გაგვანადგურებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი? | ზურა ჯიშკარიანი
არა
- ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები უკვე გვეხმარება მედიცინაში, ეკონომიკასა და კოსმოსის ათვისებაში. ახლო მომავალშიც დაგვეხმარება აქამდე უკურნებელი დაავადებების განკურნებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
- რეი ქურცვეილის აზრით, ადამიანები და ტექნოლოგიები შეერწყმებიან ერთმანეთს, შედეგად კი მივიღებთ არა სულელ ადამიანს და ჭკვიან მანქანას, არამედ ადამიანებს გაძლიერებული ინტელექტით; ცივილიზაციას, რომელიც კოსმოსში გამრავლდება და უკვდავების საიდუმლოს ამოხსნის.
- ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა თეთრი სახლიც მომავლის ეკონომიკის დაგეგმვაში, უსაფრთხოების საკითხებში. ილონ მასკი კი მზადაა, მცირე გადახვევის შემთხვევაში, უბრალოდ, „კაბელები გამორთოს“.
- არასწორია, უცხო ელექტრონულ სიცოცხლეზე ცხოველური ადამიანური ინსტინქტებით ვიმსჯელოთ: არა, მას არ მოუნდება საკუთარი თავის მეფედ გამოცხადება და ჰარემების აშენება – ეს ჩვენი ადამიანური მისწრაფებებია.
- კი, ჩვენ ვქმნით საოცარ მოწყობილობებს, მაგრამ 100%-იან ხელოვნურ ინტელექტს ვერ შევქმნით: იმისთვის, რომ შექმნა ცნობიერება, უნდა იცოდე, რა არის ის, ჩვენ კი ამ საკითხის ამოხსნამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ზოგის აზრით, ეს გზა დროსა და სივრცეში არასოდეს დასრულდება.
კი
- ამას ხომ ჯერ კიდევ ძველბერძნულ მითებში გვიყვებოდნენ, ახლა კი ჰოლივუდი გვარწმუნებს, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც კატასტროფას გამოიწვევს.
- ხელოვნური ინტელექტი გაუსწრებს ადამიანის გონებას და ჩვენ მისთვის ჭიანჭველებად ვიქცევით. ყოველგვარი „ბოროტი განზრახვის“ გარეშე გაგვანადგურებს ისე, რომ ვერც კი შეგვამჩნევს.
- უკვე მეცნიერები და ვიზიონერებიც იუწყებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი პანდორას ყუთია, ბომბი ჩართული წამზომით. ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის შექმნა „დემონის გამოძახებასაც“ შეადარა. დავუჯეროთ ჭკვიან ადამიანებს.
- ხელოვნურ ინტელექტს ზოგჯერ ადამიანურ თვისებებს მიაწერენ და ამბობენ, რომ ის შურს იძიებს ჩვენ მიერ აბუჩად აგდებულ ცხოველებსა და რობოტებზე; რომ „შვილი“ აუჯანყდება „მამას“ და ხელოვნური სიცოცხლე განდევნის ბიოლოგიურ სიცოცხლეს პლანეტიდან.
- შეიძლება ეს უკვე მოხდა კიდეც! და უკვე ვცხოვრობთ მატრიცისმაგვარ სამყაროში. შვედი ფილოსოფოსი ნიკ ბოსტრომი ამტკიცებს, რომ ჩვენი სამყარო სიმულირებულია და ის მომავლის კომპიუტერებში შეიქმნა.