ფონიჭალა | უბანი ქალაქის საზღვარზე
14.10.2019კოლმეურნეობაზე 44 ნომერ ავტობუსში ისე ვჯდები, თითქოს ყვითელი ავტობუსით პირველად ვმგზავრობდე.
ხალხს ვაკვირდები. ვარჩევ ერთ მგზავრს, წარმოვიდგენ როგორ ცხოვრობს ფონიჭალაში, ალბათ ბანკომატიდან ფულის გამოსატანად სხვა უბანში უწევს სიარული, მის ეზოში კვირაში ერთხელ სპეცოპერაციას აწყობენ, შებინდებულზე სახლიდან გასვლას ერიდება და ალბათ სხვაგან საცხოვრებლად ფიქრობს გადასვლას.
უეცრად მგზავრი ორთაჭალაში, გაჩერებაზე ჩადის. ესე იგი არ ცხოვრობს ფონიჭალაში, ესე იგი მისი ისტორია გამოვიგონე.
ხუთ წუთში ფონიჭალის გადასახვევთან ვართ.
მგზავრი რომელიც, საგანგებოდ გავაფრთხილე, მითხარი სად ჩამოვიდე -თქო თავაზიანად მახსენებს, რომ ჩასვლის დროა. არადა სულ 15 წუთია ვმგზავრობთ.
კოლმეუნეობიდან საბურთალოზე მისასვლელად ბევრად მეტი დრო დამჭირდებოდა.
მითები გარეუბანებზე ქალაქის ცენტრში იქმნება და ხანდახან ასე შორიდან განსაზღვრავს ამ უბნების ცხოვრებას.
ფონიჭალაც ასეთი უბანია, რომელიც ორ ქალაქს თბილისსა და რუსთავს შორისაა მოქცეული და თუ თბილისში არ ცხოვრობ, ფონიჭალაში ცხოვრებას ჯობია რუსთავში იყიდო ბინა - მეუბნება მგზავრი.
ზემო ფონიჭალის გაჩერებაზე მასთან ერთად ჩავდივარ ავტობუსიდან. თავიდან ყველა უბანში, სადაც პირველად ხვდები იმას პოულობ, რაც წინასწარ უკვე იცი.
ფონიჭალაში მხოლოდ ერთი ბანკის, საქართველოს ექსპრეს ბანკის ფილიალი და ბანკომატია, აქ ვერ ნახავთ თბილისის ქსელური მარკეტებს, არც ნიკორაა, არც ორი ნაბიჯი. წამალს უბნის აფთიაქში თუ იყიდით, იმიტომ რომ ავერსი, პე ეს პე და ჯიპისი ფონიჭილაში აფთიაქს არ ხსნიან.
ფონიჭალა არც სამშენებლო კომპანიებს აინტერესებთ, 2018 წელს სულ 72 სამშენებლო ნებართვაა გაცემული უბანში, მხოლოდ კერძო სახლებს აფართოვებენ ადგილობრივები.
მოსახლეობა საბჭოთა დროს აშენებულ ცხრასართულიან კორპუსებში ცხოვრობს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ფონიჭალას სამრეწველო-სასაწყობო რაიონის სტატუსი მიენიჭა.
2006 წელს ზემო და ქვემო ფონიჭალის გარდა თბილისს შეურთდა სოფელი ფონიჭალაც, ძველი სახელით სოღანლუღი, ამ ფორმალური გაფართოვების მიუხედავად, უბნის ბინადრებმა დიდი ხანია იციან საზღვარზე ცხოვრების ტვირთი და ისიც, რომ თბილისი მათთვის ფონიჭალის გადასახვევამდე მთავრდება.