Fuckup Nights Tbilisi vol. 10
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.
ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა.
Fuckup Nights-ის მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.
Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.
თბილისში რიგით მეათე Fuckup Nights-ი გაიმართა და ტრადიციულად ოთხმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანმა თავიანთ მარცხებზე და წარუმატებლობებზე მოგვიყვა.
ამავე საღამოზე „FUCKUP BOOK-ის – მარცხის ისტორიების“ პრეზენტაციაც გაიმართა. წიგნი Fuckup Nights-ის მოძრაობის ნაწილია და ამ ღონისძიების იდეის ავტორებს ეკუთვნით.
FUCKUP BOOK-ში წაიკითხავთ Fuckup Nights-ის ისტორიას – როგორ გაჩნდა იდეა და როგორ გადაიზარდა ის გლობალურ მოძრაობად. აქვე გაიცნობთ მის დამფუძნებლებსაც.
FUCKUP BOOK-ი თავს უყრის წარუმატებლობის 12 ისტორიას, 24 პუნქტიან Fuckup მანიფესტს და მექსიკაში ჩატარებულ კვლევას იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სტარტაპის წარუმატებლობის თუ წარმატების მიზეზები.
წიგნი Tbilisi Startup Bureau და ბიზნესლიტერატურის პროექტ ლურჯი ოკეანე • Blue Ocean თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცემა.
ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რასაც ცხოვრებაში ვიღებთ, პროფესიის არჩევაა. მეც ასე გადავწყვიტე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება, სახელმწიფო გრანტიც მოვიპოვე. სტუდენტობის წლები სწავლაზე მეტად გართობას, ახალი ნაცნობების შეძენას და მოგზაურობას დავუთმე. დიპლომი ვერ ავიღე.
პირველი ჰალსტუხიანი სამსახური ბიძაჩემთან დავიწყე – უძრავ ქონებას ვაფასებდი. ექვსი წელი ვმუშაობდი მასთან. ძალიან გავიზარდე, დიდი გამოცდილება მივიღე, თუმცა დამატებითი ფული მჭირდებოდა. იმ დროს ჩემი ერთი მეგობარი გერმანიაში წავიდა და გვითხრა, აქ ავეჯი ძალიან იაფია, გამოგიგზავნით და თქვენ გაყიდეთო. მართლაც, მეგობრებმა მაღაზია გავხსენით, 40,000 დოლარი ჩავდეთ ამ საქმეში. შემდეგ მივხდით, რამდენი რამის ცოდნა გვჭირდებოდა ამ ბიზნესის გამართვისთვის. ერთმანეთში ბევრი უთანხმოება მოგვივიდა, ვალები დაგვედო და დაშლა გადავწყვიტეთ. მორიგი სტარტაპიც მეგობრებთან ერთად დავიწყე – 25 წუთში ვაწყობდით კოტეჯებს და მათ ნებისმიერ ადგილას ვდგამდით. თავიდანვე ძალიან კარგად წავიდა საქმე, თუმცა მზარდ შეკვეთებს ვეღარ გავუმკლავდით და ეს პროექტიც შეჩერდა.
დღეს TTM Group-ის მარკეტინგის დირექტორი ვარ. ჩვენი გუნდი მუშაობს პროგრამაზე, რომლის მეშვეობითაც მძღოლების სიჩქარის გადაჭარბებას ვეღარ შეძლებენ. თავიდან „სატარტაპ საქართველოდან“ თვეების განმავლობაში 100,000 ლარიან გრანტს ველოდით, თუმცა უარი მივიღეთ. პროექტი მსოფლიო ბაზარზეც გავიტანეთ და ვერც იქ გავყიდეთ. თუმცა დღეს, ერთი წლის მუშაობის შემდეგ, მოწყობილობაც გვაქვს, მსოფლიო ბანკის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ჩატარებულ კონკურშიც გავიმარჯვეთ და პროექტის განვითარებისთვის 100,000 ლარიანი გრანტიც მივიღეთ.
არ შეგეშინდეთ რისკების და შეცდომების, არ დაადანაშაულოთ თქვენი თავი, გააგრძელეთ მუშაობა და #sharethefailure.
ელენე კოხრეიძე – ვენდის და დანკინის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსიარის fuckup-ები, რომელიც მარტო შენ და ვიწრო წრემ შეიძლება იცოდეს, მაგრამ არის fuckup-ი, რომლის შესახებაც უამრავი ადამიანი იგებს.
2015 წლის 14 იანვარს საქართველოში პირველი დანკინ დონატსის რესტორნები გავხსენით. დიდხანს ვემზადებოდით – მარკეტინგული ნაწილიც კარგად დავგეგმეთ. წინასწარ მნიშნელოვანი კვლევები და გათვლებიც ჩავატარეთ, თუმცა იმაზე 7-ჯერ მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე ველოდით. რესტორნების გახსნიდან სამ დღეში დონატების ინგრედიენტები აღარ გვქონდა – საწყობი დაცარიელდა.
მოვიწვიეთ პრესკონფერენცია და გადავწყვიტეთ, გულწრფელად გვეღიარებინა, რომ ინგრედიენტები აღარ გვქონდა და დროებით მომხმარებლებს დონატებით ვეღარ გავუმასპინძლდებოდით. ყველა საინფორმაციო და იუმორისტული გადაცემა ჩვენზე იცინოდა – ესეთი რამე ამხელა კომპანიას როგორ მოუვიდაო. თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენი ცნობადობა უფრო გაიზარდა და როცა ბაზარზე ხელახლა შემოვედით ჩვენთან გაცილებით მეტი მომხმარებელი მოვიდა.
ყველას ეშლება, დიდ კომპანიებს და ძალიან გამოცდილ ადამიანებსაც კი. მთავარი შეცდომის გულწრფელად აღიარებაა.
ბიკო ბირბიჩაძე – ბუქერ / პრომოუტერი (Kazantip Republic, eZo Festival, GEM fest, Lisi Wood, CAFE-GALLERY, მტკვარზე • Mtkvarze)ერთხელ მე და ჩემმა მეგორებმა ლისის ტბაზე ძალიან კარგი საღამო გავატარეთ. მაშინ გადავწყვიტეთ აქ საღამოები გაგვემართა, სადაც მინიმალისტური მუსიკა იქნებოდა და მეგობრები შევიკრიბებოდით ხოლმე. იდეა პროექტად ვაქციეთ და მისი განვითარება დავიწყეთ. ასე შეიქმნა Lisi Wood-ი.
ერთ სეზონზე ღონისძიებაზე დაახლოებით 4 ათასი ადამიანი მოვიდა. არ ველოდით ამდენს. უკვე უნდა გადაგვეწყვიტა, რა გვინდოდა – შეგვენარჩუნებინა პროექტი რა სახითაც ჩაფიქრებული გვქონდა თუ გავზრდილიყავით. ჩვენ გაზრდა ვარჩიეთ. ეს კი Lisi Wood-ის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა, რადგან ამისთვის საკმარისი არც ფინანსური რესურსი გვქონდა და არც ადამიანური. პროექტი მალევე დაიხურა.
კიდევ ერთი fuckup-ი Gemfest-ს უკავშირდება. რადგანაც ფესტივალის წინა სეზონი წარმატებული აღმოჩნდა, მორიგ სეზონზე 30 დღიანი ფესტივალის ჩატარება გადავწყვიტეთ. ვერ გავაცნობიერეთ თუ რამხელა ძალისხმევას მოითხოვს ასეთი ხანგრძლივი ფესტივალის ორგანიზება, რამდენი დეტალი გვქონდა გასათვალისწინებელი. Gemfest-ის ეს სეზონი წარუმატებელი იყო, თუმცა მივხდით, რომ მიზნისკენ ნელ-ნელა და ეტაპობრივად უნდა წახვიდე.
კიდევ ერთი დიდი პროექტი, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი კაზანტიპის ფესტივალია. პროექტს პირველივე წელს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა სახელწმიფოსგან და სასულიერო პირებისგან. კაზანტიპის ორგანიზატორებმა მისი საქართველოში გაგრძელება აღარ მოისურვეს და მომდევნო წელს კამბოჯაში გადავიტანეთ. თითქმის ყველაფერი დავასრულეთ, მუსიკოსებს ველოდებოდით მხოლოდ, როდესაც ადგილობრივ კრიმინალებს გადავეყარეთ. მათ ჩვენს საქმეებში ჩარევა მოისურვეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი პროექტის დახურვა გადაწყვიტეს.
ასეთი ეპიზოდური ჩაფლავებების და პანღურების შემდეგ ხვალიდნელი დღე უფრო საინტერესო და წარმატებული ხდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს შენს საქმიანობას ეხება თუ პირად ცხორვებას.
ლევან ახვლედიანი – Orient Logic-ის აღმასრულებელი დირექტორი2009 წლის 14 იანვარს, ჩემს დაბადების დღეზე სამსახურიდან გამათავისუფლეს. იმ დროს ბანკ რესპუბლიკაში ვმუშაობდი და წლის საუკეთესო თანამშრომელი ვიყავი. ჩემი ძმაც იმავე ბანკში მუშაობდა და რეალურად, ჩემი ძმის დაშვებულ შეცდომას ვემსხვერპლე.
შემდეგ დავიწყე მუშაობა ორგანიზაციაში, რომელიც მალევე სხვა ჯგუფმა გადაიფრომა და მოულოდნელად სხვა კომპანიაში აღმოვჩნდი. შემდეგ იყო სხვა ორგანიზაცია, სადაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ისევ უმუშევარი დავრჩი.
ბოლოს „ორიენტ ლოჯიკში“ მოვხდი და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში აღმოვჩნდი. წლების განმავლობაში სულ ხუთი ინდუსტრია მაქვს გამოცვლილი. ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელზეც კომპანია მუშაობდა 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებია. 8 თვის განმავლობაში ვთანამშრობლობდით მათთან, ბევრი ვიშრომეთ. სახელმწიფომაც აღიარა, რომ ჩვენი კომპანია საუკეთესო პირობებს სთავაზობდა კომიტეტს. მაინც ბევრი პრობლემა შეგვხდა, თუმცა ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ და აღიარებაც მოვიპოვეთ.
რომში წლის შამაჯამებელ ღონისძიებაზე მიგვიწვიეს. ამ დროს ვფიქრობდით, რომ ჩვენზე მაგარი არავინ იყო, რადგან ამხელა პროექტი მივიყვანეთ ბოლომდე. თუმცა რომში საერთაშორისო ბაზრის პირისპირ აღმოვჩნდით და დავინახეთ, რომ ქართული რეალობისთვის უზარმაზარი პროექტი საერთაშორისო ბაზრისთვის არაფერი იყო.
ამან გაგვაბრაზა კიდეც და სტიმულიც მოგვცა. ახლა უკვე შვედეთში ჩვენი ოფისი გვაქვს და მის გამართვას ვიწყებთ.
ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.
Fuckup Nights Tbilisi vol. 10-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com.