გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მზის ამოსვლამდე, მზის ჩასვლამდე და ყველაფერი შუაში | ფოტოამბავი ვენიდან

‘’I met a guy on the train, and I got off with him in Vienna.’’

ბუდაპეშტიდან პარიზში მიმავალ სტუდენტს ქარიზმატული ამერიკელი დაარწმუნებს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ინანებს, მასთან ერთად ვენის სადგურზე თუ არ ჩავა. ჯესის და სელინს სახელების გასაცვლელად, ცხოვრებაზე, ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზე სალაპარაკოდ, ერთმანეთის შესაყვარებლად და დასავიწყებლად სულ რამდენიმე საათი აქვთ, სანამ მზე ამოვა.

ვენა შთამბეჭდავი ქალაქია, მზის ამოსვლამდეც და მერეც.

კულტურისა და ხელოვნების მექა თავბრუს დაუყოვნებლივ დაგახვევს, თუმცა ამ ქალაქს სხვა, არანაკლებ შთამბეჭდავი ქალაქებისგან ის გამოარჩევს, რომ ეს თავბრუსხვევა თითქმის არასდროსაა ქაოტური. დახვეწილ არქიტექტურასა ქუჩებს მიღმა მუდამ მშვიდად და აუჩქარებლად მოაბიჯებენ დინჯი, დისციპლინის მოყვარული ავსტრიელები.

ავსტრია ლეგენდარული კომპოზიტორების, მხატვრების, პოეტებისა და არქიტექტორების, მეამბოხე იმპერატრიცას, ფსიქოანალიზის ფუძემდებლის, ჰოლივუდის ლეგენდებისა თუ მოდის ქალღმერთების სამშობლოა. ვენაში ცხოვრობდნენ ბეთჰოვენი, ბრამსი, მოცარტი, კლიმტი, შილე, ფროიდი... სია მეტისმეტად ვრცელი და მომნუსხველია.  

დაწვრილებით

ავსტრიაში ამბობენ, რომ ვენა „კოცნის“ გარეშე არ უნდა დატოვო. კლიმტის შედევრი და ყველა დროის ყველაზე ცნობილი კოცნა ავსტრიის ეროვნული საგანძურია. უფსკრულის პირას ჩახუტებული წყვილის სანახავად „ბელვედერის“ სასახლეს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.  

კლიმტის გარდა, „ბელვედერეში“ ავსტრიული ხელოვნების სხვა შედევრებსაც შეხვდებით, მათ შორის, შილეს, ვან გოგის, რენუარის ნამუშევრებს. ბაროკოს სტილის სასახლის კომპლექსი სამ შენობას და ევროპაში პირველ ალპურ ბაღს აერთიანებს.

მოდერნიზმის მოყვარულებს კი ალბერტინაში ელოდებიან. მუზეუმში თავმოყრილია ნამუშევრები ფრანგული იმპრესიონიზმიდან გერმანულ ექსპრესიონიზმამდე, ავანგარდამდე და დღევანდელობამდე. მონე, პიკასო, არქიტექტურული და ფოტოგრაფიული კოლექციები, სამეფო ოთახები - ალბერტინადან გამოსვლა ადვილი საქმე არაა.

ვენაში სულ გაქვს განცდა, რომ ყველა შენობაში უძვირფასეს ნივთებს და ხელოვნების ნიმუშებს უნდა ელოდო. წმინდა შტეფანის ტაძარიც ერთ-ერთი მათგანია.

ისტორიული საგანძურების გარშემო კი ნამდვილი ადამიანები დადიან, ნამდვილი ისტორიებით, ერთმანეთისთვის მოსაყოლი ამბებით.
კითხვას, შეხვდნენ თუ არა ვენაში დაშორებული სელინი და ჯესი ერთმანეთს 6 თვეში, ისევ ვენაში პასუხი 20 წლის შემდეგ გაეცა. ეგ უკვე სულ სხვა კინოა.

ამ ქალაქმა მართლა შეიძლება გაფიქრებინოს, რომ რაღაც ახლის და ყველაზე მნიშვნელოვანის დასაწყებად ხანდახან ზუსტად სხვა სადგურზე ჩამოსვლაა საჭირო.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა