელი ეს წლები გაღვიძება არ მინდოდა, ლოგინიდან ადგომა არ მინდოდა, გაღვიძება მიტყდებოდა.  დღეს ბედნიერი ვიღვიძებ, დედას ვფიცავარ, ბედნიერი ვიღვიძებ. 

მეტი ისეთი არაფერი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა