გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფერისა და სცენოგრაფიის ჯადოქარი

ეროვნულ გალერეაში სოლიკო ვირსალაძის დაბადების 113 წლისთავისადმი  მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება.

მეოცე საუკუნის ქართული კულტურაში არიან ხელოვანები, რომელთა შემოქმედება, მნიშვნელობა და მასშტაბი ბოლომდე გააზრებული და შეფასებული არ არის. ერთ-ერთი ასეთია დახვეწილი ფერმწერი, ბრწყინვალე სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი სოლიკო ვირსალაძე. ფერის, ფორმისა და სივრცის არაჩვეულებრივი გრძნობა და მის მიერ გაფორმებულ ათეულობით დრამატულ სპექტაკლში, საოპერო თუ საბალეტო წარმოდგენებშია აღბეჭდილი, თანაც მსოფლიოს ცნობილი თეატრების სცენებზე.

14 იანვარს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სწორედ დიდი ქართველი სცენოგრაფისა და მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა იხსნება, რომელიც დიდი ხელოვანის დაბადების 113 წლისთავს ეძღვნება. გამოფენა საქართველოს ბანკის, სოლიკო ვირსალაძის ფონდისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

აღსანიშნავია, რომ სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში ბოლოს 20 წლის წინ გაიმართა. სტუმრებსა და მისი შემოქმედების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ცნობილი მხატვრის და სცენოგრაფის 200-მდე უნიკალურ ნამუშევარს, კოსტიუმებსა და მის სახლ-მუზეუმში დაცულ საარქივო ნივთებს გაეცნონ. გარდა ამისა, კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში და ანსამბლ „სუხიშვილების“ არქივში არსებული კოსტიუმები იხილონ.

„სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში სრულიად ახალი ეპოქა შექმნა. მისი შემოქმედების დიაპაზონი  გამორჩეულად ფართოა - როგორც დრამატული სპექტაკლებითა და საბალეტო დადგმებით, ასევე ქართული ნაციონალური ბალეტის ანსამბლისთვის შექმნილი კოსტიუმებით. გვეამაყება, რომ სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ამ მნიშვნელოვანი გამოფენის თანაორგანიზატორები ვართ. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას”, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე.



გამოფენის ორგანიზებაში მნიშვნელოვანია ახლახან დაარსებული სოლიკო ვირსალაძის ფონდის როლიც, რომლის ხელმძღვანელია კურატორი და ხელოვნებათმცოდნე ელენე აბაშიძე: „სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების განხილვა მნიშვნელოვანია ქვეყნის დრამატული ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებითაც. სოლიკოს მამამ, ბაგრატ ვირსალაძემ პეტერბურგის სასულიერო აკადემია დაამთავრა, შემდეგ კი გასული საუკუნის 30-იანი წლის რეპრესიებს შეეწირა. იმავე პერიოდში ციმბირში გადაასახლეს მისი უმცროსი და, ფოლკლორის ისტორიკოსი ელენე ვირსალაძე. უფროსი დის, ხელოვნებათმცოდნე თინა ვირსალაძის მეუღლის სიცოცხლეც ასევე რეპრესიებს ემსხვერპლა. თავად სოლიკო ვირსალაძეს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა და რუსეთსა თუ საქართველოში მეგობრების ვიწრო წრეში არჩევდა ყოფნას. სწორედ ამ ურთულეს პერიოდში, როცა ცენზურა ტოტალური იყო, ახალგაზრდა სოლიკო ვირსალაძე ქმნიდა მხატვრობასა და სცენოგრაფიას, რომელიც დღესაც უდიდესი მხატვრული მნიშვნელობისაა".

დიდ ინტერესს იწვევს ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილებისთვის“ შექმნილი არქეტიპულ-ისტორიული კოსტიუმებიც, რომელმაც ფაქტობრივად, ანსამბლის დღევანდელი გარეგნული ფორმა და სახე განსაზღვრა... და ეს შემთხვევითი სულაც არ არის, ვინაიდან ქართული ნაციონალური ბალეტის შექმნა ილიკო სუხიშვილისა და სოლიკო ვირსალაძის ერთობლივ შემოქმედებას უკავშირდება... დღევანდელი „სუხიშვილები“ - ფოლკორის, ცეკვისა და კოსტუმების სინთეზი -  ილიკო სუხიშვილისა და სოლიკო ვირსალაძის „გამოგონებაა". სწორედ ვირსალაძის შექმნილია კოსტიუმები „სუხიშვილების“ რამდენიმე საეტაპო ცეკვისათვის, რომელმაც მთლიანად შეცვალა სცენური კოსტუმის ისტორია საქართველოში. მაგალითად, კოსტიუმები ცეკვისთვის „აჭარული“,“სიმდი“, „სამაია“, „ჯეირანი“ და სხვა.

სოლიკო ვირსალაძე 1926 – 1927 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა მოსკოვში განაგრძო სამხატვრო - ტექნიკურ უმაღლეს ინსტიტუტში, 1931 წელს კი ლენინგრადის სამხატვრო-ტექნიკურ უმაღლეს ინსტიტუტი დამთავრა. ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში სოლიკო ვირსალაძემ მხატვრულად გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრისათვის, სადაც ნათლად ჩანს იმდროინდელი კონსტრუქტივიზმის გავლენა.  30-იან წლებში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი იყო. ამ პერიოდში მრავალი დადგმა გააფორმა: როსინის ოპერა „ვილჰელმ ტელი“, ფალიაშვილის „დაისი“, ბალანჩივაძის ბალეტი „მთების გული“, ადანის ბალეტი „ჟიზელი“ და შოპენის მუსიკის მიხედვით დადგმული „შოპენიანა“, მინკუსის ბალეტი „დონ კიხოტი“...

ლენინგრადში სწავლის პერიოდში ახალგაზრდა მხატვრისთვის უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა ურთიერთობა ისააკ რაბინოვიჩთან, დიდი ნიჭისა და გაქანების მხატვართან, ნოვატორთან, შემოქმედთან. ისააკ რაბინოვიჩთან სოლიკო ვირსალაძეს აახლოებდა მუსიკალური თეატრის გააზრება, კონცეფცია სწორედ სცენოგრაფიული თვალსაზრისით.



50-იან წლებში მცირე აკადემიური თეატრის სცენაზე მან სრულიად განსხვავებული საბალეტო დადგმები გააფორმა: „აშიკ-ქერიბი“, „შეჰერეზადა“, „შვიდი ლამაზმანი“, „კორსარი“. ასევე მუშაობდა პეტერბურგის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და ბაქოსა და ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრებში.

სწორედ ლენინგრადში ყოფნისას გადაიკვეთა სოლიკო ვირსალაძისა და გამოჩენილი ქორეოგრაფის, იური გრიგოროვიჩის შემოქმედებითი გზები, რომელიც ლამის 35 წელი გრძელდებოდა. მათი პირველი თანამშრომლობა პროკოფიევის ბალეტის, „ქვის ყვავილის“ დადგმისას შედგა, რასაც მალე მოჰყვა მელიქოვის „ლეგენდა სიყვარულზე“.  შემდგომში ეს ორივე ბალეტი მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზეც დაიდგა.

1964 წლიდან გარდაცვალებამდე (1988) სოლიკო ვირსალაძე მოსკოვის დიდ თეატრსი მოღვაწეობდა. ამ თეატრში იგი გრიგოროვიჩთან ერთად მრავალი საბალეტო სპექტაკლის მხატვარია, როგორიცაა ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“, „მაკნატუნა“ და „გედების ტბა“. ცალკე აღნიშვნის ღირსია არამ ხაჩატურიანის ბალეტი „სპარტაკი“ (1969 წ), რომელმაც უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა ორივე ხელოვანს. იგივე შეიძლება ითქვას ბალეტებზე: ივანე მრისხანე“, „ანგარა“, „რომეო და ჯულიეტა“, „ოქროს საუკუნე“, „რაიმონდა“.

რას ემყარებოდა ორი დიდი ხელოვანის ასეთი ინტენსიური შემოქმედებითი კავშირი?  პირველ რიგში თეატრის ღრმა ცოდნას, ესთეტიკურ და მსოფლმხედველობრივ თანხვედრას. სოლიკო ვირსალაძეს  მიაჩნდა, რომ იური გრიგოროვიჩს ზოგად განათლებასთან ერთად, გამოარჩევდა ბალეტმაისტერისთვის აუცილებელი უნარი- კლასიკური ბალეტის საფუძველზე  შეექმნა საცეკვაო მეტყველება, მოძრაობები; შეექმნა ახალი სახეები (მძაფრი მეტყველი ხასიათები, ცხადია, სპეციფიკურად საბალეტო). ეს კი სრულ თანხვედრაში მოდიოდა სოლიკო ვირსალაძის მხატვრულ კონცეფციასთან. ფაქტობრივად, ვირსალაძე-გრიგოროვიჩის ერთობლივი შემოქმედება ერთ პრინციპზე მოაზროვნე ორი შემოქმედისა და თანაავტორების ხანგრძლივ ურთიერთშეხვედრას ჰგავდა.

როგორც ფერწერის, თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის ღრმა მცოდნეს, სოლიკო ვირსალაძეს შეეძლო მუსიკისა თუ ცეკვის შესატყვისი ზუსტი მხატვრული ენა მოეძებნა ნებისმიერ წარმოდგენაში. ამდენად, რაფინირებული გემოვნებით, სპექტაკლებისათვის შექმნილი კოსტიუმებითა თუ თეატრალური სცენოგრაფიით, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედება მეოცე საუკუნის საბჭოთა და მსოფლიო სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს შორის შეიძლება მოვიხსენიოთ.

მისი სცენოგრაფია და მხატვრობა გულისხმობს მუსიკალურ თუ საბალეტო  სპექტაკლში თანაავტორობას, ანუ სპექტაკლის კონცეპტუალურ გააზრებას,  საზრისის, მოძრაობის,  სცენოგრაფიის, სივრცის, არქიტექტონიკისა და მუსიკის სრულ ორგანულ ერთიანობას. სოლიკო ვირსალაძე სწორედ ამ სინთეზის უბადლო ოსტატი გახლდათ. მის კოსტიუმებსა თუ დეკორაციებს, ესკიზებსა თუ მაკეტებს უდიდესი ესთეტიკური ღირებულებები გააჩნდა და გააჩნია, მაგრამ მთავარი მაინც ფორმისა და შინაარსის სინთეზია... დღევანდელი გადასახედიდან ის უბრალოდ, ფერის, სცენოგრაფიისა და სასცენო კოსტუმის ჯადოქარია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა