ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დრო, რომელიც სახეებად იქცა

ინტერვიუ ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველ მხატვართან, ლუკა ლაზართან

"მიყვარს სიწყნარე, მიყვარს ნახატზე ფერის სიღრმეში შეღწევა. ყოველთვის, როცა ფანჯარაში ვიხედები, ვიცი, ეს იგივე ფანჯარაა და არც არასოდეს შეიცვლება, მაგრამ მაინც ვხედავ, თითოეული დღე როგორი განსხვავებულია, არა იმიტომ, რომ ფერი ან სინათლე იცვლება, არამედ იმიტომ, რომ მე და ჩემი იდეები ვიცვლებით. მე დღეს სხვანაირად ვფიქრობ, ვიდრე გუშინ..."

ლუკა ლაზარი

1.

აგვისტოს ბოლოა და ნიუ იორკში ცხელა. ყვითელი ასფალტი და იისფერი ჩრდილები ლამაზ ფერთა გამას ქმნის. ხელში მინერალური წყლის ბოთლი მიჭირავს და ლონგ-აილენდ სიტიზე საჭირო მისამართს ვეძებ. მხატვარ ლუკა ლაზართან მივდივარ სტუმრად. 44-ე ქუჩაზე რომ შევუხვიე, მანჰეტენის დიდებული შენობები ზღაპრულ ტყესავით ამოიზარდა. ცათამბჯენები თითქოს ცეკვავენ ზაფხულის მირაჟში. გაეროს შენობა გადიდებულ და ვერტიკალურად დაშვებულ აიფონის კოლოფს ჰგავს. აიფონზე ფიქრი თავიდან მოვიშორე და სახლსაც მივადექი. ზარი დავრეკე.

ფართო ბინა-სახელოსნოში შესვლისას დიასახლისს, ლუკა ლაზარის მეუღლეს მივესალმე.

„სასკია...“, – გამიღიმა მან. იქვე მომაფიქრდა ხუმრობა იმ მხატვარზე, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინათ სასკიაზე იყო დაქორწინებული, მაგრამ რემბრანდტზე ხუმრობა მომავლისთვის გადავდე. შენობა, რომელშიც მხატვარი ცხოვრობს და მუშაობს, ნიუ იორკის პარამეტრებით უშველებელია – ნათელი სახელოსნო საცხოვრებელი ოთახებისგან სამზარეულოთია გამოყოფილი. ტილოები. საღებავები. მასალები. კონდიციონერის გუგუნმა ქალაქის ხვატი დამავიწყა.

„შემოდი, – სამზარეულოში შემიპატიჟა ლუკა ლაზარმა, – გიყვარს ბლინი?“

„კი, როგორ არა…“

სამზარეულოს შუაში, მრგვალ ელექტროქურაზე ლუკა ლაზარი ბუდისტი ბერივით ცომს ბამბუკის ჯოხით აბრტყელებს და ღიმილით მეუბნება:

„დღითი დღე უფრო და უფრო კარგად გამომდის...“

რამდენიმე წუთში ფრანგული ბლინი („კრეპსი“) მომართვა, ზემოდან უხვად მოყრილი პარმეზანით.

ძალიან გემრიელია.

„დიდი ხანია, ნიუ იორკში ცხოვრობ?“ – მკითხა სასკიამ.

„კი...“ – ვუპასუხე და შევუყევით ნიუ-იორკელებისთვის ჩვეულ ლაპარაკს... არაფერზე, ანუ: ქალაქზე, საცხოვრებელზე, ამინდზე, ხელოვნებაზე.

2.

ლაზარის ნამუშევრები ერთგვარი სიფრთხილით შეიძლება მივაკუთვნოთ მინიმალიზმს, რომელიც სახვით ხელოვნებაში გასულ საუკუნეში გაჩნდა. ის ჩვენი დროის ოსტატებს შორის ერთ-ერთი იმ იშვიათ მხატვართაგანია, რომელიც თავისი ნამუშევრებით დასაზღვრულ ჩარჩოებს აფართოებს – ნახატების სივრცეს დაუმთავრებელს, ცარიელს ტოვებს, ინტერპრეტაციის თავისუფლებას გვაძლევს. ეს არგაგონილი, გასული ეპოქებისთვის უცნობი ფუფუნებაა. შენს თავს ზოგჯერ მაინც რომ აუკრძალო დასრულება, ამას თავისებური შინაგანი ორგანიზება და განსაკუთრებული ნებისყოფა სჭირდება, რათა საკუთარი თავი და გარშემომყოფები დაარწმუნო, რომ თეთრ ტილოზე გავლებული უბრალო ხაზი ხელოვნების დასრულებული ქმნილებაა – ეს ძალიან რთულია. ლაზარის ერთი შეხედვით უბრალო გეომეტრიის ქვეშ მგრძნობიარე აბსტრაქციაა. მისი ტილოები მინიმალიზმის ბაკანში მომწყვდეული ემოციებია. მხატვარი ტილოს ტილოზე მიჩვენებს. „ქვეჩარჩოები ჩემი ხელით არის გაკეთებული“. პირველი, რამაც თავში გამიელვა, უბრალო შეფასება იყო: „ნიუ იორკული ნამუშევრები“. აქ, ქალაქ-გიგანტში, ადამიანური სითბო ქუჩების მკაცრ ბადეს ედება, გენიალური აზრები ზევით მიფრინავენ და ცათამბჯენებს ეალერსებიან. ეს მინიმალიზმის აპოთეოზი და ზეიმია.

ამერიკელი პოეტი ჯონ კეიტი (John Koethe) ლექსში „საიდუმლო გეოგრაფიული განედი“ ფილოსოფიურ შეკითხვას სვამს, რომელზე პასუხის გაცემა არ არის ადვილი. „აბსტრაქტულია? უსახური? ერთი და იგივეა, თუ არა?“ კეიტის ამ ფრაზაზე მე ხშირად ვფიქრობ. აბსტრაქტული ხელოვნება შეიძლება უსახურად მოგეჩვენოს. შეიძლება მნახველის წინაშე წარდგეს, როგორც საგანი... რომელიც საკუთარი კანონებით ცხოვრობს. მაგრამ ლუკა ლაზარის ყოველი ნახატი აბსოლუტურად პერსონალური და მხატვართან დაკავშირებულია. მხატვრისთვის ფერწერა სამყაროსთან დიალოგია.

„ჩემს ნამუშევარში მთავარი ის კი არ არის, რას ვხედავ, მთავარია, რას ვგრძნობ... იგივე შემიძლია ვთქვა ნიუ იორკზე. როცა ნიუ იორკში ვარ, შეიძლება გარეთ დიდხანს არც გავიდე, მისი ქუჩები საერთოდ არ ვიცი, მაგრამ მიზიდავს ენერგია, თითქოს ქალაქს ზემოდან ან ფანჯრიდან დაჰყურებ. კი, მომწონს მანჰეტენი...“

3.

„გერმანიაში ყოფნისას, 1997-ში, ხელოვნებას ცოტა ხნით გავეცალე. მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი უკვე გაკეთებულია. მერჩივნა, სულ არაფერი გამეკეთებინა, ვიდრე „მეორეული“ მეხატა. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მიმიბაძავს ვინმესთვის და ყოველთვის სულს და გულს ვდებდი სამუშაოში, დაუკმაყოფილებლობის, უკმარობის გრძნობა გამიჩნდა. შედეგმა იმედი გამიცრუა. „მე სადღა ვარ?“ – როცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვეღარ შევძელი, ხელოვნებას თავი გავარიდე. ვიდეო და ხმოვანი ინსტალაციები, ობიექტები... ყველაფერი ვცადე. მაგრამ ყველგან რაღაც მსგავსი უკვე გაკეთებული იყო. დაახლოებით ასეთი რამ წარმოიდგინე: მოვიდა თოვლი, ბორბლის ნაკვალევი დაემჩნა, რომელსაც, იძულებულია, სხვა გაჰყვეს. თოვლი კი იტკეპნება და იტკეპნება.

ჩემთვის ვფიქრობდი, ჯანდაბას, ეშმაკსაც წაუღია, ყველა ხომ მხატვარი ვერ იქნება. დეპრესიაში ჩავვარდი და ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე, რომ საკუთარი თავის შესახებ გამეგო რამე. ამასობაში სამი წელი გავიდა. მოულოდნელად ისევ რაღაც დამემართა. ბინაში მქონდა თეთრი ფარდა, რომელზეც მზე ჩრდილის კვადრატს ტოვებდა. კვადრატის ზომა სულ იცვლებოდა, თან გადაადგილდებოდა. ხან ძალიან მკვეთრი იყო, ზოგჯერ – მკრთალი. საკმარისი იყო მანქანას გაევლო, ვიცოდი, რომელი მოდელი იყო, ეგ კი არა, შემეძლო, შიგ მსხდომებიც წარმომესახა. ვიყავი სახლში, მაგრამ ვგრძნობდი, რა ხდებოდა გარეთ“.

ლაზარი, არსებითად, პლატონის ცნობილ – ჩრდილების გამოქვაბულს აღწერს. ყურადღებით ვუსმენ, მშვიდად გესაუბრება. აჩრდილები გამოქვაბულის კედელზე ბერძენი ფილოსოფოსისთვის სამყაროს შეუცნობლობის მეტაფორაა, იმისა, რომ სინამდვილეს ვერ ჩასწვდები. ლაზარმა მზის სინათლის ლაქითა და გავლილი მანქანების ჩრდილებით ახალი სამყარო შექმნა. ამ მოცეკვავე სინათლის ლაქით დაიწყო „მხატვარ ლუკა ლაზარის მკვდრეთით აღდგომა“. მხატვარი სიხარულით მიყვება იმ ნამუშევრებზე, რომლებიც გრძელ პაუზას მოჰყვა. „დიდ ტილოზე წვრილი ხაზი გავავლე, ერთ ადგილას ხაზი გაწყდა და გაჩნდა ვიბრაცია. დაძაბულობა. ნახატი გაცოცხლდა“.

4.

მისი გატაცება აბსტრაქციით დაიწყო უცხოური ჟურნალებიდან თანამედროვე ნახატების ფოტოების კოლექციის შეგროვებით. წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში თბილისის სახელოსნოში შექმნილი დიდი ტილოებით წავიდა ლუკა ლაზარი მოსკოვში, სადაც ლეგენდარული კურატორის, ლეონიდ (ლიონია) ბაჟანოვის დახმარებით გაიმართა ქართული უსაგნო ხელოვნების პირველი გამოფენა, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად – ალექსანდრე ბანძელაძისა და ლუკა ლაზარის ფერწერას მრავალრიცხოვანი დამთვალიერებელი პირველად გაეცნო.

ალექსანდრე ბანძელაძესთან ის მოსწავლეობისას ემზადებოდა, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად. სწავლობდა ნახატს და ფერწერას. „როცა აკადემიის სტუდენტი გავხდი, ხშირად ვეღარ ვხვდებოდი ჩემს პედაგოგს. ერთხელ მხატვართა კავშირთან არსებულ სამხატვრო მაღაზიაში შევხვდი. მან გაიკვირვა. მეორედაც ისევ იქ რომ გადავეყარეთ ერთმანეთს, მკითხა: „აქ რას დაიარები, რა დაგრჩენია? აქ არ არის შენი ადგილი“, – იმიტომ გამაფრთხილა, რომ მას გამოცდილება ჰქონდა, მე კი არა. მაგრამ, როცა გაიგო, რომ საღებავების საყიდლად ვარ მისული, მითხრა: „კი, მაგრამ რად გინდა ამდენი საღებავი?“

„ნამუშევრების სერია დავიწყე, რომელიც არა მგონია, ვინმემ გაიგოს...“. აღელვებულმა განმარტება მომთხოვა. „აბსტრაქციებია...“, – იყო ჩემი პასუხი. „წამოდი, ვნახოთ!“ – ბანძელაძემ თავის „ვოლგაში“ ჩამსვა და ჩემს სახელოსნოში წავედით.

ნამუშევრებით გაკვირვებულმა მასწავლებელმა მოსწავლე თავისთან მიიპატიჟა და აჩვენა აბსტრაქტულ ნამუშევართა სერია, რომელსაც თავისთვის ხატავდა. „აბსტრაქციების ხატვა 60-იან წლებში დაიწყო. ბანძელაძე ცნობილი იყო, როგორც ილუსტრატორი, მაგრამ სინამდვილეში ის იყო ავანგარდისტი“, – მითხრა ლუკა ლაზარმა თავის პედაგოგზე.

5.

ფაიფურის თეთრ ფინჯანში მაგარ ყავას ვისხამ. სინათლე, რომელიც სახელოსნოში იჭრება, იტაცებს ნახატის ლამაზ ფერწერულ ფრაგმენტს. საღებავები ტილოზე ძვირფასი თვლებივით ელავს. სურათის პირდაპირ, სავარძელზე, კატაა მოკალათებული. საათი წიკწიკებს. უკვე ორია. ლუკა ლაზარი მიყვება თავის ერთადერთ შეხვედრაზე ქართველ მხატვარსა და ხელოვნებათმცოდნე კარლო კაჭარავასთან: „94 წელს ცუდი პერიოდი მქონდა – სასამართლო ჩემს გერმანელ მენეჯერთან, დიდ თანხას მთხოვდა, მასთან გაწყვეტილი კონტრაქტის სანაცვლოდ. საქმეები ცუდად მიმდიოდა. ამ დაძაბულობის დროს ჩემთან, კიოლნში, კარლო კაჭარავა ჩამოვიდა. მე მას არ ვიცნობდი. ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იყო. კარლომ დაინახა, რომ მე პრაქტიკულად ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, მაგრამ დღე და ღამე ვმუშაობ „მსოფლიოს შვიდ საოცრებაზე“, სერიაზე, რომელიც ირანის პირველ ომს ეხება. ფრანკფურტში გამოფენის მოსაწყობად ვემზადებოდი და კარლოს ახალი ნამუშევრები ვუჩვენე, მან მომისმინა ყურადღებით, ყველაფერი დაათვალიერა და როცა ჩემი შვილი პარკში სასეირნოდ გავიყვანეთ, ასეთი რამ მითხრა: „ბოდიში მინდა მოგიხადო. 80-იანი წლების ქართულ ხელოვნებაზე წიგნი რომ გამოვაქვეყნე, მითხრეს, რომ აღარ ხატავდი და შენზე არაფერი დამიწერია. თბილისში რომ დავბრუნდები, ახალ თავს დავწერ ახალი გამოცემისთვის...“

კიოლნის სცენა წარმოვიდგინე: ორი სრულიად განსხვავებული მხატვარი. საუბრობენ გერმანიაში ცხოვრებაზე. კაჭარავას დიდი გეგმები აქვს. ლუკა ლაზარი ცოლს შორდება და გერმანიას სამუდამოდ ტოვებს. კაჭარავას ნამუშევრებზე ვფიქრობ... მახსენდება 1991 წელს დახატული მისი ერთი უსათაურო ნამუშევარი, ბოჰემურ პერსონაჟთა ჯგუფი წითელი ცის ქვეშ დახეტიალობს. გზა ცასთან შესახვედრად მიიწევს. შავი ღრუბელი, გერმანული რენესანსის ოსტატების ფუნჯის სადარი, სივრცეს შუაზე კვეთს.

„გრძნობდა მოახლოებულ სიკვდილს? – არა, რა თქმა უნდა...“

წიგნი, რომელშიც შევიდოდა მთელი თავი ლუკა ლაზარის შესახებ, ვეღარ გამოვიდა. 94 წელს კაჭარავა უკვე აღარ იყო. ფიქრი, რომ მე ვწერ მხატვარზე, რომელზე დაწერაც კარლო კაჭარავამ ვერ მოასწრო, ფეთქვას იწყებს და მოსვენებას მიკარგავს.

6.

ლაზართან შეხვედრა უკვე წარსულია. ვდგავარ მეტროპოლიტენ მუზეუმში, მარკ როტკოს ნახატის წინ. ჩემ გვერდით კარგად მოვლილი, პროვინციულად, შესანიშნავად გამოწყობილი დედა-შვილია. სიმპათიურ დედას სურს, შვილი კულტურას აზიაროს.

„დედა, რატომაა ცნობილი ეს სურათი?“

„იმიტომ, რომ როტკო არავის ჰგავს... ნუთუ ლამაზი არ არის?“

„ლამაზია...“ – დაეთანხმა ბიჭი.

„ფერს შეხედე...“ – განაგრძობს ქალი.

„რომელ ფერს? ორია ნახატზე...“

„ფერთა შეხამებას... ეს მთელი სამყაროა...“

ბიჭი ჩუმადაა. მე ვფიქრობ, ამ ქალისთვის აბსტრაქცია რაღაც უნივერსალურია, მთელი ქვეყნიერებაა...

ქალი მომიბრუნდა და ფოტოაპარატი გამომიწოდა, რომ შედევრის ფონზე მისთვის სურათი გადამეღო.

აპარატი გამოვართვი. დედამ ბიჭს მხარზე ხელი დაადო. ბიჭს მუქლურჯი მაისური ეცვა, რომელზეც „მიჩიგანი“ ეწერა. ფოტოაპარატი ჩავაჩხაკუნე. ეკრანზე მოღიმარი დედა-შვილი გამოჩნდა. ამ ადამიანებისთვის როტკო რაღაც პირადი გახდა. ისტორია მათი შორეულ ნიუ იორკში გამგზავრებისა. დედამ მადლობა გადამიხადა. თავი დავუკარი და გასასვლელისკენ გავემართე. პოეტ ჯონ კეიტის კითხვა – „აბსტრაქტული?! უსახო?! თუ ერთი და იგივე?“ – უპასუხოდვე დარჩა.

7.

ლუკა ლაზართან საუბარს სიმღერის რეფრენივით გასდევს იმედგაცრუება ადამიანების, მხატვრებისა და იმათ მიმართ, ვისთან ერთადაც გზას შევუდექით.

„ადამიანები თვითონ გვშორდებიან, მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებთ...“ – გავიფიქრე, როცა ლაზარს ვუსმენდი. დღეს მხატვარს თითქმის აღარაფერი აკავშირებს სამშობლოსთან.

ლუკა ლაზარის ახალ ნამუშევრებს ქართული საზოგადოება საერთოდ არ იცნობს. როცა თბილისში მისი გამოფენა გაიმართება, რომელიც აუცილებლად უნდა გაიმართოს! – ხელოვნების მოყვარულთა წინაშე წარდგება ამოუცნობი და იდუმალი მხატვარი და მისი ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული ნამუშევარი, დატეული რამდენიმე ტილოში. თვითონ დრო, სახეებად ქცეული.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა