გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფრანსუა ოზონის ახალი ფილმის პრემიერა

საფრანგეთის ვუდი ალენი- ასე უწოდებენ კინოკრიტიკოსები ფრანსუა ოზონს, რომელმაც ახლახანს თავის რიგით 38-ე ფილმზე მუშაობა დაასრულა. ის მართლაც იმ იშვიათ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ასაკსაც დიდად არ ჩამორჩება გადაღებული ფილმების რაოდენობა. ოზონი 1988 წლიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და არასდროს ერიდება ექსპერიმენტებს. 48 წლის რეჟისორი გასულ თვეში ვენეციის კინოფესტივალს ესტუმრა და ახალი ნამუშევარი წარადგინა.

ისტორიული დრამა „ფრანცი“ ერნსტ ლუბიჩის 1932 წელს გადაღებული“ შეწყვეტილი იავნანის“ თავისუფალი ადაპტაციაა. ფილმი შავ-თეთრ ფერებშია გადაწვეტილი, რაც ოზონისთვის ცოტა არ იყოს უჩვეულოა, თუ მის ფერებისა და ფერადოვნებისადმი სიყვარულს გავითვალისწინებთ. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც რეჟისორმა მთლიანი ფილმი გერმანიაში გადაიღო და დიალოგების უმეტესობაც გერმანულ ენაზეა. მთავარ როლებს პიერ ნინე და პაულა ბირი ასრულებენ.

ფილმის მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ვითარდება. ანა ახალგაზრდა გერმანელი ქალია, რომელიც ომში დაღუპულ საქმროს გლოვობს. ის ფრანცის მშობლებთან ცხოვრობს და თითქმის ყოველდღე დადის სასაფლაოზე. ერთ დღესაც ის უცნობ მამაკაცს, ედრიანს ხვდება, რომელსაც მისი საქმროს საფლავზე ყვავილები მიაქვს. ის ამბობს, რომ ფრანცის ძველი მეგობარია და ერთმანეთი ომამდე, პარიზში გაიცნეს.  ედრიანი ფრანგია და მისი, როგორც გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენლის ეს საქციელი ანას ცოტა უცნაურად ეჩვენება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიამოვნებს საქმროსთან საერთო მეგობრის აღმოჩენა და მალევე უმეგობრდება მას. ცოტა ხანში ეს შეხვედრა თავდაყირა დააყენებს ანას ცხოვრებას.

„სადა, ელეგანტური და დახვეწილი ფილმი“ - ასე შეაფასა პრესამ „ფრანცი“ პრემიერის შემდეგ. განსაკუთრებული მოწონება პაულა ბირმა დაიმსახურა ანას როლის შესრულებისთვის. მას ვენეციის კინოფესტივალზე მარჩელო მასტროიანის სახელობის  პრიზიც გადასცეს, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს.

„ფრანცი“ მსოფლიო კინოეკრანებზე 13 ოქტომბრიდან გამოდის. მისი ნახვა თბილისში,  კინოთეატრ ამირანშიც იქნება შესაძლებელი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა