გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

დოსტოევსკი, როგორც ნაგავსაყრელი და როგორც ტერორიზმის სარკე

როდესაც ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში ჩაიხედავთ და აღმოაჩენთ, რომ პოლონეთის ქალაქ ლეგნიცას, ელენა მონჟევსკას სახელობის დრამატული თეატრი 200 წუთიან სპექტაკლს წარმოადგენს დოსტოევსკის „ეშმაკნის“ მიხედვით, პირველ რიგში ნაცნობი სახელი ამოტივტივდება - ანჯეი ვაიდა, რომლის ეკრანიზაციამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი შთაბეჭდილება და გავლენაც მოახდინა პოლონურ საზოგადოებაზე. ფილმის სცენარის ავტორები არიან ჟან-კლოდ კარიერი და აგნეშკა ჰოლანდი. მთავარ როლებში: ჟან-ფილიპ ესკოპე (ვერხოვენსკი), ლამბერ ვილსონი (სტავროგინი), ლორან მალიო (კირილოვი), იზაბელ იუპერი (მარია შატოვა), იუტა ლამპე (მარია ლებიატკინა), ეჟი რაძილოვიჩი (შატოვი)...

კინოსგან განსხვავებით, რომელსაც მონტაჟით ლამის ყველაფერი ძალუძს, თეატრი ძნელად გუობს რომანის ადაპტაციას. როგორც წესი, მძიმე და მოუქნელია ექსპოზიცია, ხოლო სცენების თანმიმდევრობა, თხრობა, ტემპი და მოქმედების განვითარება დრამის პრინციპისგან განსხვავებით, სხვაგვარია. აღმოჩნდა, რომ პატარა ქალაქ ლეგნიცას თეატრს შეუძლია ამგვარი სირთულის დაძლევა და დოსტოევსკის რომანის დღევანდელ ენაზე „თარგმნაც“ და ადაპტაციაც. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი იაცეკ გლომბი არა მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის ერთ-ერთი გუბერნიის ქალაქში მიმდინარე ამბებზე მოგვითხრობს, არამედ თანამედროვე ევროპის იატაქვეშა თუ „იატაკზედა“ სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე.

დოსტოევკის რომანის შემზარავ ფსიქო-კრიმინალურ ატმოსფეროს კარგად გადმოსცემს მალგოჟატა ბულანდას შესანიშნავი სცენოგრაფია: თითქოს, სადღაც მიწისქვეშეთში მდებარე გიგანტურ ქაღალდის საწყობში ვართ;  დაპრესილი მაკულატურის გიგანტურ ყუთებს შორის. შესაძლოა, ეს ცივილიზაციის ნაგავსაყრელიცაა, სადაც ძალაუფლების მოსურნე ახალი პოლიტიკური კლასის, პარტიის, თუ ორგანიზაციის პლატფორმა მზადდება... ან უფრო ნაცნობი ენით რომ ვთქვათ, მათი ტერორიზმისთვის საჭირო „პოეზია“ იწერება.

რეჟისორი დაუნდობელად დასცინის და ააშკარავებს „ჩაგრული“ რევოლუციონერების აღტკინებას, რომლებიც ძალაუფლებისკენ სავალ გზაზე ერთმანეთს დაუნდობლად უსწორდებიან. ასევე, კარგად გვიჩვენებს ერთმანეთის მიმართ ტოტალურ გაუცხოებას და საკუთარი კომპლექსების შენიღბვის უიმედო მცდელობაც. პერსონაჟების აგრესიული აღტკინება, თვითდამკვიდრების ჟინი, ხერხები და ფსიქო-ფიზიკური ეგსჰიბიციონიზმი, ასევე ბევრს გვეუბნება იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც დღევანდელი ევროპა და საერთოდ, სამყარო აღმოჩნდა: ესაა კონტროლისა და მანიპულირების მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელია ადამიანების მუდმივი და საყოველთაო კონტროლი.

ვერხოვენსკის, შატოვის, სტავროგინის, კირილოვის და ასევე „ორგანიზაციის“ სხვა წევრების ფარული თუ აშკარა დაპირისპირება; მათი  ბრძოლა პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, აშკარა მინიშნებაა თანამედროვე მემარცხენე ინტელექტუალური ძალების დაქსაქსულობაზეც. ჩვენ  თვალნათლივ ვხედავთ, რევოლუციისა და სიმართლის სახელით როგორ იქმნება და მყარდება დიქტატურა თავისი მექანიზმებით, შანტაჟით, თვალთვალით, საშინელებით და როგორ ეჯახება ერთმანეთს ტერორიზმით შობილი იმედები საშინელ სასოწარკვეთას.

რომანთან შედარებისას უფრო ადვილად წარმოჩინდება სპექტაკლის უპირატესობები. მაგალითად, შემოკლებული და ცოცხალი დიალოგები, ბევრად სწრაფი ტემპი, კარგად დოზირებული ემოციები და წარმოიდგინეთ, ეროტიკული იმპულსიც (მაგალითად, სტავროგინი მაჩო-მამაკაცია, რომელიც ქალებს ძალიან მოსწონთთ და რომელიც ერთ ეპიზოდში მთლიანად შიშვლდება). საინტერესოა ეპიკური მოქმედების ინტიმურ-ფსიქოლოგიურ ველში გადატანის მცდელობაც. რის გამოც რამდენიმე ასე ვთქვათ, „დუელ-დუეტი“ იკვეთება (ვერხოვენსკი - სტავროგინი, სტავროგინი - ლიზა, ვერხოვენსკი - კირილოვი).

სპექტაკლში ბალანსისთვის ოდნავ გლამურული, დამცინავი და „კოლექტიური სულისკვეთების“ გამომხატველი სცენებიცაა, რომლებიც ზოგჯერ ზედმეტად სასტიკია, მაგრამ მაინც გამართლებული. რევოლუციონერების შეკრების ცნობილი სცენა კი შთამბეჭდავი პოლიფონიურობით გამოირჩევა. ცალკე სიამოვნებაა მსახიობების დამუხტული, თავშეკავებული მაგრამ ემოციური თამაშის ყურება და მათი კარგი მეტყველების მოსმენა.

ლეგნიცას, ელენა მონჟევსკას სახელობის დრამატული თეატრი ცნობილი და აღიარებულია პოლონეთში. მუდმივად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფესტივალებში. მუდმივად მართავს საგასტროლო სპექტაკლებს საზღვარგარეთ. 2016 წელს ლეგნიცას თეატრმა მაკედონიის თეატრთან თანამშრომლობით, სკოპიეში წარმოადგინა სპექტაკლი „შეწყვეტილი ოდისეა“. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრის მსახიობებთამ ერთად, ლეგნიცას თეატრმა წარმოადგინა „კლასიკური კოპროდუქცია“, რომელიც ქართულ-პოლონურ ისტორიულ კავშირებსა და პერსპექტივას იკვლევს. ასე რომ, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი „ეშმაკნი“ ერთგვარი გამოცდაც იყო და მეგობრული ვიზიტიც.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა