გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შოთა თუთბერიძე | სინდისის ადვოკატი

ჩემთვის იყო ცოტა უცნაური ის ამბავი, რომ დაკავებულები იყვნენ ძალიან ახალგაზრდები და თანაც, რაც მთავარია, როცა დაკავებულს ვხვდები, როგორც წესი, ყოველთვის იგრძნობა ხოლმე ცოტა დეპრესიულობა იმიტომ, რომ ადამიანებს ესმით, რატომაც არიან დაკავებული. ეგ არის ოქროს წესი და პრინციპში სამართლის მიზანიც ეგ არის, თუ ადამიანს არ ესმის, რატომ დააკავე, იქ სასჯელის მიზნები ვერ იქნება ვერასდროს მიღწეული. და მახსოვს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი იყო ძალიან დაბნეული, როცა შევხვდი. არათუ მხოლოდ დაბნეული, არამედ ჰქონდათ ხოლმე მცდარი, სამწუხაროდ, წარმოდგენები, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაზე საქართველოში, როგორ მუშაობს. მათ შორის მახსოვს, მაგალითად, ირაკლი მიმინოშვილს როცა შევხვდი და ველაპარაკებოდი, და ყველა დაკავებულს ვეუბნებოდი ხოლმე წინასწარ, რომ ჩვენ დიდი ალბათობით, რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს, როგორც მინიმუმ, თავისუფლების აღკვეთის პირობებში ყოფნა, მახსოვს ამ ბავშვების გაოცებული თვალები, რომ კი, მაგრამ სასამართლო ხომ ნახავს, რომ არ არის მტკიცებულებები და არაფერი არ დაგვიშავებია. და მერე უნდა ამეხსნა, რომ ვერ ნახავს სასამართლო და მაგის იმედი არ უნდა გქონდეს, რომ იქ მოსამართლე შეაფასებს, რეალური არის თუ არა საქმე.

ამ ბიჭებსაც როცა ვხვდები ხოლმე, სულ მაგას ვეუბნები, რომ გულში არ ჩაიდონ ეს წყენა, იმიტომ, რომ ის, ვინც ასე იქცევა დღეს, ეს არ არის ქვეყანა და ეს არ არის სახელმწიფო, ვინც მას ასე ექცევა. ეს არის ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფი, რომელთაც ისეთივე ხარისხით ეზიზღებათ ეს ადამიანები, პოლიტიკური ოპონენტები, როგორი ხარისხითაც ეზიზღებათ საკუთარი სამშობლო.

გულწრფელად რომ გითხრათ და ამას პირველად ვამბობ, მე ველოდებოდი, რომ ეს ადამიანები, ყოველ შემთხვევაში ნაწილი ამ ბიჭების და გოგოებისა, თუ არ გატყდებოდა, გარკვეულ კომპრომისზე წასვლას მაინც მოინდომებდა საკუთარი თავისუფლებისთვის ან თავისუფლების დასაჩქარებლად. და იყო ეტაპები, როცა მივხვდი, რომ ძალიან უჭირდათ ოთხ კედელში ჯდომა და მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ გამომიცდია ხანგრძლივი პატიმრობა, ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც გამოუცდია და ვუყურებ ხოლმე, როგორ ცვლის ეს მდგომარეობა ადამიანს. და ბუნებრივია, ეს მოხდა, ბუნებრივია, საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება შევატყვე, ბუნებრივია, მათ შორის ადამიანების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება შევატყვე, მაგრამ რაც გასაოცარი იყო და ამავდროულად აღმაფრთოვანებელი, არის ზუსტად ეგ, რომ ამ ახალგაზრდების დამოკიდებულება იმის მიმართ, რისთვისაც იბრძოდნენ და ისეთი მომავლის სურვილი, როგორიც უნდათ, რომ ჰქონდეთ, რეალურად არსად არ წასულა, ისევ იქ არის.

ერთხელ სასამართლო პროცესზეც ვთქვი, რომ რომ ვუყურებ ამ ადამიანებს, ისეთი თაობა არის, ისეთი ადამიანები არიან, როგორ შვილებზეც ჩემი მშობლები ოცნებობდნენ. მაგალითად, მე მახსოვს ძალიან კარგად 90-იანი წლების ბოლო, 2000-იანი წლების დასაწყისი და ისეთი ხალხია ზუსტად, როგორი მომავალიც იყო ნატვრა საქართველოსთვის. ძალიან თავისუფლები არიან, ძალიან გამბედავები არიან, მათი თვალსაწიერი არ მთავრდება მათი ჰორიზონტი საკუთარი ჭიშკრით, ვრცელდება ჭიშკრის მიღმაც და საკუთარი ცხვირს მიღმა იხედებიან და აღიქვამენ მთელ ქვეყანას, როგორც თავისას. და მე ვფიქრობ, რომ არიან არა მხოლოდ სინდისის პატიმრები, არამედ არიან საზოგადოების სინდისი, უბრალოდ, რომელთა გამოც ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ქუჩაში გავიაროთ ისე, რომ არ შეგვრცხვეს. და თუ დღეს ვინმეს არ შეუძლია, თქვას, რომ საქართველო არის შეუმდგარი სახელმწიფო, შეუძლია არა პოლიციის გამო, რომელიც საბჭოთა პოლიცია არის, შეუძლია არა არმიის გამო ან ჯარის გამო, არამედ შეუძლიათ ამ ბიჭების გამო, იმიტომ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ამ ბიჭების მხრებზე გადადის დღეს და ამ გოგოების გვერდზე გადადის დღეს.

ანასტასიას ამბავი პრობლემური არის რამდენიმე მიზეზით, გარდა იმისა, რომ უდანაშაულოდ ზის და ეგ წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე საფიქრალი არის და სათქმელი, მათ შორის ჩემთვისაც, რომ საზიზღრობაა ის, რომ მე მიწევს ლაპარაკი იმაზე, რომ ანასტასიას რაღაც პრობლემა აქვს ციხეში, იმიტომ, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ რატომ არის ციხეში საერთოდ. მე როცა ვნახე, გადაადგილდება თვითონ, ლოგინად ჩავარდნილი არ არის, თუმცა აქვს მუდმივი ტკივილები ხერხემლის და კისრის მალების. როგორც თვითონ მომიყვა, იყო შემთხვევა, რომ იძულებული იყო, რამდენიმე საათი იწვა იატაკზე საკნის და დამოუკიდებლად ვერ დგებოდა. იქ არ იშოვება ანტიალერგიული წამალი, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებს ან სხვა ორგანოებს არ აზიანებს და სვამს რაღაც წამალს, მაგრამ ამბობს, რომ ეს წამალი ცუდად მოქმედებს მასზე, დეპრესიულს ხდის, აძინებს და ანასტასიას უწევს თითქმის ყოველდღე მიღება იმიტომ, რომ აქვს ალერგია ბევრ რამეზე. ძალიან მებრძოლი და ყოჩაღი გოგოა. თქვენ ვერ იპოვით რეჟიმის მომხრე ას ადამიანსაც კი, რომელიც რეჟიმის გამო წავა იმაზე, რაზეც მიდიან ეს თავისუფალი ადამიანები, რაზეც წავიდნენ და მიდიან ყოველდღე აქციის მონაწილეები, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ „ქოცს”, პირობითად, რომელიც მზად იქნება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე დაიყენოს საკუთარი თავი.

თქვენ ხშირად გაიგებთ არგუმენტს სასამართლოს სამართლიანობასთან დაკავშირებით, აი, ვინც არის პროპაგანდისტი და მეხოტბე, ამბობენ ხოლმე, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდა პირობითად და სინამდვილეში ავიწყდებათ ის, რომ სასამართლოს რეალურობა და მართმსაჯულების სამართლიანობა არ იზომება გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით. ეს არის ერთი ნამდვილად კომპონენტი, ერთი კრიტერიუმი, მაგრამ ძალიან ვიწრო რამეს აფასებს. რეალურად სასამართლოს რეალურობა და მართლმსაჯულების ობიექტურობა და სამართლიანობა იზომება არა მთლიან საქმეებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით, არამედ იზომება იმ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით, სადაც სახელმწიფოს ინტერესი გააჩნდა. მიკერძოებულობის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ის, რომ პოლიტიკურ საქმეებზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, სასამართლოს აქვს 100-პროცენტიანი სტატისტიკა პროკურატურის პოზიციის დაკმაყოფილებისა, სასამართლო და პროკურატურის პოზიციები ყოველთვის თანხვედრაშია. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ შემთხვევაში წინსწრებით არის ხოლმე თანხვედრაში და როცა პროკურორი ვერ ახერხებს სწორად ფორმულირებას ან მოთხოვნის, ან აზრის, ან არგუმენტის, სასამართლო ეხმარება ხოლმე ხშირად, რომ თქვენ ალბათ, აი, ამის თქმა გნებავდათ, ბატონო, პროკურორს ეუბნებიან ხოლმე, რომ მერე გამოიყენონ უკვე განაჩენში ჩასაწერად. როგორც კი ამის საფრთხე დადგა, რომ ფართო საზოგადოებას ეს გაეგო და გაეცნობიერებინა, ეგრევე ეს არხიც ჩაკეტა რეჟიმმა და მაშინვე სასამართლოდან ინფორმაციის გავრცელება დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

მე იყო პერიოდი, როცა სასამართლოში სიარულიც არ მინდოდა საერთოდ, არავითარი პროფესიული საქმიანობა არ მინდოდა. თუმცა რამდენიმე რამე არის, რაც, და ეს რამდენიმე რამე არის იგივე ფაქტორები, რაც მე ერთი მხრივ, მაიძულებს იმას, რომ გავაგრძელო იმის კეთება, რასაც ვაკეთებ და მეორე მხრივ, გავაგრძელო ამ ქვეყანაში ცხოვრება საერთოდ. ერთი არის ის, რომ იმედი მაქვს, რომ ერთხელაც იქნება და აუცილებლად დამთავრდება ეს ამბავი და რომ არა ჩვენი ბრძოლა, იქ ჩვენი ჩხუბი, ჩვენი ნერვების შლა, ფასი, რომელსაც დიქტატურა იხდის იმაში, რასაც აკეთებს, იქნებოდა ნული საერთოდ, არავითარი ფასის გადახდა ამაში არ მოუწევდათ, იქნებოდა უფასო დიქტატურა მათთვის და ჩვენ, როგორც მინიმუმ, პრობლემებს ვუქმნით. ყველა რეჟიმი, ყველა დიქტატურა, საბჭოთა კავშირის ჩათვლით, დგას რეალურად არა იმ ფულზე, არა იმ იარაღის სიმრავლეზე, არა იმ ძალაზე, რომელიც აქვს ხოლმე რეჟიმს, არამედ დგას დანებებულ ადამიანებზე, ვინც ამბობენ, რომ მე რა შემიძლია, რას ვიზამ, როგორ შევცვალო, მე რა ვქნა, კი ვიცი, რაც ხდება. საბჭოთა საქართველოში ძალიან მაგარი ადამიანები ცხოვრობდნენ, მათ შორის ჩვენი მშობლების, ბაბუა-ბებიების თაობა, ყველა სფეროში, უბრალოდ საბჭოთა კავშირი იყო დანებებული ადამიანების ქვეყანა, რას იზამ, ძლიერი არის სახელმწიფო და ახლაც ეგრე არის და მე არ მინდა, რომ ეგეთი დანებებული ადამიანი ვიყო, სანამ შემიძლია, რომ არ ვიყო და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება.

იყო დრო, რომ რუსთაველზე დგომა იყო ჩემთვის ის კონტრიბუცია, რაც მინდოდა, რომ გამეკეთებინა და რასაც ვაკეთებდი. ახლა რუსთაველზე ვეღარ დავდივარ, სამწუხაროდ, ასე ხშირად, იმიტომ, რომ მგონია, რომ ახლა ჩემი აქტივიზმის ფორმა არის ის, რომ დავეხმარო დაკავებულებს და შეიძლება აქ უფრო გამოსადეგი ვიყო. მე რვა თვის შვილი მყავს და არ მინდა, რომ ისეთი რამეები მომიყვეს პოლიციელებზე, რასაც მიყვებოდნენ დაკავებული ახალგაზრდა გოგონები და არ მინდა, რომ ისე ვინმე დაელაპარაკოს და ისე ვინმე დაემუქროს და ასე ვინმე მოექცეს. მათ შორის, მე მქონდა შიშის მომენტებიც, აი, ნოემბერში განსაკუთრებით, როცა სპეცრაზმი ნადირობდა ადამიანებზე, მაშინაც დამაკავეს მე რაღაც პერიოდის განმავლობაში და მაგაზე ალბათ საჯაროდ არ მისაუბრია არასდროს. მეგობრებს კი ვეუბნებოდი, რომ დაემთხვა ისე, რომ თან აქციებზე დავდიოდი აქტიურად, ვუყურებდი, რაც ხდებოდა აქციებზე და თან დაკავებულებთან როცა შევდიოდი ღამით, მიყვებოდნენ, როგორ იქცევა პოლიცია, მათ შორის დაკავების მერე, მერე უცებ ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ შემეშინდა, მეშინოდა ხოლმე. მეშინოდა არა დაჭერის, იმიტომ, რომ დაჭერის მუქარები და რაღაც დაპირება, რომ შენ ნახე, თუ არ დაგიჭირო და რაღაც, დიდი ხნის წინ შევეჩვიე მაგ ამბავს. არასდროს წარმომედგინა, პოლიციელს თუ შეიძლებოდა, რომ ვეცემე, მაგალითად, დაკავებული ბორკილებით ხელში და ამისი გაგება ჩემთვის, რომ შეიძლება ეს ესე მოხდეს, იყო დამანგრეველი, ძალიან ცუდი იმიტომ, რომ მე ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი, ზოგადად, საჯარო მოხელეების მიმართ და განსაკუთრებით პოლიციელების მიმართ.

უბრალოდ რაც მერე გავაცნობიერე, არის ის, რომ პატივისცემა - ჩვენ მაგალითად, ეგეც ერთ-ერთი უცნაურობა არის, რომ კანონში გვიწერია პატივისცემის ვალდებულება, რამდენიმე კანონში მათ შორის და ერთხელ მოსამართლესაც ვუთხარი, რომ კანონში რაც არ უნდა ჩაწერო, პატივისცემას ვერ აიძულებ ადამიანს, პატივისცემას ვერც ფორმით ვერ იყიდი, პატივისცემა მუნდირს არ მოაქვს და ჩვენთან უყვართ ხოლმე ეგ მუნდირის პატივისცემა და შსს-ს მიაყენა შეურაცხყოფა და ა.შ. ეგ ავიწყდებათ, რომ პატივისცემის სუბიექტი ტანსაცმელი არ არის არასდროს, რა ტანსაცმელიც არ უნდა იყოს, ხო, პატივისცემის სუბიექტი არის ადამიანი და ადამიანისადმი პატივისცემა განისაზღვრება მისი ქცევით, საქციელით და არა იმით, რომ კანონში ჩაიწერა, პატივი ეცი. ეგეთი მუხლები საბჭოთა კავშირში არსებობდა და სამწუხაროდ, ჩვენთანაც შემორჩა. ეგ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, ერთ-ერთი დაკავების დროს, მე როცა დამაკავეს, მე რომ დამიჭირეს და ვიყავი მანქანაში, ვეუბნებოდი, რომ, აი, რატომ მეჭიდავებოდით-მეთქი, იმიტომ, რომ მივყვებოდი, ჩემი ნებით მივდიოდი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნებით მივყვებოდი, მაინც ხელების გადაგრეხა, რტყმა, მუჯლუგუნები და მითხრეს, რომ ეგ ჩვენ ტრენინგზე გვაქვს გავლილიო, რომ როცა აკავებ ადამიანს, ეგრე უნდა ატკინო და უნდა ეჭიდაო, რომ თვითონაც შეგეწინააღმდეგოსო, რა, ანუ თუ სტკენ, შეეწინააღმდეგები, ბუნებრივია და მერე მოდიან სასამართლო პროცესზე და ამბობენ, რომ დედას გეფიცები, წინააღმდეგობას გვიწევდაო. და როცა სახელმწიფო ინსტიტუტის პოლიტიკა არის მახის დაგება საკუთარი მოქალაქისთვის, ეგ არ არის სახელმწიფო.

______________________________

სინდისის ადვოკატები - ადვოკატების ამბები სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებიდან და მათ მიღმა, როგორ იქცა პროფესიული ურთიერთობა მეგობრობად.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა