Fuckup Nights Tbilisi vol. 9
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.
ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა.
Fuckup Nights-ის მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.
Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.
თბილისში ჩატარებულ რიგით მეცხრე Fuckup Nights-ზე ოთხმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანმა თავიანთ მარცხებზე და წარუმატებლობებზე მოგვიყვა.
ნიკ დვალიძე – ჟურნალისტი, სცენარსტი, PR მენეჯერიტელევიზიაში 2005 წლიდან ვმუშაობ, მოგვიანებით პიარის და მარკეტინგის მიმართულებითაც ვცადე ძალები. ბედნიერი ვიყავი იმით, რასაც ვაკეთებდი. 2012 წელს ვიცოდი, რომ სამ ახალ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას, თუმცა ამ წელს ხელისუფლება შეიცვალა, ბევრი რამ შეიცვალა ტელევიზიაშიც. სამი პროექტის მაგივრად, მხოლოდ ერთი პროექტის ხელფასის იმედად დავრჩი. მაშინ მივხდი, შეიძლება აკეთო ის, რაც გიყვარს, მაგრამ ყოველთვის უნდა ეძებო ახალი, არ უნდა შეგეშინდეს შენი ცხოვრების თავდაყირა დაყენების.
დროთა განმავლობაში ბევრი შესაძლებლობა გაჩნდა – ვიყავი დილის გადაცემაში, შემეძლო ვყოფილიყავი პროდიუსერი, სცენარისტი, მაგრამ საბოლოოდ ვერცერთს მოვერგე. ამიტომ ახალ პროექტებზე დავიწყე ფიქრი. ერთ-ერთი ასეთი პროექტი Summer Set-ი იყო. 2015 წელს ისეთი არტისტები ჩამოვიყვანეთ, რომლებსაც ქართველი მსმენელები კარგად არ იცნობდნენ. სეზონი კომერციულად წამგებიანი გამოდგა. მოგვიანებით მივხდით, ეს სულაც არ იყო წარუმატებლობა – ჩვენი ასეთი გადაწყვეტილებით პროექტის პრესტიჟი ავამაღლეთ, მსმენელების ახალი სეგმენტი შემოვიმატეთ. დავინახეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი საქმეების კეთება შეგვეძლო.
2017 წელს ტელევიზიიდან წამოვედი. უსამსახურომ და უფულომ ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება გადავწყვიტე – ავიბარგე და წავედი ნიუ-იორკში. იქ ყველაფერი ისე არ დამხვდა, როგორც ველოდი, რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ნიუ-იორკში მხოლოდ ქარხანაში მუშაობის დაწყება შევძელი, ამანათებს ვფუთავდი. უცხო ქვეყანაში ვერც უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. იმედგაცრუებული ვიყავი, ვერც ჩემი ოცნების ქალაქში და ვერც თბილისში მოვერგე ვერაფერს. ამიერიდან გადავწყვიტე, ძალიან კარგად გამეკეთებინა ის, რასაც ხელს მოვკიდებდი და ყველა fuckup გამოცდილებად მექცია.
რაიმე კონკრეტულის შექმნა და აშენება არც მანამდე იყო ჩემი მიზანი, მხოლოდ ის მინდოდა, რომ ისეთი ადამიანი გავმხდარიყავი, რომელიც ნებისმიერი სიახლისთვის მზად იქნებოდა. დღეს ასეთი ვარ – ყველაფრის ნულიდან დაწყება შემიძლია, ნებისმისმიერ პირობებში შევძლებ მუშაობას.
დავით სუბელიანი – აქტივისტი „თეთრი ხმაურის მოძრაობაში“ჩემი ყველაზე დიდი fuckup ის არის, რომ უპასუხისმგებლო ვარ, სულ ჩამოვრჩები მოვლენებს, ბოლოს წამს ვაკეთებ საქმეს და უხარისხოდ გამომდის. არ მსიამოვნებს ასე ყოფნა, უბედური ვარ, ვიტანჯები.
ჩემი fuckup-ები რაიმე კონკრეტული მარცხები არ არის, ეს ჩემი ცხოვრების ერთი დიდი ეპიზოდია, რომელიც დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. 20 წელი სხვა სფეროში ვიყავი, ბანკშიც ვმუშაობდი. ძალიან კარგი ანაზღაურება მქონდა, მაგრამ დამღალა იმან, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდი. მაშინ დავიწყეთ „თეთრი ხმაურის მოძრაობაც“.
2 ივნისის მოძრაობის დროს სხვა აქტივისტებს ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, რაღაც ეტაპზე მივხდი, რომ მე სხვაგან ვიყავი, ისინი კი – სხვაგან. 2017 წელს დავინახე, რომ რისთვისაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ იბრძოდა, იმას ვერ ვაღწევდით. 2018 წელიც რთული იყო. მოლოდინების ნგრევას დეპრესია მოჰყვა. ნარკოტიკებს 25 წელია მოვიხმარ. აქამდე სულ ვაკონტროლებდი, თუმცა ამ მძიმე ფონზე ავად მოხმარება დავიწყე. ყველაზე რთულ ნარკოტიკებს ვიღებდი, ე.წ. ამფეტამინებს (სინთეტური კათონონები – a-PVP და MDPV), რამაც ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა. ამ დროს ჩემი ოჯახი ყველაზე მეტად გაიწირა. სახლიც დავკარგეთ ამ პერიოდში.
ყველაფრის მიუხედავად, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ არის, რაც დამმართნია. ჩვენ დაუჯერებელის გვჯეროდა, გვჯეროდა, სისტემას გავარღვევდით. ჩვენ გავიარეთ გზა აღმაფრენიდან დაცემამდე, მაგრამ ბევრი რამე მოვიგეთ.
ვიცი, ბევრი წარუმატებლობა მქონდა, მაგრამ that’s life, ყველაფერი ღირდა.
ქეთა ლომიძე – ანტრეპრენერი10 წლის წინ ჟურნალ „ანაბეჭდში“ ვმუშაობდი. ჟურნალი, რომ დაიხურა მაშინ 22 წლის ვიყავი. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ თვითონ გაგვეკეთებინა ონლაინ ჟურნალი. შევქმენით სივრცე, სადაც ჩვენს ნამუშევრებს და იდეებს ვაგროვებდით. ვირჩევდით თემებს, ვკრებდით მხატვრებს, ფოტოგრაფებს, სხვა ხელოვანებს და ამ თემებზე ვმუშაობდით. მაშინ ამბიციურები ვიყავით, ვერ ვხდებოდით, რომ სხვებისთვისაც უნდა გვეკითხა აზრი, არც რეკლამაზე გვიფიქრია. ამიტომ 9 ნომრის შემდეგ ჟურნალის დახურვა მოგვიწია.
შემდეგ იყო ბევრ სხვა სფეროში მოღვაწეობა, ბევრი პროფესიის გამოცვლა. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი საქმის კეთება მინდოდა და ჩემს მეგობართან ერთად დავიწყე სტარტაპი „დარაია“ (აბრეშუმის ქსოვილი). ვაკეთებდით შარფებს, ჰალსტუხებს და საცურაო კოსტუმებს. თავიდან საცალო გაყიდვებისთვის. სულ რაღაც ხუთი შარფი გვქონდა გაკეთებული, როდესაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ კორპორატიული საღამოსთვის 4 ათასი შარფის შეკვეთა მოგვცა. ამისთვის არც ფული გვქონდა და არც გამოცდილება, თუმცა მაინც დავთანხმდით. ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენით გავაკეთეთ 4 ათასივე შარფი. შეკვეთა ორჯერ მეტი დაგვიჯდა. ეს მწარე გამოცდილება იყო, თუმცა დღეს ეს დიდი წარმატება მგონია. ჩვენ უკვე ბევრ ასეთ კომპანიებს ვემსახურებით.
გიორგი ლალიაშვილი – AppStack-ის თანადამფუძნებელიუნივერსიტეტში სწავლის მესამე წელს გადავწყვიტე, რომ ამიერიდან ჩემი დრო არა სწავლისთვის, არამედ მიღებული ცოდნის გამოყენებისთვის დამეთმო. ტექნოლოგიები მაინტერესებდა. პირველი პროექტები მამაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად დავიწყე. თავიდან ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტების შეძენაზე ყველა უარს გვეუბნებოდა, რადგან ვიზუალურად ცუდად გამოიყურებოდა. შემდეგ შევქმენით ვირტუალური სავაჭრო აპარატის პროექტი და გასაყიდად დუბაიში წავიღეთ. მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა რა იყო სტარტაპი, არ ვიცოდით როგორ გაგვეყიდა პროდუქცია. იქვე სავაჭრო აპარატის პროექტი მობილურ აპლიკაციად გადავაკეთეთ. აპლიკაციით მომხმარებლებს უახლოესი სუპერმარკეტიდან სურსათის გამოძახება შეეძლოთ. პროექტი კარგად წავიდა, გვეგონა ყველაფერს სწორად ვაკეთებდით, მაგრამ ამ დროს კონკურენტებიც გამოჩნდნენ. ამას უკვე არ ველოდით. პანიკაში ჩავვარდით და იმის მაგივრად, რომ ჩვენი კლიენტებისთვის პროდუქტი გაგვეუმჯობესებინა, პირიქით, უფრო მეტი კლიენტის მოძებნა გადავწყვიტეთ. ამაში მთელი ჩვენი დრო და ფინანსური რესურსი ჩავდეთ და საბოლოოდ წაგებულები ჩვენ დავრჩით. ეს დიდი fuckup იყო.
დღეს ოთხი ადამიანი ვართ გუნდში, ბევრად უფრო დიდი მასშტაბის პროდუქტს AppStack-ს ვაკეთებთ და საკმაოდ წარმატებულია. წინასწარ ვცდილობთ ჩვენი პროდუქციის სიახლეების დატესტვას. სულ ვუსმენთ სხვებს, გვინდა გავიგოთ რა არის მათი საჭიროება და ჩვენი პროდუქტი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვარგოთ. აღარც კონკურენტების გვეშინია.
ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.
Fuckup Nights Tbilisi vol. 9-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com