გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დავით კოლდარი სინდისის პატიმარი

პოლიციელის მანქანის დაზიანება | დავით კოლდარის საქმე

22 წლის დავით კოლდარს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომლებიც 2024 წლის გაზაფხულზე ე.წ. რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დააკავეს.

დავით კოლდარს მოსამართლემ თავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აღუკვეთა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მას ედავებოდნენ პოლიციელის მანქანის დაზიანებას .

კოლდარს არ შეეხო 2024 წელს მიღებული ამნისტია, უარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რადგან ამნისტიაზე თანხმობას დაზარალებული გასცემს. ამ შემთხვევაში კი დაზარალებული შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. უწყებამ არც ის ფაქტი გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა 2030 ლარის ოდენობის ზიანი აანაზღაურა.

დავით კოლდარმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ ჩიტაძის ქუჩაზე პოლიციელის ავტომობილი დააზიანა. მან დანაშაულის მოტივზე საუბრისას განაცხადა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, თუმცა რას გულისხმობდა ამ ფრაზაში, არ განუმარტავს. ბრალმდებელმა კი განაცხადა, რომ კოლდარმა დანაშაულის ჩადენის სანაცვლოდ თანხა აიღო. კოლდარის ადვოკატმა გვითხრა, რომ ბრალდება ასახელებდა ცალკეულ პოლიტიკოსებს.

საბოლოოდ დავით კოლდარის საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება. ადვოკატი ამ ეტაპზე პროკურატურასთან აწარმოებს მოლაპარაკებას საპროცესო შეთანხმების შესახებ. „ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს პროკურატურა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად“, – ამბობს ადვოკატი მამუკა ქირია.

სწორედ ამ მოლაპარაკების გამო 20 მაისს ჩანიშნული სხდომა დავით კოლდარისა და გიორგი კუჭუაშვილის საქმეზე 12 ივნისისთვის გადაიდო.

* * *

დავით კოლდარს ოჯახი არ ჰყავს. ის ბავშვობიდან მინდობით აღზრდაში გაიზარდა. როგორც მისმა ერთ-ერთმა აღმზრდელმა გვითხრა, დავითი 18 წლამდე ცხოვრობდა მცირე საოჯახო სახლში. მას ფეხბურთის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა და ბავშვობიდან ვარჯიშობდა. სკოლის დამთავრებამდე თბილისში ჩაირიცხა ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაში, თუმცა ფეხბურთის თამაში ვეღარ გააგრძელა, რადგან ცალ თვალში დაწყებულმა მხედველობის პრობლემებმა ხელი შეუშალა. ამიტომ ფეხბურთს თავი დაანება და კულინარიულ პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა