გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დევიდ ესპინოზას „ჯიბის თეატრი“

თეატრი, როგორც სოციალური სისტემის ნაწილი, პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკასთან. ამას განსაკუთრებულად კრიზისის ჟამს ვაცნობიერებთ და ვგრძნობთ, რაც პირველ რიგში, თეატრზე და ზოგადად, კულტურაზეც აისახება. ბათუმის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილე ესპანელი მსახიობის, რეჟისორისა და სცენოგრაფის, დევიდ ესპინოზას უცნაური, მინიატურული ფიგურებით გაფორმებული წარმოდგენა სახელწოდებით „ჩემი დიდი ნამუშევარი“, სწორედ 2008 წლის  ევროპული ეკონომიკური კრიზისის გამოძახილია  - ერთდროულად არტისტული, კრეატიული, ბავშვური, ირონიული... და ცხადია, „ხელმოკლე“.

დევიდ ესპინოზას თეატრი ერთ პატარა ჩემოდანში ეტევა: დაახლოებით 250 რბილი პლასტმასიდან გამოძერწილი პაწაწინა ფიგურა (ადამიანები, ცხოველები, ნივთები), მაგიდის ლამპა (როგორც პროჟექტორი), თმის ფენი (ქარის წყარო), ხმის გამაძლიერებელი (მუსიკისა და საუნდისათვის)... და ეს ყველაფერი პატარა მაგიდაზე, დაახლოებით ერთმეტრიან თეთრ დაფაზე ცოცხლდება, რომელსაც 20-25 მაყურებელი თეატრალური ბინოკლით აკვირდება. ბინოკლებს მაყურებელს თავად დევიდ ესპინოზა ურიგებს და თან ქცევა-დაკვირვების ინსტრუქციებს აძლევს. რადგან მაყურებლის რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო მსურველი გაცილებით ბევრი, ამიტომ ფესტივალზე რამდენიმე სპექტაკლი დაინიშნა.

„ჩემი დიდი ნამუშევარი“ ირონიული და პოეტური სანახაობაა; პაწაწინა საგნებითა და ნივთებით გაფორმებული უტოპიური რეალობა, რომელსაც ბავშვური გულუბრყვილობით ვაკვირდებით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. გამრჯე ადამიანის ხელებით შექმნილი ეს მინიატურულ-ფიგურატიული სამყარო აშკარად გვიბიძგებს ჩვენც ავამუშაოთ ფანტაზია და წარმოდგენილს წარმოსახვა დავუმატოთ. მაგალითად, რეჟისორის მარჯვე ხელებით, სტატიკურად განლაგებულ ქალებს, კაცებს და ბავშვებს ჩვენი სიუჟეტი მოვარგოთ; ან სკამებზე მოკალათებული შეყვარებული წყვილები შესატყვის ხმებითა და ხმაურებით სადღაც, „კულტურისა და დასვენების პარკში“ წარმოვიდგინოთ. თუმცა შესაძლოა, სხვა ვარიანტებიც. გააჩნია ვინ როგორ ”წაიკითხავს“ სცენების შინაარს.

ხანმოკლე პაუზა და რეჟისორი ფიგურებს მაგიდის ქვემოთ მდგარ ყუთში ჩაყრის, თუმცა იმავე წუთში ჩვენ თვალწინ ახალი სცენა იქმნება - მუსიკოსებით, სასულიერო პირებით, მოსეირნე შეყვარებულებით, მოზარდებითა თუ მოხუცებით, რომლებიც ერთობლიობაში რაღაც ახალ სცენა-სიუჟეტს გვკარნახობენ. სახალისოა ქალებისა და კაცების ფიგურებით შექმნილი სექსუალური შინაარსის ეპიზოდები : ტახტზე, ლოგინში, სკამებზე. ჩაქუჩის რიტმული დარტყმით ფიგურები ჰაერში ხტუნავენ და მართლაც სექსუალური აქტის შთაბეჭდილება იქმნება...

პოეტურია და ცოტა სევდიანიც ცხოველებისა და ადამიანების დამეგობრების ეპიზოდი; როკერები თავიანთი მოტოციკლებით, მოხტუნავე ბავშვები, სამხედრო ორკესტრი, ან მოულოდნელად გამოჩენილი მლოცველები და ინკვიზიტორები შუა საუკუნეებიდან. მალე „კოკა-კოლას“ თუნუქის ბოთლიდან გიგანტური კედელი აღიმართება, რომლის გადალახვა თითქმის შეუძლებელია. ამასობაში, ჰაერში მოულოდნელად გამოჩენილი სათამაშო შვეულმფრენის ფრთებს თმის ფენის ცხელი ჰაერი აამუშავებს. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ამ სათამაშო-სპექტაკლის ფინალია, რომელშიც გამოყენებული ყველა ფიგურა თუ პერსონაჟი მონაწილეობს. მათი დაკვირვება ჭოგრიტით კი ერთი სიამოვნებაა...

საინტერესოა თავად რეჟისორის იუმორით გამორჩეული კომენტარი: „ჩვენ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ვიმყოფებით, რადგან ფუფუნებისადმი სწრაფვა ნთქავს ყველაფერს, რაც სინამდვილეში ადამიანს უნდა მოხმარდეს. როგორც ჩანს, დროა, წამოვიწყოთ ჩვენი პირველი დიდი და ამბიციური პროექტი - ავაშენოთ ბრწყინვალე და უტოპიური თეატრი, რომელსაც სხვანაირი მასალისგან შევქმნით: შეუზღუდავი შესაძლებლობების შემოქმედებითი გუნდით; დიდი ფიქრებით და პატარა საქმეებით; არქიტექტურის ტექნიკის მიდგომების გამოყენებით“.

ნაივურ-თეატრალური მაგია, რომელსაც დევიდ ესპინოზა დაახლოებით  ერთსანტიმეტრიანი, მინიატურული პლასტმასის ფიგურებით ქმნის, ნამდვილად იმსახურებს „ჯიბის თეატრის“ წოდებას. იმის მიუხედავად, ვინ რას ფიქრობს, ან რა პერსპექტივით უყურებს ამგვარ თეატრს, ეს ის შემთხვევაა, როცა კრეატიულობა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე იაფი და გიგანტური აკდემიურობა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა