გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფილმები, რომლებიც დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ მიმდინარე სეზონზე

კინოთეატრი „ამირანი“ საფესტივალო ფილმების ჩვენებას ახალ სეზონზეც განაგრძობს და წლის ბოლომდე 10-მდე არტ-ჰაუს ფილმს წარმოგიდგენთ, რომელთა რეჟისორებიც დღეს საავტორო კინოს უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან.

გაგაცნობთ ფილმების სიას, რომელთა ნახვაც დიდ ეკრანზე ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით შეგეძლებათ.

„შავი კუკლუქსკლანელი“ – 4 ოქტომბრიდან

სპაიკ ლის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული შავი კომედია „შავი კუკლუქსკლანელი“ წლევანდელ კანის კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა, კრიტიკოსებმა კი ის დიდ ეკრანზე  რეჟისორის ღირსეულ დაბრუნებად შეაფასეს. „შავი კუკლუქსკლანელი“ 70-იანი წლები ამერიკაში რასიზმის და შავკანიანებზე ძალადობის თემას ეხება და პოლიციის ოფიცერის, რონ სთოლვორსის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ წიგნზეა დაფუძნებული. სთოლვორსი პირველი აფრო-ამერიკელი პოლიციელი იყო კოლორადო სფრინგსის პოლიციის დეპარტამენტში და წიგნშიც საკუთარ გამოცდილებებს აღწერს. ფილმში მთავარ როლებს ჯონ დევიდ ვაშინგტონი და ადამ დრაივერი თამაშობენ. ვაშინგტონი სპაიკ ლის 1992 წლის ასევე რასიზმის თემაზე გადაღებულ ცნობილ ფილმში „მალკოლმ X“-იც მონაწილეობდა, სადაც ის ერთ-ერთ ეპიზოდში სკოლის მოსწვლეს თამაშობს. 26 წლის შემდეგ კი მას რეჟისორმა მთავარი როლი მისცა.  

„Climax“ – 11 ოქტომბრიდან 

პროვოკაციული „სიყვარულის“ შემდეგ გასპარ ნოე ახალი ფილმით დაუბრუნდა კინოეკრანებს. მისი ახალი ნამუშევრის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. „Climax" ფრანგი ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ზამთრის ერთ ცივ ღამეს ცარიელი სკოლის შენობაში იკრიბებიან რეპეტიციისთვის. ღამის გართობა მალე კოშმარად გადაიქცევა, როცა ისინი აღმოაჩნენენ, რომ სანგრიაში LSD არის გაზავებული. ფილმში მთავარ როლს ალჟირული წარმოშობის ფრანგი მოცეკვავე, მოდელი და მსახიობი, სოფია ბუთელა ასრულებს. 

„ლორო“ – 25 ოქტომბრიდან

„ლორო“ პაოლო სორენტინოს ახალი, ორნაწილიანი ფილმია, რომელიც იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრის და მედია მაგნატის, სილვიო ბერლუსკონის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენების შესახებ მოგვითხრობს. 2015 წელს გადაღებული „ახალგაზრდობის“ შემდეგ რეჟისორი პოლიტიკოსებით და ბიზნესმენებით ინტერესდება და იტალიის კორუფციული სისტემის აღწერას და ანალიზსს ცდილობს. მთავარ როლებს ტონი სერვილო და ელენა სოფია რიჩი ასრულებენ. ფილმი წელს  ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონიალზე იტალიას წარადგენს. 

„წვრილმანი მძარცველები“ – 8 ნოემბრიდან

იაპონელი რეჟისორის ჰიროზაკუ კორიდას ფილმი „წვრილმანი მძარცველები“ 2018 წლის კანის კინოფესტივალის მთავარ პრიზის, ოქროს პალმის მფლობელი გახდა. ფილმი ტოკიოში მცხოვრებ ღარიბ ოჯახზე მოგვითხრობს, რომელიც თავს მაღაზიებში ქურდობით ირჩენს. „ჩვენ სრულიად მონუსხულები ვიყავით ფილმით. ესაა იდეალური შერწყმა საუკეთესო პერფორმანსია და რეჟისურის“ – განაცხადა კანის კინფესტივალსი ჟიურის თავმჯდომარემ, ქეით ბლანშეტმა ფილმის გამარჯვების შემდეგ. 

„მაღაზიის ქურდები“ იაპონიიდან საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი ოსკარის დაჯილდოებაზე.

„ქვრივები“ – 22 ნოემბრიდან

სტივ მაქქუინი 2013 წელს გადაღებული ფილმის „12 წლიანი ტყვეობის“ შემდეგ, რომელმაც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ოსკარებზე, ახალ ნამუშევარს წარმოგვიდგენს. რეჟისორისთვის დამახასიათებელი სიმძაფრე და დრამატულობა არც მის ახალ თრილერს აკლია. „ქვრივები“ შეიარაღებული მარცველების ქვრივების ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც იძულებულები არიან, მოკლული ქმრების საქმეები დაამთავრონ.

ფილმის პრემიერა 2018 წლის სექტემბერში ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა.

„სუსპირია“ – 29 ნოემბრდან

ლუკა გუადაგნინოს „სუსპირია“ იტალიურ-ამერიკული კო-პროდუქციაა, რომელიც დარიო არჯენტოს კლასიკას, 1977 წელს გადაღებულ ამავე სახელწოდების ჰორორ ფილმს ეფუძნება. ფილმი ახალგაზრდა ამერიკელ მოცეკვავე გოგონაზე მოგვითხრობს, რომელსაც სურს ბერლინის ერთ-ერთ წამყვან ცეკის აკადემიაში ცადოს. მას შემდეგ, რაც მას აკადემიაში მიიღებენ, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება და სუზი იდუმალებით მოცულ გარემოებებში ეხვევა. ფილმის პრემიერა გასულ თვეში ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და მთავარ როლებს დაკოტა ჯონსონითა, ტილდა სვინტონი და მია გოთი თამაშობენ. ფილისთვის მუსიკა Radiohead-ის ვოკალისტმა, ტომ იორკმა დაწერა. 

„სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“ – 6 დეკემბრიდან 

ლარს ფონ ტრიერის ახალი ფსიქოლოგიური ჰორორ-დრამა ინტელექტუალი  მკვლელის, ჯეკის ისტორიას გვიამბობს და მის მიერ 12 წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების აღწერით ჯეკის ფსიქოტიპის გამოკვლევას ცდილობს. კანის კინოფესტივალზე პერსონა ნონ გრატად გამოცხადების და 7 წლიანი პაუზის შემდეგ  ტრიერმა წელს პირველად წარადგინა ფესტივალზე ფილმი. ჩვენებისას მაყურებელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა, დარჩენილები კი, ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთი ფეხზე მდგარი ოვაციებით გამოხატავდნენ მოწონებას.

„წარსულის ლაბირინთები“ – 27 დეკემბრიდან

ბოლო ათწლეულის ირანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის, ასგარ ფარადის ფილმმა „წარსულის ლაბირინთები“ წლევანდელი კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა გახსნა. ფილმი არგენტინაში მცხოვრები ესპანელი ქალის თავგადასავალს გვიყვება. ლორა ბუენოს აირესში ცხოვრობს და ერთ დღესაც, შვილებთან ერთად მადრიდთან მდებარე მშობლიურ ქალაქში ჩადის, რომ დის ქორწილს დაესწროს. მისი ეს ერთი შეხედვით კარგად დაგეგმილი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდება, რომელიც დაფარულ, საიდუმლო ამბებს სააშკარაოზე გამოიტანს. მთავარ როლებს ფილმში პელენლოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი თამაშობენ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა