გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ესკო, 41 წლის | მე ვთამაშობ

ხელის მაზები იყო ჯოჯოხეთი. 

1999 წელს გავაკეთე პირველი ხელის მაზი. 17 წლის ვიყავი. ავტყდით სამი ძმაკაცი, რა ვქნათ, რა ვქნათ. რაღაცა თამაში იწყება ორ საათში და გვინდა რომ დავდოთ და ვერ ვდებთ. თან პატარები ვართ. ვიღაცეები ვიცით რომ მაზაობენ, იმათთან მივედით, არ მიგვიღეს. ჩემმა ძმაკაცმა, წამო, “აჭარაში” მივიდეთ, ვიღაცას ვიპოვითო. ავდექით, წავედით, მივედით. დავდივართ, დავდივართ და უცბად “გამაზვა ხო არ გინდა?”, გამაზა ვიღაცამ. “ჩვენც გვინდა” და ვიღაცა უცხოსთან გავმაზეთ. პირველად ვნახეთ. 300 დოლარი დავდეთ. როგორც ყოველთვის წავაგეთ. რთულად ჩავაბარეთ. 2 კვირის ჩასაბარებელი იყო თავანი. ამ ორ კვირაში 800-900 დოლარზე ავედით, დავამატეთ ანუ. ამოგდებაზე ვჩალიჩობდით. თავიდან 300 დავდეთ, ხო წავაგეთ და მერე ცოტ-ცოტას ვდებდით, 100-100 და გამოვიდა 900. მარტო ტელეფონი გვაქვს და სახელი ვიცით ამ ტიპის. როგორღაც ვიშოვეთ ეს ფული. ისეთი დრო იყო, 800-900 დოლარი ადვილად არ იშოვებოდა. 9 საათია, ვურეკავთ, გამორთულია ტელეფონი. კაი, დაველოდოთ.  10 საათი გახდა კიდევ გამორთულია ტელეფონი. ვა, რა ხდება, ფული გვაქვს და ფულს ვერ ვაბარებთ. გახდა 11 საათი, უკვე ვნერვიულობთ, არ იღებს. 12-მდე თუ ვერ ჩააბარე - გააკატავე და უბედურება. წავედით “აჭარაში”. ვეძებთ, ვეძებთ, ვეძებთ. ვერ ვპოულობთ, არ არის. ბოლოს ვიპოვეთ ვიღაც, ვინც იცნობდა. ტელეფონი დაკარგაო. წაგვიყვანა იმან, მანქანით წავედით, მივუტანეთ ეს ფული, ისეთი ბედნიერი იყო.  ეგონა რომ არც მივიდოდით, არც გვიცნობდა, სახელი იცოდა და ვსო. ვინა ხარ, საიდან ხარ, ვაფშე არ აინტერესებდათ, მთავარია გეთქვა - ეხლა ეს წააგებს ან მოიგებს, საკმარისი იყო. ვინა ხარ, საიდან ხარ, როგორ ხარ, არ აინტერესებდათ. 

რატო მივიტანეთ და რა ვიცი, არ შეიძლებოდა რო არ მიგვეტანა. ეგრეა, რო წააგე უნდა ჩააბარო. რო მოგეგო ხო აიღებდი? რო მოგეგო მიხვიდოდი და მოთხოვდი, ყველაფერს გააკეთებდი. 

სკოლის პერიოდში რამდენიმე ბილეთი დავდე. მაშინ ინტერნეტი არ იყო, ეხლა რასაც გინდა უყურე. გაზეთით ვიგებდით ხოლმე შედეგებს. სახლში ვარ, ჩემი ძმაკაცი მორბის გაზეთით, ქვემოდან მეძახის - ბიჭო, მოიგეო. მეთქი, გაჩუმდი, სახლში ვარ, რა მოვიგე, არაფერი არ მოვიგე, თავი დამანებე. ჩამოდი, ჩამოდიო. ჩავედი, გადავამოწმეთ, მართლა მოვიგე. ნეტა წამეგო. იმის მერე დამერხა. დავდიოდით ტოტალიზატორში. ბიძა კაცები იყვნენ, დიდი სათვალეებით. საათობით რაღაცას ითვლიდნენ. სულ მაინტერესებდა რას ითვლიდნენ, რა გამოთვლა არის, რა ფორმულაა. მეგონა, რომ ამათ რაღაც იცოდნენ. ჩამოწერდნენ სიებს და აგებდნენ მაინც - “ერთმა გამისხა” - არადა ყველამ გაუსხა, მაგრამ ერთზე იძახის. 

ცოტა რომ წამოვიზარდეთ, გაიჩითა ესეთი პიროვნება - იუზა ძია. იუზასთან ვთამაშობდით ცოტა დიდ სტავკებს. აჭარის მაზავშიკი იყო. ფულიც ჩამიბარებია, მომიგია, წამიგია, მომიგია, წამიგია. ძაან დიდ მინუსში მაგასთან არ ვყოფილვარ. მაბარებდა, ვაბარებდი. 

ტელეფონით ვმაზაობდი, რომ ვურეკავდი, ვეტყოდი  - მე ვარ იუზა, გამაზვა მინდა. მოიცა ერთი წამით, ალბათ ხმის ჩამწერი ქონდა და მეუბნებოდა  - აბა თქვი რა გინდა. 

ბოლოს ვაგებდი 500 დოლარს, 28 რიცხვი იყო და 30 - ში უკვე ჩასაბარებელი მქონდა. დავუერკე და 300 დოლარიანს მივიღებ თუ გინდაო, მეტს სანამ არ ჩამაბარებ ვერაო. 

ვეძებ კაროჩე, რაზე დავდო, ორ დღეში მაქვს თავანი. ბიძაჩემი ტოტალიზატორის მამაა. რაღაცეებს სულ ვეკითხებოდი ხოლმე. ძირითადად არტყამდა.

მეთქი, ეხლა მე რო აქ რაღაცეები არ ვეძებო, დავურეკავ, რასაც მეტყვის დავდებ - ვიფიქრე. ვურეკავ. საფრანგეთში ვიცი ორი ნიჩიაო. აუ, მწვანე აინთო, ნიჩია მინიმუმ სამი და რაღაცაა. დავაი - მეთქი, გამოუშვი. მითხრა. გადავურეკე იუზას, ვიღებ ორ ნიჩიას. იქიდან მეუბნება, რამე ხო არ იციო. რა ვიცი კაცო, დაჯდება. რამე ხო არ არის ისეთიო, აქეთ დავდოთ ფული, მოვიგოთო. წამოვწექი, ვუყურებ. მართლა არ დაჯდა, ბიჭო. მირეკავს, რა მიქენი ესო, მეთქი მე რა გიქენი. აქეთ ქონდა მოსატანი. 3000 მოვუგე. ის გამოაკლო. ესო რა მიქენიო. ისეთი გახარებული ვიყავი. იუზას გამოვაცალე დოლარები. 

კაროჩე, როგორ არის. ვთქვათ, რაღაცა ფული წააგე. თავანი გაქვს. არ ნერვიულობ სანამ არ მოვა ბოლო ან ბოლოს წინა დღე. არაფერს არ აკეთებ, გგონია რომ ყველაფერი იქნება, ყველაფერს იშოვი. მანამდე ფულს სესხულობ, თამაშობ, გგონია რომ ამ ფულს ამოაგდებ. 

1 თვე რომ გქონდეს თავნამდე, ხარ ჩვეულებრივად, ვითომც არაფერი. აი ბოლო დღე რომ გათენდება და 12 საათზე თანხა უნდა გქონდეს, მოიჩხრიკავ ფინანსებს და ნოლია, მერე იწყებ ჩალიჩს. 

გათენდა ის დღე. უკვე იცი რომ ახლოს არის, რამდენიმე საათი რჩება. პაძელნიკი უეჭველი გინდა ერთი - ორი კაცი, მარტოდ რომ არ იგრძნო თავი. იქიდან პაძერჟკა, რაღაცა, მიდი, მიდი.  იწყებ რეკვას. საძმაკაცომ ხო იცის, იქ ყველაფერი იასნია, რო აზრი არა აქვს - გინდა დაურეკე, გინდა გადმოურეკე, არა აქვთ. გადადიხარ მერე ისეთ ხალხზე, ვინც ცოტა ფულიანია და ვისაც საშუალება აქვს. იწყებ რეკვას. იწყებ შეწუხებას, იქ ნათლია, იქ ბიძა, იქ მამის ძმაკაცი, შენი ძმაკაცის ვიღაცა ნათესავი. ყველაფერი გახსენდება მანამდე რაზეც არ გიფიქრია, რომ ახლოვდება ის საათი. ურეკავ, რაღაცეებს იგონებ, ფეხი მომტყდა, ხელი მომტყდა, ვიღაცას დავარტყი, კაცს დავეჯახე, მანქანას დავეჯახე… ყველაფერს იგონებ, რაც კი შეიძლება. მერე უკვე გადადიხარ გოგოებზე. ოქრო, ბეჭედი, საყურე, ცეპი, ჯვარი, ნათლობა, ყველაფერზე თანახმა ხარ. 

მერე ათას სიგიჟეს ფიქრობ. მიდიხარ ისევ თამაშობ, რო აი, იქნება რაღაცა მოვიდეს. ეს წააგე, წახვედი მერე ისევ თავიდან. ჩვენთან ეგრეა, ერთიანად დიდ თანხას ვერავინ ვერ გაძლევს. ცოტა იშოვე, წააგე, მერე ისევ. უკვე ფიქრობ, რა გავაკეთო, კრიმინალსაც ფიქრობ - სად შევვარდე.

დრო რომ ცოტა გრჩება, ყველაფერს ჩალიჩობ და ყველანაირად ცდილობ. უკვე 9 საათია, 10 საათია, ან ნახევარი გაქვს ან ცოტა მეტი და გაკლდება მაინც.  ყოფილა ისეთი სიტუაცია, 300 დოლარი რომ გაკლდება დიდ თანხაზე. დიდი ნაწილი იშოვე, ვიღაცას მანქანა დაალომბარდებინე, სადღაც რაღაც გაყიდე. ზოგჯერ, ჩნდება ისეთი პიროვნება რომ რაც გაკლია,  იღებს და გაძლევს. ეს პიროვნება საიდან მოდის, არავინ იცის. ვიღაცა კეთილი ადამიანი, შეიძლება უცხოც იყოს - შვილო, რა გჭირს, თავს რატო იკლავ. 

სირცხვილია რა. სირცხვილის გრძნობა და თავმოყვარეობის თემაა. ისეთი შავი ლაქაა, რომ მთელი ცხოვრება მოგდევს, სიცოცხლის მერეც მოგდევს. შეუძლიათ ნებისმიერ წამს წამოგაძახონ, შენ ეს დაარღვიე და ჩუმად იყავი, შენი ხმის ამოსაღები თემა აქ არ არის. ამას ბევრი ვერ უძლებს.

ყველაფერზე მიდიხარ ბოლო საათებში.  იქ ისეთი თემა არაა, რომ დაურეკო და უთხრა - იცი რა, მე 500 დოლარი მაქვს ეხლა და 500 დოლარს ხვალ მოგიტან, არ მოსულა. იგივე გაკატავებაა და ფუფლოშნიკობაა. შეიძლება არ გითხრან და არ დაგიფიქსირონ, მაგრამ შენ ხო იცი რაც გააკეთე და როგორც გააკეთე. ბევრს დაურღვევია, კი არ კლავენ და ჭამენ, მაგრამ არასერიოზული საქციელია. მერე გიყურებენ როგორც არასერიოზულ პიროვნებას. 

ძალიან რთულია თავნობანა. 

ხალხს აწუხებ, თავს აზიზღებ. ერთხელ დარეკილი გაქვს, ნათხოვნი გაქვს, კიდევ ურეკავ. ვიღაცას არ შეუძლია რომ უარი გითხრას, ბოლო ასი ლარი აქვს და იმ ას ლარს გაძლევს. ის ასი ლარი შენ რეალურად, არაფერში არ გყოფნის, მიდიხარ და ისევ რაღაცაზე დებ, სტავკას აკეთებ. ის ასი ლარიც გაქრა, ვალად დაგრჩა. იქ ვიღაცას 200 გამოართვი, ვიღაცას 500, არ იკვრება. 

ბოლოს მაინც, ძირითადად, ავად თუ კარგად, ბარდება ეგ ფულები.

თავნები როგორ აღარ არის. თავნები იყო არის და იქნება. ყოველთვის. 

მე აღარ გამიმაზავს, მირჩევნია 10 ლარი დავდო ტოტალიზატორში, ვიდრე ხელზე. ვიცი რომ ჭაობია. ჯიბეში რომ გიდევს და ტოტალიზატორში რომ დადებ, რაც გაქვს იმას დადებ და მეტს ვერ წააგებ და იქ პოსლეზე, შეგიძლია ასიც დადო, ათასიც და ხუთი ათასიც. არიან ეხლა დიდ სტავკებსაც იღებენ. ერთი პატარა რომ ვერ გააკონტროლო, იმაზე მეტი წააგო, ვიდრე გადახდა შეგიძლია, უკვე შარია.

ბოლო თავანი მქონდა 3000, ეს დღეც მოვიდა, უნდა ჩამებარებინა. სიგიჟეები გავაკეთე. ბოლო დღემდე არ მქონდა მიყვანილი, 2-3 დღით ადრე ვიშოვე ეს თანხა. რომ ვურეკავდი, გათიშული ქონდა ტელეფონი. ისეთი სიტუაცია დაემთხვა, რომ დაიწყეს მაგათი დევნა, ყოველ დღე იჭერდნენ, ერთს, ორს, ათს. ვურეკავ, ვურეკავ, ვერ გავდივარ სვიაზზე რომ ეს ფული მივაშავო. ფული რომ გაქვს 3000, შეიძლება დახარჯო, რაღაცა მოგელანდოს, მოთამაშე ხარ. ვრეკავ, ვერ გავდივარ. არ გადის არცერთ ნომერზე. ფული მაქვს, კაცთან ვერ მიმაქვს. მაგის გარშემო არავის არ ვიცნობდი. მერე დავიწყე მოძიება ქურდების, მეთქი, მივცე ვიღაცას ეს ფული. ეგენიც დაჭერილები იყვნენ, უცხოეთში ვეძებდი, ევროპაში. ვიღაცას დავურეკავ - მეთქი, რომ ეს თანხა მაქვს, ჩაიბარეთ და როცა გამოჩნდება, გამოჩნდება. მაქამდე არ მივიდა. მესიჯი მომდის - “ამ ნომერზე დამირეკე”. მეთქი ან გოგოა, ან მაზავშიკია, სხვა ვინ უნდა იყოს. დავრეკე. ხო იცი სიტუაციაო და დამიბარა სადღაც, რუსთაველზე. გეძებ - მეთქი ერთი კვირაა. მივედი, ვდგავარ დებილივით, ვრეკავ, გამორთული აქვს. ვიდექი, ვიდექი, წამოვედი. ისევ მომდის მესიჯი, “აჭარაში შემოდი, 4 საათზე აქა ვარ”. ვეკითხები ქვემოთ, ზემოთ, რომელ აჭარაში? ზემოთ. დავდივარ, დავდივარ ამ “აჭარაში”, ვეძებ, დავინახე. მივედი, ხო იცი რახდებაო, ყველას იჭერენ, მემგონი მეც მიჭერენო. იმიტომ გაგითიშეო, არ ვიცი - მეთქი, ჩემო ძმაო, ამოვიღე ეს ფული, ვაწვდი და მოიცა, მოიცა, რას შვებიო. ჩავიდე უკან. აბა რა ვქნა-მეთქი. ტუალეტში შევედით, ეს ფული მივეცი, არც დაუთვლია, ვსო, ჩაბარებულიაო. ხელი ჩამირტყა და გამოვედი, ერთი სული მაქვს გავიქცე, რომ მეც არ დამიჭირონ. ყველას იჭერენ, ჩააბარე, მიაბარე, არ აინტერესებთ. მეთქი, აქედან გავიქცე, გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი, გავიქეცი. ვიგებ რომ ერთ საათში ჩაუყუდებიათ ეს საცოდავი. იქვე, აჭარაში დაუჭერიათ. ეგ იყო ჩემი ბოლო მაზაობა. 

მერე გადავედით უკვე ინტერნეტზე.

კაზინოში მისვლაც აღარ გინდა, ჯიბეში გიდევს კაზინო. რასაც გინდა იმას ითამაშებ, გინდა ქართულზე, გინდა უცხოურზე.  

პოკერს ვთამაშობდით ონლაინ.  ერთი კაცი ვთამაშობდით 16, 20, 30 ექაუნთით. მონიტორი ხო არის? კომპიუტერის დიდი მონიტორი და ეკრანებს, ანუ პოკერის მაგიდებს აპატარავებდი, რამდენიც დაეტეოდა ეკრანზე. გახსნიდი, ნახავდი რა კარტი გყავს, დაყრიდი. ან ოლ ინი. ადრე “აჭარაზე” აგდებდა ეკრანს შენი დრო რომ მოდიოდა, განიშნებდა. რომ განიშნებდა, გახსნიდი, შეხედავდი, სტავკას გააკეთებდი, ქოლი, ფოლდი, რავი, რეიზი. ბევრს ასწრებდი. მერე ნელ-ნელა მოუჭირეს. 

პროგრამა იყო რაღაცა, გადმოწერდი ნიკები შეგყავდა და თამაშობდი რამდენი ექაუნთითაც გინდა. 

დავრეგისტრირდებოდი 30 ექაუნთით, ჩემი მეწყვილეებიც 30-30-ით. 3 კაცი ვჯდებოდით, 90 ექაუნთით ჩვენ ვართ, ტურნირზე სულ 200-300 კაცია. დაიწყო თამაში. ვერ იმახსოვრებ ამდენს, შენიანს ნიშნავ,  მონიშვნა შეგიძლია, ერთმანეთს რომ არ გადაარტყა და ერთმანეთს რომ არ წაართვა. ფინალი 9 კაციანი ხო არის, 9-დან 7 ჩვენ ვყოფილვართ. 

ყველაზე ცუდად მახსოვს, ხუთი ერთზე ვიყავით და მოგვიგო ბიჭო, ხუთი ჩვენ ვიყავით, ის მარტო იყო და მოგვიგო. ეგეთი ათასში ერთხელ იყო, მაგრამ მოგვიგო, მწარედ მახსოვს. 

მაგ დროს ყველა მისტირის. 

ფული სულ გრჩებოდა. ვთქვათ, ჩარიცხე 200 ლარი, 500-600 ლარი მაინც რჩებოდა კაცს, ორჯერ მეტი, სამჯერ მეტი, შეიძლება ხუთჯერ მეტი. სამი კაცი 90 ნიკით, სასწაულად თუ არ გაგწირავდა პროგრამა, შანსი დიდი იყო. 

მერე, ვინც თამაშობდა ალალად, ერთი ექაუნთით, ყველა მიხვდა რომ საგიჟეა. ორი წელი იყო საგიჟე, ვერ იგებდნენ. ბოლოს გაასაჩივრეს და “აჭარაბეთმა” დაბლოკა. 

ტურნირებს ვთამაშობდით, რომ მოვიგებდით და არ იყო ტურნირები, მერე ქეშგეიმზე, ოღონდ უკვე ჩვენი ნამდვილი ექაუნთებით. ქეშზეც, სამი ჩვენ ვზივართ, მაგიდა ექვსკაციანია. ერთმანეთის კარტები ვიცით ამ სამმა, პოკერი ისეთი რაღაცაა, 5 კარტი იქ დევს, 6 კარტი ჩვენ ვიცით და ალბათობა ადვილად ითვლება რა ყავს იმას. იშოვებოდა ფული. 

პროგრამა იყო, ამ პროგრამას თუ არ ჩაწერდი კომპიუტერში, ვერ შეხვიდოდი რამდენიმე ექაუნთით. მერე ყველამ გაიგო და ბევრმა დაიწყო და უკვე აზრი აღარ ქონდა. 

ზეპირად ვიცოდით, 5 ლარიან ტურნირზე რამდენი კაცი შემოვიდოდა. სულ 300 კაცი რო რეგისტრირდებოდა, უცბად 1000 და 1500 კაცი გახდა და საეჭვო იყო. ანუ, ყველა ჩვენ თემაში გაიჩითა. სინამდვილეში შეიძლება სულ 6 კაცი თამაშობდა. 

რაც რეგულაციები შეიცვალა, კაზინოში ვეღარ შევდივარ. თუ საჯარო სამსახურში მუშაობ, ვეღარ მიდიხარ. 

ეხლა ძირითადად ყველა სხვისი ექაუნთებით თამაშობს. ვთქვათ, აქვს მეგობარს, რომელიც არ მუშაობს, იმას ჩაარიცხინებ თანხას. 

კი, პრობლემაა, დისკომფორტია. სხვას უნდა გააგებინო რომ თამაშობ. ადრე ისე ითამაშებდი, ვერავინ ვერ გაიგებდა. ეხლა სხვა უნდა შეაწუხო. 

მუღამიც იგივე არა აქვს, ტელეფონი სულ სხვა თემაა. მეზიზღება რა ტელეფონით თამაში. მაგრამ ტელეფონითაც მომიგია დიდი ფული. და ბევრიც მომიგია. 

ბოლოს ყველაზე ბევრი რაც მომიგია, ერთ დარტყმაში 20 000. სლოტზე მოვიგე. 20 ლარიან გაშვებას ვეთამაშებოდი და ერთ დარტყმაზე 5 შვიდიანი დავიჭირე. და 20 000 ლარი, მაგაზე მეტი ერთ დარტყმაზე არ მომიგია. სლოტებზე. Dazzling Hot. სასწაული თამაშია. 2000 ლარამდე ავედი და ჩამოვედი 800 - ზე და გამწარებულზე 20 ლარიანების დარტყმა დავიწყე და მოვიგე. 20 000 გამიხაზა, ისეთი ბედნიერი ვიყავი… 10 დღეში წავაგე.

რასაც იგებ, მერე იქვე აგებ. როგორც ადვილად იგებ, ეგრე ადვილად აგებ. აზრი არა აქვს, სისულელეა, საერთო ჯამში. გრჩება მარტო პროცესი. და გაფუჭებული ნერვები.

ისე წამიგია, რომ ყველა შემზიზღებია. არავის დანახვა არ გინდა. ბინდი რომ გაქვს გადაკრული. გაბანძებული ხარ ბოლომდე. 

ბოლო წააგე და არაფერი არ გაქვს და ვეღარც იშოვი ფულს, ან საჭირო ფული წააგე ან სესხი გააკეთე და წააგე. 

რაც კი ვალი მაქვს და კრედიტი მაქვს, თამაშის გამო მაქვს. 

მაგას სულ ვთვლი, რამდენი მაქვს მოგებული და რამდენი წაგებული. იმხელა მინუსში ვარ, მაგ მინუსიდან ვერასდროს ვერ ამოვალ. 

10-დან 9-ში წაგებული ხარ.

მაგრამ იმედი სულ გაქვს. 

კი, უკვე მეზიზღება მაგრამ, ვერ ანებებ თავს. 

ძალიან ძნელია რომ არ ითამაშო. აი, იმდენს თუ მოვიგებ, რომ ვალები რაც მაქვს. გადავიხადო, მერე მართლა აღარ ვითამაშებ. ისე შემზიზღდა, პროცესი მძულს.

ძირითადად იმიტომ ვთამაშობ, რომ მაქვს 500 ლარი, 1000 ლარი და მჭირდება 10 000. როგორ იშოვი, ხო ვერსაიდან ვერ იშოვი. როგორ უნდა იშოვო. 

ერთადერთი გამოსავალია თამაში. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა