რუსუდან აგურაშვილი | სინდისის ადვოკატი
16.10.2025ერთ-ერთ დღეს დამიკავშირდა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ მისი მეგობარი იყო დაკავებული და სჭირდებოდა დახმარება. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე საერთოდ არც ვიცოდით სისხლით იყო დაკავებული თუ ადმინისტრაციულით. მაშინვე მივედით დიღმის იზოლატორში და ეს პირველი დღე იყო, ხუთი დეკემბერი იყო, როდესაც შევხვდი ლუკას, იქ გავიცანი. მახსოვს, ძალიან დაბნეული გამოვიდა ჩემთან შესახვედრად, საერთოდ ვერ ხვდებოდა თვითონაც, რა ხდებოდა, რის გამო იყო დაკავებული. თემას ხვდებოდა, რომ ამ აქციებსა და საპროტესტო პოზიციას უკავშირდებოდა, თუმცა დეტალები არ იცოდა. დაკავებას ელოდებოდა, ვინაიდან შემდეგ, როდესაც ვსაუბრობდით, მითხრა, რომ რამდენიმე დღით ადრე მას ურეკავდა გაურკვეველი ნომრიდან გაურკვეული პიროვნება, გაურკვეველი წინადადებებით, რომ ვითომ ვიღაცამ ტელეფონი დაკარგა და იბარებდნენ კონკრეტულ ადგილას, რომ იქ უნდა მისულიყო. ამჩნევდა, რომ სახლთან რაღაც კონკრეტული ერთი მანქანა ხშირად ხვდებოდა და, შესაბამისად, ჰქონდა ის განცდა, რომ მისით დაინტერესებული იყო გარკვეული სტრუქტურები.
როდესაც საქმის მასალებს გავეცანი, ვნახე, რომ აბსოლუტურად არაფერი, კონკრეტულად ლუკა ჯაბუას წინააღმდეგ არაფერი მტკიცებულება არ დევს საქმეში, გარდა ერთი ვიდეოჩანაწერისა, რომელშიც ლუკა ჯაბუა ნამდვილად ჩანს და ეს არცერთ ეტაპზე არ უარუყვია დაცვის მხარეს და თავად არც ლუკას, რომ, რა თქმა უნდა, ჩანს და, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა 29 ნოემბერს. თუმცა ამ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს არავითარი დანაშაულებრივი ქმედება და მით უმეტეს არ ჩანს საქმის წერილობით მასალებში დაფიქსირებული ფრაზა, რომ ლუკა ჯაბუა პოლიციელების მიმართულებით ისვრის მძიმე საგანს. მსგავსი ფაქტი ამ ჩანაწერში დაფიქსირებული არ არის.
როდესაც დავიწყეთ აღკვეთის ღონისძიების განხილვა, ნებისმიერ სხვა საქმეზე შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა და როგორც ადვოკატმა, რომ კონკრეტულად ლუკა ჯაბუასთან მიმართებით და მისი პიროვნების ქცევის ბრალის გათვალისწინებით, ეს რომ არ ყოფილიყო რეზონანსული, გახმაურებული და პოლიტიკურად საინტერესო საქმე, ნებისმიერ სხვა საქმეში ლუკა ჯაბუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნებოდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რბილად რომ ვთქვა და არა - პატიმრობა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და წესების მიხედვით, 18-დან 21 წლამდე პირებზეც ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და მათი საუკეთესო ინტერესებისთვის და თუ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ სახელმწიფომ, რომ 20 წლის სტუდენტი საუკეთესო ინტერესების კრიტერიუმებზე გათვალისწინებით იყოს შეფასებული სასამართლოს მხრიდან. თუმცა ყველა ჯერზე ვაწყდებოდით უსამართლობას. საკმაოდ რთულია ამასთან გამკლავება, მაგრამ არის აქ მეორე ფაქტორი, როგორ გადარჩები ამ უსამართლობაში, რა გაძლევს მოტივაციას, რომ მეორე დღეს პროცესზე კიდევ მიხვიდე. პირდაპირ გეტყვით, რომ აქ მოტივაციის მომცემი არის თავად ბრალდებული, ლუკა, მისი ოჯახი და საზოგადოება. გამოდიხარ პროცესიდან და თითქოს გავიწყდება, როგორი წინააღმდეგობაა და რა რთულ მდგომარეობაში იყავი რამდენიმე წუთის წინ პროცესზე, როდესაც გხვდება ოჯახის წევრი და გეკითხება, რა მოხდა, ან მომავალში რა იქნება, ან რა უნდა გავაკეთოთ და ამ დროს ფიქრიც კი არ არის აქ, რომ შენ თქვა, რომ იცით, მე აღარ შემიძლია აქ, აზრი არ აქვს ამ სასამართლოს ან ამ პროცესებზე რაიმეს გაკეთებას და მოდი, მე ამ ყველაფერს თავს დავანებებ. წარმოუდგენელია, რომ ეს გააკეთო, იმიტომ, რომ იმხელა ძალა არის ამ ადამიანებისთვის შენი გვერდში დგომა და თუნდაც ლუკასთვის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის ფაქტორი, რომ მე მისი სახელით ვისაუბრო პროცესებზე. ეს არის თავიდან ბოლომდე ძალა და მოტივაცია, რომ ადამიანისთვის, თუნდაც მინიმალური სასიკეთო თქვა ან გააკეთო.
წარმოიდგინეთ, ლუკა იყო 20 წლის, როდესაც დააკავეს და 20 წლის ასაკში ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია, გადალახო და გაუმკლავდე იმ მოვლენებს, რასაც სისხლისსამართლებრივი დევნა ჰქვია, დაკავება ჰქვია, პატიმრობა ჰქვია, ფსიქოლოგიურადაც არ არის მარტივი ეს ყველაფერი. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ შეხვედრაზე არ გამოუხატავს არასდროს, რომ მისთვის რაიმე მძიმე ხდებოდა და პირველივე თვეებიდან დაგეგმილი ჰქონდა, რაც, სხვათა შორის, ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის მარტივი მოსასმენი არ იყო ხოლმე, როცა მეუბნებოდა - „აი, რომ მომისჯიან, ესე და ეს გეგმები მაქვს“ და მე სულ ვეუბნებოდი, რომ ჯერ ადრეა, ჯერ არ გინდა მაგაზე საუბარი, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან რეალისტურად უყურებდა ხოლმე მიმდინარე მოვლენებს. აგრძელებს სწავლას და ახლა ვაგვარებ სწორედ ამასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს უნივერსიტეტს აგრეთვე მადლობა, რომელმაც სტატუსი აღუდგინა და ახლაც მათთან კომუნიკაციით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შევიწროებულ ვადებში პენიტენციურ დაწესებულებასთან და პენიტენციურ სამსახურთან მოვაგვაროთ ეს საკითხი, რომ სწავლა გააგრძელოს. დღესაც ლუკასთან ვიყავი და ლუკასგან მოვდივარ. ყოველდღიურად ვხედავ მასში მოტივაციას, ბრძოლას და ბრძოლის სურვილს სამომავლოდ, რომ რაღაც შეიცვალოს და ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა იყოს უკეთესობისკენ.
ადამიანი, რომელიც დაკავებული და პატიმრობაში ხარ იმის გამო, რომ შენს გულწრფელ სამოქალაქო პროტესტს გამოხატავ, რის უფლებასაც გაძლევს შენ კონსტიტუცია და აბსოლუტურად ყველა სამოქალაქო აქტი, შესაბამისად, ამის გამო, რომ შენ სახელმწიფო რეპრესიულად გექცევა და პატიმრობაში და ციხეში გამყოფებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მხარდაჭერის არსებობას და პატიმრებმა ეს ყველაფერი დაინახეს. ძალიან დიდი მადლობა ასევე ლუკას სახელითაც, ეს არ იყო მხოლოდ ლუკა ჯაბუას წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე ან ანდრო ჭიჭინაძის, ან ონისე ცხადაძის, არამედ ეს იყო, ზოგადად, პროტესტის წინააღმდეგ არსებული საქმე და, შესაბამისად, ლოგიკურიც არის, რომ საზოგადოების მხრიდან ამხელა დაინტერესება იყო. წინასწარ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იყო იმის დაშვებაც, რომ სასამართლო არ წავიდოდა გამართლებაზე პიროვნებების მიმართ, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ დანარჩენი საზოგადოებისთვის ეს ყოფილიყო მაგალითი, როგორ შეიძლებოდა, რომ პროტესტი არ ყოფილიყო გამოხატული საზოგადოების დანარჩენი წევრების მიერ სამომავლოდ.
რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, როდესაც ცალკეულად ვესაუბრებოდით, მამები, მეუღლეები, შვილები იყვნენ დაკავებულები და ძალიან რთული იყო თითოეული მათგანისთვის მათი ყურება შორიდან. ძალიან რთული იყო, როდესაც ლუკას დაბადების დღე ჰქონდა და მილოცვის საშუალება არ ჰქონდათ დედას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ბადრაგისთვის უნდა გეთხოვა, რომ იქნებ დაბადების დღე მივულოცო ან რაღაც მისალოცი ბარათი, რომელიც გამზადებული მაქვს, შორიდან ვაჩვენო და ამის საშუალებაც კი უნდა გეთხოვა და ნაკლებად გეძლეოდა პროცესზე. მე ჩემი დასკვნითი სიტყვა ამ სიტყვებით დავიწყე, რომ ძალიან საამაყო იყო ჩემთვის ამ ცხრა თვის განმავლობაში ლუკა ჯაბუას გვერდით და დანარჩენი პატიმრების გვერდით ყოფნა და ძალიან ამაყი ვიყავი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ამ ბრძოლაში ჩემი წვლილი ლუკასთან ერთად შემეტანა და ჩვენი სამოქალაქო პოზიცია თუ ვალდებულებები დაგვეფიქსირებინა და გაგვეჟღერებინა.
განაჩენის დღეზე ჩემთვის ორმაგად რთულია საუბარი, ვინაიდან ორში სამსახურებრივი გარემოებიდან გამომდინარე მივფრინავდი ქვეყნიდან და ძალიან დაძაბული ვიყავი, როდის ჩაინიშნებოდა ეს ბოლო სხდომა და აღმოჩნდა, რომ ბოლო სხდომა უნდა ჩანიშნულიყო 3 სექტემბერს. წინა დღეს, 2 სექტემბერს გამოცხადდა, ჩვენს პარალელურად მიმდინარეობდა ანალოგიური რვა პირის საქმე, როგორც იცით და წინა დღეს, როდესაც იმ საქმეზე ცხადდებოდა განაჩენი, იმ საქმის განაჩენსაც დავესწარი და იქ როდესაც ვნახეთ, რა განაჩენიც იყო, 95% უკვე ჩვენთვის, ფაქტობრივად, წინასწარ ცნობილი იყო ჩვენი საქმის განაჩენიც, ამდენად, ესეც კი არ ყოფილა მოულოდნელობა და 3 სექტემბერს უკვე უმეტესწილად ვიცოდით წინასწარ უკვე, რა გადაწყვეტილებაც დადგებოდა. შემდეგ ლუკას როდესაც შევხვდი, როდესაც დავბრუნდი საქართველოში, პირველივე რაც გავაკეთე, ლუკასთან შევედი და წინა დღეს, ბოლო შეხვედრაზე შეთანხმებული ასე ვიყავით, რომ ან გარეთ უნდა მენახა, როცა ჩამოვიდოდი, ან ისევ აქ მომიწევდა ხილვა, მაგრამ ლუკა ისევ ისეთი დამხვდა, პირდაპირ გეტყვით. არაფერი არ ეტყობოდა, რომ მანამდე, როცა ვნახე ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა და ახლა უკვე მსჯავრდებული იყო, მის არც ქცევაში, არც საუბარში, არც დამოკიდებულებაში ოდნავი ცვლილებაც კი არ ყოფილა. აუცილებლად დადგინდება ამ საქმეზე ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება იქნება ერთადერთი ბრალდებულების სასარგებლო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ აქ ლუკა ჯაბუა ისეთივე უდანაშაულოა, როგორც ახლა მოვდივარ თქვენ წინაშე და ვიცი, რომ ხუთი წუთის წინ არაფერი კანონდარღვევა არ ჩამიდენია.
______________________________
სინდისის ადვოკატები - ადვოკატების ამბები სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებიდან და მათ მიღმა, როგორ იქცა პროფესიული ურთიერთობა მეგობრობად.