გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მარიამ პატარიძე | სინდისის ადვოკატი

მე ზვიად რატიანს ვხვდებოდი 28 ნოემბრის შემდგომ ყოველდღე თითქმის რუსთაველის გამზირზე. ჩვენ გვერდი-გვერდაც ხშირად ვმდგარვართ აქციებზე და ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. ჩვენი პირველი შეხვედრა - მე ჩემი საყვარელი პოეტი და უკვე შემდგომ დაცვის ქვეშ მყოფი, ზვიად რატიანი გავიცანი წინასწარი დაკავების იზოლატორში. პირველ შეხვედრაზე მან მითხრა, რომ არ უნდოდა ჩვენი რესურსის მოცდენა იმიტომ, რომ ის სრულად იაზრებდა იმ მოსალოდნელ შედეგებს, რაც მის მიერ გაწნულ სილას მოჰყვებოდა და მეუბნებოდა, რომ თქვენ გაცილებით ღირებულ, მნიშვნელოვან საქმეებში საჭიროებთ ჩართვას. თუმცა ჩემი და ჩვენი ორგანიზაციის დამოკიდებულება იყო ის, რომ ეს არ იყო საქმე, რომელიც მოგვაცდენდა და ჩვენ არც ერთ საქმეს ასე არ ვუყურებთ. ჩვენ არ ამოვდივართ თითოეული საქმიდან იმ პერსპექტივით, აქვს თუ არა ამ საქმეს გამარჯვების ან როგორც ადვოკატები ვიტყოდით, მოგების პოტენციალი. ჩვენ ამოვდივართ იმ პრიზმიდან, რამდენად შეძლებს თითოეულ საქმეში დაჩაგრული პირი თავისი უფლებების არა რეალიზებას ეროვნულ დონეზე, არამედ რამდენად შესაძლოა მას, მათ შორის, ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლოში ჰქონდეს პერსპექტივა.

ერთადერთი მამოტივირებელი რამ, რაც მას უნდოდა ამ პროცესების მიმდინარეობაზე, იყო ის, რომ მისთვის მალე მიესაჯათ იმიტომ, რომ იქნებ შესაძლებლობა მისცემოდა და მიეცეს, მისჯის შემდგომ სამარტოო საკანში იყოს, სადაც ის დაწერს. და ერთგვარ ფუფუნებადაც კი აფასებს დღეს საპატიმროში ყოფნას და მახსოვს, ერთ-ერთ რიგით შეხვედრაზე მან მითხრა: „ხანდახან ვფიქრობ, კომფორტი ხომ არ შევუქმენი ჩემს თავს, რომ მე აქ ვარ, იმიტომ, რომ გაცილებით რთული ხომ არ იყო ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე ამ უიმედო მდგომარეობაში მონოტონურად დგომა“.

პირველი მისი სიხარული იყო ის, როდესაც გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანისას ის შეიყვანეს გიორგი ახობაძესთან და ნიკა კაციასთან საკანში და როგორ გაუმასპინძლდნენ და როგორ გააცნეს იქაური წესები, ეს მისთვის იყო ნამდვილად გამონათება იმ ბნელ სივრცეში. ახლა ის სხვა რეჟიმის ტყვეებთან, სინდისის პატიმრებთან ერთად არის საკანში - გური მირცხულავა და თორნიკე გოშაძე და სხვათა შორის, ყოველ ჯერზე აღფრთოვანებულია მათით, როგორი უტეხები აღმოჩნდნენ ეს ახალგაზრდა ბიჭები და ამაზეც ხშირად მესაუბრება ხოლმე აღფრთოვანებით.

მე დავინახე სრულიად სხვაგვარი ზვიად რატიანი, როგორსაც არ ვიცნობდი და არც მსმენოდა მასზე ამ კონტექსტში. მაგალითად, ჩვენი საუბრები ხშირად უკავშირდება ისეთ ყოფით თემებს, როგორიცაა პასტა და ფურცელი. ზვიადი სანათად იყენებს ტელევიზორს, რომელიც კონკრეტულ არხზე თუ გადართავს და აქვს შედარებით ღია ფერის ნათება, საკმარისი არის იმისთვის, რომ მან იმუშაოს და არ შეაწუხოს საკანში მყოფი სხვა პირები ამ ოთახის სხვაგვარი სრული განათებით. ზვიად რატიანი თუ რამეს მეკითხებოდა ყოველ ჯერზე და მეკითხება, როდესაც მე მის მოსანახულებლად შევდივარ საპატიმროში, ეს არის მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი, როგორ არიან ისინი.

მან საჭიროდ არ ჩათვალა ის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც მან სილა გაარტყა, გააწნა, უფრო სწორად, სასამართლოში დაკითხულიყო. ჩვენ ამ ფორმით მის დისკომფორტზეც კი უარი ვთქვით, იმიტომ, რომ ზვიად რატიანის მამოძრავებელი მოტივაცია ამ კონკრეტული სამართალდამცავის დამცირება ან ტკივილის მიყენება კი არ იყო, ის სხვა სიმბოლური მნიშვნელობით იყო განპირობებული, რაც მან თავად ახსნა სასამართლო პროცესზე. თავად ზვიადმაც მის მიერ მოქნეული სილა შეაფასა როგორც, რომ მას არც ეთაკილებოდა, არც დანაშაულად თვლიდა და არც ამაყობდა ამ ქმედებით და მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ აბსურდში ვცხოვრობთ და ამ აბსურდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან მხოლოდ ბრალდებულები, რომელთა სამაგალითო დასჯაც გადაწყვიტა სისტემამ, ესენი არიან ძალადობაგამოვლილი ადამიანებიც. ფაქტობრივად, მათ საკუთარ სხეულებზე იწვნიეს წამების ტოლფასი სისასტიკე და მათ თავიანთი სხეულები აქციეს წინააღმდეგობის ფორმად.

ყოველ ჯერზე, როდესაც სასამართლოს დარბაზში ვარ, ვფიქრობ, რისი მოსმენა მენდომებოდა მე, რა იქნებოდა ის სიტყვები, სამართლებრივი დასაბუთება, ის კონტექსტი, ის სათქმელი, რასაც მათ მხარეზე ყოფნის შემთხვევაში გავიაზრებდი და ვცდილობ, რომ ამ პერსპექტივითაც ვესაუბრო მათ და ყოველ ჯერზე ვიჯერებ, რომ მათ შეიძლება ჩემი ხმა გაიგონ და ამავე დროს ეს საკუთარ თავთან იმის დამოწმებაც არის, ჩემი პროფესიის დანიშნულება ჯერ კიდევ აზრს ინარჩუნებს თუ კარგავს. მიუხედავად იმისა, მე ყოველ ჯერზე სასამართლო დარბაზიდან დამარცხებული გამოვდივარ. არც ერთი საქმე არ მაქვს, რომელზეც ვიტყვი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდა. ჩემი პროფესიული არჩევანია, ვიყო იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც დაიჩაგრნენ და რომლებიც სასამართლოზეც დამარცხდებიან და იქ მაინც მქონდეს შესაძლებლობა, რომ ისინი მარტო არ დარჩნენ და მათ გვერდით ვიყო. ჩემი ენერგიის წყარო არის ის, რომ ამ ადამიანებს, ვიდრე დააკავებენ, სახლიდან გადიან, ზოგიერთი ჩემს ნომერს იწერს ხელზე, რომ თუ დააკავებენ, დამირეკავენ. ამ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ მათ მე რამით დავეხმარები და ამ დროს მეც ვიჯერებ, რომ ამ იმედის გამართლება შემიძლია.

თუ რამე შეიცვალა საზოგადოების აღქმებში ბოლო წლის მანძილზე განსაკუთრებით, ეს არის ის, რა მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე სასამართლო და თურმე რამდენი ბოროტების მასაზრდოებელი და მკვებავი არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. იმიტომ, რომ რომ არა ეს საყოველთაო აქციები და ამ აქციებში ჩართული მრავალი ათასი ადამიანი, ასე, თითქმის ყველა ოჯახამდე არ მივიდოდა ის პრობლემები, რაც სასამართლოს წინაშე დგას. ამიტომ ვიდრე ეს უსამართლო პროცესები გრძელდება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიაზრებს სამართლიანი მართლმსაჯულების მნიშვნელობას და ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც ერთი წლის წინ, არც ორი წლის წინ არ შევდიოდით სასამართლო დარბაზებში იმ იმედით, რომ საქმეს მოვიგებდით ან გავიმარჯვებდით, მინიმუმ სასამართლოს შენობაში არ ძალადობდნენ. ახლა ესეც შეცვლილია და ქუჩაში ნაწარმოები ხალხის მსგავსად, როდესაც არავის მიმართ, არც ერთი მოძალადის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა, ფორმალურადაც კი ჩვენ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს იმ მანდატურების მიმართ, რომლებიც, მაგალითად, ნინო დათაშვილის მძიმე ეპიზოდს უკავშირდებიან.

ყოველი საქმე არის შანსი სასამართლოსთვის, რომ მიუხედავად იმისა, აქამდე მათ რა დადგენილებები გამოუტანიათ, რა სასამართლო გადაწყვეტილებები მიუღიათ, რა განაჩენები დაუყენებიათ, გადაირჩინონ პროფესიული რეპუტაცია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზაობას არ დავაკლებთ ამ საქმეებს და სიმართლე გითხრათ, ხშირად ჩემ თავთან მიკითხავს და მითქვამს, რომ იქნებ ამ საქმეს რამე დავაკელი, იქნებ ზედმეტად მკაცრი ტონი მქონდა და მოსამართლის უკან დასახევი გზა არ დავუტოვე. მე არ ვცდილობ არც ერთ პროცესზე, არც მათ დაკნინებას, არც მათზე თავდასხმას, არც მათ დამცირებას. რაც მართლა მინდა და გულწრფელად მინდა არის ის, რომ ჩვენი ხმა გაიგონ. იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ერთნაირად ვისწავლეთ, ერთი და იგივე ლექტორები გვასწავლიდნენ ამ სამართალს და ასე განა სად ავცდით, სად დავკარგეთ ერთმანეთი, რომ ძალიან საბაზისო საერთოობაზე ვეღარ ვთანხმდებით. ყოველდღე ვიღებთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, ვისაუბროთ თუ არა სიმართლეზე და თუ რომელიმე პროფესიას შეუძლია წინააღმდეგობის კეთილსინდისიერ ძალად იქცეს აი, ამ მოვლენებში, მე მგონია, რომ ადვოკატობა, სამართლის მსახურება, ჟურნალისტობა, არის ერთ-ერთი პირველი და სწორედ ამიტომ, პირდაპირ ვიტყვი, ვიდევნებით კიდეც.

______________________________

სინდისის ადვოკატები - ადვოკატების ამბები სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებიდან და მათ მიღმა, როგორ იქცა პროფესიული ურთიერთობა მეგობრობად.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა